ავტორი: მამუკა კომახია, ანალიტიკოსი |
მიმოხილვის პერიოდი: 16-31 მარტი, 2020 რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეს საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს და რეგიონში დასავლეთის პოზიციების გაძლიერებას თავისი ეროვნული ინტერესების საფრთხედ განიხილავს. ჩვენი მიმოხილვის მიზანია მკითხველს პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოვა ორ კვირაში ერთხელ და გამოადგება ყველას, გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს.
მთავარი მოვლენები:
ახალი კორონავირუსი და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის გამოწვევები მთავარი მოვლენა: ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა ევრაზიის ეკონომიკური კავშირი, რომლის წევრებმაც ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, სხვა ქვეყნების მსგავსად, საზღვრები ჩაკეტეს, მათ შორის, კავშირის წევრ სახელმწიფოებთან. მოვლენა დეტალურად: ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრებმა ვირუსის გავრცელების საფრთხის გამო პრევენციული ღონისძიებების გატარება მარტის დასაწყისში დაიწყეს. კავშირის წევრ ცენტრალური აზიის ქვეყნებს ისეთი რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება მოუწიათ, როგორიცაა სადღესასწაულო ღონისძიებების გაუქმება – გაუქმდა ნოვრუზის დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიებები, რომელიც წელს 21 მარტს აღინიშნებოდა და ასევე 9 მაისს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებასთან დაკავშირებული საზეიმო აღლუმები. ევრაზიის ეკონომიკური კომისიის თავმჯდომარემ მიხაილ მიასნიკოვიჩმა კავშირის წევრებს ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლაში ერთობლივი ღონისძიებების შემუშავებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ეპიდემიამ გავლენა უკვე მოახდინა ტვირთების გადაზიდვებსა და საქონლის გადაადგილებაზე, პრობლემები შეიქმნება ფულად-საკრედიტო პოლიტიკასთან დაკავშირებითაც. არსებული გამოწვევები კავშირის წევრებმა 16 მარტს ვიდეოკონფერენციის რეჟიმში განიხილეს. კავშირის პრემიერ-მინისტრების შეხვედრაც, რომელიც 9-10 აპრილს მინსკშია დაგეგმილი, დიდი ალბათობით, დისტანციურად გაიმართება. გამოწვევები: ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნები არაერთი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ, რომელთა ნაწილი უკვე სახეზეა, ნაწილი კი შემდგომ თვეებში გამოვლინდება. პრობლემები უკვე წარმოიშვა ჰუმანიტარული კუთხით. კავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეები, რომლებიც კავშირის ან დსთ-ის წევრ ქვეყნებში იმყოფებიან, გადაადგილებას ვეღარ ახერხებენ. განსაკუთრებული პრობლემის წინაშე აღმოჩდნენ ის შრომითი მიგრანტები, რომლებიც ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ტრადიციულად გაზაფხულის პერიოდში მიდიოდნენ რუსეთში. საზღვრებზე დაწესებული შეზღუდვების გამო შეუძლებელია რუსეთსა და ამ ქვეყნებს შორის, როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო მარშრუტებით გადაადგილება. პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ ის მიგრანტებიც, რომლებსაც რუსეთში ლეგალურად ყოფნის ვადა უმთავრდებათ და სამშობლოში დაბრუნებას ვეღარ ახერხებენ. რამდენიმეთვიან პერსპექტივაში მიგრანტთა კრიზისი ეკონომიკაზეც აისახება, განსაკუთრებით – კავშირის ყველაზე სუსტ ქვეყანაზე – ყირგიზეთზე. ყირგიზეთიდან ბევრი შრომითი მიგრანტია რუსეთში, რომლებიც საკუთარ ოჯახებს ფულადი გზავნილებით ეხმარებიან. ეკონომიკაში შექმნილი პრობლემების გამო გაიზრდება რუსეთში დასაქმებულ მიგრანტთა უმუშევრობის მაჩვენებელი და, შესაბამისად, შემცირდება ქვეყნის შემოსავლებიც. საზღვრების ჩაკეტვა ნეგატიურად აისახება სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზეც. კავშირის წევრ ქვეყნებზე განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს ნავთობზე ფასის ვარდნის შედეგად რუსული რუბლის დევალვაციაც, რომელიც კავშირის მთავარი მონაწილე სახელმწიფოა. ბელარუსის პოზიცია: ბელარუსი არა მარტო ევრაზიული კავშირის წევრი ქვეყნებისგან, არამედ მსოფლიოს ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, კრიზისთან ბრძოლის განსაკუთრებული ხედვით გამოირჩევა. ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ უარი თქვა საზღვრების ჩაკეტვაზე და კარანტინის დაწესებაზე. მინსკმა აქცენტი კონტროლსა და იზოლაციაზე გააკეთა. ლუკაშენკომ ახალი კორონავირუსისგან შექმნილ ვითარებას ფსიქოზი უწოდა. მან აღშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ ბელარუსთან საზღვრების, რომელიც ორ ქვეყანას შორის არ არსებობს (არ არის დელიმიტირებული და დემარკირებული), ცალმხრივი ჩაკეტვის გადაწყვეტილების გამო. ლუკაშენკოს შეფასებით, ეს დიდ დარტყმას მიაყენებს ეკონომიკას, მაგრამ ვერ უშველის ვირუსთან ბრძოლას. რა გავლენას მოახდენს ახალი კორონავირუსის პანდემია ინტეგრაციულ პროცესებზე: მსოფლიოში შექმნილმა კრიზისმა არა მარტო ევრაზიის ეკონომიკური კავშირის, არამედ ბევრი რეგიონული თუ საერთაშორისო ორგანიზაციის ერთობლივი ანტიკრიზისული შესაძლებლობები დააყენა ეჭვქვეშ. კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლის ერთობლივი მექანიზმების არარსებობა მოკლევადიან პერსპექტივაში კავშირის ფარგლებში ინტეგრაციულ პროცესებს შეაფერხებს და წევრ სახელმწიფოებს ეგოისტური ნაბიჯების გადადგმისაკენ უბიძგებს.
რუსეთის მოსახლეობის საბჭოთა ნოსტალგია მთავარი მოვლენა: რუსეთში მოქმედი დამოუკიდებელი და ავტორიტეტული კვლევითი ცენტრის – „ლევადა-ცენტრის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, რუსების 65% სინანულს გამოთქვამს საბჭოთა კავშირის დაშლის გამო, 75% კი საბჭოთა ეპოქას ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო პერიოდად მიიჩნევს. მოვლენა დეტალურად: „ლევადა-ცენტრმა“ გამოკითხვა რუსეთის 50 რეგიონის 137 ქალაქში ჩაატარა. 3-4 წლის წინათ საბჭოთა კავშირის დაშლას ნანობდა მოსახლეობის 56%-მდე, 2012 წელს კი – 49%. იმ ადამიანთა რაოდენობა კი, რომელიც არ იზიარებს მოსაზრებას, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდი საუკეთესო იყო ქვეყნის ისტორიაში, მხოლოდ 18%-ია. მკვლევრების შეფასებით, სიტყვათშეთანხმება „საბჭოთა ეპოქა“ რუსებში ყველაზე მეტად ასოცირდება სტაბილურობასა და მომავლის რწმენასთან (გამოკითხულთა 16%) და ქვეყანაში კარგ ცხოვრებასთან (15%). კვლევის მიხედვით, მსგავსი შეფასებები დამახასიათებელია არა მხოლოდ უფროსი თაობისათვის, რომელიც საბჭოთა კავშირს მოესწრო, არამედ ახალგაზრდა თაობისთვისაც, რომელიც პოსტსაბჭოთა პერიოდში დაიბადა. ახალგაზრდა თაობაში საბჭოთა პერიოდის პოპულარობა აიხსნება იმ ფაქტორით, რომ მათ საბჭოთა კავშირში „კარგ ცხოვრებაზე“ ხსოვნა გადაეცემათ როგორც შიდა ოჯახური, ასევე ინსტიტუციური გზით, რომლითაც ბოლო პერიოდში დაკავებულია სახელმწიფო მედია. ახალგაზრდა თაობას საბჭოთა კავშირის შესახებ ისეთი ფორმით აწვდიან ინფორმაციას, რომ „ძლევამოსილ დერჟავასთან“ მიკუთვნების განცდა მათაც გაუჩნდეთ. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თანამედროვე რუსეთს საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრედ მიიჩნევს. მისი მმართველობის პერიოდში საბჭოთა ეპოქის და განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის როლის პროპაგანდა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული გახდა. მოსახლეობის განწყობაც სწორედ ამ მძლავრი პროპაგანდის შედეგია, რასაც პუტინი „მტრული გარემოს“ პირობებში შიდა პოლიტიკური კონსოლიდაციისთვის და საგარეო-პოლიტიკური ამოცანების გადასაწყვეტად იყენებს.
