ავტორი: მამუკა კომახია, ანალიტიკოსი |
მიმოხილვის პერიოდი: 1-15 აპრილი, 2020 რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეს საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს და რეგიონში დასავლეთის პოზიციების გაძლიერებას თავისი ეროვნული ინტერესების საფრთხედ განიხილავს. ჩვენი მიმოხილვის მიზანია მკითხველს პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის ორ კვირაში ერთხელ და გამოადგება ყველას, გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს. მთავარი მოვლენები:
ტერმინის ისტორია მთავარი ტერმინი: ჩვენი დოკუმენტი პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკას მიმოიხილავს. დოკუმენტის ამ ნაწილში შეგიძლიათ გაეცნოთ, თუ როგორია ტერმინის – „პოსტსაბჭოთა სივრცე“ ისტორია. ტერმინის ისტორია: 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კავშირში შემავალი რესპუბლიკების ტერიტორიების აღსანიშნად პოლიტიკური თუ სამეცნიერო წრეები სხვადასხვა ტერმინის გამოყენებას იწყებენ. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ორმა ტერმინმა: „პოსტსაბჭოთა სივრცე“ და „ახლო საზღვარგარეთი“. „ახლო საზღვარგარეთი“ ტერმინი „ახლო საზღვარგარეთი“ პირველად გაზეთმა „იზვესტიამ“ 1992 წლის 15 იანვარს გამოიყენა. „ახლო საზღვარგარეთში“ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები იგულისხმება, რომლებიც, რუსეთის აზრით, კრემლის გავლენის ქვეშ უნდა იყვნენ და ამ ქვეყნებში დაუშვებელია სხვა სახელმწიფოების გავლენის გაზრდა. რუსი ექსპერტების ხედვით, აღნიშნულ ტერმინს გეოგრაფიულზე მეტად ისტორიულ–კულტურული მნიშვნელობა აქვს. „პოსტსაბჭოთა სივრცე“ 2000-იან წლებში რუსეთის პოლიტიკურ თუ აკადემიურ წრეებში უფრო გახშირდა ტერმინის „პოსტსაბჭოთა სივრცე“ გამოყენება. ტერმინი პირველად ლიეტუველი ჟურნალისტის ალგის პრაზაუსკასის სტატიაში გამოჩნდა, რომელიც მან 1992 წლის 7 თებერვალს გაზეთ „ნეზავისიმაია გაზეტაში“ გამოაქვეყნა. ტერმინი „პოსტსაბჭოთა სივრცე“ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე, სხვა სახელმწიფოებთან შედარებით, რუსეთის პრეტენზიი უპირატესობაზეც მიუთითებს, რადგან საბჭოთა კავშირის მემკვიდრედ რუსეთი მიიჩნევა. ამჟამად აღნიშნული ტერმინის გამოყენების რამდენიმე მიდგომაა. ტერმინი „პოსტსაბჭოთა სივრცე“ შეიძლება გულისხმობდეს: პირველი – ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს (სულ 12 სახელმწიფო), რომლებიც დსთ-ის წევრები არიან ან იყვნენ. ამ შემთხვევაში ამ სივრცეში არ მოიაზრება ბალტიისპირეთის ქვეყნები; მეორე – ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას, ბალტიისპირეთის ქვეყნების ჩათვლით. ახალი ტენდენციები: ბოლო წლებში რუსეთის პოლიტიკურ და აკადემიურ წრეებში სულ უფრო პოპულარული ხდება ახალი ტერმინის – „ევრაზიული სივრცის“ გამოყენება, რაც რუსეთის მხრიდან ევრაზიის კონტინენტზე ახალი ინტეგრაციული პროცესების დაწყების მცდელობას და ახალი გეოპოლიტიკური რეალობის შექმნას უკავშირდება. რუსეთში მიაჩნიათ, რომ „ევრაზიული სივრცე“ გულისხმობს როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეს, ისე სხვა რეგიონის ქვეყნებსაც, რომლებიც ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს ესაზღვრება. ტერმინის შემდგომი „პოპულარობა“ ევრაზიულ სივრცეში რუსეთის პოლიტიკის წარმატებებზე იქნება დამოკიდებული.
