ავტორი: თორნიკე თურმანიძე, უფროსი მკვლევარი, რონდელის ფონდი
2023 წლის 12 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სიტყვით გამოვიდა რუსეთის ქალაქ ვლადივოსტოკში გამართულ რიგით მე-8 „აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე“, სადაც, ეკონომიკური საკითხების გარდა, საშინაო და საგარეო პოლიტიკის არაერთ საკითხს შეეხო. რუსეთის ლიდერმა აგრეთვე უპასუხა ფორუმის პლენარული სესიის მოდერატორის კითხვებს, რომლებიც, დიდი ალბათობით, მასთან წინასწარ შეთანხმებული იყო. რა ძირითადი აქცენტები გააკეთა პუტინმა თავის გამოსვლაში და რა დასკვნების გამოტანა შეიძლება მისი გამონათქვამებიდან? მოკლედ მიმოვიხილოთ რუსეთის ლიდერის პოლიტიკური გზავნილები.
„აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმი“, ვლადიმერ პუტინის ინიციატივით, 2015 წლიდან ყოველწლიურად იმართება. ამ ფორუმს როგორც ეკონომიკური, ისე გეოპოლიტიკური დანიშნულება აქვს – ის რუსეთის ფედერაციის შორეული აღმოსავლეთის რეგიონში უცხოური ინვესტიციების მოზიდვასა და აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნებთან რუსეთის ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. წლევანდელი ფორუმის პარალელურად, ვლადივოსტოკში ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის ჩასვლა და მისი პუტინთან შეხვედრა აშკარად დასავლეთის მიმართ რუსეთის მორიგი მტრული ჟესტი იყო, რომელიც სრულად შეესაბამებოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ ფორუმზე გაკეთებული განცხადებების სულისკვეთებას. ამასთან, კრემლმა ფორუმში აზიის ზოგიერთი ქვეყნის (ჩინეთის, ინდოეთის, მიანმარის, ლაოსის, მონღოლეთის, ვიეტნამის, სინგაპურის, ფილიპინების და ა.შ.) დელეგატების მონაწილეობა კიდევ ერთხელ გამოიყენა იმ პროპაგანდისტული გზავნილის გასაძლიერებლად, რომ, უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული სამხედრო აგრესიისა და ჩადენილი ომის დანაშაულების მიუხედავად, აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ რუსეთის სრულ საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.
„აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე“ ვლადიმერ პუტინმა ყველაზე მეტი დრო ეკონომიკური საკითხების განხილვას დაუთმო, თუმცა საკუთარი პოლიტიკური მსოფლმხედველობის წარმოჩენის შესაძლებლობაც არ გაუშვა ხელიდან. თავისი გამოსვლა მან გლობალურ ეკონომიკაში დასავლეთის როლის უარყოფითად წარმოჩენითა და მრავალპოლუსიანი მსოფლიოს იდეის მხარდაჭერით დაიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყალიბდება ქვეყნებს შორის ურთიერთობისა და ინტეგრაციის ახალი მოდელი, რომელიც დასავლეთის ზეგავლენისგან თავისუფალია. ამის მაგალითად მან რუსეთსა და აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნებს შორის ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა დაასახელა და ამ ტენდენციის გაგრძელების იმედი გამოთქვა, რითაც მიანიშნა დასავლეთს, რომ მასთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტით მიღებულ ზარალს ალტერნატიული სავაჭრო პარტნიორების მოძიებით ინაზღაურებს.
შორეული აღმოსავლეთის რეგიონში ხელისუფლების მხრიდან ბიზნესის ხელშეწყობაზე საუბრისას პუტინმა გაკვრით ახსენა კურილის კუნძულებზე შემოღებული საშეღავათო პირობები, რითაც კიდევ ერთხელ შეახსენა იაპონიას, რომ მის ტერიტორიულ პრეტენზიებს არაფრად აგდებს.