ყირიმის ანექსიის ექვსი წელი მთავარი მოვლენა: 2020 წლის 18 მარტს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის ექვსი წლისთავზე, ახალი კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყირიმს ესტუმრა.
ვლადიმერ პუტინის შეხვედრა სევასტოპოლში, წყარო: რუსეთის პრეზიდენტის ვებგვერდი მოვლენა დეტალურად: ვიზიტის ფარგლებში პუტინი ყირიმისა და სევასტოპოლის საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. მან ასევე ყირიმის ხიდის მშენებლობისთვის, რომელმაც ნახევარკუნძული დანარჩენ რუსეთს დააკავშირა, „შრომის გმირის“ ორდენით დააჯილდოვა თავისი ძველი მეგობარი არკადი როტენბერგი, რომლის კომპანიამაც პროექტი 3.7 მლრდ აშშ დოლარად განახორციელა. 19-კილომეტრიანი საავტომობილო ხიდი 2018 წელს გაიხსნა, სარკინიგზო კი – გასულ წელს. ხიდის მშენებლობა პუტინმა მრავალი თაობის ოცნებად შეაფასა. მისი თქმით, ამაზე ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიასა და საბჭოთა კავშირში ოცნებობდნენ. უკრაინაში განვითარებული მოვლენების შედეგად, 2014 წლის 16 მარტს ყირიმის ნახევარკუნძულზე მოსკოვის მხარდაჭერით ჩატარდა რეფერენდუმი, რის საფუძველზეც 18 მარტს პუტინმა ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შეთანხმებას მოაწერა ხელი. ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად, 2019 წლის დეკემბერში „ლევადა-ცენტრის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რუსეთთან შეერთების მხარდამჭერების რაოდენობა, განსაკუთრებით, ადგილობრივ რუსებსა და უკრაინელებში, კვლავაც მაღალია – 82%. თუმცა, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში გაიზარდა ადგილობრივი ყირიმელი თათრების (მოსახლეობის 12%) მხარდაჭერის მაჩვენებელიც – 39%-დან 58%-მდე. ყირიმის ანექსიის შემდეგ ნელ-ნელა იცვლება ნახევარკუნძულის დემოგრაფიული შემადგენლობა. ნახევარკუნძული დატოვა ანტირუსულად განწყობილი უკრაინელებისა და ყირიმელი თათრების დიდმა ნაწილმა. მათ მაგივრად ყირიმში დასახლდნენ რუსეთიდან გადმოსახლებული ადამიანები, ასევე – სამხედროები და მათი ოჯახები. მოსკოვმა ექვსი წლის განმავლობაში ყირიმში 10 მლრდ აშშ დოლარზე მეტი სუბსიდირება განახორციელა. დასავლეთის პოზიცია: ევროკავშირმა ანექსიის ექვსი წლისთავზე გააკრიტიკა რუსეთი ყირიმის მზარდი მილიტარიზაციისა და ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის. ასევე კრიტიკის საგანი გახდა უკრაინის თანხმობის გარეშე ყირიმის ხიდის მშენებლობა და სარკინიგზო ხაზის გახსნა, ნახევარკუნძულზე სამოქალაქო პირების გადასახლების გზით დემოგრაფიული ბალანსის შეცვლა, ანექსიის შემდეგ ეკოლოგიური ვითარების გაუარესება, ანტირუსულად განწყობილი ადამიანების უკანონო დაკავება. ყირიმის ანექსიის გამო ევროკავშირის, აშშ-ისა და კანადის სანქციების სიაში არაერთი რუსი ჩინოვნიკი და კომპანია მოხვდა. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი რუსეთისათვის: პუტინისთვის ყირიმის ანექსია მისი მოღვაწეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა, რითაც მან გააგრძელა რუსეთისთვის „დაკარგული მიწების შემოერთების პროცესი“. „დაკარგული მიწების“ დაბრუნების თვალსაზრისით, ყირიმი ერთ-ერთი პირველი სამიზნე იყო და პუტინმა უსისხლოდ, თუმცა საერთაშორისო სანქციების ფასად, შეძლო ნახევარკუნძულის „დაბრუნება“. ნახევარკუნძულთან სახმელეთო კავშირის უზრუნველყოფაც სწორედ ამ „დაბრუნების“ სიმბოლური გამოხატულებაა.
