ავტორი: ეკა ჯავახიშვილი
რუსეთში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება, რომელიც 2024 წლის 15-17 მარტს გაიმართება. ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება, რომ მეხუთედ იყაროს კენჭი პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად, 2000, 2004, 2012 და 2018 წლების არჩევნების შემდეგ, მოულოდნელი არავისთვის ყოფილა. 2020 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, რუსეთის პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადები „განულდა“, რის საფუძველზეც, პუტინს კენჭისყრა კიდევ ორი ახალი ვადით შეუძლია – 2024 და 2030 წლებში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას ხელისუფლების სათავეში ყოფნის გახანგრძლივება 2036 წლამდე შეეძლება. 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების პროგნოზირება მარტივად შეიძლება – პუტინი უალტერნატივო ლიდერია დარეგისტრირებულ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის. არჩევნების შედეგად, რუსულ პოლიტიკურ სივრცეში რაიმე სახის ცვლილებები ან სიახლეები მოსალოდნელი არ არის, იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციურ კანდიდატებს არც კი მიეცათ საშუალება, საარჩევნო პროცესში ჩართულიყვნენ.
წლევანდელი მარტის არჩევნები იმით განსხვავდება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისგან, რომ ვლადიმერ პუტინის ძალაუფლება კიდევ უფრო ცენტრალიზებულია, ოპოზიციურ სპექტრსა და მედიაზე ზეწოლა კი – უფრო მეტად გაზრდილი. მიუხედავად იმისა, რომ რუსული არჩევნები არც თავისუფალია და არც სამართლიანი, მისი ჩატარება პუტინისთვის აუცილებელი ინსტრუმენტია ხელისუფლების ლეგიტიმურობის განსამტკიცებლად. ამასთან, ეს საპრეზიდენტო არჩევნები პირველია მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ბრძანება გასცა. აქვე აღსანიშნავია, რომ მარტში საარჩევნო უბნების გახსნა უკრაინის იმ ოკუპირებულ ტერიტორიებზეც იგეგმება, რომელიც რუსეთმა უკანონოდ მიიერთა.
უკრაინასთან მიმდინარე ომმა რუსეთის მოქმედი პრეზიდენტი დამატებითი გამოწვევების წინაშე დააყენა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო არენაზე. ორი წლის განმავლობაში 150 ათასამდე რუსი ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინის ფრონტზე, დასავლეთის გამკაცრებული სანქციებით რუსეთის ეკონომიკა მნიშვნელოვნად დაზარალდა, ხოლო მოსკოვის ურთიერთობები აშშ-სა და ევროკავშირთან მკვეთრად გაუარესდა. მიუხედავად შექმნილი სირთულეებისა, პუტინი წინასაარჩევნო კამპანიაში უკრაინის ე.წ. „სპეცოპერაციის“ საკითხს აქტიურად იყენებს. საინტერესოა, თუ როგორ „ფუთავს“ ამ თემას კრემლი ამომრჩევლის მობილიზებისთვის.
საპრეზიდენტო კანდიდატები
2024 წლის 29 იანვარს რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვლადიმერ პუტინი დამოუკიდებელ პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დაარეგისტრირა. ცესკოს მიერ დარეგისტრირებული დანარჩენი კანდიდატები არიან: „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ლეონიდ სლუცკი, სახელმწიფო დუმის სპიკერის მოადგილე ვლადისლავ დავანკოვი, „ახალი ხალხის პარტიიდან“ და „რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის“ წევრი ნიკოლაი ხარიტონოვი.
არასისტემური ოპოზიციის კანდიდატები ცესკომ არ დაარეგისტრირა. „დაწუნებულ“ კანდიდატებს შორის საარჩევნო სიაში მოხვედრის ყველაზე მეტი შანსი ჰქონდა ბორის ნადეჟდინს, რომელმაც რეგისტრაციისთვის საჭირო 100 000 ხელმოწერა წარადგინა. თუმცა, ცესკომ ხელმოწერების 15%-ში წუნი აღმოაჩინა, რის გამოც მას საბოლოოდ უარი ეთქვა რეგისტრაციაზე. აღსანიშნავია, რომ რუსულ მედიაში ნადეჟდინს ხშირად პუტინთან გარიგებაში ადანაშაულებენ, მის ოპოზიციურ განწყობებში კი ეჭვი შეაქვთ. ზოგიერთი მოსაზრებით, ნადეჟდინის საარჩევნო ნარატივი, რაც მდგომარეობდა უკრაინასთან ომის შეწყვეტის მოწოდებებში, უშუალოდ კრემლთან იყო შეთანხმებული, რათა მისი დამარცხების შემდეგ ხაზი გაესვათ იმ ფაქტისთვის, რომ ანტისაომარ პოზიციას რუსი ამომრჩეველი არ იზიარებს.
