ავტორი: მამუკა კომახია, ანალიტიკოსი

მიმოხილვის პერიოდი: 16-31 ივლისი, 2021

 

რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეს საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს და რეგიონში დასავლეთის პოზიციების გაძლიერებას თავისი ეროვნული ინტერესების საფრთხედ განიხილავს. ჩვენი მიმოხილვის მიზანია მკითხველს პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის ორ კვირაში ერთხელ  და გამოადგება ყველას, გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს.

  • უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ.
  • რუსეთი უკრაინას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უჩივის.
  • რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი, რომელიც ამავე დროს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორია, დსთ-ის სივრცეში ახალ გამოწვევებზე საუბრობს.
  • სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სამხედრო ინციდენტების ზრდის ფონზე, სომხეთის პრემიერ-მინისტრი საზღვრის დასაცავად რუს მესაზღვრეებს იწვევს.
  • აშშ და გერმანია „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ პროექტის დასრულებასა და უკრაინის დახმარებაზე შეთანხმდნენ.
  • ტაჯიკეთში, თალიბანის წინსვლის ფონზე, რუსეთის მონაწილეობით ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიგეგმა.
  • ლიეტუველი პოლიტიკოსი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გაასამართლეს.

 

დონბასის მცხოვრებლები რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 20 ივლისს რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, უკრაინის სეპარატისტულ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში მცხოვრები რუსეთის მოქალაქის პასპორტის მფლობელები, მათი სურვილის შემთხვევაში, შეძლებენ რეგისტრაციის გავლას და ონლაინ ხმის მიცემას სახელმწიფო დუმის არჩევნებში, რომელიც 19 სექტემბერს ჩატარდება.

მოვლენა დეტალურად: 2021 წლის 2 მაისს რუსეთის შს სამინისტრომ განაცხადა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრებმა 527 ათასზე მეტმა ადამიანმა რუსეთის მოქალაქეობა მიიღო. 2019 წლის 24 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული პროცედურით მინიჭების შესაძლებლობის შესახებ. პირველი პასპორტები 2019 წლის 14 ივლისს გაიცა. რუსეთში ვარაუდობენ, რომ 2021 წლის ბოლომდე დონბასში რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული პროცედურით მიღების მსურველთა რაოდენობა შესაძლოა ერთ მილიონამდე გაიზარდოს.

რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება კრემლის ნაცადი მეთოდია, რომელიც თავის დროზე რუსეთმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გამოიყენა. 2008 წლის ომამდე ცოტა ხნით ადრე მოსკოვმა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში მაცხოვრებლების პასპორტიზაცია დაიწყო. დღეს ამ რეგიონების მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეა და რუსეთის არჩევნებშიც მონაწილეობს. საქართველოს წინააღმდეგ ომის ლეგიტიმაციისთვის რუსეთმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში თანამოქალაქეების დაცვის არგუმენტიც გამოიყენა.

უკრაინის შეფასება

2021 წლის 24 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში – დონეცკსა და ლუგანსკში ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის რუსული პასპორტების დარიგება „დიდი პრობლემაა“ და პირველი ნაბიჯია ტერიტორიის ანექსიისკენ. „ნათელია, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი, რადგან მსგავსი რამ ერთხელ უკვე მოხდა ყირიმში, როდესაც ყირიმის მაცხოვრებლებმა რუსული პასპორტები მიიღეს“, განაცხადა ზელენსკიმ.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: უკრაინის მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება რუსეთის ჰიბრიდული ომის ნაწილია, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში უკრაინის სუვერენიტეტს ხელყოფს და დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ნაწილში რუსეთის ანექსიის წინაპირობას ქმნის. სეპარატისტულ რეგიონებში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეებისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიცემა მოსკოვის მხრიდან აღნიშნული ტერიტორიების ანექსიისკენ და რუსეთის პოლიტიკურ სივრცეში ინტეგრაციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

 

რუსეთი უკრაინას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უჩივის

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 22 ივლისს რუსეთმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უკრაინის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა.