აზერბაიჯანმა შესაძლოა რუსული გამანადგურებლები შეიძინოს მთავარი მოვლენა: 2020 წლის 8 აპრილს რუსეთის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსული მხარე მზად არის აზერბაიჯანთან საბრძოლო თვითმფრინავების მიყიდვის საკითხზე მოლაპარაკებები დაიწყოს. აზერბაიჯანული დელეგაციის ვიზიტი ავიასაწარმოში. წყარო: აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდი მოვლენა დეტალურად: 7 აპრილს, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, აზერბაიჯანის სამხედრო-საჰაერო ძალების დელეგაციამ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოები მოინახულა. აზერბაიჯანული დელეგაცია საბრძოლო თვითმფრინავების – „Су-35“ და „МиГ-35“-ის მწარმოებელ ავიასაწარმოებს ესტუმრა. ვიზიტისას აზერბაიჯანულმა დელეგაციამ რუსული წარმოების თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავების შესყიდვის ინტერესი გამოხატა. თავის მხრივ “Рособоронэкспорт“-ის წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოთქვეს აზერბაიჯანისთვის საბრძოლო თვითმფრინავების იმ რაოდენობით მიყიდვაზე, რამდენიც აზერბაიჯანის სამხედრო-საჰაერო ძალებს ესაჭიროება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დასრულების შემდეგ აზერბაიჯანში სამხედრო ხარჯების ზრდის ტენდენცია შეინიშნება. ამ მხრივ, მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა 2006 წლიდან, როდესაც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ექსპორტირებული ნავთობი ქვეყნისთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო გახდა. 2005 წელს უსაფრთხოების სფეროსთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 644 მლნ აშშ დოლარი იყო. 2020 წლისთვის კი, აზერბაიჯანის საბიუჯეტო ხარჯები თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე, 2019 წელთან შედარებით, 20.9%-ით გაიზარდა და ჯამში, 2.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. სამხედრო-საჰაერო ძალების მოდერნიზაციისა და გადაიარაღების მიზნით აზერბაიჯანი ბოლო წლებში განსაკუთრებით გააქტიურდა. ამ მხრივ შესამჩნევია აზერბაიჯანისა და რუსეთის მზარდი თანამშრომლობა. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი აზერბაიჯანისთვის: აზერბაიჯანული ხედვით, სამხედრო ხარჯების გაზრდისა და სამხედრო ძალების მოდერნიზაციის მიზანია სომხეთთან არსებული სამხედრო ბალანსის აზერბაიჯანის სასარგებლოდ შეცვლა, რაც სომხეთს, საბოლოო ჯამში, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში დათმობებზე წასვლას აიძულებს. ბოლო წლებში სამხედრო სფეროში რუსეთთან პარტნიორული ურთიერთობების განვითარება კი აღნიშნულ კონფლიქტში რუსეთის პროსომხური პოზიციის შესუსტებას ისახავს მიზნად. აღნიშნულმა მიდგომამ გარკვეული შედეგი გამოიღო: მაგ., 2016 წლის აპრილში სომხეთთან „ოთხდღიანი ომის“ დროს, როდესაც აზერბაიჯანმა ტერიტორიების მცირე ნაწილი დაიბრუნა, მოსკოვის პოზიცია უფრო აზერბაიჯანის მხარდაჭერად აღიქვეს. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი რუსეთისთვის: რუსეთისთვის ენერგორესურსებით მდიდარ აზერბაიჯანთან სამხედრო თანამშრომლობის განვითარება მნიშვნელოვანია, როგორც რუსული სამხედრო პროდუქციის ახალი ბაზრის ათვისების, ასევე სამხრეთ კავკასიაში პოლიტიკური გავლენის გაზრდის თვალსაზრისით. ამავე დროს, ეს ერთგვარი გზავნილია სომხეთისათვის, რომლის ახალი ლიდერების მოსკოვის ერთგულებას ეჭვის თვალით უყურებენ. რატომ არის ეს ყურადსაღები სომხეთისთვის: სომხეთი სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ყველაზე ახლო მოკავშირე და პრორუსული კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (კუხო) წევრია. თუმცა, ბოლო წლებში ორმხრივ ურთიერთობაში გარკვეული ბზარი გაჩნდა. მაგ., 2016 წელს აზერბაიჯანთან სამხედრო დაპირისპირების დროს რუსეთისა და კუხოს ზოგიერთი წევრის პოზიცია სომხეთში აზერბაიჯანის მხარდაჭერად აღიქვეს. ერევანში რუსეთის სიმპათიების შესაძლო ცვლილების ინდიკატორად ასევე მიიჩნევენ რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ბოლო წლებში სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.
