ავტორი: მამუკა კომახია, ანალიტიკოსი |
მიმოხილვის პერიოდი: 1-15 დეკემბერი, 2021
რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეს საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს და რეგიონში დასავლეთის პოზიციების გაძლიერებას თავისი ეროვნული ინტერესების საფრთხედ განიხილავს. ჩვენი მიმოხილვის მიზანია მკითხველს პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის ორ კვირაში ერთხელ და გამოადგება ყველას, გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს.
დსთ 30 წლის გახდა მთავარი მოვლენა: 2021 წლის 8 დეკემბერს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას (დსთ) 30 წელი შეუსრულდა. მოვლენა დეტალურად: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, „დღეს დსთ – სრულფასოვანი ორგანიზაცია და ფართო სპექტრის საკითხების – პოლიტიკა, ეკონომიკა, უსაფრთხოება, განათლება და კულტურა – განხილვისთვის საჭირო დიალოგის პლატფორმაა. სამინისტროს წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, დსთ-ის ფარგლებში პარტნიორებთან მეგობრული კავშირების გაფართოება რუსეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად რჩება. დსთ 1991 წლის 8 დეკემბერს რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსის საბჭოთა რესპუბლიკების მიერ მინსკში ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე შექმნილი სახელმწიფოთაშორისო გაერთიანებაა, რომელშიც სხვადასხვა პერიოდში, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, ყველა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა სხვადასხვა ფორმატში მონაწილეობდა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ორგანიზაცია საქართველომ დატოვა. მინსკში ხელს აწერენ დსთ-ის შექმნის შესახებ შეთანხმებას. წყარო: wikipedia რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: დსთ ბოლო წლებში სულ უფრო ფორმალურ ორგანიზაციად გადაიქცა, რომელიც წევრი ქვეყნების ლიდერებს შორის კიდევ ერთი შეხვედრისა და საერთო სურათის გადაღების შესაძლებლობაა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი სულ უფრო მეტ ინტერესს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის განვითარებისადმი იჩენს, დსთ მაინც რჩება რუსეთის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტად .
„3+3“ ფორმატის პირველი სხდომა მოსკოვში ჩატარდა მთავარი მოვლენა: 2021 წლის 10 დეკემბერს მოსკოვში საკონსულტაციო რეგიონული პლატფორმის – „3+3“ პირველი სხდომა ჩატარდა. მოვლენა დეტალურად: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ (სამინისტროში პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობაზეა პასუხისმგებელი და ასევე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორია), აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა (ხალაფ ხალაფოვი, ვაჰე გევორქიანი, სედათ ონალი) და ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენდირექტორმა ალირეზა ხაგიგიანმა. სამინისტროს ცნობით, საქართველოს წარმომადგენლებმა მოწვევის მიუხედავად, შეხვედრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, შეხვედრაზე მრავალპოლუსიანი რეგიონული თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ ყურადღება გაამახვილონ პრაქტიკულ საკითხებზე, რომლებიც ყველა მხარის ინტერესს წარმოადგენს: ნდობის აღდგენა, სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროში თანამშრომლობა, საერთო გამოწვევებისა და საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა. მხარეებმა პლატფორმის მუშაობაში საქართველოს მონაწილეობის ინტერესიც გამოხატეს, რომლისთვისაც „კარები“ ღია დატოვეს. რა არის „3+3“ ფორმატი? 2020 წელს, მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ექვსი ერის პლატფორმის შექმნის იდეა წამოაყენა. ფორმატი გულისხმობს სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნისა (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო) და თურქეთის, ირანისა და რუსეთის თანამშრომლობას რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დასამყარებლად. ამ ინიციატივის შესახებ ერდოღანმა 2021 წლის ივნისში აზერბაიჯანში ვიზიტის დროს კიდევ ერთხელ ილაპარაკა. „3+3“ ფორმატში მონაწილეობაზე უარს ამბობს საქართველო. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ახალი ინიციატივის მიზანი სამხრეთ კავკასიაში თანამშრომლობის ისეთი ფორმატის შექმნაა, რომელიც, ერთი მხრივ, სამხრეთ კავკასიაში არარეგიონული ქვეყნების (აშშ, ევროკავშირი) ჩართულობის შემცირებას გამოიწვევს და, მეორე მხრივ, რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ პროცესებზე რეგიონული ქვეყნების (თურქეთი, ირანი), განსაკუთრებით კი – რუსეთის, გავლენის ხარისხს გაზრდის.