მოვლენა დეტალურად: რუსეთი უკრაინის ხელისუფლებას საკუთარი მოქალაქეების სიკვდილსა და ადამიანებისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და მათ მიმართ სასტიკ მოპყრობაში ადანაშაულებს. სარჩელის მთავარი ეპიზოდი ეხება 2014 წლის „სახელმწიფო გადატრიალებას“, რასაც მასობრივი დახვრეტა მოჰყვა, 2 მაისს ოდესის პროფკავშირების სახლში ადგილობრივების მკვლელობას, დონბასში უკრაინის არმიისა და ნაციონალისტური ბატალიონების მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებს. სარჩელში, სხვა მრავალ „მტკიცებულებასთან“ ერთად, ყურადღება გამახვილებულია რუსულენოვანი მოსახლეობის დისკრიმინაციაზე, განათლებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში რუსული ენის შევიწროებაზე.

სარჩელი ყირიმში არსებულ ვითარებასაც ეხება. კერძოდ, გენპროკურატურა ჩრდილოეთ ყირიმის არხის ბლოკირებაში უკრაინის ხელისუფლებას ადანაშაულებს. არხი ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის მოსახლეობის მტკნარი წყლით მომარაგების მთავარი წყაროა. სარჩელში მალაიზიური „ბოინგის“ ტრაგედიაც არის ნახსენები, როდესაც 298 ადამიანი დაიღუპა. რუსეთის აზრით, ტრაგედია იმის გამო მოხდა, რომ სამხედრო მოქმედებების ზონის თავზე უკრაინის ხელისუფლებამ საჰაერო სივრცე არ დახურა.

შენიშვნა: სარჩელში მოყვანილი შეფასებები მოვლენების რუსული ინტერპრეტაციაა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: უკრაინის წინააღმდეგ სარჩელის შეტანა რუსეთის პროპაგანდისტული ომის ნაწილია, რომელსაც მოსკოვი უკრაინისა და დასავლეთის წინააღმდეგ აწარმოებს. სარჩელში შეტანილი ფაქტების უმრავლესობასთან რუსეთს თავად აქვს პირდაპირი თუ ირიბი კავშირი. ამიტომაც ევროპულ სასამართლოში მსგავსი სარჩელის შეტანა რუსეთის მიერ ბრალეულობის სხვისთვის გადაბრალებასა და საინფორმაციო ომის წარმოებას ისახავს მიზნად.

 

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის ინტერვიუ: ძირითადი გზავნილები

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 26 ივლისს რუსეთის სამთავრობო გაზეთში – „Российская газета“ – რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის – რაშიდ ნურგალიევის ინტერვიუ გამოქვეყნდა. ინტერვიუში ნურგალიევმა დსთ-ის სივრცეში ახალი გამოწვევებისა და ერთობლივი ინტერესების დაცვაზე ისაუბრა.

მოვლენა დეტალურად: ნურგალიევმა ინტერვიუში მთავარი აქცენტები დსთ-ის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობაზე გააკეთა. ნურგალიევის შეფასებით:

  • რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში (გამოქვეყნდა 2021 წლის 2 ივლისს) ყურადღება გამახვილებულია რუსეთის საზღვრების სიახლოვეს სამხედრო-პოლიტიკური დაძაბულობის ზრდაზე. აღნიშნული ფაქტორები პირდაპირ ახდენს გავლენას დსთ-ის წევრ ქვეყნებზე. სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ ზოგიერთი ქვეყნის ქმედება დსთ-ის სივრცეში მიმართულია დეზინტეგრაციული პროცესების სტიმულირებისკენ, რომლის მიზანიც რუსეთისგან მისი ტრადიციული მოკავშირეების ჩამოშორებაა.
  • აშშ ევროკავშირის წევრ-ქვეყნებთან კოორდინაციით ცდილობს დსთ-ის წევრებზე გააძლიეროს გავლენა, დაარღვიოს საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული კავშირები ჩვენს ხალხებს შორის, გააყალბოს ჩვენი საერთო გამარჯვებების ისტორია. რით არის ეს დანაწევრება საშიში, ჩვენ ვხედავთ საქართველოსა და უკრაინის მაგალითზე, სადაც შეიმჩნევა არასტაბილური პოლიტიკური და სოციალური ვითარება, მრეწველობის სრული ჩამოშლა, მოსახლეობის ცხოვრების დონის დაცემა, უკრაინის შემთხვევაში კი – შეიარაღებული კონფლიქტიც.
  • დსთ-ის ძმურ წევრებთან ყოვლისმომცველი კავშირების ფორმირება ჩვენი მთავარი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტია, რაც ასახვას ჰპოვებს როგორც სტრატეგიული ხასიათის ძირითად დოკუმენტებში, ასევე რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში. სტრატეგიის ახალ დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თანამშრომლობის განვითარებას დსთ-ის წევრ ქვეყნებთან, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან.

