ავტორი: ნინო ჩანადირი
უკანასკნელ თვეებში ევროპაში ანტისამთავრობო პროტესტების ტალღა ისეთ ქვეყნებში აგორდა, როგორიცაა სლოვაკეთი, სერბეთი და საქართველო. ასიათასობით ადამიანი გავიდა ბრატისლავის, ბელგრადის და თბილისის ქუჩებში, რათა წამოეყენებინათ პოლიტიკური მოთხოვნები. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ შემთხვევაში პროტესტის მამოძრავებელი მიზეზები ინდივიდუალურია, მნიშვნელოვანია პროცესების მსგავსებისა და განსხვავების ანალიზი და მათი განხილვა დიდ სურათში, მედიის ყოველდღიური გაშუქების მიღმა. ბლოგში მიმოხილულია თითოეული შემთხვევა და წარმოდგენილია პროცესების მსგავსება-განსხვავების ანალიზი ფართო გეოპოლიტიკურ კონტექსტში
საქართველოს შემთხვევა
თბილისში პროტესტი 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების დასრულების შემდეგ დაიწყო, როდესაც არჩვენებისა და მისი შედეგების სანდოობის მიმართ სერიოზულად გაჩნდა კითხვები პროცესში მრავალრიცხოვანი დარღვევების, მათ შორის ყველაზე ფუნდამენტურის – ხმის მიცემის ანონიმურობის დარღვევის, გამო. პრობლემებს აქტიურად განიხილავდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ჩართული იყვნენ არჩევნების მონიტორინგის პროცესში. პროტესტის მონაწილეები მოითხოვდნენ ახალი არჩევნების დანიშვნას საერთაშორისო ზედამხედველობით და ამ მოთხოვნას საერთაშორისო პარტნიორებიც ეთანხმებოდნენ. თუმცა, პროტესტი ახალ, ბევრად ძლიერ ფაზაში შევიდა 28 ნოემბრიდან, როცა დე ფაქტო მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რომ პარტია არ აპირებს მოლაპარაკებების გახსნას ევროკავშირთან 2028 წლამდე, რაც შეფასდა, როგორც ძლიერი დარტყმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ისედაც გაუარესებული ურთიერთობებისთვის. შედეგად კი, ასიათასობით ადამიანი იმავე საღამოს ქუჩაში გამოვიდა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების გამო პროტესტის გამოსახატავად. 28 ნოემბრის და მომდევნო დღეების დემონსტრაციები სასტიკად დაარბიეს, რამაც ათობით მოქალაქე დააზიანა. 28 ნოემბრის შემდეგ, ყოველ საღამოს, მოქალაქეები თბილისსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში იკრიბებიან, რათა გააპროტესტონ „ქართული ოცნების“ რეჟიმი და მოითხოვონ ახალი არჩევნების დანიშვნა და დემონსტრაციების დროს დაპატიმრებულების გათავისუფლება. პროტესტში მონაწილეობას იღებს თითქმის ყველა საზოგადოებრივი ჯგუფი – ხელოვნებიდან ბიზნესამდე.
„ქართული ოცნების“ რეაქცია მოვლენებზე უპრეცენდენტოდ ძალადობრივია. აქციის მონაწილეების და დაკავებულების მიმართ პოლიციის სასტიკი მოპყრობა დოკუმენტირებული აქვთ ცნობილ და სანდო ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობდნენ დაკავებულებთან, რომელთა წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებებიც აღწერილია, როგორც მოპყრობა, რომელიც უტოლდება წამებას. მიუხედავად მათ მიმართ დაწესებული საერთაშორისო სანქციებისა, ვინც პასუხისმგებელია პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ სასტიკი ძალის გამოყენებაზე, შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ჩათვლით, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „მაგნიტსკის სიაში“ შეიყვანა და ფინანსური სანქციებისა ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, პროტესტის მონაწილეთა დევნა კვლავაც გრძელდება. ამასთან, გაღრმავდა ანტიდასავლური პროპაგანდა და პროპაგანდა პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ, რადგან „ქართული ოცნების“ ლიდერები პროტესტზე მუდმივად ამბობენ, რომ ეს არის ორგანიზებული რადიკალების მიერ, მართული მითიური გარე ძალების მხრიდან.