ბელარუსი და რუსეთი ნავთობის ფასზე შეთანხმდნენ მთავარი მოვლენა: ბელარუსის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, აპრილიდან დაიწყება რუსული ნავთობის მიღება იმ პირობებით, რომელსაც მინსკი ითხოვდა. ამ ეტაპზე მინსკი მომწოდებლების შერჩევის პროცესშია. მოვლენა დეტალურად: ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, 21 მარტს ბელარუსისა და რუსეთის პრემიერ-მინისტრებმა რუსული ნავთობის ფასზე შეთანხმებას მიაღწიეს. საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც 2020 წლის იანვრიდან რუსეთმა უარი თქვა ბელარუსისთვის ნავთობის შეღავათიან ფასად მიწოდებაზე, რასაც 1990-იანი წლებიდან მოყოლებული აკეთებდა. ახალი შეთანხმების მთავარი სიახლე ბელარუსის მიერ რუსული მომწოდებლებისთვის გადასახდელი ე.წ. პრემიის კომპენსაციის საკითხია, რამაც 2020 წლისთვის შეიძლება 90 მლნ აშშ დოლარი შეადგინოს. ბელარუსის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რუსული კომპანიები ნავთობის მიწოდებისთვის არსებულ პრემიებს ტონაზე 7 აშშ დოლარით შეამცირებენ, ანუ 11.7-დან 4.7 აშშ დოლარამდე. რეალურად, ბელარუსი ამ პრემიასაც არ გადაიხდის და მისი კომპენსირება რუსეთის ბიუჯეტიდან მოხდება. უფრო მეტიც, ბელარუსი ამჟამად იმ კომპანიებს არჩევს, რომლებიც გადახდის ყველაზე კარგ პირობებს შესთავაზებენ. ამავე დროს მინსკი გაითვალისწინებს, თუ როგორ თანამშრომლობდნენ კომპანიები ბელარუსისთვის რთულ პერიოდში (იანვარი-მარტი), როდესაც რუსეთმა ბელარუსს ნავთობის მიწოდება მნიშვნელოვნად შეუმცირა. ალტერნატიული ნავთობი: რუსული ნავთობის ჩასანაცვლებლად ბელარუსმა პარტნიორების მოძიება ყველა მიმართულებით დაიწყო. ბელარუსმა ალტერნატიული ნავთობი იანვარში უკვე მიიღო ნორვეგიიდან. მარტში კი აზერბაიჯანიდან 250 ათასი ტონა ნავთობი, მათ შორის, 85 ათასი ტონა – სუფსის ტერმინალის გავლით. სულ 2020 წლის განმავლობაში ბელარუსი 1 მლნ ტონა აზერბაიჯანულ ნავთობს მიიღებს. აზერბაიჯანული ნავთობი ტანკერებიდან ოდესის პორტში იტვირთება და შემდეგ ოდესა-ბროდი და ბროდი-მოზირის ნავთობსადენით ჩადის დანიშნულების ადგილამდე. ნავთობის შესყიდვაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს საუდის არაბეთთანაც. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კი განაცხადა, რომ ამერიკული კომპანიები მზად არიან ბელარუსს კონკურენტულ საბაზრო ფასად დაუყოვნებლივ მიყიდონ ნავთობი. რამდენი ტონა ნავთობი მიიღო ბელარუსმა 2020 წელს: 2020 წლის პირველ ორ თვეში რუსული ნავთობის მიწოდება 80%-ით შემცირდა. სამთავრობო შეთანხმების საფუძველზე რუსეთმა ბელარუსს ყოველწლიურად 24 მლნ ტონა ნავთობი (თვეში 2 მლნ ტონა) უნდა მიაწოდოს, საიდანაც 18 მლნ ტონას ორი საწარმო გადაამუშავებს, 6 მლნ ტონა კი ტრანზიტით გაივლის. ამ დროისათვის ბელარუსი ვერ იღებს რუსეთისგან ნავთობის შეთანხმებულ რაოდენობას. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, მარტში ბელარუსის მოზირსკისა და ნოვოპოლოცკის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმოებმა სხვადასხვა წყაროდან, შესაბამისად, 32 ათასი და 246 ათასი ტონა ნავთობი მიიღეს. რატომ მოხერხდა შეთანხმება: მწვავე მოლაპარაკებების მიუხედავად, ბელარუს-რუსეთის შეთანხმებას ხელი შეუწყო OPEC-სა და რუსეთს შორის ნავთობის წარმოების შემცირების საკითხზე შეუთანხმებლობამ და ახალი კორონავირუსის პანდემიამ, რის გამოც ნავთობზე მოთხოვნა შემცირდა და ნავთობის ფასიც მკვეთრად დაეცა. რატომ არის რუსული ნავთობის იმპორტი მნიშვნელოვანი ბელარუსისთვის: მარტში, ნავთობზე ფასის მკვეთრი ვარდნის პირობებში, ბელარუსი ხელსაყრელ გარემოში აღმოჩნდა და მინსკისთვის ამ ეტაპზე რუსული ნავთობის შესყიდვაც კი მომგებიანია. ბელარუსისთვის 2024 წლამდე რუსული ნავთობი მაინც ყველაზე მისაღები იქნება, რადგან მისი ფასი სხვებზე იაფი იქნება. არსებულ ვითარებაში აზერბაიჯანული ან ყაზახური ნავთობი 15-17%-ით ძვირი იქნება. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი რუსეთისთვის: მსოფლიო ბაზარზე ნავთობის დაბალი ფასების გამო ბელარუსისთვის სხვა იმპორტიორებთან ურთიერთობაც ხელსაყრელი გახდა. ამან შეიძლება რუსეთის გასაღების ბაზრის დაკარგვა გამოიწვიოს, რადგან მას კონკურენცია სხვა ექსპორტიორებთან მოუწევს. ამიტომაც ამ ეტაპზე მოსკოვი დათანხმდა ნავთობით ვაჭრობა ბელარუსის პირობებით აწარმოოს.