ვინ არის რაშიდ ნურგალიევი? 

ნურგალიევი 2012 წლიდან უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეა. 2004-2012 წლებში იგი შს მინისტრი იყო. იგი უშიშროების საბჭოში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორია და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შიდა პოლიტიკური არასტაბილურობის პერიოდში კრიზის-მენეჯერადაც გვევლინება. ბოლოს ცხინვალის რეგიონში იგი ამა წლის 26-28 ივლისს იმყოფებოდა. 30 ივლისს კი მოსკოვში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.

რაშიდ ნურგალიევის ვიზიტი ცხინვალის რეგიონში, 28 ივლისი, 2021. წყარო: ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის ვებგვერდი

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ნურგალიევი პუტინის პოლიტიკური გუნდის სტაჟიანი წევრია. იგი არ გამოირჩევა საჯარო გამოსვლებით და ძირითადად კულისებს მიღმა მუშაობს. ამიტომაც მის ინტერვიუში გაჟღერებული მოსაზრებები კრემლის გზავნილებად შეიძლება მივიჩნიოთ.

 

სომხეთის პრემიერ-მინისტრი რუს მესაზღვრეებს იწვევს

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 29 ივლისს სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ უნდა განიხილონ სომხეთ-აზერბაიჯანის მთელ საზღვარზე რუსული სასაზღვრო პოსტების განლაგების საკითხი, რათა საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები მხარეებს შორის შეტაკებების რისკის გარეშე ჩატარდეს.

მოვლენა დეტალურად: ფაშინიანის თქმით, სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთბრალდებების გარკვევის ერთ-ერთ გადაწყვეტილებად შეიძლება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მონიტორინგის მისიის სასაზღვრო ხაზზე განთავსება იყოს. თუმცა, მსგავსი მისიის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სომხური მხარისთვის შესაძლოა მისაღები იყოს სხვა საერთაშორისო ფორმატიც. აქამდე ფაშინიანი რუსი მესაზღვრეების განთავსებას მხოლოდ სიუნიქის ოლქში ითხოვდა, თუმცა ბოლო თვეებში სამხედრო ინციდენტები საზღვრის სხვა მონაკვეთებში დაფიქსირების გამო, საზღვრის გამაგრების აუცილებლობა მთელი საზღვრის გასწვრივ დადგა.

რუსეთის შეფასება

ფაშინიანის ინიციატივის შესახებ კომენტარი არ გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა. მისი თქმით, რუსეთი აგრძელებს კონტაქტებს ერევანთან და ბაქოსთან, რათა სრულად იქნეს რეალიზებული სამმხრივი შეთანხმება, რომლის საფუძველზეც მთიანი ყარაბაღის მეორე ომი დასრულდა.

რუსული სამხედრო პოსტები

სომხეთში რუსეთის სამხედრო ყოფნის გაფართოების საკითხი აქტუალური გახდა 2020 წლის 44-დღიანი ომის შემდეგ. ომის დასრულებიდან მალევე სიუნიქის ოლქში სამხედრო ბაზის ორი პოსტი გაიხსნა და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ზოგიერთ მონაკვეთზეც რუსი მესაზღვრეები განთავსდნენ. სიუნიქი სომხეთის სამხრეთში მდებარეობს და მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ რეგიონი უსაფრთხოების ახალი გამოწვევების წინაშე დადგა. მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის პირველ ომში დაკარგული რაიონები დაიბრუნა, სიუნიქის დასახლებული პუნქტების სიახლოვეს აზერბაიჯანული სამხედრო პოსტები განთავსდა.

