ავტორი: გიორგი თურმანიძე
საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის მიერ ჩატარებული კვლევის (Nations in Transit 2017, იხ. კვლევა) მიხედვით, 15 პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან 8 (ცენტრალური აზიის ხუთივე სახელმწიფო, აზერბაიჯანი, რუსეთი და ბელარუსი) კონსოლიდირებული ავტორიტარული მმართველობის კატეგორიაში მოხვდა, რაც ამ ქვეყნებში დემოკრატიის ყველაზე დაბალი ხარისხის არსებობაზე მიუთითებს. ნახევრად კონსოლიდირებული ავტორიტარული მმართველობის კატეგორიაში მოხვდა სომხეთი, გარდამავალი ან ჰიბრიდული მმართველობის კატეგორიაში კი – საქართველო, უკრაინა და მოლდოვა. დემოკრატიის მაღალი სტანდარტი მხოლოდ ბალტიისპირეთის სამ სახელმწიფოშია, რომლებიც ნატოსა და ევროკავშირის წევრები არიან.
საერთაშორისო ორგანიზაციების მსგავს კვლევებში დემოკრატიის ხარისხი სხვადასხვა კრიტერიუმით ფასდება, მათ შორის ერთ-ერთია ამომრჩეველთა შესაძლებლობა ქვეყნის მთავრობა არჩევნების გზით შეცვალოს. ამ მხრივ, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ლიდერების უმრავლესობა არა არჩევნებზე, არამედ ძალაუფლების შენარჩუნების გზებზე უფრო ფიქრობს. თუმცა, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ავტორიტარული მმართველებიც კი, საკუთარი ძალაუფლებისა და ძალაუფლების მემკვიდრეობით გადაცემის ლეგიტიმაციას რეფერენდუმებისა და/ან საკონსტიტუციო ცვლილებების საშუალებით ცდილობენ. ამ თვალსაზრისით პოსტსაბჭოთა სივრცეში ორი ძირითადი ტენდენცია შეინიშნება:
- პირველი, იმ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, სადაც ღიად გამოხატული ავტორიტარიზმის ნიშნებია, ქვეყნის ლიდერები რეფერენდუმებისა და/ან საკონსტიტუციო ცვლილებების საშუალებით ოჯახის წევრებზე ძალაუფლების გადაცემის ლეგიტიმაციას ახდენენ და პოტენციური მემკვიდრის პოლიტიკურ კარიერას საგანგებოდ გეგმავენ.
- მეორე, იმ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, სადაც დემოკრატიის შედარებით მეტი ხარისხია, მმართველობის საპრეზიდენტო მოდელი საპარლამენტო მოდელით იცვლება, რაც მოქმედ პრეზიდენტებს საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობას პრემიერ-მინისტრის რანგში აძლევს.
დინასტიური მმართველობა
დემოკრატიულ ქვეყნებში ძალაუფლების ოჯახის წევრებზე გადაცემა ან კანონით არის აკრძალული, ან მიუღებელ ნორმად ითვლება. აზერბაიჯანსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების უმრავლესობაში კი მოქმედი ლიდერების მთავარი საზრუნავი ძალაუფლების ოჯახის წევრზე ან მათთან დაახლოებულ პირებზე გადაცემის ლეგიტიმაციის უზრუნველყოფაა.
აზერბაიჯანი
პოსტსაბჭოთა სივრცეში მამიდან შვილზე ძალაუფლების გადაცემის წარმატებული პრეცედენტი მხოლოდ აზერბაიჯანშია. დამოუკიდებელი აზერბაიჯანის მესამე პრეზიდენტის – ჰეიდარ ალიევის მმართველობა 1993 წელს დაიწყო. 2003 წელს კი, არჩევნების გზით, ქვეყნის პრეზიდენტი მისი შვილი – ილჰამ ალიევი გახდა. შვილი ალიევის პრეზიდენტობა წლების განმავლობაში მზადდებოდა. მისი კარიერული წინსვლა 1994 წლიდან დაიწყო. იგი იყო აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი, პარლამენტის წევრი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, 2003 წელს კი, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე – პრემიერ-მინისტრი.