სლოვაკეთის შემთხვევა
პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსა და მისი მთავრობის წინააღმდეგ სლოვაკეთშიც მასობრივი პროტესტი დაიწყო. პროტესტმა იფეთქა დეკემბერში, მას შემდეგ, რაც ფიცო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა. ფიცო პრორუს, მემარცხენე ლიდერად მიიჩნევა, რომელმაც ღიად არაერთხელ გამოთქვა უკრაინისთვის დახმარების შეჩერების სურვილი. დემონსტრაციებს განმეორებადი ხასიათი აქვს, სადაც ათიათასობით ადამიანი მონაწილეობს ბრატისლავასა და სხვა ქალაქებში, რომლებიც აცხადებენ, რომ სლოვაკეთის ადგილი ევროპაშია და „ფიცო უკვე კმარა“. დემონსტრაციების ხასიათი არის მკვეთრად პროევროპული და მიმართულია ქვეყნის ბოლოდროინდელი პრორუსული საგარეო-პოლიტიკური მახასიათებლების წინააღმდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ სლოვაკეთის ხელისუფლებას პროტესტი ძალადობრივად არ ჩაუხშია, პროპაგანდის მანქანა აქტიურად მუშაობს, რომ პროტესტი წარმოაჩინოს, როგორც რადიკალური და დაადანაშაულოს ოპოზიციური პარტიები ხელისუფლების დამხობის მცდელობაში. ფიცო ავითარებს შეთქმულების თეორიებს პროტესტის საორგანიზაციო პროცესებში უცხოური ძალების ჩართულობის შესახებ, მათ შორის, „ქართული ლეგიონის“, რომელიც უკრაინაში იბრძვის, თუმცა ბრალდებები უარყოფილ იქნა. ფიცომ ასევე დააანონსა, რომ არასასურველი განვითარების თავიდან ასაცილებლად დაიწყებს ადმინისტრაციულ ქმედებებს და ცვლილებებს. ფიცო პირადად იყო ჩართული პროტესტის ახალგაზრდა მონაწილეების საჯარო კრიტიკაშიც და ადანაშაულებდა ოპოზიციურ მედიას, რომ იმყოფებოდა უცხოური ძალების გავლენის ქვეშ, რადგან მხარს პროტესტს უჭერენ.
სერბეთის შემთხვევა
სერბეთში ანტისამთავრობო პროტესტი ნოემბერში დაიწყო, მას შემდეგ, რაც ნოვი სადში, მატარებლის სადგურში, ჭერი ჩამოინგრა და 15 ადამიანი იმსხვერპლა. პროტესტს სათავეში სტუდენტები ჩაუდგნენ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ეს ტრაგიკული ინციდენტი პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის კორუფციისა და ნეპოტიზმის შედეგია. სადგურზე, სადაც ტრაგედია მოხდა, რეკონსტრუქცია ორჯერ ჩატარდა. რეკონსტრუქციის პროცესში ჩინური სახელმწიფო კომპანიები იყვნენ ჩართული. მთავრობის წინააღმდეგ პროტესტს ყოველკვირეული ხასიათი აქვს და ნოემბრიდან მოყოლებული იმართება ბელგრადსა და სხვა ქალაქებში. დემონტსრაციების დროს სტუდენტები გზებს კეტავენ. პროტესტს ფართო ხასიათი აქვს და მხარს უჭერს სხვადასხვა გაერთიანება, მათ შორის მასწავლებლების გაერთიანება და ბიზნესსუბიექტები. 24 იანვარს თეატრებმაც გამოცხადეს, რომ პროტესტის დღეს სპექტაკლები აღარ ჩატარდებოდა.