უკრაინამ რუსეთის ჯაშუში დააკავა მთავარი მოვლენა: 2020 წლის 14 აპრილს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, სახელმწიფო ღალატისა და ტერორისტული აქტის მომზადების ბრალდებით, უსაფრთხოების სამსახურის გენერალ-მაიორი ვალერი შაიტანოვი დააკავა. შაიტანოვი რუსული სპეცსამსახურების დავალებით ცნობილი მოხალისის ადამ ოსმაევის მკვლელობასაც გეგმავდა. ოსმაევი აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების წინააღმდეგ მებრძოლი, ჯოხარ დუდაევის სახელობის ჩეჩენი მოხალისეებისგან შემდგარი ბატალიონის ლიდერია. მოვლენა დეტალურად: უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მათ საკმარისი მტკიცებულებები აქვთ, მათ შორის, ვიდეო და აუდიო მასალა, რაც 2014 წლიდან შაიტანოვის რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან თანამშრომლობას ადასტურებს. შაიტანოვი რუსეთის სპეცსამსახურებს საიდუმლო ინფორმაციას აწვდიდა და რუსებს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრების შერჩევასა და გადაბირებაში ეხმარებოდა. უკრაინის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან შაიტანოვი ყველაზე მაღალი რანგის პირია, რომელიც ჯაშუშობაში ამხილეს. მას გენერლის წოდება 2014 წლის ევრომაიდნის მოვლენების შემდეგ მიენიჭა. გენერალ-მაიორ ვალერი შაიტანოვის დაკავება. წყარო: უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ვებგვერდი 31 მარტს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ასევე განაცხადა, რომ საზღვაო ფლოტის მაღალი რანგის უკრაინელ ოფიცერსა და ოკუპირებულ ყირიმში განთავსებულ რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის წარმომადგენელს შორის არსებული საიდუმლო საკომუნიკაციო არხი გაშიფრეს. რუსეთის პასუხი შაიტანოვის დაკავების პასუხად, 15 აპრილს რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ოკუპირებულ ყირიმში უკრაინული დაზვერვის „საბოტაჟისა და ტერორისტული“ ჯგუფი გამოააშკარავა, მათ შორის, რუსი სამხედრო ოფიცერი ქალი, რომელიც, მათი განცხადებით, „სახელმწიფო საიდუმლოებას“ უკრაინის სამხედრო დაზვერვას 2017-2018 წლებში აწვდიდა, და ასევე – უკრაინის მოქალაქე. რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა იანვარშიც განაცხადა, რომ ყირიმში ერთი პირი დააკავეს, რომელსაც უკრაინული სპეცსამსახურების დავალებით ყირიმის ნახევარკუნძულზე ასაფეთქებელი ნივთიერებების სამალავის მოწყობა ედება ბრალად. რატომ არის ეს დაკავება მნიშვნელოვანი უკრაინისთვის: საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკრაინის უსაფრთხოებისა და სამხედრო სექტორში მოღვაწე ელიტის დამოუკიდებელი უკრაინული სახელმწიფოს მიმართ ლოიალობის საკითხს ეჭვის თვალით უყურებდნენ. ლოიალობის საკითხი კიდევ უფრო გამწვავდა 2014 წლის ყირიმის მოვლენების შემდეგ, როდესაც უკრაინული სამხედრო ელიტისა და რიგითი შემადგენლობის ნაწილმა რუსეთის მხარე დაიჭირა. შაიტანოვის შემთხვევაც იმის დასტურია, რომ უკრაინის სახელმწიფოს უსაფრთხოების უმთავრესი გამოწვევა უსაფრთხოების სექტორში მოღვაწე პრორუსულად განწყობილი კადრების გამოვლენა და უსაფრთხოებისა და სამხედრო სექტორში ახალი ლოიალური ელიტის ფორმირებაა.