მოლდოვის ანტირუსული მთავრობა მთავარი მოვლენა: 2020 წლის 16 მარტს მოლდოვაში სოციალისტებისა და დემოკრატიული პარტიის ლიდერებმა ახალი სამთავრობო კოალიციის შექმნის შესახებ განაცხადეს. მოვლენა დეტალურად: ახალი კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, 16 მარტს მოლდოვაში ახალი კოალიციური მთავრობა ჩამოყალიბდა. ახალი მთავრობის ფორმირებით არაფორმალურმა უმრავლესობამ, რომელიც სოციალისტური და დემოკრატიული პარტიებისგან შედგებოდა, ფორმალური სახე მიიღო. ახალ მთავრობას 101 დეპუტატიდან მხარი 59-მა დაუჭირა. 2019 წლის 12 ნოემბერს პროდასავლური პარტიების გაერთიანება „ACUM”-ისა და პრორუსული სოციალისტური პარტიის, რომლის არაფორმალური ლიდერი პრეზიდენტი იგორ დოდონია, კოალიციური მთავრობა დაიშალა. 14 ნოემბერს კი, დემოკრატიული პარტიის საპარლამენტო მხარდაჭერის შედეგად, სოციალისტური პარტიის ახალი უმცირესობის მთავრობა ჩამოყალიბდა, სადაც პრორუსული ფიგურები სჭარბობდნენ. 16 მარტის შეთანხმების ძალით, სოციალისტები და დემოკრატები კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებასა და სამთავრობო პორტფელების განაწილებაზე შეთანხმდნენ. პროდასავლურმა დემოკრატიულმა პარტიამ ხუთი სამთავრობო პოსტი მიიღო: რეინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, განათლების, კულტურისა და კვლევის მინისტრი და ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი პრორუსული პრეზიდენტისთვის: იგორ დოდონის განცხადებით, „ჩვენ (სოციალისტებმა) შევქმენით ალიანსი დემოკრატებთან, რადგან ეს სიტუაციიდან გამოსვლის ერთადერთი გზა იყო. არჩევნები კი ცუდი სცენარი იქნებოდა. გასული წლის ივნისისგან განსხვავებით (როდესაც სოციალისტებსა და პროდასავლურ ACUM-ის ბლოკს შორის ალიანსი ჩამოყალიბდა), დღეს ჩვენ მყარი პოზიცია გვაქვს“. დოდონის მიზანია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თავიდან აიცილოს და შემოდგომაზე დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებამდე მთავრობა შეინარჩუნოს, რაც დემოკრატების მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი პროდასავლური დემოკრატიული პარტიისთვის: დემოკრატიული პარტია 2009 წლიდან გასული წლის ზაფხულამდე ხელისუფლებაში იყო. დემოკრატების რეპუტაცია შერყეულია. მათ სახელს უკავშირდება სამი მოლდოვური ბანკიდან 1 მლრდ აშშ დოლარის დაკარგვა, ცუდი რეპუტაცია აქვს პარტიის ყოფილ ლიდერს, ოლიგარქ ვლადიმირ პლახოტნიუკსაც, რომელიც წლების განმავლობაში ქვეყნის არაფორმალური ლიდერი იყო. იგი ამჟამად ქვეყნიდანაა გაქცეული და რუსეთში მასზე ძებნაა გამოცხადებული. სანქციებია მასზე დაწესებული აშშ-შიც. ძალაუფლების დაკარგვის შემდეგ პარტია ცდილობს „რებრენდინგს“. მთავრობაში დაბრუნება მათ პოზიციების გაძლიერებაში დაეხმარება და გარკვეულ უპირატესობას მისცემს კონკურენტ პროდასავლურ პოლიტიკურ ჯგუფ „ACUM“-თან შედარებით. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი დასავლეთისთვის: ახალი კოალიციის წევრი დემოკრატიული პარტია, მათი ყოფილი ლიდერის ცუდი რეპუტაციის მიუხედავად, პროდასავლურ ძალად მოიაზრება და მათ ლიდერებს კარგი ურთიერთობები აქვთ დასავლეთისა და რუმინეთის პოლიტიკურ წრეებთან. დასავლეთის შეფასებით, მსგავსი კოალიცია ქვეყნის პრორუსულ ვექტორს შეასუსტებს. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი რუსეთისთვის: სოციალისტური პარტია და პრეზიდენტი დოდონი ღიად პრორუსულად არიან განწყობილი და ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით წამყვან საპარლამენტო პარტიებთან („ACUM”, დემოკრატიული პარტია) აქვთ დაპირისპირება. დემოკრატებისგან მხარდაჭერის მიღების სანაცვლოდ, დოდონს დათმობაზე წასვლა მოუწია და ახალი კოალიციური შეთანხმება არ ითვალისწინებს მოლდოვის ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან ურთიერთობის განვითარებას. ასევე ახალ მთავრობაში საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება პროდასავლური ძალების ხელში გადავიდა, რაც რუსეთთან ურთიერთობების შესუსტების ხარჯზე მოლდოვის დასავლეთთან ურთიერთობის გაფართოებას გამოიწვევს. |