ვუჩიჩმა პროცესს კონტრაქციებითა და პროპაგანდით უპასუხა. მიუხედავად იმისა, რომ პროტესტის მოთხოვნები ძირითადად შეეხება ხელისუფლების მიერ პასუხისმგებლობის აღებას კორუფციულ პრაქტიკაზე და სამართლიანობის დამყარებას, ვუჩიჩმა პროტესტანტებს ბრალი დასდო, რომ უცხოური გავლენის ქვეშ არიან, უნდათ მთავრობის დამხობა და ქაოსის გამოწვევა. აღსანიშნავია, რომ დემონსტრაციების დროს იყო ინციდენტები, როდესაც მძღოლებმა სცადეს მანქანით დემონსტრანტებში შევარდნა, რის შედეგადაც დემონსტრანტები დაშავდნენ. ვუჩიჩს ბრალი დასდეს დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის წახალისებაში. პროტესტმა სერბეთში პირველი შედეგი სამთავრობო წრეებში უკვე გამოიღო. გადადგა პრემიერ-მინისტრი მილოს ვუჩევიჩი, რომელმაც განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ ვითარება კიდევ უფრო მეტად არ დაიძაბოს. თუ ვერ მოხერხდება ახალი მთავრობის ფორმირება, სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.
მსგავსება და განსხვავება პროტესტსა და სამთავრობო პასუხებში
პროტესტს საქართველოში, სლოვაკეთსა და სერბეთში მსგავსებაც აქვს და განსხვავებაც. სამივე ქვეყანაში პროტესტი მხოლოდ დედაქალაქებში არ მიმდინარეობს და გაშლილია ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა დიდ და პატარა ქალაქში. სლოვაკეთში ამბობენ, რომ პროტესტი სხვადასხვა ქალაქში სხვადასხვა ჯგუფების მიერ ორგანიზდება. ეს ის მახასიათებელია, რომელიც საქართველოშიც შეინიშნება და პროცესების დეცენტრალიზებაზე მიანიშნებს. დამატებით მნიშვნელოვანია, რომ სამივე შემთხვევაში ჩანს სხვადასხვა, თითქმის ყველა საზოგადოებრივი ჯგუფის ჩართულობა. პროცესებში გამორჩეული როლი აქვთ ახალგაზრდებს, განსაკუთრებით, სერბეთისა და საქართველოს შემთხვევაში, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, რომ, როგორც აღინიშნა, ორგანიზაციები და ბიზნესიც აქტიურადაა ჩართული პროცესში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ბიზნესი სერბეთსა და საქართველოში გაფიცვაშიც მონაწილეობდა. ეს აჩვენებს, რომ პროტესტს ფართო საზოგადოებრივი ხასიათი აქვს და არ წარმოადგენს „პატარა რადიკალური ჯგუფის ინტერესს“ – აზრს, რომლის გავრცელებასაც სამივე ხელისუფლება ცდილობს.
პროტესტის მთავარი მიზანი მსგავსია სლოვაკეთსა და საქართველოში და ქვეყნის ევროპული გზიდან გადახვევას უკავშირდება. სერბეთში კი პროტესტის მთავარი მიზანია მმართველი ძალის მხრიდან პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება. პროტესტმა თბილისში ბევრად რადიკალური ხასიათი მიიღო „ქართული ოცნების“ განსაკუთრებული ძალადობრივი პასუხის გამო, რაც მოიცავდა დემონსტრაციების ყოველდღე დარბევას, დაკავებებს და დაკავებულების სასტიკად ცემას. ფიცოსა და ვუჩიჩს დღემდე არ გამოუყენებიათ ღიად ძალადობრივი პრაქტიკა დემონსტრანტების წინააღმდეგ, თუმცა ისინი აქტიურად ავრცელებდნენ შეთქმულების თეორიებს საგარეო ძალების მხრიდან მცდელობებზე, თითქოს მათ სურთ დაამხონ ხელისუფლებები. ასეთ პრაქტიკას საქართველოშიც იყენებს „ქართული ოცნება“ და ყურადღებას ამახვილებს მითიურ გლობალურ ძალებზე, რომლებსაც სურთ ქვეყანა