უკრაინამ და პრორუსმა სეპარატისტებმა პატიმრები გაცვალეს მთავარი მოვლენა: 2020 წლის 16 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის აღმოსავლეთში მებრძოლი სეპარატისტების მიერ დაკავებული 20 უკრაინელის დაბრუნების შესახებ განაცხადა. თავის მხრივ, კიევმა სეპარატისტებს 14 ადამიანი გადასცა. მოვლენა დეტალურად: უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე „ჯაშუშური ომის“ მიუხედავად, კიევმა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა, ჯამში, სააღდგომოდ 34 პატიმარი გაცვალეს. პატიმრების გაცვლის თაობაზე უკრაინული და რუსული მხარე ე.წ. სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში 8 აპრილს შეთანხმდნენ. უკრაინასა და საკონტაქტო ჯგუფში ეუთოს წარმომადგენლის ჰეიდი გრაუს შეფასებით, „პატიმრების გაცვლა მხარეებს შორის ნდობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს“. პატიმრების გაცვლა მას შემდეგ მოხდა, რაც მარტში გაეროს გენმდივანმა, ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, მსოფლიოში კონფლიქტის მხარეებს ბრძოლების შეწყვეტისკენ მოუწოდა. ზელენსკის პრეზიდენტობის პერიოდში, რომელმაც გასულ წელს, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, დონეცკსა და ლუგანსკში კონფლიქტის დასრულების პირობა დადო, ორჯერ უკვე გაცვალეს პატიმრები. 2019 წლის სექტემბერში 35 პატიმარი გაცვალეს, დეკემბერში კი უკრაინამ სეპარატისტებს 124 პატიმარი გადასცა, 76 უკრაინელი პატიმარი კი დაიბრუნა. გაეროს მონაცემებით, 2014 წლის აპრილიდან აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტმა 13 200 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. რატომ არის პატიმრების გაცვლა მნიშვნელოვანი უკრაინისთვის: ზელენსკის დაპირების მიუხედავად, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტს დაასრულებს, სეპარატისტებთან სამხედრო დაპირისპირება კვლავ გრძელდება. არსებულ ვითარებაში კი პატიმრების მორიგი გაცვლა ზელენსკის რეპუტაციას ნაწილობრივ შეუნარჩუნებს.
სომხეთი რუსული გაზის ფასის შემცირებას ითხოვს მთავარი მოვლენა: 2020 წლის 6 აპრილს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარში რუსული ენერგოგიგანტის – „გაზპრომის“ მიერ სომხეთისათვის მიწოდებული გაზის ფასის შემცირების საკითხი განიხილა. ფაშინიანის განცხადებით, გაზის ფასის საკითხი ხშირად პოლიტიკური მანიპულაციის საგანი იყო და წინა მთავრობები საკითხს პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებდნენ. მოვლენა დეტალურად: 31 მარტს ცნობილი გახდა, რომ სომხეთის ვიცე-პრემიერმა „გაზპრომის“ ხელმძღვანელს ფასის შემცირების თაობაზე ახალი მოლაპარაკების დაწყების წინადადებით მიმართა. რუსულ გაზზე ფასის შემცირების საკითხზე მოლაპარაკების დაწყების გადაწყვეტილება ფაშინიანმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან საუბრის შემდეგ მიიღო. ლუკაშენკოსთან საუბარში მხარეები მივიდნენ დასკვნამდე, რომ რუსული გაზის ფასი მაღალია. გარდა ამისა, ფაშინიანს მიაჩნია, რომ სომხეთმა რუსულ გაზში არა დოლარით, არამედ რუბლებით უნდა გადაიხადოს, რადგან ეს უფრო ლოგიკურია ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში დოლარიზაციის პროცესის შემცირების გათვალისწინებით. რუსული გაზის ფასი 31 მარტს „გაზპრომ არმენიამ“ 2020 წლის 1 ივლისიდან გაზის ფასის გადახედვის შესახებ განაცხადა. „გაზპრომ არმენია“ ყველა მომხმარებლისთვის ერთი და იმავე ფასის დადგენას ითხოვს, რაც საშუალო ტარიფის 11%-ით გაზრდას გამოიწვევს. 2020 წლის 1 იანვრისთვის სომხეთისთვის რუსული გაზის ფასი 2019 წლის დონეზე შენარჩუნდა – ათას კუბურ მეტრზე 165 აშშ დოლარი. 