ავტორი: მამუკა კომახია, ანალიტიკოსი

გამოცემა: N64

მიმოხილვის პერიოდი: 16-31 დეკემბერი, 2022

 

2022 წელს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე პროცესები უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის პრიზმაში უნდა განვიხილოთ. ამ ქვეყნების გადაწყვეტილებებიც რუსეთის სამხედრო აგრესიით არის ნაკარნახევი. 64-ე გამოცემაში პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მომხდარ ისეთ მნიშვნელოვან და/ან საინტერესო მოვლენებს მიმოვიხილავთ, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება რუსეთ-უკრაინის ომს.

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის თემაზე ასევე იხილეთ 50-ე მიმოხილვა, რომელიც 21 თებერვალი-3 მარტის პერიოდს მოიცავს, 51-ე მიმოხილვა – უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე მოლდოვის რეაგირების შესახებ, 52-ე მიმოხილვა – უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე ცენტრალური აზიის ქვეყნების რეაგირების შესახებ, 53-ე მიმოხილვა – უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე აზერბაიჯანისა და სომხეთის რეაგირების შესახებ, 54-ე მიმოხილვა უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ძირითადი გზავნილების შესახებ, 55-ე მიმოხილვა უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე ბელარუსის რეაგირების შესახებ.

  • რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში აქტიურობს
  • რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში პოსტსაბჭოთა ქვეყნების ახალი კურატორი დანიშნეს
  • ვლადიმერ პუტინის გამოსვლა თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის სხდომაზე
  • რუსეთის პრეზიდენტი ბელარუსს ესტუმრა
  • სანქტ-პეტერბურგში დსთ-ის არაფორმალური სამიტი ჩატარდა
  • ლაჩინის დერეფანი კვლავ ბლოკირებულია, რუსეთის შუამავლობა კი – წარუმატებელი
  • მოლდოვაში პრორუსულ მედიასაშუალებებს ლიცენზიები შეუჩერეს
  • დსთ-ის ქვეყნების ინსტიტუტმა საბჭოთა კავშირის დაარსების 100 წლისთავი აღნიშნა

 

რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში აქტიურობს

მთავარი მოვლენა: 2022 წლის 15 დეკემბერს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე ალან ალბოროვი, რომელიც სამუშაო ვიზიტით მოსკოვში იმყოფებოდა, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარეს, ვიაჩესლავ ვოლოდინს შეხვდა.

შეხვედრა სახელმწიფო დუმაში. წყარო: duma.gov.ru

 

მოვლენა დეტალურად: შეხვედრის შედეგად, საფუძველი ჩაეყარა ახალ „პარლამენტთაშორის“ ინიციატივას – დაფუძნდა ორმხრივი კომისია და ხელი მოეწერა შესაბამის შეთანხმებას. ახალი ინიციატივა მიზნად მხარეთა შორის თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას ისახავს.

ვოლოდინის ვიზიტი აფხაზეთში

2022 წლის 1 დეკემბერს ვოლოდინი საქართველოს მეორე ოკუპირებულ რეგიონს – აფხაზეთს – ესტუმრა. ვოლოდინმა და მისმა აფხაზმა „კოლეგამ“, ლაშა აშუბამ, „პარლამენტებს“ შორის თანამშრომლობის შეთანხმებასაც მოაწერეს ხელი. 2008 წლის შემდეგ, როდესაც მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა, ეს იყო რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერის პირველი ვიზიტი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში. მანამდე მსგავსი ვიზიტით უკვე იმყოფებოდნენ ვლადიმერ პუტინი (პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის რანგში), დიმიტრი მედვედევი (პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის რანგში) და საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.

სამოკავშირეო სახელმწიფოს საპარლამენტო სხდომა

2022 წლის 19 დეკემბერს სახელმწიფო დუმაში გაიმართა ბელარუსისა და რუსეთის სამოკავშირეო სახელმწიფოს 63-ე საპარლამენტო სხდომა. სხდომას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარეებიც.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ გაძლიერდა რუსეთის საერთაშორისო იზოლაცია. მოსკოვის აგრესიულ კამპანიას ღიად მხოლოდ ერთეული სახელმწიფოები და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო მთავრობები უჭერენ მხარს. რუსეთის წინაშე არსებული სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევების ფონზე მოსკოვი ცდილობს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკები მეტად ჩართოს ინტეგრაციულ პროცესებში.