სამხედრო თანამშრომლობა

სომხეთი და რუსეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები არიან, სადაც რუსეთის მოკავშირე სახელმწიფოები არიან გაერთიანებული. სომხეთი ერთადერთი ქვეყანაა სამხრეთ კავკასიაში, სადაც ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე განთავსებულია სამხედრო ბაზა (უკანონო რუსული სამხედრო ბაზებია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. მთიან ყარაბაღში კი 2020 წლის 9 ნოემბრიდან 2000-მდე სამშვიდობო ძალაა განთავსებული). 1995 წლის შეთანხმების საფუძველზე, ქ. გიუმრიში განთავსებულია 102-ე სამხედრო ბაზა, სადაც 5 ათასამდე სამხედრო მოსამსახურეა. 2010 წელს ბაზის მოქმედების ვადა 25 წლიდან 49 წლამდე (2044 წლამდე) გახანგრძლივდა. 2016 წლის 30 ნოემბერს ხელი მოეწერა შეთანხმებას ორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შესახებ.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: მთიანი ყარაბაღის მეორე ომში მარცხის შემდეგ სომხეთის უსაფრთხოების გარემო გაუარესდა. რუსეთი სომხეთის უსაფრთხოების გარანტი იყო ომამდეც, თუმცა 44-დღიან ომში სამხედრო წარუმატებლობის შემდეგ რუსეთის მხარდაჭერა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. თუ ომის შემდეგ სომხეთი აზერბაიჯანის მხრიდან სამხედრო წნეხს საზღვრის ზოგიერთ მონაკვეთზე განიცდიდა, ბოლო თვეებში სასაზღვრო ინციდენტები საზღვრის მთელ მონაკვეთზე ხდება. არსებულ ვითარებაში აზერბაიჯანის შეკავება მხოლოდ რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის გაფართოებით არის შესაძლებელი.

 

აშშ და გერმანია „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ პროექტის დასრულებაზე შეთანხმდნენ

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 21 ივლისს აშშ და გერმანია „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ გაზსადენის პროექტის დასრულებაზე შეთანხმდნენ.

მოვლენა დეტალურად: გაზსადენის პროექტის წინააღმდეგ ვაშინგტონი წლების განმავლობაში აქტიურად ლობირებდა. პროექტში მონაწილე კომპანიებზე დაწესებული სანქციები პროექტის დასრულებას აფერხებდა. თუმცა, საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, აშშ მოერიდა მოკავშირე გერმანიასთან ურთიერთობის გაფუჭებას, რომელიც პროექტის განხორციელების მთავარი ლობისტი და მისი დასრულების შემდეგ კი მთავარი მომხმარებელი იქნება.

პროექტის წინააღმდეგ აქტიურად გამოდიოდა უკრაინა, რომლის სატრანზიტო როლიც „ჩრდილოეთის ნაკადი -2-ის“ ამოქმედების შემდეგ შემცირდება, რაც მასზე რუსეთის ზეწოლის ბერკეტებს გააძლიერებს. ეს საკითხი ვაშინგტონისთვის პროექტის წინააღმდეგ მთავარი არგუმენტი იყო. უკრაინისთვის მოსალოდნელი ზიანის (უკრაინა წელიწადში 2 მლრდ აშშ დოლარს იღებს რუსული გაზის ტრანზიტისთვის) კომპენსირების მიზნით, ვაშინგტონი და ბერლინი ღონისძიებათა პაკეტზე შეთანხმდნენ, რაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო განხორციელებასაც ითვალისწინებს, იმ შემთხვევაში თუ, პროექტის დასრულების შედეგად უკრაინის ბიუჯეტი ან ეროვნული უსაფრთხოება დაზარალდება.

შეთანხმების მიხედვით, რუსეთის მიერ უკრაინაზე ენერგობერკეტების გამოყენების ან შემდგომი აგრესიული ქმედებების მცდელობის შემთხვევაში, გერმანია ევროპაში რუსეთის საექსპორტო შესაძლებლობების შეზღუდვას შეეცდება, მათ შორის ენერგო და/ან სხვა ეკონომიკურ სექტორში. ამავე დროს, გერმანია დანიშნავს სპეციალურ წარმომადგენელს, რომელმაც უკრაინისთვის რუსეთის სატრანზიტო შეთანხმების 10-წლიანი გაგრძელება უნდა უზრუნველყოს. არსებული სატრანზიტო შეთანხმების ვადა 2024 წელს ეწურება. ორმხრივი შეთანხმება 1 მლრდ აშშ დოლარის „მწვანე ფონდის“ შექმნასაც ითვალისწინებს, რომლის მიზანიც უკრაინისა და პოლონეთის ენერგოსფეროსა და უსაფრთხოების მხარდაჭერაა. მილსადენის პროექტი, უკრაინის მსგავსად, პოლონეთსაც გვერდს აუვლის.