რუსეთი ნატოს გაფართოების შეჩერებას ითხოვს მთავარი მოვლენა: 2021 წლის 7 დეკემბერს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების საუბრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც უკრაინისა და საქართველოს ხარჯზე ნატოს გაფართოება დაუშვებლად მიიჩნია. მოვლენა დეტალურად: სამინისტროს განცხადებით, ევროპული უსაფრთხოების ძირეული ინტერესებისთვის აუცილებელია დეზავუირება 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისა, რომ „უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატოს წევრები“, რადგან ეს ეუთოს ყველა წევრი-სახელმწიფოს ლიდერის მიერ აღებულ ვალდებულებას („არ გააძლიეროს საკუთარი უსაფრთხოება სხვების უსაფრთხოების ხარჯზე“) ეწინააღმდეგება. რუსეთი ითხოვს იურიდიულად გამყარდეს თავის სამეზობლოში, ნატოს წევრი თუ არაწევრი ქვეყნების ტერიტორიაზე, აშშ-ისა და ნატოს სხვა წევრების მიერ თავდასხმითი შეიარაღების სისტემების (რაც რუსეთს საფრთხეს უქმნის) განთავსებაზე უარის თქმის შეთანხმება. დასავლეთისგან რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიების მინიჭებასთან დაკავშირებული წინადადებები (რაზე დათანხმებაც ნატოს გაფართოებაზე უარის თქმას ნიშნავს) 15 დეკემბერს მოსკოვში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდსაც წარუდგინეს. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსეთი ნატოს პოსტსაბჭოთა ქვეყნების ხარჯზე გაფართოებას და/ან პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან დასავლური სამხედრო ალიანსის სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის გაფართოებას საფრთხედ მიიჩნევს. უკრაინა/საქართველოს ნატოში შესაძლო გაწევრიანება კი რუსეთისთვის ის „წითელი ხაზია“, რომლის გადაკვეთასაც მოსკოვში ომის გამოცხადებად მიიჩნევენ. ამიტომაც ცდილობს კრემლი, რომ გლობალური პანდემიისა და არასტაბილურობის პირობებში, პოსტსაბჭოთა პროდასავლურ ქვეყნებში, დასავლეთის გავლენის გაფართოების პრევენცია მოახდინოს და საკუთარი გავლენა გაზარდოს.
პუტინმა უკრაინას საბჭოთა ქონების დაბრუნების შესახებ შეახსენა მთავარი მოვლენა: რუსეთის სახელმწიფო არხის – „Россия-1“-ის ეთერში გასულ ფილმში „რუსეთი. უახლესი ისტორია“ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინას საბჭოთა კავშირისგან გადაცემული ქონების დაბრუნების პირობა შეახსენა. მოვლენა დეტალურად: პუტინის განცხადებით, უკრაინამ რუსეთს ჯერ კიდევ არ გადასცა უცხოეთში არსებული ქონება, რომელიც საბჭოთა კავშირისგან მემკვიდრეობით ერგო, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვმა საბჭოთა კავშირის ყველა საგარეო ვალი გადაიხადა. პუტინის თქმით, 1990-იან წლებში რუსეთი ვერ ახერხებდა სოციალურ-ეკონომიკური საკითხების საგარეო ფინანსური დახმარების გარეშე მოგვარებას და ბევრი ვალი დაუგროვდა. 1993 წელს რუსეთმა საბჭოთა კავშირის ვალების გადახდის ვალდებულება აიღო იმის იმედით, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები საბჭოთა კავშირისგან მემკვიდრეობით მიღებულ ყველა უცხოურ აქტივს რუსეთს გადასცემდნენ. პუტინის თქმით, მათ ვალები გადაიხადეს, მაგრამ უცხოური აქტივები ყველასგან, მათ შორის უკრაინისგან, არ მიუღიათ. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ყველა მიმართულებით იბრძვის. მსგავსი პრეტენზიები კიევის წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის ნაწილია, რაც უკრაინაზე პოლიტიკურ ზეწოლას და უკრაინის წარუმატებელ სახელმწიფოდ წარმოჩენას ისახავს მიზნად.
ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების სანაცვლოდ პუტინი მოლდოვას იაფ გაზს ჰპირდება მთავარი მოვლენა: რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სამიტზე მოლდოვის ორგანიზაციაში გაწევრიანების შემთხვევაში შესაძლო დადებით მხარეებზე ისაუბრა. ვლადიმერ პუტინი სამიტზე სიტყვით გამოდის. წყარო: რუსეთის პრეზიდენტის ვებგვერდი მოვლენა დეტალურად: 2021 წლის 10 დეკემბერს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სამიტი ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩატარდა. პუტინის განცხადებით, მოლდოვას ევრაზიული ინტეგრაციისადმი ინტერესები რომ შეენარჩუნებინა, გაზის მიწოდების საკითხი მარტივად გადაწყდებოდა. პუტინის განცხადებით, „კავშირის საქმიანობაში სულ უფრო აქტიურად ერთვებიან კავშირში დამკვირვებლების სტატუსის მქონე ქვეყნები – კუბა, უზბეკეთი. სხვათა შორის, მოლდოვაც თავის დროზე გამოთქვამდე ინტერესს“. მოლდოვამ პრორუსი იგორ დოდონის პრეზიდენტობის (2016-2020) დროს კავშირში დამკვირვებლის სტატუსი მოიპოვა, თუმცა პროდასავლური მაია სანდუს გაპრეზიდენტების შემდეგ რუსული საგარეო-პოლიტიკური ვექტორი შესუსტდა. შემოდგომაზე მოსკოვი და კიშინიოვი გაზის ფასზე ვერ შეთანხმდნენ, რასაც მოლდოვაში ენერგოკრიზისი მოჰყვა. პუტინიც, სწორედ ამ საკითხზე მიანიშნებს მოლდოვას და რუსეთთან დაახლოების უპირატესობის დემონსტრირებას ცდილობს. ევრაზიის ეკონომიკური კავშირი პრორუსული ქვეყნების გაერთიანებაა რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და სომხეთის მონაწილეობით. რუსეთის შემდეგი სამიზნე უზბეკეთი და მოლდოვაა, რომლებიც სრულუფლებიანი წევრობიდან ამ ეტაპზე თავს იკავებენ, მოლდოვას ახალი ლიდერები კი, უფრო ევროპული ვექტორის გაძლიერებას ცდილობენ. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსეთისთვის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის გაფართოება პოსტსაბჭოთა/ევრაზიულ სივრცეში გავლენის გაზრდის ინსტრუმენტია, რომელსაც მოსკოვი, უპირველეს ყოვლისა, პოსტსაბჭოთა ქვეყნების წინააღმდეგ იყენებს. მოლდოვა, ქვეყნის სათავეში პროდასავლური ხელისუფლების ყოფნის მიუხედავად, რუსეთის უპირველესი სამიზნეა, რადგან ქვეყანა პრაქტიკულად სრულად რუსულ გაზზეა დამოკიდებული. ამიტომაც ცდილობს კრემლი რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება მოლდოვის რუსულ ორბიტაზე დაბრუნებისთვის გამოიყენოს.