2018 წელს ფასი 150 აშშ დოლარი იყო. „გაზპრომ არმენია“ „გაზპრომის“ შვილობილი კომპანიაა, რომელიც სომხეთში გაზის ტრანსპორტირებასა და განაწილებას სრულად აკონტროლებს. რატომ არის გაზის ფასის შემცირება მნიშვნელოვანი სომხეთისთვის: რუსული გაზის ფასი სომხეთისა და ბელარუსისთვის ყველაზე დაბალია, თუმცა ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული კრიზისული სიტუაციისა და გლობალურად ენერგორესურსებზე ფასების ვარდნის პირობებში, სომხეთი ეკონომიკური დანახარჯების კომპენსირებას რუსულ გაზზე ფასის შემცირებითაც იმედოვნებს. ფაშინიანის მთავრობა რთული ამოცანის წინაშე დგას, რადგან სომხეთს არ აქვს რუსული გაზის რეალური ალტერნატივა (ირანი-სომხეთის გაზსადენი სრულად ვერ ჩაანაცვლებს) და ასევე კრემლი ფაშინიანის მთავრობას ეჭვის თვალით უყურებს და არ მოსწონს სომხეთის წინა პრეზიდენტების (რობერტ კოჩარიანი და სერჟ სარქისიანი) სამართლებრივი დევნა, რომლებიც რუსეთის ახლო მოკავშირეებად ითვლებოდნენ. არსებული გარემოებების გათვალისწინებით, ერევანს მოსკოვზე ზეწოლისთვის სუსტი ბერკეტი აქვს.
ბელარუსი ნავთობის იმპორტის დივერსიფიკაციას აგრძელებს მთავარი მოვლენა: 2020 წლის 13 აპრილს ბელარუსული კონცერნის „ბელნეფტხიმის“ პრეს-მდივნის ალექსანდრ ტიშჩენკოს განცხადებით, კონცერნი რუსეთის „დიდი ხუთეულის“ წევრ ნავთობკომპანიებთან ნავთობის შესყიდვაზე კონტრაქტებს გააფორმებს. მოვლენა დეტალურად: აღნიშნული კომპანიები („როსნეფტი“, „ტატნეფტი“, „სურგუტნეფტეგაზი“, „ლუკოილი“, „გაზპრომ ნეფტი“) წლების განმავლობაში სრულად უზრუნველყოფდნენ ბელარუსის ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებს, მაგრამ 1 იანვრიდან, ნავთობის ფასზე შეუთანხმებლობის გამო, მიწოდება შეწყვიტეს. ერთადერთი კომპანია, რომელმაც ბელარუსთან თანამშრომლობა არ შეწყვიტა და ამჟამადაც აგრძელებს „საფმარია“, რომლის მფლობელიც ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან მეგობრობას. 2020 წლის დასაწყისში, ძირითად რუსულ კომპანიებთან კონტრაქტის არარსებობის პირობებში, ბელარუსის ორი მთავარი ნავთობგადამამუშავებელი საწარმო (მოზირსკისა და ნოვოპოლოცკის) მინიმალური დატვირთვით მუშაობდა და ძირითადად შიდა და რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვან საექსპორტო ბაზარს უზრუნველყოფდა. რუსულ კომპანიებთან შეთანხმების მიუხედავად, ბელარუსი ნავთობის იმპორტის დივერსიფიკაციას არ წყვეტს. 12 აპრილს ოდესის პორტმა ბელარუსისთვის განკუთვნილი 85 ათასი ტონა აზერბაიჯანული ნავთობით დატვირთული ტანკერი მიიღო, 13 აპრილს კი კლაიპედის პორტში იმავე რაოდენობის ნორვეგიული ნავთობი მიიღეს. ბელარუსმა იანვარში ერთხელ უკვე მიიღო ნორვეგიული ნავთობი, მარტში კი – აზერბაიჯანული. რატომ მოხერხდა რუსულ კომპანიებთან შეთანხმება: ბელარუსული და რუსული მხარის შეთანხმება არა დიპლომატიური მოლაპარაკების, არამედ მსოფლიოში ნავთობის ფასის მკვეთრი ვარდნისა და ახალი კორონავირუსის პანდემიის შედეგია. მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნის შემცირების პირობებში, პოლიტიკური დაპირისპირების მიუხედავად, ორივე მხარისთვის მისაღები აღმოჩნდა რუსული ნავთობის ფასი. რატომ არის ნავთობის იმპორტის დივერსიფიკაცია მნიშვნელოვანი ბელარუსისთვის: რუსული ნავთობის შესყიდვის მიუხედავად, რომელიც მსოფლიოში ნავთობის ფასის მკვეთრი ვარდნის პირობებში ბელარუსისთვის მაინც მომგებიანია, მინსკი ნავთობის იმპორტის დივერსიფიკაციის პოლიტიკის განხორციელებასაც აგრძელებს. ლუკაშენკოს მიზანია რუსეთზე დამოკიდებულება 30-40%-მდე შეამციროს და ნორვეგიული და აზერბაიჯანული ნავთობის შესყიდვაც სწორედ დივერსიფიკაციის პოლიტიკის ნაწილია. დასახული მიზნის მიღწევის შემთხვევაში, ლუკაშენკო ბელარუსზე რუსეთის პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტს შეასუსტებს და დამოუკიდებლად მანევრირების შესაძლებლობასაც მიიღებს.
