ავტორი: მამუკა კომახია, ანალიტიკოსი |
მიმოხილვის პერიოდი: 1-31 აგვისტო, 2021
რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეს საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს და რეგიონში დასავლეთის პოზიციების გაძლიერებას თავისი ეროვნული ინტერესების საფრთხედ განიხილავს. ჩვენი მიმოხილვის მიზანია მკითხველს პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის ორ კვირაში ერთხელ და გამოადგება ყველას, გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს.
კიევში „ყირიმის პლატფორმა“ დაფუძნდა მთავარი მოვლენა: 2021 წლის 23 აგვისტოს კიევში გაიმართა ყირიმის პლატფორმის სამიტი, რომლის ფარგლებშიც სამიტის მონაწილეებმა ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს. სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრიც მონაწილეობდა. მოვლენა დეტალურად: ყირიმის პლატფორმა უკრაინის ინიციატივით შეიქმნა და იგი ახალი საკონსულტაციო და საკოორდინაციო ფორმატია. ფორმატის მიზანია 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაზე საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქცია უფრო ეფექტიანი გახადოს, უპასუხოს უკრაინის წინაშე წარმოქმნილ უსაფრთხოების მზარდ გამოწვევებს და რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. პირველად პლატფორმის ინიციატივის შესახებ 2020 წლის ნოემბერში უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან ისაუბრა. პლატფორმის მთავარი ამოცანაა უზრუნველყოს ყირიმის ნახევარკუნძულის დეოკუპაცია და მასზე უკრაინის სუვერენიტეტის აღდგენა. ყირიმის პლატფორმის მიზანია გააერთიანოს ყირიმის საკითხზე ყველა ის თემატური ღონისძიება და ინიციატივა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვა საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების ფორუმების ფარგლებში ჩატარდება. პლატფორმა ყველა დონეზე იმუშავებს: სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურებისა და საგარეო საქმეთა მინისტრებიდან დაწყებული პარლამენტარებისა და ექსპერტების ჩათვლით. ყირიმის პლატფორმის დამფუძნებელი 44 ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია გახდა. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, „ყირიმი, უკრაინასთან ერთად გახდება ევროპის ნაწილი. ამისთვის ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლო პოლიტიკურ, სამართლებრივ და, პირველ რიგში, დიპლომატიურ საშუალებებს“. ყირიმის პლატფორმის დაფუძნება. წყარო: Euronews რუსეთის შეფასება უკრაინის ინიციატივა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ პოპულიზმად და პოლიტიკურ წარმოდგენად შეაფასა, რომელიც რეალობას მოშორებულია. მისი თქმით, რუსეთი იძულებულია პლატფორმის სამიტში ზოგიერთი ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის მონაწილეობა მისი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფად განიხილოს. ზახაროვამ ფორუმი „ცინიკურ ანტირუსულ ინიციატივად“ შეაფასა მას შემდეგ, რაც სამიტის საბოლოო დეკლარაციაში რუსეთს ინიციატივასთან შეერთებისკენ მოუწოდეს. პლატფორმას „უშედეგო“ ღონისძიება უწოდა სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ სლუცკიმ. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: მაღალი საერთაშორისო ჩართულობით ასეთი პლატფორმის შექმნა კიევისთვის შესაძლოა მძლავრ საგარეო პოლიტიკურ ინსტრუმენტად იქცეს, რომელსაც უკრაინა რუსეთზე ზეწოლისა და ყირიმის დეოკუპაციის პროცესის დაწყებისთვის გამოიყენებს.
რუსეთში უკრაინელი ჯაშუში დააკავეს მთავარი მოვლენა: 2021 წლის 23 აგვისტოს რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურმა რუსეთის ქ. ტულაში ჯაშუშობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავა. მოვლენა დეტალურად: დაკავებულს ბრალად ედება რუსეთის მიერ ახლადშექმნილი ცეცხლსასროლი იარაღის ტექნოლოგიის შესახებ უკრაინის სპეცსამსახურებისთვის საიდუმლო ინფორმაციის შეგროვება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჯაშუშობის ბრალდებით რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა არაერთი პირი დააკავა:
ამავე დროს, აგვისტოში, რუსეთის ხელისუფლებამ ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე ხუთი ყირიმელი თათარი დააკავა, რომლებიც რელიგიურ საქმიანობაში იყვნენ ჩართული. მათ დაკავებამდე ერთი დღით ადრე კი რუსეთმა ოთხი ყირიმელი თათარი რელიგიური ექსტრემიზმის ბრალდებით გაასამართლა. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: 2014 წლის მოვლენების შემდეგ, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერა ღიად დაიწყო, რუსეთსა და უკრაინას შორის „ჯაშუშური ომიც“ გააქტიურდა. ორივე მხრიდან გახშირდა „ჯაშუშების“ გამოვლენის ფაქტები, რაც მოსკოვსა და კიევს შორის სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირების მაღალ ხარისხზე მიუთითებს. აგვისტოში ამ მიმართულებით (ჯაშუშის დაკავება, ყირიმელი თათრების დაკავება/გასამართლება) რუსეთის გააქტიურება კი, შესაძლოა, „ყირიმის პლატფორმის“ დაფუძნებაზე რუსეთის პასუხადაც შევაფასოთ.