ზოგადად, თავის გამოსვლაში პუტინი იმის ჩვენებას შეეცადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომისა და დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების მიუხედავად, რუსეთის ეკონომიკა შეუფერხებლად ფუნქციონირებს, რომ რუსეთის ხელისუფლება რეგიონების, მათ შორის, შორეული აღმოსავლეთის, ეკონომიკაში ინვესტირებას აგრძელებს და რომ ქვეყანას მომავალში, საკუთარი მდიდარი ბუნებრივი რესურსების უკეთესად მოპოვება-გადამუშავების წყალობით, ყველა საჭირო პროდუქციის წარმოება შეეძლება – ისეთ დარგებშიც კი, როგორიცაა მიკროელექტრონიკა, მანქანათმშენებლობა, მეტალურგია და სხვა. ამით პუტინმა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გრძელვადიანი ომის წარმოების პოტენციალსაც გაუსვა ხაზი.
რუსეთის ლიდერმა ჩრდილოეთის საზღვაო გზის, ბაიკალ-ამურისა და ტრანსციმბირის სარკინიგზო მაგისტრალების განვითარების, აგრეთვე რუსეთის ევროპული და აზიური ნაწილების დამაკავშირებელი სხვა ლოგისტიკური პროექტების განხორციელების საჭიროებაზეც ისაუბრა, რაც აშკარად რუსეთის ექსპორტის ევროპულიდან აზიური ბაზრისკენ ორიენტირების განზრახვას უკავშირდება. პუტინის გამოსვლიდან მსმენელი ადვილად დაასკვნიდა, რომ რუსეთისთვის, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების თანდათან გამკაცრების პირობებში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩინეთთან, ინდოეთთან და აზიის სხვა ქვეყნებთან სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების განვითარება. ამის გარდა, პუტინმა მსხვილი რუსი ბიზნესმენების გასაგონად განაცხადა, რომ კაპიტალის სამამულო ეკონომიკაში ინვესტირება უფრო საიმედოა, ვიდრე საზღვარგარეთ.
„ეკონომიკური წარმატებების“ გამო კმაყოფილების გამოხატვითა და ოპტიმისტური პროგნოზების გაკეთებით პუტინი, ერთი მხრივ, შიდა აუდიტორიის დამშვიდებას, მეორე მხრივ კი, გარე აუდიტორიის რუსეთის ეკონომიკის გამძლეობაში დარწმუნებას შეეცადა. განსაკუთრებულ სამიზნეს წარმოადგენდნენ ფორუმის მონაწილე ქვეყნების დელეგატები, რომლებსაც შთაბეჭდილება უნდა დარჩენოდათ, რომ რუსეთთან ეკონომიკური კავშირების გაძლიერება მათთვის მომგებიანია.
კითხვა-პასუხის სესიის დროს რუსეთის პრეზიდენტი საკითხების უფრო ფართო წრეს შეეხო. მან კვლავ ყურადღება გაამახვილა რუსეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ სიცოცხლისუნარიანობაზე, მსოფლიოს მრავალპოლუსიანობაზე, დასავლეთის დასუსტებაზე, ეკონომიკური ძლიერების ახალი ცენტრების გაჩენასა და მათთან თანამშრომლობის პერსპექტიულობაზე.
პუტინმა გააკრიტიკა ემიგრაციაში წასული რუსეთის მოქალაქეები: კომპანია „იანდექსის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი არკადი ვოლოჟი, 1990-იანი წლების ეკონომიკური რეფორმების ავტორი და სახელმწიფო კორპორაცია „როსნანოს“ ყოფილი ხელმძღვანელი ანატოლი ჩუბაისი, რომელსაც მან ფულის გაფლანგვასა და ამის გამო სამშობლოდან გაქცევაში დასდო ბრალი, ასევე კულტურის მოღვაწეები, ვინც მან უცხო ქვეყნის სამსახურში მყოფ პირებად შერაცხა. ნიშანდობლივია „უცხოეთის აგენტის“ ცნების შესახებ დასმულ შეკითხვაზე პუტინის პასუხი, სადაც მან რუსეთში 2012 წელს მიღებული კანონი აშშ-ის 1938 წლის კანონის უფრო ლიბერალურ ასლად მოიხსენია, ზუსტად ემთხვეოდა იმ დასაბუთებას, რომელსაც საქართველოს მმართველი პარტია 2023 წელს ე.წ. უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ კანონთან დაკავშირებით სთავაზობდა როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო საზოგადოებას.