რეიტინგები
ვლადიმერ პუტინი, როგორც ავტორიტარული ლიდერი, მუდმივად მოითხოვს საკუთარი პოპულარობის ციფრებში გამოსახვას, რათა ყველასთვის თვალსაჩინო გახადოს საკუთარი მმართველობის მანდატი. იმის გათვალისწინებით, რომ წლევანდელ არჩევნებზე პუტინის ფორმალური „კონკურენტები“ არ სარგებლობენ არც უზადო რეპუტაციით და არც საზოგადოების დიდი მხარდაჭერით, მათი რეიტინგი საშუალოდ 5%-10%-ის ფარგლებში შეიძლება გაიზომოს, ხოლო პუტინი, დიდი ალბათობით, ხმების მინიმუმ 80%-ს მიიღებს.
პოლიტოლოგები აღნიშნავენ, რომ 2004 წლის შემდეგ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებში ინტრიგა აღარ ყოფილა, კრემლის მთავარ გამოწვევას კი წარმოადგენდა არა პუტინის მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი, არამედ ამომრჩევლის აქტივობა.
რუსული პროსახელისუფლებო სოციოლოგიური კვლევის კომპანია ВЦИОМ-ის მიერ 10 თებერვალს გამოქვეყნებული პირველი საარჩევნო რეიტინგის თანახმად, ვლადიმერ პუტინი ხმების 75%-ით პირველ ადგილს იკავებს, მეორე ადგილს – ვლადისლავ დავანკოვი 5%-ით, ნიკოლაი ხარიტონოვი და ლეონიდ სლუცკი კი ხმების 4%-4% ინაწილებენ. რაც შეეხება ამომრჩევლის აქტივობას, გამოკითხულთა 76% აპირებს საარჩევნო უბნებზე მისვლას.
უკრაინაში „სპეცოპერაციის“ საკითხი პუტინის წინასაარჩევნო კამპანიაში
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინასთან ომის პირობებში, ბევრი ექსპერტი მოელოდა რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების გადადებას, ეს ასე არ მოხდა, რადგან პუტინს სწორედ შექმნილი ვითარება ესაჭიროება უპირობო გამარჯვებისთვის. თვალს თუ გადავავლებთ, პუტინის საარჩევნო კამპანიებს ფონად მუდმივად თან სდევდა ომები და ე.წ. სპეცოპერაციები – ჩეჩნეთის ომი, ომი საქართველოსთან, ყირიმის ანექსია, სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში. კრემლი ყოველთვის ისე წარმოაჩენდა ვლადიმერ პუტინს, თითქოს ის არის ერთადერთი ლიდერი, რომელსაც შეუძლია რუსეთის მოსახლეობას წინ გაუძღვეს ქვეყნისთვის რთულ პერიოდებში.
უკრაინასთან ომი საკუთარ წესებს კარნახობს მოქმედ პრეზიდენტს. პუტინი და მისი გარემოცვა იძულებული არიან მოქნილი მანევრირება მოახდინონ მათ მიერვე შექმნილ ახალ რეალობაში. სიმბოლურია, რომ პუტინმა არჩევნებში მონაწილეობის განზრახვა პირველად 2023 წლის 8 დეკემბერს სწორედ „რუსეთის გმირებთან“ შეხვედრაზე დააფიქსირა, სადაც ერთ-ერთმა „გმირმა“, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერმა, ვიცე-პოლკოვნიკმა არტიომ ჟოგამ მას სამხედროების სახელით მიმართა თხოვნით, რომ კიდევ ერთხელ ეყარა კენჭი რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე.
საგულისხმოა, რომ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „არჩევნები-2024“-ის ემბლემად რუსული დროშის ფერებში გამოსახული ლათინური ასო V შეარჩია, რომელსაც ხელისუფლება უკრაინის ომის ერთ-ერთ სიმბოლოდ იყენებს, ხოლო სლოგანად ვლადიმერ პუტინის საყვარელი ფრაზა „ერთად ჩვენ ძლიერები ვართ“. მიუხედავად იმისა, რომ ეს სლოგანი არ არის პუტინის პირდაპირი აგიტაცია, ის ირიბად აძლიერებს პუტინის პოზიციებს, ხოლო ლათინური V ასოს გამოჩენა ბილბორდებზე უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გაგრძელების ფარულ პროპაგანდად შეიძლება მივიჩნიოთ.