უკრაინა-პოლონეთის შეფასება

უკრაინა და პოლონეთი პროექტის განხორციელების შედეგად ორი მთავარი დაზარალებული იქნება. ამ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც აშშ გააკრიტიკეს მილსადენის პროექტის დასრულებაზე თანხმობის გამო. მათი შეფასებით, მსგავსი გადაწყვეტილება ქმნის დამატებით პოლიტიკურ, სამხედრო და ენერგეტიკულ საფრთხეებს უკრაინისთვის და ცენტრალური ევროპისთვის. ასევე ზრდის რუსეთის შესაძლებლობას ევროპის უსაფრთხოებაზე დესტრუქციული გავლენა მოახდინოს და ზრდის უთანხმოებას ნატოსა და ევროკავშირის წევრებს შორის.

პროექტის შესახებ

„ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ მილსადენი რუსეთს, ბალტიის ზღვის გავლით, პირდაპირ გერმანიას დაუკავშირებს და გვერდს აუვლის უკრაინას. „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ მსოფლიოში ყველაზე გრძელი ოფშორული მილსადენი იქნება (1 230 კმ). პროექტის დასრულების შემდეგ „ჩრდილოეთის ნაკადი-1-ის“ წარმადობა გაორმაგდება და წელიწადში 110 მლრდ კუბურ მეტრს მიაღწევს, რაც ევროკავშირის გაზის მოხმარების მეოთხედზე მეტია. არსებული მონაცემებით, „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ პროექტის 94% დასრულებულია. ასაშენებელია მილსადენის 160-კილომეტრიანი მონაკვეთი.

ჩრდილოეთის ნაკადი-2“. წყარო: გაზპრომის ვებგვერდი

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი უკრაინისთვის: „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ პროექტის განხორციელების შედეგად, უკრაინის სატრანზიტო ფუნქცია შესუსტდება და იგი რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მიმართ მოწყვლადი გახდება. ამ ეტაპზე, როდესაც პროექტის დასრულება რეალობად იქცა, უკრაინის მთავარი ამოცანა სატრანზიტო შემოსავლების კომპენსირების უზრუნველყოფა და რუსეთის პოლიტიკური ზეწოლის წინააღმდეგ მოკავშირეებისგან მყარი გარანტიების მიღება იქნება.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი აშშ-ისთვის: ვაშინგტონის შეფასებით, პროექტის განხორციელება საფრთხეს უქმნის აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს, ძირს უთხრის უკრაინის სატრანზიტო როლს და აძლიერებს რუსეთის გავლენას ევროპის ენერგოსფეროზე. თუმცა, ახალი ადმინისტრაციის პირობებში, გერმანიასთან ურთიერთობის შენარჩუნება უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა, ვიდრე პროექტის დასრულების ყველა შესაძლო საშუალებით შეჩერება. ამიტომაც, ამ ეტაპზე, ვაშინგტონისთვის მთავარი ამოცანა მოკავშირეებზე რუსეთის ნეგატიური გავლენის შემცირების უზრუნველყოფაა.

რატომ არის პროექტის დასრულება მნიშვნელოვანი რუსეთისთვის:  „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ დასრულება რუსეთს საშუალებას მისცემს უკრაინაზე, როგორც სატრანზიტო ქვეყანაზე, დამოკიდებულება უახლოეს წლებში მინიმუმამდე შეამციროს და რუსული გაზის მთავარ მომხმარებელ გერმანიასთან პირდაპირი კავშირი დაამყაროს.

 

ტაჯიკეთში ავღანეთის საზღვართან ერთობლივი სამხედრო წვრთნები ჩატარდება

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 19 ივლისს რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაურის ალექსანდრ ლაპინის განცხადებით, 5-10 აგვისტოს ტაჯიკეთში ერთობლივი სამხედრო წვრთნები ჩატარდება.

მოვლენა დეტალურად: ავღანეთში ამერიკული ჯარების გასვლისა და თალიბანის მოძრაობის გაძლიერების ფონზე, ცენტრალურ აზიაში უსაფრთხოების რისკები გაიზარდა, რის გამოც ტაჯიკეთისა და უზბეკეთის სამხედროების მობილიზაცია არის გამოცხადებული. ცენტრალურ აზიაში შექმნილი ახალი გარემოება გამოწვევაა რუსეთის უსაფრთხოებისათვისაც, რომლის მოკავშირეებიც ავღანეთს ესაზღვრებიან.