პუტინმა ვრცლად ილაპარაკა რუსეთის მიერ განვითარებადი სამყაროს, განსაკუთრებით, აზიისა და აფრიკის იმ ქვეყნებთან პარტნიორობის განვითარებაზე, რომლებსაც, მისი თქმით, საბჭოთა კავშირი ცივი ომის პერიოდში „კოლონიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში“ ეხმარებოდა და რომლებიც დასავლეთის „ნეოკოლონიალიზმის“ მსხვერპლები ახლაც არიან. ამასთან, მან საბჭოთა და შემდგომ რუსული პროპაგანდის ცნობილი ყალბი დებულება გაიმეორა, რომ რუსეთი, დასავლეთისგან განსხვავებით, კოლონიზატორი არასდროს ყოფილა და ყველა ხალხს თანასწორად ეპყრობოდა.
საქართველოსთვის ძალიან საყურადღებო უნდა იყოს პუტინის მიერ ჩრდილოეთი-სამხრეთის დერეფნის ხსენება, რომლითაც რუსეთი, აზერბაიჯანის გავლით, ირანთან, სპარსეთის ყურესთან და ინდოეთთან დაკავშირებას აპირებს. რუსეთის ლიდერმა თქვა, რომ ამ პროექტის ფარგლებში ახალი მარშრუტიც იგეგმება, რომლითაც რუსეთი შავი ზღვის გავლით ხმელთაშუა ზღვას დაუკავშირდება. თუ რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის სერგეი კატირინის მიერ 2023 წლის მაისში გაკეთებულ განცხადებას გავიხსენებთ, შესაძლოა, აქ საქართველოს, მათ შორის, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის გამოყენებაც იგულისხმებოდეს.
პუტინმა შეაქო კომპანია “სპეის იქსის” დამფუძნებელი და დირექტორი ილონ მასკი მიუხედავად იმისა, რომ მისი თანამგზავრული სისტემა „სტარლინკი“ უკრაინას ინტერნეტით უზრუნველყოფს, რითაც, სავარაუდოდ, მადლიერება გამოხატა მასკის ამასწინანდელი აღიარების გამო, რომ მან ერთ-ერთ საკვანძო მომენტში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ინტერნეტზე წვდომა შეუზღუდა და ყირიმის ნახევარკუნძულზე სამხედრო ოპერაციის ჩატარებაში შეუშალა ხელი.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ მსჯელობისას, პუტინმა ჯერ სიფრთხილე გამოიჩინა და გამოთქვა აზრი, რომ რუსეთის მიმართ აშშ-ის საგარეო პოლიტიკა – რუსეთის მეტოქედ აღქმა – არსებითად უცვლელი დარჩება იმის მიუხედავად, თუ ვინ გახდება შემდეგი პრეზიდენტი. თუმცა, შემდგომ აღარ დამალა თავისი აშკარა სიმპათია დონალდ ტრამპის მიმართ, რომელიც პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემთხვევაში, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტით იმუქრება. ნათლად გამოჩნდა, რომ პუტინი დიდ იმედს ამყარებს 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის გამარჯვებაზე, რაც, მისი აზრით, რუსეთს უკრაინასთან ომის მეტ-ნაკლებად სასურველი შედეგით დასრულებაში დაეხმარება.
ტრამპისთვის სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეზე ბრალის წაყენება პუტინმა პრეზიდენტ ბაიდენის მიერ კონკურენტის პოლიტიკურ დევნად შეაფასა და აქვე, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში მუშაობისას ნასწავლი საბჭოთა პროპაგანდის გზავნილები გაიმეორა, რომ ამერიკული პოლიტიკური სისტემა ძირგამომპალია, ხოლო ამერიკულ იმპერიალიზმს „მხეცური იერსახე“ აქვს. რუსეთის პრეზიდენტმა მის ქვეყანასთან კარგი ურთიერთობის მოსურნე ამერიკელებიც არ დაივიწყა, ვინც, მისი თქმით, „ტრადიციული ღირებულებების“ მიმართ პატივისცემას იზიარებს, რითაც კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ აშშ-ის ხელისუფლების სათავეში ამერიკული რესპუბლიკური პარტიის რადიკალური კონსერვატიული და იზოლაციონისტური ფრთის ხილვა სურს.