 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში პოსტსაბჭოთა ქვეყნების ახალი კურატორი დანიშნეს

მთავარი მოვლენა: 2022 წლის 25 ნოემბერს იაპონიაში რუსეთის ელჩი მიხაილ გალუზინი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დანიშნეს. მისი საკურატორო სფერო რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოსთან და დსთ-ის ქვეყნებთან, ასევე საქართველოსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან ურთიერთობაა.

მოვლენა დეტალურად: გალუზინმა ამ მიმართულებით ანდრეი რუდენკო შეცვალა, რომელიც, მინისტრის მოადგილის რანგში, აზიის მიმართულების კურატორი გახდა.

გალუზინი საბჭოთა და რუსი დიპლომატია. 1983 წლიდან დიპლომატიაშია და მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე, როგორც ცენტრალურ აპარატში, ასევე უცხოეთში – ელჩად. 2012-2018 წლებში რუსეთის ელჩი იყო ინდონეზიაში, შეთავსებით კირიბატიში, აღმოსავლეთ ტიმორში, პაპუა-ახალ გვინეაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციაში კი – რუსეთის  მუდმივი წარმომადგენელი.

2018-2022 წლებში რუსეთის ელჩი იყო იაპონიაში. ელჩის რანგში იგი კურილის კუნძულებთან დაკავშირებით იაპონიასთან მიმდინარე ტერიტორიული დავის საკითხში მოსკოვის ინტერესებს იცავდა. 2022 წლის ნოემბერში გალუზინმა განაცხადა, რომ რუსულ მხარეს სურს იაპონიასთან ავიამიმოსვლის აღდგენა, თუმცა იაპონია წინააღმდეგია. გარდა ამისა, ელჩის თანამდებობის დატოვებამდე, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე, მან რუსეთ-იაპონიის ურთიერთობის გაფუჭებაში ბრალი იაპონიას დასდო.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: მიხაილ გალუზინი გამოცდილი დიპლომატია, თუმცა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისა და, განსაკუთრებით, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმართულება, მისთვის ახალი სფეროა, რაც შეიძლება ამ მიმართულებით მის საქმიანობაზეც აისახოს.

 

ვლადიმერ პუტინის გამოსვლა თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის სხდომაზე

მთავარი მოვლენა: 2022 წლის 21 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის გაფართოებულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

მოვლენა დეტალურად: სიტყვით გამოსვლამდე პუტინმა თავდაცვის მართვის ნაციონალურ ცენტრში გამოფენილი შეიარაღება დაათვალიერა. მას თან ახლდნენ თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და გენშტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი.

სიტყვით გამოსვლის დროს პუტინმა შეიარაღებულ ძალებში განსახორციელებელ ცვლილებებზე ისაუბრა და უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის გამომწვევ მიზეზად კვლავ დასავლეთი და ნეონაცისტური იდეოლოგია დაასახელა:

  • კარგად არის ცნობილი, რომ დღეს რუსეთის წინააღმდეგ აქტიურად გამოიყენება ნატოს თითქმის ყველა ძირითადი ქვეყნის სამხედრო პოტენციალი და შესაძლებლობა.
  • თქვენ (სამხედროები) იბრძვით, როგორც 1812 წლის, პირველი ან დიდი სამამულო ომების (მეორე მსოფლიო ომი) გმირებივით.
  • ჩვენ ყოველთვის უკრაინელ ხალხს მოძმე ხალხად ვთვლიდით, მე ახლაც ასე ვფიქრობ. ის, რაც ახლა ხდება, რა თქმა უნდა, ტრაგედიაა, ჩვენი საერთო ტრაგედია. თუმცა, ეს არ არის ჩვენი პოლიტიკის შედეგი, პირიქით, ეს სხვა ქვეყნების პოლიტიკის შედეგია, მესამე ქვეყნების, რომლებიც ყოველთვის ამისკენ მიილტვოდნენ, რუსული სამყაროს დეზინტეგრაციისკენ.
  • უკრაინის მოქალაქეებისთვის ტვინის გამორეცხვამ, ათწლეულების განმავლობაში ნეონაცისტური, უკიდურესად ნაციონალისტური იდეოლოგიის გამოყენებამ, თავისი შედეგი გამოიღო.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსეთის პრეზიდენტი მსგავსი მნიშვნელობის შეხვედრებს პოლიტიკური ელიტისა და შიდა აუდიტორიისთვის გზავნილებისთვის იყენებს. მისი მთავარი გზავნილის მიხედვით,  უკრაინაში მიმდინარე ომში მთავარი დამნაშავე დასავლეთია, რომელიც რუსული სამყაროს წინააღმდეგ ისტორიულად იბრძოდა.

