ავტორი: ვალერი ჩეჩელაშვილი, რონდელის ფოდნის უფროსი მენციერ-თანამშრომელი
პუტინის ვიზიტი რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაში გაიმართა. თარიღისა და ადგილის შერჩევის პრინციპი გასაგებია. გასაგებია საქართველოს მთავრობისათვის განკუთვნილი მთავარი გზავნილის შინაარსიც: 2012 წლის შემდეგ რუსეთის მიმართ საქართველოს წარმოებული ახალი საგარეო-პოლიტიკური კურსი რუსეთისათვის არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს და არ უქმნის მოსკოვს მოტივაციას ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით თავისი პოლიტიკა შეცვალოს. რუსეთის მიერ მრუდე სარკეში დანახული ე.წ. ახალი რეალობა ძლიერ დაღად აზის პუტინის და მასთან ერთად მთელი რუსეთის პოლიტიკურ ელიტას, ოპოზიციის დიდი ნაწილის ჩათვლით, გონიერებასა თუ ცნობიერებაში.
ქართველი რუსოფილები ტყუილად ფიქრობენ, რომ ნატოში შესვლაზე უარის თქმითა თუ ევრაზიულ კავშირში შესვლით ჩვენ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმართ პუტინის ადმინისტრაციის დამოკიდებულებას შევცვლით. პრეზიდენტი პუტინი აფხაზეთს ნებით იმ შემთხვევეშიც კი არ დაგვიბრუნეს, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში რომ შევიდეთ.
რა თქმა უნდა, ამ ვიზიტის საპასუხო ჩვენი რეაქცია არ უნდა დაყოვნებულიყო. რა შეეძლო მოემოქმედებინა საქართველოს ხელისუფლებას? ბუნებრივია, პუტინის თვითმფრინავს ჩვენ საჰაერო სივრცეს ვერ გადაუკეტავდით და საზღვარზე მას და მის თანმხლებ პირებს ვერ შევაჩერებდით. ვერც ჩვენს პრეზიდენტს გავაგზავნიდით საპასუხო სამუშაო ვიზიტით საქართველოს მიერ ოკუპირებულ რუსეთის რომელიმე ავტონომიურ რესპუბლიკაში , რადგან ასეთი ავტონომიური რესპუბლიკა არ არსებობს.
შეგვეძლო გაგვეკეთებინა განცხადება – საგარეო საქმეთა სამინისტრომაც არ დააყოვნა და ზუსტი, გასაგები და ლაკონური განცხადებაც გააკეთა – უკვე მერამდენედ! შეგვეძლო კი მეტის გაკეთება? ქვემოთ ამასთან დაკავშირებით რამდენიმე მოსაზრება მოგვყავს:
ზოგადად, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება უნდა ეფუძნებოდეს ფაქტებს, ეყრდნობოდეს საერთაშორისო სამართლის აღიარებული ნორმებისა დ პრინციპების ერთობლიობას და შეიცავდეს დასკვნას, მოთხოვნას, მიმართვას საერთაშორისო საზოგადოებისადმი და საპასუხო ქმედებას ან მის მონახაზს. ყველა ეს კომპონენტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ა. წ. 8 აგვისტოს განცხადებაში კარაგად იყო ჩამოყალიბებული, გარდა საპასუხო ქმედებისა. არადა ზუსტად რომ პუტინის ვიზიტი იძლევა ამისთანა ქმედების არაჩვეულებრივ შესაძლებლობას.
ვიდრე კონკრეტულ წინადადებაზე შევჩერდებოდეთ, გამოვთქვამთ რამდენიმე ზოგად მოსაზრებას:
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნებისმიერი განცხადება უნდა იყოს გათვლილი სამ სამიზნე აუდიტორიაზე:
- მოწინააღმდეგე მხარეზე
- მოკავშირეებზე
- შიდა აუდიტორიაზე
რა გზავნილები უნდა იყოს მასში ჩამოყალიბებული?
- გზავნილი მოწინააღმდეგე მხარისათვის – რომ ჩვენ უპასუხოდ არ დავტოვებთ მის უკანონო ქმედებებს;
- გზავნილი მოკავშირეებისათვის – რომ საპასუხო ქმედებების მუდმივ ძიებაში ვიმყოფებით და შეგუებას შექმნილ ვითარებასთან არ ვაპირებთ;
- გზავნილი საკუთრი მოქალაქეებისათვის – რომ მათი უფლებების დარღვევას სახელმწიფო არ შეეგუება.
რა გააძლიერებდა საგარეო საქმეთა სამინისტროს 8 აგვისტოს განცხადებას?
უფრო თამამი ბმა რუსეთის მიმართ აშშ-ის ახალ სანქციებთან; უფრო თამამი, ვინაიდან ასეთ ბმად შეიძლება გარკვეული დაშვებით მივიჩნიოთ განცხადებაში გაჟღერებული მინიშნება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე.