პუტინის აზრით, დასავლეთი ჩინეთში (ისევე, როგორც რუსეთში) გეოპოლიტიკურ კონკურენტს ხედავს და სწორედ ამიტომ სურს მისი განვითარების შეჩერება, თუმცა ეს არ გამოუვა, რადგან ჩინეთის „მატარებელი დაძრულია“. ჩინეთისა და მისი ლიდერის კომპლიმენტებით შემკობამ დაადასტურა, რომ პუტინს ძალიან სჭირდება სი ძინპინის დახმარება როგორც ეკონომიკურ, ისე სამხედრო სფეროებში, მაგრამ, ამასთანავე, რუსეთისთვის მნიშვნელოვანია ჩინეთის თანასწორ პარტნიორად და არა „უფროს ძმად“ წარმოჩენა.
როგორც მოსალოდნელი იყო, უკრაინაზე საუბრისას პუტინმა სცადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ზაფხულში დაწყებული კონტრშეტევის წარუმატებლად წარმოჩენა, მისი შედეგების უგულებელყოფა, უკრაინის შეიარაღებული ძალების ტექნიკისა და ცოცხალი ძალის დანაკარგების გაზვიადება, ხოლო საკუთარი არმიის დანაკარგების მიჩქმალვა. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ დასავლეთის მიერ გაწეული სამხედრო დახმარება ბრძოლის ველზე ვითარებას ვერ ცვლის და გამოთქვა სურვილი, რომ აშშ-მ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის მოლაპარაკების დაწყება აიძულოს. პუტინმა ასევე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე რუსეთში სამხედრო მობილიზაციის ახალი ტალღის გამოცხადების საჭიროება არ არსებობს, რადგან პირველი ტალღის – 300 000 ადამიანის – შემდეგ, ბოლო ნახევარ წელიწადში, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში დამატებით 270 000 ადამიანი „ნებაყოფლობით“ ჩაეწერა, რითაც მიანიშნა, რომ საზარბაზნე ხორცი არ გამოელევა. პუტინის ამ განცხადებების მიზანი, როგორც ჩანს, იყო, ერთი მხრივ, რუსეთის მოსახლეობის თვალში საკუთარი რეჟიმის უძლეველად წარმოჩენა, ხოლო, მეორე მხრივ, დასავლეთის პოლიტიკური ელიტისა და საზოგადოების იმ ნაწილის პოზიციების გაძლიერება, რომელიც, „მშვიდობის დამყარების“ ან რაიმე სხვა მოტივით, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტის მომხრეა. აშშ-სა და ევროპაში ეჭვის დათესვა უკრაინის მიერ ბრძოლის ველზე გამარჯვების მოპოვების უნარის მიმართ რუსეთის საინფორმაციო ომის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად რჩება.
ამასთანავე, პუტინს არ დავიწყებია ბირთვული ომის საფრთხის ხსენებაც. მან დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურები რუსეთის ერთ-ერთ ბირთვულ ელექტროსადგურზე თავდასხმის დაგეგმვაში დაადანაშაულა და საპასუხო ზომებით დაიმუქრა. როგორც ჩანს, პუტინისთვის უშუალოდ დიდ ბრიტანეთის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარება საკმაოდ მტკივნეული აღმოჩნდა.