რუსეთმა ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის საქმიანობა აკრძალა მთავარი მოვლენა: 2020 წლის 7 აპრილს რუსეთის გენერალური პროკურატორის განცხადებით, პროკურატორის მიერ შესწავლილი მასალების საფუძველზე ამერიკული ანალიტიკური ორგანიზაციის „Jamestown Foundation“-ის რუსეთის ტერიტორიაზე საქმიანობა „არასასურველად“ გამოცხადდა. მოვლენა დეტალურად: „Jamestown Foundation“ ვაშინგტონში მდებარე კვლევითი და ანალიტიკური ცენტრია, რომელიც „ცივი ომის“ პერიოდში, 1984 წელს, დაარსდა. საწყის ეტაპზე ცენტრი საბჭოთა კავშირიდან და სოციალისტური ბანაკის ქვეყნებიდან გაქცეულ პირებს უჭერდა მხარს. ამ ეტაპზე კვლევითი ცენტრის ანალიტიკური საქმიანობა რუსეთს, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, ჩინეთს, ევრაზიასა და გლობალურ ტერორიზმს მოიცავს. პროკურატორის აზრით, ცენტრის ექსპერტები ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონების რუსეთიდა გამოყოფას ახალისებენ და ხელს უწყობენ ეთნიკურ სეპარატიზმს. პროკურატურამ შეტყობინება გაუგზავნა იუსტიციის სამინისტროს, რომელიც ორგანიზაციას „არასასურველი“ ორგანიზაციების სიაში შეიყვანს. 2015 წელს რუსეთში მიღებული კანონით, პროკურატურას შეუძლია „არასასურველი“ ორგანიზაციისთვის რუსეთის ტერიტორიაზე საქმიანობის აკრძალვა, თუ ორგანიზაციის საქმიანობა რუსეთის ეროვნული ინტერესებისათვის საფრთხედ შეფასდება. კანონმდებლობით იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ და რუსეთის ფარგლებში პოლიტიკურ საქმიანობაში არიან ჩართული, „უცხოურ აგენტად“ დარეგისტრირების ვალდებულება აქვთ. 2015 წლის შემდეგ რუსეთმა ათობით უცხოურ ორგანიზაციას აუკრძალა რუსეთში საქმიანობა. არსებული კანონმდებლობის მიხედვით, ორგანიზაციებს პირველ ეტაპზე „არასასურველი“ ორგანიზაციის სტატუსს ანიჭებენ და შემდეგ იუსტიციის სამინისტრო რუსეთის ტერიტორიაზე მათ საქმიანობას უკრძალავს. პირველი ორგანიზაცია, რომელიც რუსეთის ხელისუფლების შავ სიაში მოხვდა, ამერიკული დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდი (NED) იყო. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი რუსეთის ხელისუფლებისთვის: რუსეთის ხელისუფლება უცხოურ ორგანიზაციებსა და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მტრებად განიხილავს. მათი საქმიანობის აკრძალვაც კრემლის პოლიტიკის ნაწილია, რომელიც კრიტიკული აზრის დახშობას და მოწინააღმდეგეებისთვის საარსებო რესურსების შეზღუდვას ისახავს მიზნად. |