 

რუსეთის პრეზიდენტი ბელარუსს ესტუმრა

მთავარი მოვლენა: 2022 წლის 19 დეკემბერს ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უმასპინძლა.

პრეზიდენტების შეხვედრა. წყარო: president.gov.by

 

მოვლენა დეტალურად: მაშინ, როდესაც ლუკაშენკო მხოლოდ მიმდინარე წელს რამდენიმეჯერ ესტუმრა რუსეთს, პუტინისთვის ეს ვიზიტი ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველი იყო. შეხვედრის მთავარი შეთანხმება სამხედრო თანამშრომლობისა და ერთობლივი სამხედრო სწავლებების გაგრძელებას ეხებოდა.

პუტინის თქმით, ისინი გააგრძელებენ ერთობლივ წვრთნებს და იარაღის ერთმანეთისთვის მიწოდებას, ბელარუსი მფრინავების წვრთნას ისეთი თვითმფრინავების მართვაში, რომლებსაც ბირთვული ქობინების გადატანა შეუძლიათ.

ლუკაშენკომ ისაუბრა სამხედრო თანამშრომლობაზე, მაგრამ ასევე ხაზი გაუსვა ეკონომიკური საკითხების გადაწყვეტის მნიშვნელობასაც. პუტინის თქმით, 2021 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა და 38.5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია, რომელიც ამა წლის ათ თვეში კიდევ 10%-ით გაიზარდა.

პოლიტიკური კონტექსტი

ბელარუსი რუსეთის მოკავშირეა და უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიაში რუსეთი მის ტერიტორიასაც იყენებს. საწყის ეტაპზე უკრაინაზე თავდასხმა ბელარუსის ტერიტორიიდანაც განხორციელდა და რუსეთის სამხედრო კონტინგენტი ამჟამადაც განლაგებულია ქვეყანაში. მაშინ, როდესაც ბელარუსი ერთობლივ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობს, საკუთარი სამხედრო ძალით ომში ჩართვას მინსკი თავს არიდებს. უკრაინა და დასავლეთი მიმდინარე ომში ბელარუსს რუსეთის მოკავშირედ აღიქვამს და, შესაბამისად, ლუკაშენკოს წინააღმდეგ სანქციების რეჟიმიც მოქმედებს. ლუკაშენკოს მთავარი საზრუნავია თავიდან აიცილოს ომში ჩართვა და ამავე დროს, პუტინისგან ეკონომიკური მხარდაჭერა მიიღოს და დასავლეთის მიერ ბელარუსზე დაწესებული სანქციების გავლენა შეამსუბუქოს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: სამწლიანი ინტერვალის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის ბელარუსში ვიზიტი მიუთითებს, რომ პუტინისთვის მნიშვნელოვანია უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო აგრესიაში ბელარუსის უფრო მაღალი ხარისხის ჩართულობა, განსაკუთრებით სამხედრო მიმართულებით, უზრუნველყოს.

 

სანქტ-პეტერბურგში დსთ-ის არაფორმალური სამიტი ჩატარდა

მთავარი მოვლენა: 2022 წლის 26-27 დეკემბერს სანქტ-პეტერბურგში ელცინის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი-ქვეყნების ლიდერების არაფორმალური სამიტი ჩატარდა.