მსოფლიო პატრიარქი კიევს ესტუმრა მთავარი მოვლენა: 2021 წლის 20 აგვისტოს კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე უკრაინას სამდღიანი ვიზიტით ესტუმრა. ვიზიტის მიზანი უკრაინის დამოუკიდებლობის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობა იყო. მოვლენა დეტალურად: 2019 წელს კონსტანტინოპოლის მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების შემდეგ ეს ბართლომეს პირველი ვიზიტია უკრაინაში. ბართლომემ კიევში წირვა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტ ეპიფანესთან ერთად ჩაატარა. წირვას ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც ესწრებოდა, რომლის მმართველობის დროსაც მოხდა ავტოკეფალიის მინიჭება. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია რუსეთის ეკლესიისგან დამოუკიდებელი რელიგიური სტრუქტურაა, რომელსაც 14 ავტოკეფალიური ეკლესიიდან ოთხი აღიარებს. ასეთი გადაწყვეტილების გამო რუსეთის ეკლესიას გაწყვეტილი აქვს რელიგიური კავშირი ამ ეკლესიებთან და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების შემთხვევაში, სხვა ეკლესიებსაც კავშირების გაწყვეტით ემუქრება. რუსეთის ეკლესია უკრაინაში მოქმედ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს აღიარებს, რომელიც მის დაქვემდებარებაშია, თუმცა ავტონომიურობის მაღალი ხარისხით სარგებლობს. უკრაინის პროდასავლური და ნაციონალისტურად განწყობილი მოსახლეობა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს „არაეროვნულ“ და უკრაინის სახელმწიფოებრიობისადმი მტრულად განწყობილ ეკლესიად მიიჩნევს, რომელიც კრემლის საგარეო-პოლიტიკური ინსტრუმენტია უკრაინაზე პოლიტიკური გავლენის შესანარჩუნებლად. 2019 წლის შემდეგ მოსახლეობის ნაწილი და პოლიტიკური სპექტრი უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას უჭერს მხარს, რომელიც „ეროვნულ“ და რუსეთის გავლენისგან თავისუფალ ეკლესიად მიიჩნევა. მათი აზრით, მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებელი ეკლესიის შექმნის შემთხვევაშია შესაძლებელი უკრაინული სახელმწიფოს ჩამოყალიბება. მსოფლიო პატრიარქის შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტთან. წყარო: BBC შეხვედრა პრეზიდენტთან პატრიარქი ბართლომე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისაც შეხვდა, რომელიც საპრეზიდენტო კამპანიის დროს რელიგიურ საკითხებს არ აქცევდა ყურადღებას. თუმცა, პრეზიდენტად გახდომის შემდეგ, რელიგიისადმი ინტერესი მასაც გაუჩნდა. ამ ეტაპზე რელიგიურ საკითხებში მისი ჩართულობის ხარისხი, წინა პრეზიდენტებისგან (ვიქტორ იუშჩენკო, პეტრო პოროშენკო) განსხვავებით, შედარებით დაბალია, მაგრამ უდავოა, რომ ბართლომეს ვიზიტის შემდეგ რელიგია მის საშინაო და საგარეო პოლიტიკაშიც დაიკავებს მნიშვნელოვან ადგილს. ზელენსკის შეფასებით, რელიგიური ფაქტორი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებული „ჰიბრიდული იარაღია“. რატომ არის კონსტანტინოპოლის პატრიარქის ვიზიტი მნიშვნელოვანი: მსოფლიო პატრიარქის