რუსეთი ლატვიელთა „ვანდალიზმს გმობს“ მთავარი მოვლენა: 2021 წლის 3 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ლატვიაში „ვანდალიზმის მორიგი აქტი“ დაგმო. მოვლენა დეტალურად: ზახაროვას განცხადებით, 1 დეკემბერს ლატვიის დედაქალაქ რიგაში საბჭოთა მებრძოლ-განმათავისუფლებლების მემორიალი უცნობმა პირებმა შეურაცხყვეს. მოსკოვი მემორიალს „ლატვიაში გერმანელ ფაშისტ ოკუპანტებზე გამარჯვების სიმბოლოდ“ მიიჩნევს. მოსკოვის შეფასებით, ასეთი მოვლენა თანამედროვე ლატვიაში სისტემურ ხასიათს ატარებს, რაც ლატვიის ხელისუფლების ოფიციალური პოლიტიკის პირობებში, რომელიც ისტორიის ფალსიფიკაციას და ნაციზმის ჰეროიზაციას ისახავს მიზნად, არ არის მოულოდნელი. ლატვიაში რუსეთის საელჩომ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა გაუგზავნა, სადაც დამნაშავეების პოვნა და შელახული ძეგლის მოწესრიგება მოითხოვა. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსეთში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების სიმბოლოებთან დაკავშირებით ნეგატიურ განცხადებებსა თუ ქმედებებს, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა ქვეყნებსა და ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში, ისტორიის გადაწერისა და პროდასავლური და ნაციონალისტური ძალების ანტირუსული ისტერიის გამოხატულებად მიიჩნევენ. ამიტომაც მოსკოვი მწვავედ რეაგირებს ამგვარ ქმედებებზე, რაც, მათ აზრით, ისტორიული ფაქტების რუსეთისგან განსხვავებულ ინტერპრეტაციას ისახავს მიზნად.
ლატვიაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის ეჭვმიტანილის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დაიწყება მთავარი მოვლენა: 2021 წლის 9 დეკემბერს ლატვიის სეიმის 60 წევრმა მხარი დაუჭირა გენერალური პროკურატურის თხოვნას სეიმის წევრის – იანის ადამსონსის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ. ადამსონსი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. იანის ადამსონსი. წყარო: delfi.lv მოვლენა დეტალურად: 10 ივნისს სეიმმა გენერალურ პროკურატურას ადამსონსის დაპატიმრებისა და სახლის ჩხრეკის უფლება მისცა. ადამსონსი 11 ივნისს დააკავეს, 16 ივნისს კი, ამავე საქმეზე – რუსეთის ერთი მოქალაქეც. ადამსონსმა კიევის უმაღლესი სამხედრო-საზღვაო პოლიტიკური სასწავლებელი დაამთავრა. 1979-1991 წლებში რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში საბჭოთა სასაზღვრო დაცვის სამსახურში მუშაობდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი ლატვიის სასაზღვრო სამსახურის უფროსი და შს მინისტრიც იყო. დაკავების პერიოდში ადამსონსი თავდაცვის, შინაგან საქმეთა და კორუფციის პრევენციის კომიტეტის წევრი იყო. დაკავების შემდეგ მან ოპოზიციური სოციალურ-დემოკრატიული „ჰარმონიის“ პარტია, რომელიც ლატვიაში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებებს იცავს, დატოვა, თუმცა დეპუტატის მანდატზე არ თქვა უარი. რას ედავებიან? ადამსონსს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში რუსეთისთვის ინფორმაციის გადაცემას ედავებიან. უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის 43 შემთხვევის შესახებ წარადგინა მტკიცებულებები. იგი საკუთარ სამსახურებრივ კომპიუტერს იყენებდა ინფორმაციის გადასაცემად. ინფორმაცია მოიცავდა სხვადასხვა საკითხს, მათ შორის: კანონში ცვლილებებს, არმიის მომარაგებას და ბიუჯეტს, ლატვიის აღმოსავლეთ საზღვარზე ვიზიტის შედეგებს, „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ საკითხზე ბალტიკური ასამბლეის პოზიციას. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: პოსტსაბჭოთა ქვეყნები, რომლებსაც რუსეთი თავისი გავლენის სფეროდ მიიჩნევს, რუსული სპეცსამსახურების განსაკუთრებული სამიზნეა. ბოლო პერიოდში ჯაშუშების გამოვლენის მაღალი მაჩვენებელი კი, რუსეთის უკრაინასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან პოლიტიკური დაპირისპირების მაღალ ხარისხზე მიუთითებს.