მოვლენა დეტალურად: დსთ-ის წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალური შეხვედრა უკვე ტრადიციაა და ყოველი წლის დეკემბერში, წინასაახალწლოდ, სანქტ-პეტერბურგში ტარდება. შეხვედრაში ყველა წევრი ქვეყნის ლიდერი მონაწილეობდა, მოლდოვის გარდა, რომლის პროდასავლური ლიდერი, მაია სანდუ, უარს აცხადებს მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობაზე და მთავარ აქცენტს ევროკავშირში გაწევრიანებაზე აკეთებს.

გავრცელებული ინფორმაციით, არაფორმალურ სამიტზე ლიდერების შეხვედრამ 7 საათს გასტანა. პუტინმა სტუმრებს სიმბოლური საჩუქარი – ოქროს ბეჭდები გადასცა. სულ ცხრა ასეთი ბეჭედი დაამზადეს და აქედან ერთი პუტინმა თავისთვის დაიტოვა. ბეჭედზე გამოსახულია დსთ-ის ემბლემა და წარწერა „გილოცავთ ახალ 2023 წელს“.

სამიტის მეორე დღეს ლიდერებმა რუსული მუზეუმი მოინახულეს, სადაც მსოფლიოში ყველაზე მეტი ხელოვნების რუსული ნაწარმოებია განთავსებული.

დსთ-ის წევრი ქვეყნის ლიდერებმა რუსული მუზეუმი მოინახულეს. წყარო: kremlin.ru

 

პუტინის თქმით, დსთ-ის ქვეყნებს შორის საქონელბრუნვამ წელს უკვე მიაღწია 81.5 მლრდ აშშ დოლარს. მან ასევე ისაუბრა უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კუთხით არსებულ გამოწვევებსა და საფრთხეებზე, მათ შორის, ორგანიზაციის წევრ-ქვეყნებს შორის არსებულ დაძაბულობაზე.

პუტინის განცხადებით, დსთ-ის ქვეყნებს შორის თანამშრომლობა მოიცავს ერთიანი კულტურულ-ჰუმანიტარული სივრცის შენარჩუნებასაც. „ჩვენს ხალხებს ბევრი რამე აკავშირებთ, მათ შორის, რუსული ენა, რომელიც ძლიერი გამაერთიანებელი ძალაა“, განაცხადა პუტინმა. 2023 წელს დსთ-ის ქვეყნებში რუსული ენის წელი იქნება.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: დსთ-ის ტრადიციული წინასაახალწლო სამიტი პოსტსაბჭოთა ქვეყნების ლიდერებისთვის არაფორმალურ გარემოში ურთიერთობის შესაძლებლობაა. უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე კი, მოსკოვისთვის მსგავსი შეხვედრები კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომ დასავლეთისგან დაწესებული სანქციების შემსუბუქებაში გარკვეულ საკითხებში მათი მხარდაჭერის მოპოვებას შეეცადოს.

 

ლაჩინის დერეფანი კვლავ ბლოკირებულია, რუსეთის შუამავლობა  წარუმატებელი

მთავარი მოვლენა: 2022 წლის 30 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ წუხილი გამოთქვა, რომ ლაჩინის დერეფნის სრულყოფილი ფუნქციონირების აღდგენის მხრივ არ არის პროგრესი და ვერ ხერხდება მოქალაქეების, სატრანსპორტო საშუალებებისა და ტვირთების გადაადგილება. როგორც ზახაროვამ აღნიშნა, რუსული სამშვიდობო ძალები თანმიმდევრულ ნაბიჯებს დგამენ აღნიშნული ვითარების დასარეგულირებლად.

მოვლენა დეტალურად: ლაჩინის დერეფანი, რომელიც მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო რესპუბლიკასა და სომხეთს შორის დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზაა, 12 დეკემბრიდან ბლოკირებულია. დერეფანს 2020 წლის 9 ნოემბრის შეთანხმებით რუსი სამშვიდობოები იცავენ.