პუტინის საარჩევნო კამპანიაში ყურადღება უკრაინასთან ომის „კეთილშობილურ“ მიზნებზეა გამახვილებული და ამომრჩევლის „პატრიოტულ სენტიმენტებზეა“ გათვლილი. პუტინი მუდმივად ხაზს უსვამს, რომ უკრაინის „სპეცოპერაცია“ ემსახურება დონბასის მაცხოვრებლების დაცვას და თავად რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ნატოსა და დასავლეთის ქვეყნების მხრიდან მომდინარე აგრესიისგან. იგი „დასავლურ ელიტასა“ და „კიევის ნაცისტურ რეჟიმს“ ადანაშაულებს უკრაინაში ომის გაჩაღებაში, ხოლო რუსეთი ვალდებულია დაიცვას რუსი ერი. პუტინი წინასაარჩევნოდ სულ უფრო ხისტ განცხადებებს აკეთებს უკრაინასთან მიმართებით და რუსეთისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს უწოდებს მიმდინარე ომს. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში მან აღნიშნა, ერთადერთი, რაც შეიძლება ინანოს ისაა, რომ უფრო ადრე არ დაიწყო აქტიური მოქმედებები უკრაინაში.
29 თებერვალს ვლადიმერ პუტინმა წინასაარჩევნო მიმართვის პლატფორმად გამოიყენა ფედერალური კრების წინაშე ყოველწლიური გამოსვლა. მან დასავლეთის ქვეყნებისა და ნატოს წინააღმდეგ მუქარით ილაპარაკა და უკრაინაში ბრძოლის ველზე რუსეთის სამხედრო უპირატესობაში დაარწმუნა მოსახლეობა. პუტინმა თქვა, რომ რუსეთს აქვს იარაღი, რომელსაც შეუძლია დასავლეთის ქვეყნების ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებს დაარტყას და ყურადღება გაამახვილა ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხის ზრდაზე, დასავლეთის მხრიდან პროვოცირების შემთხვევაში. მან აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნებს უკვე დაავიწყდათ, რა არის ომი და მათ მიაჩნიათ, რომ ის, რაც უკრაინაში ხდება, ერთგვარი „მულტფილმია“. პუტინის მუქარით, თუ ნატო უკრაინაში ჯარებს გაგზავნის, ამას დასავლეთისთვის ტრაგიკული შედეგები მოჰყვება. მან კვლავ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომი რუსეთს არ დაუწყია და „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ ამოცანები ბოლომდე შესრულდება.
პუტინმა ასევე თავდაჯერებით განაცხადა, რომ უკრაინაში სამხედრო ოპერაციას რუსების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა და მიუხედავად ყველა განსაცდელისა და დანაკარგებისა, ხალხი ამ არჩევანში მტკიცეა.
დასკვნის მაგიერ
ვლადიმერ პუტინს მე-5 ვადით ხელახალი გაპრეზიდენტება შექმნილ პირობებში, პრაქტიკულად, გარანტირებული აქვს, ხოლო მის უახლოეს გეგმებში უკრაინასთან ომის დასრულება ნამდვილად არ შედის. აღნიშნულზე მიუთითებს წინასაარჩევნოდ გაძლიერებული რიტორიკა რუსეთის სამხედრო ძლევამოსილებასა და პატრიოტიზმით განმსჭვალული „სპეცოპერაციის“ ამოცანების ბოლომდე მიყვანაზე. არჩევნებში პუტინის გამარჯვება, ბუნებრივია, ნიშნავს, რომ ამომრჩეველი მხარს დაუჭერს მის საომარ რიტორიკას, შესაბამისად, არჩევნების შედეგები (რომელიც უკვე პრაქტიკულად განსაზღვრულია) მისცემს პუტინს საშუალებას, რომ უკრაინასთან ომის გაგრძელების სრული ლეგიტიმაცია ჰქონდეს ქვეყნის შიგნით. ცხადია, პუტინისთვის ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ომის გახანგრძლივების საკითხი მოსახლეობამ ეჭვქვეშ არ დააყენოს. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, რუსეთის მომავალი არა მარტის საპრეზიდენტო არჩევნებზე, არამედ უკრაინის ფრონტზე გადაწყდება.