მეჰრიბან ალიევა, აზერბაიჯანის პირველი ვიცე–პრეზიდენტი და პირველი ლედი
2008 წელს ილჰამ ალიევის მარადიული პრეზიდენტობისთვის სამზადისი დაიწყო, როდესაც ორ საპრეზიდენტო ვადაზე არსებული შეზღუდვა ამომრჩევლების „მხარდაჭერის“ გზით მოიხსნა, რადგან მმართველი პარტიის აზრით, ეს შეზღუდვა „არადემოკრატიული“ იყო. რეფერენდუმის საფუძველზე მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, ილჰამს შეუზღუდავი რაოდენობით შეუძლია საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა. 2013 წელს ილჰამი მესამე ხუთწლიანი ვადით აირჩიეს. 2016 წელს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილების შედეგად კი, შემდეგ არჩევნებში უკვე შვიდი წლით აირჩევენ.
მიუხედავად იმისა, რომ ილჰამ ალიევი ახალგაზრდა პრეზიდენტია (იგი მხოლოდ 56 წლისაა), პოტენციურ მემკვიდრეზე ფიქრი უკვე დაწყებულია. ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები სერიოზულ ეჭვს წარმოშობს, რომ ალიევის მემკვიდრე და ქვეყნის პოლიტიკური ელიტის წამყვანი ფიგურები უშუალოდ მისი ოჯახის წევრები იქნებიან. 2016 წლის 26 სექტემბერს ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე, კონსტიტუციიდან ამოიღეს მუხლი, რომელიც ადგენდა, რომ პრეზიდენტი არ შეიძლება გახდეს 35 წლის ასაკზე უმცროსი მოქალაქე. ასევე, პარლამენტის წევრის მინიმალური ასაკობრივი ზღვარი 25-დან 18 წლამდე შემცირდა, რაც ილჰამის 19 წლის შვილს, ჰეიდარს, პოლიტიკური კარიერის დაწყების საშუალებას უკვე პარლამენტიდან მისცემს. უმთავრესი ცვლილება კი, ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღებაა. ეჭვი, რომ ეს ცვლილება ილჰამის მეუღლეს, მეჰრიბან ალიევას ეხებოდა, 2017 წლის 21 თებერვალს მეჰრიბანის პირველ ვიცე-პრეზიდენტად დანიშვნით გამართლდა. საყურადღებოა, რომ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი მოვალეობის შესრულებას ვერ ახერხებს, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი პირველი ვიცე-პრეზიდენტი ხდება. მეჰრიბანი 2003 წლიდან, როდესაც იგი პირველი ლედი გახდა, აქტიურად არის ჩართული ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკაში.
ტაჯიკეთი
ტაჯიკეთში განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებები და საკადრო გადაწყვეტილებები მიუთითებს, რომ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი, სავარაუდოდ, ძალაუფლების მემკვიდრეობით გადაცემისთვის ემზადება. შესაფერისი სამართლებრივი გარემოს შექმნის მიზნით, 2014-2015 წლებში ტაჯიკეთში არაერთი საკონსტიტუციო ცვლილება მოხდა, მათ შორის, პრეზიდენტობის კანდიდატის ასაკმა 35-დან 30 წლამდე დაიწია, რაც პრეზიდენტის უფროს ვაჟზე, რუსტამზე, მორგებული საკანონმდებლო ცვლილებაა. 2020 წელს, როდესაც შემდგომი საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი, რუსტამი, რომელიც იმ დროისთვის 33 წლის იქნება, მამის სურვილის შემთხვევაში, შეძლებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. მას სახელმწიფო სამსახურში მუშაობის გამოცდილება უკვე დაუგროვდა. სხვადასხვა პერიოდში საბაჟო და ანტიკორუფციულ სამსახურებს ხელმძღვანელობდა. 2017 წლის 12 იანვარს კი 29 წლის რუსტამი დუშანბეს მერად დაინიშნა.