სომხური მხარის განცხადებით, ეთნიკურად აზერბაიჯანელმა მოქალაქეებმა გარემოს დაცვის მოტივით დე ფაქტო რესპუბლიკის დედაქალაქსა და სომხეთში მდებარე ქ. გორისს შორის დამაკავშირებელი გზა გადაკეტეს. აზერბაიჯანული მხარის ცნობით კი, აზერბაიჯანელი გარემოს დამცველები აპროტესტებენ ყარაბაღის ტერიტორიაზე რესურსების უკანონო მოპოვების ფაქტს. აზერბაიჯანის მთავრობის განცხადებით, სპეციალისტებს უნდა შეესწავლათ დ შეეფასებინათ ყარაბაღში არსებული რესურსები, თუმცა მათ მონიტორინგის განხორციელება ვერ შეძლეს „აგრესიული ახალგაზრდა ადამიანების“ მხრიდან პროვოკაციული ქმედებების გამო. აზერბაიჯანული მხარის თქმით, წინასწარი შეთანხმების მიუხედავად, რუსმა სამშვიდობოებმა აზერბაიჯანელი სპეციალისტების ნორმალური საქმიანობის უზრუნველყოფა ვერ შეძლეს. ბაქომ მოსკოვს მიღწეული შეთანხმების შესრულება და ყარაბაღში სასარგებლო წიაღისეულის (ოქრო, სპილენძი) მოპოვების ადგილას შეუფერხებელი წვდომის უზრუნველყოფა მოსთხოვა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გზის გადაკეტვა რუსი სამშვიდობოების ქმედებებს დაუკავშირა.

25 დეკემბერს სტეპანაკერტში/ხანქენდიში, მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო რესპუბლიკაში, ათასობით ადამიანი შეიკრიბა ლაჩინის დერეფნის გახსნის მოთხოვნით.

მანამდე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა უარი თქვა 23 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის შუამავლობით აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან მოლაპარაკებაზე, რის გამოც ლავროვისგან კრიტიკა დაიმსახურა. თავის მხრივ მირზოიანმა გაკვირვება გამოხატა ლავროვის რეაქციის გამო.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: 2020 წლის მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ ხშირია შემთხვევები, როდესაც რუსი სამშვიდობოები სათანადოდ ვერ უზრუნველყოფენ მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო რესპუბლიკაში მცხოვრები სომხური მოსახლეობის უსაფრთხოებას. აზერბაიჯანული მხარის მიერ ლაჩინის დერეფნის ბლოკირება პირველ შემთხვევაა, როდესაც ამდენი ხნით ყარაბაღელი სომხებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის სატრანსპორტო დერეფანი დაიხურა. მსგავსი ინციდენტების გახშირება და რუსი სამშვიდობოების უუნარობა მსგავსი შემთხვევების პრევენცია მოახდინონ ან დროულად გადაჭრან მსგავსი პრობლემები, მომავალში მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო რესპუბლიკის უსაფრთხოების გამოწვევებს კიდევ უფრო გაზრდის.

 

მოლდოვაში პრორუსულ მედია საშუალებებს ლიცენზიები შეუჩერეს

მთავარი მოვლენა: მოლდოვის მთავრობის გადაწყვეტილებით, ექვს სატელევიზიო არხს სამაუწყებლო ლიცენზია შეუჩერეს ქვეყნისა და უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შესახებ „არასწორი ინფორმაციის“ გავრცელების გამო. ამის შესახებ მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა ნატალია გავრილიტამ განაცხადა.

მოვლენა დეტალურად: ყველა სატელევიზიო არხი (First in Moldova, RTR Moldova, Accent TV, NTV Moldova, TV6, Orhei TV) ცნობილ პრორუს ბიზნესმენსა და პოლიტიკოსს, პარტია „შორის“ ლიდერს, ილან შორსა და მასთან დაკავშირებულ პირებს ეკუთვნით. შორზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს იგი სანქციების სიაში ჰყავთ შეყვანილი.

შეჩერების ერთ-ერთი მიზეზი დეზინფორმაციის რისკის ან საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციის მცდელობის პრევენცია იყო. ექვსიდან ოთხი ტელევიზია რუსულ სატელევიზიო გადაცემებს რეგულარულად აჩვენებს.