ვიზიტი ზელენსკისთვის, რომელიც ადრე რელიგიური საკითხების მიმართ ინდიფერენტული იყო, მნიშვნელოვანია შიდა და საგარეო-პოლიტიკური თვალსაზრისით. შიდა პოლიტიკაში ზელენსკის გზავნილია, რომ იგი უკრაინაში რუსეთისგან დამოუკიდებელი ეკლესიის არსებობას უჭერს მხარს და არა – რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს, საგარეო პოლიტიკაში კი – რელიგიური ფაქტორი რუსეთთან პოლიტიკურ დაპირისპირებაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების „სპორტული“ ელფერი მთავარი მოვლენა: ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადის ორგანიზატორებმა ბოდიში მოიხადეს მას შემდეგ, რაც უკრაინელი სპორტსმენები რუსებად მოიხსენიეს. მოვლენა დეტალურად: 4 აგვისტოს უკრაინელი სპორტსმენების წყვილმა მარტა ფიედინამ და ანასტასია სავჩუკმა სინქრონულ ცურვაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. დაჯილდოების ცერემონიაზე ფრანგულენოვანმა დიქტორმა უკრაინელი წყვილი მოიხსენია, როგორც რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის (დოპინგის სკანდალში მონაწილეობის გამო რუსეთი ოლიმპიური კომიტეტის სახელით მონაწილეობდა) წარმომადგენლები. სხვა შემთხვევები ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინულ-რუსული დაპირისპირება სპორტზეც აისახა. 23 ივლისს, ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე უკრაინის სპორტული დელეგაციის მსვლელობის დროს, რუსეთის ტელეარხებმა ტრანსლაცია დროებით შეწყვიტეს. რუსეთის უკმაყოფილება გამოიწვია ფეხბურთში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატისთვის დამზადებულმა უკრაინის საფეხბურთო ნაკრების ფორმის დიზაინმაც. უკრაინის ნაკრების ფორმის მაისურებზე გამოხატული იყო უკრაინის საზღვრები ყირიმის ჩათვლით და წარწერა – „დიდება უკრაინას – გმირებს დიდება“. რუსეთის შეფასებით, სპორტული აღჭურვილობა პოლიტიკური მიზნებისთვის არ უნდა გამოიყენებოდეს. რუსეთის შეფასებით, უკრაინის რუკის მითითებით უკრაინის ფეხბურთის ასოციაციამ, ფაქტობრივად, მიიერთა „რუსული ნახევარკუნძული“. რუსეთში ასევე არ მოეწონათ ლოზუნგი „დიდება უკრაინას – გმირებს დიდება“, რადგან ფიქრობენ, რომ ეს უკრაინის სახელმწიფო პროპაგანდის ნაწილია, რომელიც საზოგადოებაში ცდილობს დაამკვიდროს ლოზუნგი, რომელიც ასოცირდებოდა უკრაინის მეამბოხეთა არმიასთან (აკრძალულია რუსეთში), სტეპან ბანდერასთან და მეორე მსოფლიო ომში მის ჩადენილ დანაშაულებთან. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: მსგავსი სპორტული „სკანდალები“ 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში მოსკოვის მიერ წახალისებული სეპარატისტული კონფლიქტის დაწყების შემდეგ გახშირდა. უკრაინაში მიიჩნევენ, რომ უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფა და ყველა მიმართულებით უკრაინული სახელმწიფოს დაკნინება რუსეთის პოლიტიკის ნაწილია, ამიტომაც სპორტულ ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებიც კიევის მიერ პოლიტიკურ ჭრილში განიხილება.