რუსეთმა უკრაინელი „ჯაშუშები“ გამოავლინა მთავარი მოვლენა: 2021 წლის 2 დეკემბერს რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურმა უკრაინის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით სამი ეთნიკურად უკრაინელის დაკავების შესახებ განაცხადა. მოვლენა დეტალურად: რუსული სპეცსამსახურების ცნობით, რუსეთში დაკავებულებიდან ორი მამა-შვილია, რომლებიც უკრაინის სადაზვერვო სამსახურებისთვის საიდუმლო ინფორმაციას აგროვებდნენ. რუსული მხარის განცხადებით, მესამე დაკავებულმა აღიარა, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვის ჯაშუში იყო და რუსეთის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებით „ტერორისტულ აქტს“ გეგმავდა. უკრაინული მხარის განცხადებით, „რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის“ მსგავსი განცხადებები ჰიბრიდული ომის პრიზმაში უნდა განვიხილოთ, როდესაც საინფორმაციო პროპაგანდას და ყალბი ინფორმაციის გავრცელებას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია“. ბოლო პერიოდში უკრაინის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა არაერთი პირი დააკავა:
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: 2014 წლის მოვლენების შემდეგ, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერა ღიად დაიწყო, რუსეთსა და უკრაინას შორის „ჯაშუშური ომიც“ გააქტიურდა. ორივე მხრიდან გახშირდა „ჯაშუშების“ გამოვლენის ფაქტები, რაც მოსკოვსა და კიევს შორის სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირების მაღალ ხარისხზე მიუთითებს. ბოლო თვეებში ამ მიმართულებით რუსეთის გააქტიურება რუსეთ-უკრაინის მწვავე სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირების კონტექსტშიც შეიძლება განვიხილოთ.
ცხინვალის რეგიონში დამატებითი ელექტროგადამცემი ხაზი ამოქმედდა მთავარი მოვლენა: 2021 წლის 1 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცხინვალის რეგიონში დამატებითი ელექტროგადამცემი ხაზის ამოქმედების ფაქტი შეაფასა. მოვლენა დეტალურად: 26 ნოემბერს ცხინვალის რეგიონში დამატებითი ელექტროგადამცემი ხაზი გაიხსნა. საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერი ანატოლი ბიბილოვი, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსი იგორ მასლოვი და რუსეთის დელეგაციის სხვა წარმომადგენლები. ნურგალიევი და მასლოვი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორები არიან. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, ახალი ენერგეტიკული არტერიის ამოქმედება, რომელიც ცხინვალის რეგიონსა და რუსეთს აკავშირებს, რეგიონისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. ხაზის ამოქმედება უზრუნველყოფს ოკუპირებული რეგიონის ელექტროენერგიით შეუფერხებელ მომარაგებას, განსაკუთრებით ზამთარში. რუსეთი ცხინვალის რეგიონისთვის ელექტროენერგიის ერთადერთი მიმწოდებელია. არსებული ელექტროგადამცემი ხაზი რთულ რელიეფურ პირობებში გადიოდა და ხშირად ზიანდებოდა, რის გამოც ცხინვალის რეგიონს შუქი რამდენიმე დღის განმავლობაში არ მიეწოდებოდა. დამატებითი ელექტროგადამცემი ხაზი 4.5 კილომეტრი სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზის სიმძლავრე 110 კილოვოლტია. პროექტის ღირებულებამ, საერთო ჯამში, 1.7 მლრდ რუბლი შეადგინა. ყველა ფინანსური ხარჯი რუსეთმა აანაზღაურა. კერძოდ, პროექტს დაფინანსების ორი წყარო ჰქონდა – რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ბიუჯეტი და ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამა, რომელსაც ასევე რუსეთი აფინანსებს. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ცხინვალის რეგიონისა და რუსეთის დამაკავშირებელი დამატებითი ელექტროგადამცემი ხაზი ცხინვალის რეგიონის რუსეთზე დამოკიდებულებას კიდევ უფრო გაზრდის, სანაცვლოდ, ოკუპირებული რეგიონის ენერგოსისტემის საიმედოობა გაუმჯობესდება. |