მოლდოვის პროდასავლურმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ გადაწყვეტილება „ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობის პრევენციის კუთხით მნიშვნელოვან ნაბიჯად“ შეაფასა.

მოლდოვის მთავრობის გადაწყვეტილება გააკრიტიკა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ, რომელმაც გადაწყვეტილება „ეროვნული უმცირესობების უფლებების ცინიკურ დარღვევად შეაფასა“.

მაუწყებლობაზე აკრძალვა 19 დეკემბერს შევიდა ძალაში და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში იმოქმედებს. საგანგებო მდგომარეობა მოლდოვის ხელისუფლებამ 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ გამოაცხადა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსეთი მედიასაშუალებებს პროპაგანდისტული მიზნებისთვის იყენებს, რომლის მიზანია ქვეყნის გარეთ საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენა, პრორუსული განწყობების გაძლიერება და უკრაინაში მიმდინარე ომზე კრემლის ნარატივების გავრცელება. მოლდოვისთვის, რომლის მოსახლეობის ნაწილიც პრორუსულად არის განწყობილი, მსგავსი სატელევიზიო არხების შეზღუდვა უსაფრთხოების საკითხია და კრემლის ნარატივების გავრცელების შეზღუდვას ისახავს მიზნად.

 

დსთ-ის ქვეყნების ინსტიტუტმა საბჭოთა კავშირის დაარსების 100 წლისთავი აღნიშნა

მთავარი მოვლენა: 2022 წლის 28 დეკემბერს მოსკოვში, დსთ-ის ქვეყნების ინსტიტუტში, ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია: „რუსეთის ისტორია – ერთიანი და უწყვეტი. საბჭოთა კავშირის დაარსების 100 წლისთავი“.

მოვლენა დეტალურად: კონფერენციაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო დუმის წევრები, საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს წევრები, საზოგადო მოღვაწეები, წამყვანი საგანმანათლებლო ცენტრების წარმომადგენლები, ისტორიკოსები. ინსტიტუტის ცნობით, ცხარე დისკუსიების მიუხედავად, კონფერენციის მონაწილეები ერთ საერთო საკითხზე შეთანხმდნენ, რომ საბჭოთა პერიოდი რუსეთის ისტორიაში მნიშვნელოვანი ეტაპი იყო და რუსეთის ისტორია ერთიანი უწყვეტი პროცესია ადრეული რუსული სახელმწიფოდან დღემდე.

კონფერენცია

 

კონფერენციის ორგანიზატორი სახელმწიფო დუმის დეპუტატი კონსტანტინ ზატულინი იყო, რომელიც ამავე დროს ინსტიტუტის დირექტორიც არის.

კონფერენციის მთავარი თემები იყო: საბჭოთა კავშირის დაარსება, როგორც რუსეთის იმპერიის დაცემის შედეგად გამოწვეული გეოპოლიტიკური კატასტროფის გადალახვა; საბჭოთა კავშირი – რუსეთის იმპერიის სამართალმემკვიდრე; საბჭოთა კავშირის ნაციონალურ-სახელმწიფოებრივი მოწყობის ფენომენი; რუსული საკითხი საბჭოთა კავშირში; საბჭოთა პერიოდი რუსეთის ისტორიაში; საბჭოთა კავშირის მსოფლიო-ისტორიული მნიშვნელობა; რუსეთის ფედერაცია – რუსული სახელმწიფოებრიობის ახალი რეინკარნაცია; ინტეგრაცია – ევრაზიული სივრცის იმპერატივი.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსეთი საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრედ აღიქვამს თავს, სადაც მიაჩნიათ, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდი რუსეთის სახელმწიფოს (რუსეთის იმპერია, საბჭოთა კავშირი, რუსეთის ფედერაცია) ისტორიის განუყოფელი ნაწილია. ვლადიმერ პუტინის მმართველობის პერიოდში საბჭოთა კავშირის და მისი წარმატებების, მათ შორის, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების განსაკუთრებული განდიდება ხდება და საბჭოთა კავშირის კრიტიკა მისთვის ანტირუსული ისტერიის ნაწილად აღიქმება.