ახალი პროდასავლური მთავრობის დამტკიცების შემდეგ მოლდოვას დიმიტრი კოზაკი ესტუმრა მთავარი მოვლენა: 2021 წლის 6 აგვისტოს მოლდოვის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ნატალია გავრილიცეს კანდიდატურას დაუჭირა მხარი. მოვლენა დეტალურად: 11 ივლისის საპარლამენტო არჩევნებზე პრეზიდენტ მაია სანდუს პარტიის – „მოქმედება და სოლიდარობა“ შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ, პროდასავლურმა პრეზიდენტმა მთავრობის დამოუკიდებლად ჩამოყალიბების შესაძლებლობა მიიღო, რაც მოლდოვის პოლიტიკურ ცხოვრებაში იშვიათი მოვლენაა. სანდუს პარტიის 61 წევრმა მხარი დაუჭირა ჰარვარდში განათლებამიღებული გავრილეცეს მთავრობას, რომელიც სანდუს თანამებრძოლი და პროდასავლური პოლიტიკოსია. ახალი მთავრობის ჩამოყალიბების შედეგად, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება სრულად პროდასავლური პოლიტიკური გუნდის ხელში გადავიდა. ეს გამოწვეულია 2020 წელს სანდუს მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში პრორუსი პრეზიდენტის იგორ დოდონის დამარცხებით და 2021 წლის საპარლამენტო არჩევნებში სანდუს პარტიის გამარჯვებით. სანდუ და ახალი პრემიერი ევროკავშირთან და აშშ-თან ურთიერთობის გაღრმავების მომხრეები არიან. სანდუს ხელისუფლებას ძირეული რეფორმების გატარებისთვის შიდაპოლიტიკური ბარიერები მოხსნილი აქვს. კორუფციისა და ეკონომიკური გამოწვევების დაძლევა ახლა სრულად მასზეა დამოკიდებული. მოსალოდნელია, რომ 2022-2024 წლებში მოლდოვა დასავლეთისგან 600 მლნ ევროს დახმარებას მიიღებს. რუსეთთან ურთიერთობა მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნებში პროდასავლური პარტიის გამარჯვება აღიარა რუსეთმაც. მოსკოვში პრორუსული პარტიების დამარცხება არ მოეწონათ, თუმცა ამ საკითხზე ზომიერი განცხადებები გაკეთდა. უფრო მეტიც, მოლოდინი, რომ კიშინიოვთან მოსკოვის ურთიერთობა დაიძაბებოდა ამ ეტაპზე არ მართლდება. ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ მოლდოვაში ერთ-ერთი პირველი სტუმარი მოსკოვიდან ჩავიდა. 11 აგვისტოს სანდუმ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გავლენიანი მოადგილე დიმიტრი კოზაკი მიიღო. კოზაკი ადმინისტრაციაში პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობას კურირებს, ასევე – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს. იგი კარგად იცნობს მოლდოვის შიდაპოლიტიკურ სამზარეულოს. შეხვედრის შედეგად, მხარეები ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობასა და პროდუქციის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნაზე შეთანხმდნენ. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: მაია სანდუს ხელისუფლების ღიად განცხადებული პროდასავლური პოლიტიკური ვექტორის მიუხედავად, დიმიტრი კოზაკის მოლდოვაში ვიზიტი გზავნილია მოლდოვისთვის, რომ მოსკოვი მზად არის ურთიერთობის განვითარებისთვის.
კუხოს წევრი ქვეყნები საგანგებო შეხვედრაზე შეიკრიბნენ მთავარი მოვლენა: 2021 წლის 23 აგვისტოს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (კუხო) საგანგებო შეხვედრა ჩატარდა. მოვლენა დეტალურად: კუხოს საბჭოს შეხვედრა ონლაინფორმატში გაიმართა და სხდომას ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი თავმჯდომარეობდა. სხდომაში კუხოს წევრი ქვეყნის ლიდერები, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და კუხოს გენერალური მდივანი სტანისლავ ზასი მონაწილეობდნენ. რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შეხვედრაში უზბეკეთის პრეზიდენტიც მონაწილეობდა. [კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები არიან: რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი.] საგანგებო შეხვედრის მოწვევა ავღანეთში შექმნილმა ვითარებამ განაპირობა. აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ ავღანეთის დატოვების შემდეგ ავღანეთში ძალაუფლება თალიბანის მებრძოლებმა აიღეს, რომლებიც აკონტროლებენ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან სასაზღვრო ზოლსაც, რამაც ტაჯიკეთში, თურქმენეთსა და უზბეკეთში უსაფრთხოების რისკები გაზარდა. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ დააჩქარებენ ტაჯიკეთ-ავღანეთის სასაზღვრო მონაკვეთის გამაგრებისთვის მიზნობრივი სახელმწიფოთაშორისი პროგრამის მიღებას. ამ მხრივ ტაჯიკეთი ყველაზე მეტად დაუცველია. ავღანეთის საკითხზე კუხოს წევრები 16 სექტემბერს დუშანბეში დაგეგმილ სამიტზეც ისაუბრებენ. კუხოს ონლაინშეხვედრა. წყარო: odkb-csto.org სამხედრო წვრთნები უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე, 5-10 აგვისტოს ტაჯიკეთში ხატლონის ოლქში, ხარბ-მაიდონის სამხედრო პოლიგონზე სამხედრო წვრთნები ჩატარდა. წვრთნებში რუსეთის, უზბეკეთისა და ტაჯიკეთის სამხედროებმა მიიღეს მონაწილეობა. წვრთნების დროს უკანონო შეიარაღებული ფორმირებების გასანადგურებლად ერთობლივი საბრძოლო მოქმედებების წარმოების მომზადებაში ივარჯიშეს. რუსეთის მხრიდან წვრთნებში რუსეთის 201-ე სამხედრო ბაზის დანაყოფებმა მიიღეს მონაწილეობა. სამხედრო ბაზა უცხოეთში რუსეთის უდიდესი სამხედრო ბაზაა, რომელიც ორ ქალაქში – დუშანბესა და ბოხტარშია – განთავსებული. პარალელურად, რუსეთმა უზბეკეთთან ერთად გამართა ერთობლივი სამხედრო წვრთნები უზბეკეთის თერმეზის სამხედრო პოლიგონზე, რომელიც ავღანეთის საზღვართან მდებარეობს. წვრთნები 30 ივლისს დაიწყო და 10 აგვისტოს დასრულდა. რუსეთმა ხუთდღიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნები ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთშიც ჩაატარა. კუხო სამხედრო წვრთნებს გეგმავს ყირგიზეთშიც, რომელიც 7-9 სექტემბერს ჩატარდება. კიდევ სამი სამხედრო წვრთნა ჩატარდება ტაჯიკეთ-ავღანეთის საზღვართან ოქტომბერში, ერთი კი – ნოემბერში. პოლიტიკური დიალოგი თალიბანის მოძრაობა, რომელიც ავღანეთზე კონტროლის განმტკიცებით არის დაკავებული, როგორც ჩანს, ცენტრალური აზიის სამეზობლოში დაძაბულობის დამატებითი კერების შექმნას არ ცდილობს. 11-12 აგვისტოს მოძრაობის წარმომადგენელი კატარში რუსეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის წარმომადგენლებს შეხვდა. თურქმენეთში მოძრაობის წარმომადგენლები ივლისშიც იმყოფებოდნენ და სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზეც ისაუბრეს. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: მიუხედავად იმისა, რომ თალიბანის მოძრაობა ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და რუსეთს თანამშრომლობას სთავაზობს, რეგიონის ქვეყნები შიშობენ, რომ ავღანეთში შექმნილი არასტაბილურობა შესაძლოა მათ ქვეყნებშიც გავრცელდეს. ამიტომაც რუსეთი, თავის რეგიონულ მოკავშირეებთან ერთად, პრევენციული ხასიათის ღონისძიებების (სამხედრო წვრთნები, პოლიტიკური მოლაპარაკებები და ა.შ.) გატარებასა და შესაძლო საფრთხეების შეკავებას ცდილობს.
უზბეკეთში რუსულ ენას ახალი სახელმძღვანელოებით ისწავლიან მთავარი მოვლენა: უზბეკეთში რუსულის, როგორც უცხო ენის, ახალი სახელმძღვანელოები გამოიცა. მოვლენა დეტალურად: სახელმძღვანელოები პროექტ „კლასის“ ფარგლებში დაიბეჭდა რუსეთისა და უზბეკეთის განათლების სამინისტროების მხარდაჭერით. სახელმძღვანელოების მთლიანი ტირაჟი 600 ათასი ეგზემპლარია. პროექტის მიზანია უახლოეს ათ წელიწადში უზბეკეთში რუსული ენის სწავლების ხარისხის ამაღლება. ახალი სახელმძღვანელოებით სწავლებას სექტემბრიდან დაიწყებენ მეორე კლასელები. ეტაპობრივად სახელმძღვანელოები მაღალ კლასებშიც შევა. 2020 წელს და 2021 წლის პირველ ნახევარში რუსული ენის ცოდნაში ტესტირება ჩაუტარეს და ასევე პედაგოგიური კომპეტენცია შეუმოწმეს 13 ათასამდე უზბეკ მასწავლებელსა და მოსწავლეს. რუსეთიდან მივლენილი მასწავლებლები ქვეყნის 14 რეგიონის 70 სკოლაში მუშაობდნენ. 2021 წლის სექტემბერში უზბეკეთში დამატებით 100 სპეციალისტს – 80 მასწავლებელსა და 20 მეთოდისტს გაგზავნიან. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსეთი რუსულ ენას „რბილი ძალის“ ინსტრუმენტად მიიჩნევს, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში გავლენის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვან ბერკეტად განიხილება. იმ ფონზე, როდესაც ბოლო ათწლეულებში პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რუსული ენა ნელ-ნელა კარგავს პოზიციებს, რუსეთისთვის ეს პოზიტიური სიგნალია, რომ ცენტრალურ აზიაში რუსული ენა და კულტურა კვლავ მიმზიდველია. უზბეკეთის შემთხვევაში ამას პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს, რადგან ისლამ კარიმოვის მმართველობის დასრულების შემდეგ (2016) უზბეკეთ-რუსეთის ურთიერთობა გაუმჯობესდა, რაც რუსული ენის პოპულარიზაციის ზრდაშიც აისახება. |