თურქმენეთი
2016 წელს თურქმენეთის პარლამენტში გამოთავისუფლებულ ადგილზე გასაიდუმლოებულ რეჟიმში ჩატარებული არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრი პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუხამედოვის ვაჟი, სერდარი გახდა. მანამდე სერდარი საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბუნებრივი რესურსების მართვისა და გამოყენების სახელმწიფო სააგენტოში საქმიანობდა. ბერდიმუხამედოვს, რომელიც ჯერ 60 წლისაა, ძალაუფლების შვილზე გადაცემის ლეგიტიმაციისთვის საკმარისი დრო აქვს.
ყაზახეთი
ყაზახეთის პრეზიდენტს, ნურსულთან ნაზარბაევს, რომელიც 77 წლისაა, სამი ქალიშვილი ჰყავს, რაც ტრადიციულ საზოგადოებაში ძალაუფლების მამიდან შვილზე გადაცემის საკითხს ართულებს. პრეზიდენტის ოჯახის წევრები ქვეყნის ცხოვრებაში აქტიურ როლს ასრულებენ. ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა უფროსი ქალიშვილი დარიგაა, რომელიც ამჟამად სენატის საერთაშორისო საქმეთა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეა.
დარიგა ნაზარბაევა, ყაზახეთის პარლამენტის წევრი და ნურსულთან ნაზარბაევი, ყაზახეთის პრეზიდენტი
იგი ვიცე-პრემიერიც იყო და საკმაოდ დიდი პოლიტიკური გამოცდილება აქვს. მნიშვნელოვანი პოზიციები უკავიათ დარიგას შვილებს – 32 წლის ნურალი ალიევი ასტანის ვიცე-მერად მუშაობდა და ამჟამად ბიზნესით არის დაკავებული, ასევე აქტიურია 26 წლის აისულთან ნაზარბაევიც. ნაზარბაევის სურვილისა და პოლიტიკურ ჯგუფებს შორის შეთანხმების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე შეიძლება გახდეს მისი ოჯახის რომელიმე წევრი.
უზბეკეთი
უზბეკეთში ძალაუფლების გადაცემა 2016 წელს მშვიდად მოხდა. უზბეკეთის პრეზიდენტ ისლამ კარიმოვს, რომელიც დამოუკიდებელ უზბეკეთს 25 წელი მართავდა, ორი ქალიშვილი ჰყავდა. მათ შორის უფროსი, გულნარა, მის შესაძლო მემკვიდრედაც ითვლებოდა, მაგრამ გულნარას გახმაურებულ კორუფციულ სკანდალებში მონაწილეობამ და სასახლის კარის ინტრიგებმა, იგი პრეზიდენტის მემკვიდრეობისათვის ბრძოლას ჩამოაშორა.
საპრეზიდენტოდან საპარლამენტო რესპუბლიკამდე
საქართველო
2010 წლის ოქტომბერში საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებას დაუჭირა მხარი, რომლის საფუძველზეც 2013 წლიდან ქვეყანა საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მართვის მოდელზე გადავიდა. ცვლილებებმა ეჭვი გააჩინა, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც მეორე და უკანასკნელ საპრეზიდენტო ვადას ასრულებდა, პოლიტიკური კარიერის გაგრძელება პრემიერ-მინისტრის რანგში სურდა, რასაც კანონი არ კრძალავდა. სააკაშვილი ამ თემაზე დასმულ კითხვებს ყოველთვის ბუნდოვნად პასუხობდა, რაც ამ ეჭვებს ამძაფრებდა. სააკაშვილმა თავისი პოზიცია ღიად მხოლოდ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დააფიქსირა, როდესაც მისი პარტია არჩევნებში დამარცხდა. სააკაშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრის პოსტი მისთვის საინტერესო არ იყო.