გასაგებია, რომ განცხადების ტექსტის უფრო თამამი დაკავშირება ხსენებულ სანქციებთან აღემატება ტექსტის ავტორების (რომელთა მიმართაც ჩემს პატიცისცემას ვადასტურებ) კომპეტენციის დონეს და მოითხოვს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას.
სხვასთან ერთად, რუსეთის მიმართ აშშ-ის მიერ ახლად დაწესებული სანქციების თანმიმდევრული განხორციელების მნიშვნელობის ხაზგასმა განცხადებაში უფრო მჭიდროდ შეუთავსებდა ჩვენს პოზიციას ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის – აშშ-ის მიდგომებს. ამასთან, დავაკვირდებოდით, თუ რა საპასუხო ნაბიჯების გადადგმისათვის არის მზად რუსეთი. აღვნიშნავთ, რომ შექმნილ ვითარებაში რუსეთს ხელს არ აძლევს ახალი გართულება, ისედაც ბევრი მიმართულებით უწევს ბრძოლა და შეზღუდული რესურსების ფლანგვა.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით წარმოვიდგინოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს 8 აგვისტოს განცხადების ბოლო აბზაცის ალტერნატიური რედაქცია:
„საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ახალ სანქციებს, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისა და სუვერენიტეტის შელახვის გამო და ხაზს უსვამს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ასეთი სახის სანქციების კონსოლიდირებული, პრინციპული და თანმიმდევრული განხორციელების მნიშვნელობას.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს მოსკოვის აგრესიულ ნაბიჯებს და მიიღოს შემდგომი ქმედითი ზომები, რათა რუსეთის ფედერაციამ შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება“.
დაბოლოს, დანაპირები ქმედების შესახებ: პუტინის ვიზიტმა იდეალური წინაპირობა შეუქმნა რუსული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს სინქრონული სავიზო რეჟიმის დაწესების გადაწყვეტილების მისაღებად. ახლა ზუსტად კარგი დრო იყო ამისთვის და ეს დრო ჯერაც არ ამოწურულა.
პუტინის ვიზიტი იყო კარგი საბაბი, რომ ჩვენ რუსი ოფიციალური პირებისათვის აგვეკრძალა საქართველოს ნებართვის გარეშე ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოსვლა – ჩვენ მიერ დროებით არაკონტროლირებად საქართველოს ტერიტორიაზე შესვლისას რუსებისათვის დამატებითი სამართლებრივი უხერხულობა მაინც შეგვექმნა.
ეს არის დროული, ადეკვატური, პროპორციული და ზომიერი გადაწყვეტილება, რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას. რა შეიძლება ამას დაუპირისპიროს რუსეთის ფედერაციამ? დააწესებს სავიზო რეჟიმს საქართველოს პასპორტების მფლობელებისათვის? მოგვთხოვს, რომ ვიზები მოვითხოვოთ ყველა სახის რუსული პასპორტისათვის? აუკრძალავს საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლას?
ამ ქმედებას კიდევ ერთი პოზიტიური შედეგი ექნებოდა – თავიდან ავიცილებდით საქართველოში სკანდალურ და მოულოდნელ ვიზიტებს, მაგალითად, როგორიც იყო სულ ცოტა ხნის წინ თბილისში პუტინის პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ არტიომ კავინოვის ვიზიტი.
ეს ქმედება კიდევ ერთ მნიშვნელოვან გზავნილს შეიცავს. ჩვენი კარი ღიაა რუსი ტურისტებისათვის. ჩამობრძანდნენ საქართველოში და საკუთარი თვალით შეადარონ რეალობა რუსული საინფორმაციო საშუალებების იდეოლოგიურ შტამპებს. ხოლო ვინაიდან რუსი პოლიტიკოსებისგან არავითარ სიკეთეს აღარ ველოდებით, კონტროლს ვაწესებთ მათ მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე.
ისე, მართლა საინტერესოა, საქართველოს ხელისუფლებამ რომ დააწესოს სავიზო რეჟიმი რუსული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისათვის, რა რეაქცია ექნებოდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს. მაგალითად, რა კომენტარი შეიძლება გაეკეთებინა ლავროვის დავალებით საღეჭი რეზინის მოყვარულ ქალბატონს მარია ზახაროვას. ალბათ, რაიმე ასეთი: „Нет предела самомнению грузинского Мининдел. Решив все проблемы Грузии и охмелев от безвизовой подачки Брюсселя, в Тбилиси решили, что теперь за грузинскими визами выстроится длинная очередь из российских депутатов, политиков и дипломатов. Может, какой – нибудь дипломат Гиви захочет ввести визы и для российских туристов, тем самым лишив собственную страну единственного надежного источника доходов в валюте? Заодно этот Гиви пусть постарается и все грузинское вино выпить, которое на экспорт в Россию идет? Американцы и европейцы ведь грузинского вина почему – то не пьют…“
თუმცა რას იტყვის ქალბატონი მარია ზახაროვა, ჩვენთვის არა აქვს მნიშვნელობა – ჩვენ საკუთარ პრობლემებს უნდა მივხედოთ.