კითხვა-პასუხის დროს პუტინი კიდევ ერთ მგრძნობიარე საკითხს – სომხეთს შეეხო. ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლების ბოლოდროინდელი განცხადებები და ნაბიჯები როგორც რუსეთში, ისე დასავლეთში ქვეყნის საგარეო პოლიტიკის კურსის შეცვლის მცდელობად აღიქმება, განსაკუთრებით, ფაშინიანის განცხადება, რომ უსაფრთხოების სფეროში სომხეთის მხოლოდ რუსეთზე დამოკიდებულება შეცდომა იყო და ამიტომ ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკის დივერსიფიცირებაა საჭირო, აშშ-სომხეთის ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარება, სომხეთის გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირების თაობაზე, სომხეთის პირველი ლედის ვიზიტი კიევში და სხვა. მართალია, პუტინმა უარყო, რომ სომხეთის საგარეო პოლიტიკური კურსი იცვლება, მაგრამ არ დამალა უკმაყოფილება ფაშინიანის მიმართ და არაორაზროვნად მიანიშნა, რომ, 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის მსგავსად, რუსეთი არ დაეხმარებოდა სომხეთს აზერბაიჯანთან ახალი სამხედრო დაპირისპირებისას შემთხვევაში, რის საბაბადაც მან სომხეთის ხელისუფლების მიერ ყარაბაღში აზერბაიჯანის სუვერენიტეტის აღიარება დაასახელა. პუტინმა ეს დაპირება შეასრულა. მისი სურვილი, დასაჯოს და საბოლოო ჯამში დაამხოს ფაშინიანის ხელისუფლება, იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ რუსეთმა კვლავ არ შეასრულა თავისი ვალდებულება მოკავშირე სომხეთის – კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრის – მიმართ და საკუთარი უმოქმედობით აზერბაიჯანის ხელისუფლებას ყარაბაღზე კონტროლის აღდგენაში დაეხმარა.
ვლადივოსტოკის ფორუმის პლენარული სესიის დასასრულს პუტინმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი როგორც ეკონომიკის, ისე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში თვითკმარი უნდა იყოს, მაგრამ, ამავდროულად, იზოლაციაში არ უნდა მოექცეს და იმ ქვეყნებთან განავითაროს თანამშრომლობა, სადაც მსოფლიოს მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი ცხოვრობს. რუსეთის ლიდერმა აქ კვლავ აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ის სახელმწიფოები იგულისხმა, რომლებიც დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ უერთდებიან და მოსკოვთან თბილ ურთიერთობას ინარჩუნებენ.
ამრიგად, „აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე“ რუსეთის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა მეტ-ნაკლებად სრულად მოიცავდა იმ საკითხებს, რომლებიც რუსეთის ხელისუფლების საშინაო და საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში ამჟამად ყველაზე აქტუალურია. ესენია: 1) საერთაშორისო სანქციების რეჟიმთან რუსეთის ადაპტირება – ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გეზის მიმართვა, ერთი მხრივ, ნაწილობრივი თვითკმარობისკენ და, მეორე მხრივ, ჩინეთთან და განვითარებადი სამყაროს სხვა ქვეყნებთან სავაჭრო, ფინანსური, ტექნოლოგიური, საინვესტიციო, სატრანსპორტო და სხვა კავშირების გაძლიერებისკენ; 2) აშშ-ისა და მისი ევროპელი მოკავშირეების დასუსტება, მრავალპოლუსიანი მსოფლიოს იდეის ხორცშესხმა – რუსეთის მიერ ჩინეთთან და დასავლეთთან დაპირისპირებულ სხვა ავტორიტარულ სახელმწიფოებთან პარტნიორობის განმტკიცება, მათგან სამხედრო დახმარების მიღება; 3) რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის გაგრძელება, უკრაინული კონტრშეტევის მოგერიება, ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნება და უკრაინასთან „სამშვიდობო მოლაპარაკებების“ დაწყება საბრძოლო მოქმედებებში პაუზის ასაღებად და მოგვიანებით შეტევის განსაახლებლად; 4) რუსეთის მიერ დასავლეთში საინფორმაციო ომის წარმოება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტის მისაღწევად, მათ შორის, ამ საკითხში პოლიტიკური მოკავშირეების მხარდაჭერითა და მოწინააღმდეგეების ბირთვული შანტაჟით; 5) რუსეთის მიერ პოსტსაბჭოთა სივრცეში თავისი გავლენის შენარჩუნება – „მეგობრული“ მთავრობების მხარდაჭერა, ხოლო „არამეგობრული“ მთავრობების შეცვლისთვის ხელის შეწყობა, რის კარგ მაგალითსაც სომხეთის მიმართ რუსეთის ამჟამინდელი პოლიტიკა წარმოადგენს.