ყირგიზეთი
2011 წელს ყირგიზეთის პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი გახდა, რომელიც ერთი 6-წლიანი ვადით აირჩიეს. არსებული კონსტიტუციით ატამბაევი კენჭს ვეღარ იყრის. თუმცა, ატამბაევის მომავალ შესაძლო პოლიტიკურ გეგმებზე მიუთითებს 2016 წლის 11 დეკემბრის რეფერენდუმი, რომლის საფუძველზეც პრემიერ-მინისტრის ძალაუფლება გაიზარდა, პრეზიდენტისა კი, შესუსტდა. საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე განხორციელებული მსგავსი ცვლილება ეჭვს აჩენს, რომ ატამბაევი, დემოკრატის იმიჯის შებღალვის გარეშე, 2017 წლის შემოდგომაზე დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ძალაუფლების შენარჩუნებას, შესაძლოა, პრემიერ-მინისტრის რანგში ცდილობდეს.
სომხეთი
პოლიტიკური მმართველობის მოდელი რეფერენდუმის გზით შეიცვალა სომხეთშიც. 2015 წლის 6 დეკემბრის რეფერენდუმის საფუძველზე განხორციელებული ცვლილებების შედეგად, 2018 წლის აპრილიდან პრეზიდენტის ძალაუფლება შესუსტდება და ქვეყანა მართვის საპარლამენტო მოდელზე გადავა. საპარლამენტო მოდელზე გადასვლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად პრეზიდენტ სერჟ სარქისიანის მეორე და უკანასკნელი საპრეზიდენტო ვადის დასრულება მიიჩნევა. სარქისიანი, რომელიც ქვეყნის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსია, როგორც ჩანს, ძალაუფლების შენარჩუნებისათვის შესაბამის ლეგიტიმაციას იქმნის. გამომდინარე იქიდან, რომ სარქისიანს აღარ შეუძლია მესამე საპრეზიდენტო ვადით არჩევა და ამ მხრივ ცვლილებების გატარებაზეც უარი თქვა, ქვეყნის საპარლამენტო მართვის მოდელზე გადასვლა სარქისიანისთვის პოლიტიკაში დარჩენის ყველაზე ლეგიტიმური გზაა.
რა ხდება სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში
უკრაინასა და მოლდავეთში დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, არჩევნების გზით, არაერთი პრეზიდენტი შეიცვალა, თუმცა საარჩევნო პროცესი დღემდე მნიშვნელოვანი ხარვეზებით მიმდინარეობს. ბელარუსში ალექსანდრე ლუკაშენკო 63 წლისაა და უკვე ლაპარაკობენ, რომ ლუკაშენკოს ძალაუფლების გადაცემა შესაძლოა თავის უმცროსი ვაჟისთვის, კოლიასთვის, სურდეს, რომელიც ბოლო წლებში ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაზე მამის გვერდითაა. რაც შეეხება რუსეთს, ვლადიმერ პუტინიც დემოკრატიის თამაშის წესების ფორმალურ დაცვას ცდილობს. 2008 წელს მან უარი თქვა ზედიზედ მესამეჯერ პრეზიდენტად არჩევაზე და პრემიერ-მინისტრის რანგში 2012 წლის არჩევნებს დაელოდა, მანამდე კი, დიმიტრი მედვედევთან არაფორმალური შეთანხმების გზით, ქვეყნის მართვას განაგრძობდა.
დასკვნა
პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 25 წლის შემდეგაც არჩევნების გზით ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა ყველაზე რთულ გამოწვევად რჩება. სუსტი დემოკრატიის პირობებში მოქმედ ლიდერებს უჭირთ ძალაუფლებაზე უარის თქმა, თუმცა ამავე დროს დემოკრატი ლიდერის იმიჯის როლის მორგებაც სურთ. ამიტომ პოსტსაბჭოთა სივრცის ავტორიტარული მმართველებიც კი, ძალაუფლების შენარჩუნებასა და მემკვიდრეობით გადაცემის ლეგიტიმაციას დემოკრატიული მეთოდებით, რეფერენდუმებზე ხალხის „მხარდაჭერით“ ახდენენ. რეფერენდუმების საფუძველზე მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები კი, როგორც წესი, დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებისა და სტაბილურობის შენარჩუნების სახელით ხორციელდება.