ქაოსში ჩაითრიონ. სამივე შემთხვევაში რეჟიმები ადანაშაულებენ პროტესტანტებს, რომ ისინი უცხოური ძალების ადგილობრივი აგენტები არიან და ემსახურებიან უცხოურ ინტერესებს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სამივე ძალა სიტყვებითა თუ ქმედებებით გამოხატავს პრორუსულ განწყობებს. პროტესტი სლოვაკეთში გამოიწვია ფიცოს პუტინთან კავშირმა, პარალელურად კი, ვუჩიჩს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს პუტინისადმი და ეწინააღმდეგება რუსეთის მიმართ სანქციებს. „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი საჯაროდ არ ლაპარაკობს რუს ლიდერებთან თავის კავშირებზე, თუმცა მიიჩნევა, რომ ის აქტიურად ცდილობს საქართველოს დაბრუნებას რუსულ ორბიტაზე, თავისი ბიზნესინტერესების რუსეთში შენარჩუნების პარალელურად. მიუხედავად იმისა, რომ პროტესტი სერბეთში არ არის მიმართული საერთაშორისო პოლიტიკაზე, რაც საქართველოსა და სლოვაკეთში გამოკვეთილი მახასიათებელია, სამივე შემთხვევაში მოძრაობა პრორუსული ძალების წინააღმდეგ ამ ქვეყნებში საფრთხეს უქმნის რუსულ ინტერესებს და ამიტომ ვითარებას მოსკოვშიც აკვირდებიან. როგორც რუსმა პოლიტიკურმა ფიგურებმა საქართველოს შემთხვევის განხილვისას უკვე აღინიშნეს, რუსეთი დახმარებისთვის მზადაა და მაგალითად ის რეჟიმებიც მოიყვანეს, რომლებმაც როცა დასჭირდათ, რუსული დახმარება მიიღეს. შესაბამისად, მეგობრული რეჟიმების დასახმარებლად, რუსეთის ჩართულობა პროცესებში მოსალოდნელია სხვადასხვა ჰიბრიდული მეთოდებით იქნება ეს საინფორმაციო მექანიზმები თუ სხვა.
შეჯამება
ანტისამთავრობო პროტესტის სამ შემთხვევას, რომლებიც ევროპაში მიმდინარეობს, ერთმანეთთან მსგავსებაც აქვს და განსხვავებაც. მოვლენები აჩვენებს, რომ ეს პროტესტები არ არის ცენტრალიზებული და მათში ჩართულია სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფი, თუმცა მათ ფოკუსებში სხვაობა იკვეთება. თუ საქართველოსა და სლოვაკეთში პროტესტი მიმართულია ქვეყნის ევროპულ გზაზე დაბრუნებისკენ და საკუთარი მთავრობების რუსული სტილის არადემოკრატიული მმართველობის წინააღმდეგ, სერბეთში ყურადრება უფრო შიდა პოლიტიკაზეა გადატანილი და მთავრობისგან მოითხოვენ სამართლიანობას და პასუხისმგებლობას. მიუხედავად ამ განსხვავებებისა, სამივე პროტესტი შეიძლება განვიხილოთ, როგორც გამოწვევა რუსული გავლენისთვის, ამ ქვეყნების მმართველი ძალების რუსეთის მიმართ მეგობრული დამოკიდებულებების გათვალისწინებით. ამიტომაც მოსალოდნელია, რომ რუსეთმა გაზარდოს ამ რეჟიმების მიმართ მხარდაჭერა. სამთავრობო რეაქციებს შორის ყველაზე დიდი მსგავსებაა დემონსტრანტების წინააღმდეგ პროპაგანდის გამოყენება, თითქოს ისინი არიან გარე ძალებისგან მართული, რაც ხშირად უკავშირდება შეთქმულების თეორიებსაც, რომ თითქოს ამ ძალებს სურთ ამ ქვეყნებში მმართველი პარტიების დამხობა. აღსანიშნავია, რომ პროტესტზე ყველაზე დაუნდობელი რეაქცია იყო საქართველოში, სადაც პოლიციის სისასტიკემ, „ქართული ოცნების“ უხეში ძალის გამოვლინებამ, გამოიწვია მკაცრი საერთაშორისო რეაქცია და სანქციები და მოსალოდნელია, რომ მიმდინარე პროტესტის პარალელურად ეს გავლენას მოახდენს რეჟიმზე.