სამხედრო წვრთნები

სამხედრო წვრთნები 5-10 აგვისტოს ტაჯიკეთში ხატლონის ოლქში, ხარბ-მაიდონის სამხედრო პოლიგონზე გაიმართება. წვრთნებში რუსეთის, უზბეკეთის და ტაჯიკეთის სამხედროები მიიღებენ მონაწილეობას. რუსეთმა დაგეგმილი წვრთნების წინ ავღანეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე უკვე დააყენა ტანკები, რომლებიც მანამდე ტაჯიკეთში რუსეთის სამხედრო ბაზაზე იყვნენ განლაგებული. წვრთნების დროს უკანონო შეიარაღებული ფორმირებების გასანადგურებლად ერთობლივი საბრძოლო მოქმედებების წარმოების მომზადებაში ივარჯიშებენ. რუსეთის მხრიდან წვრთნებში რუსეთის 201-ე სამხედრო ბაზის დანაყოფები მიიღებენ მონაწილეობას. სამხედრო ბაზა უცხოეთში რუსეთის უდიდესი სამხედრო ბაზაა, რომელიც ორ ქალაქში – დუშანბესა და ბოხტარშია – განთავსებული.

პარალელურად რუსეთი უზბეკეთთან ერთად გამართავს ერთობლივ სამხედრო წვრთნებს უზბეკეთის თერმეზის სამხედრო პოლიგონზე, რომელიც ავღანეთის საზღვართან მდებარეობს. წვრთნები 30 ივლისს დაიწყო და 10 აგვისტოს დასრულდება.

უსაფრთხოების გარემო

ამერიკული და ნატოელი სამხედროების მიერ ავღანეთის ტერიტორიის დატოვების კვალდაკვალ, რომელიც აგვისტოში უნდა დასრულდეს, თალიბანის მებრძოლებმა სამთავრობო ძალები არაერთი მიმართულებით შეავიწროვეს, მათ შორის, ცენტრალური აზიის ქვეყნების საზღვრებთან. სამთავრობო ძალების ასეულობით სამხედრომ თავი ტაჯიკეთს შეაფარა, რომელიც საკუთარ ტერიტორიაზე კონფლიქტის გავრცელებას უფრთხის. მსგავსი შიში აქვთ თურქმენეთსა და უზბეკეთშიც.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: დაგეგმილი სამხედრო წვრთნები პრევენციული ხასიათისაა, რომელიც ცენტრალურ აზიაში თალიბანის გაძლიერების შედეგად წარმოქმნილ უსაფრთხოების ახალ გამოწვევებთან გამკლავებას ისახავს მიზნად.

 

ლიეტუველი პოლიტიკოსი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გაასამართლეს

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 27 ივლისს ლიეტუვის სასამართლომ პოლიტიკოსი ალგირდას პალეცკისი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნო და 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მოვლენა დეტალურად: პალეცკისი წარსულში პრორუსული პარტიის „სოციალისტური სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარე, დიპლომატი და ადგილობრივი პარლამენტის წევრი იყო. იგი 2018 წელს დააპატიმრეს რუსულ დაზვერვასთან თანამშრომლობის გამო. არსებული ინფორმაციით, იგი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ ინფორმაციის შეგროვების სანაცვლოდ ანაზღაურებას იღებდა.

ალგირდას პალეცკისი სასამართლო პროცესზე. წყარო: lrt.lt

რა ხდება სხვაგან?

2021 წლის 10 ივნისს ლატვიის პარლამენტმა გენერალურ პროკურატურას იანის ადამსონსის დაპატიმრებისა და სახლის ჩხრეკის უფლება მისცა. იანის ადამსონსი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. ადამსონსს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში რუსეთისთვის ინფორმაციის გადაცემას ედავებიან. ინფორმაცია მოიცავდა სხვადასხვა საკითხს, მათ შორის: კანონში ცვლილებებს, არმიის მომარაგებას და ბიუჯეტს, ლატვიის აღმოსავლეთ საზღვარზე ვიზიტის შედეგებს, „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ საკითხზე ბალტიური ასამბლეის პოზიციას.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: პოსტსაბჭოთა ქვეყნები, რომლებსაც რუსეთი თავისი გავლენის სფეროდ მიიჩნევს, რუსული სპეცსამსახურების განსაკუთრებული სამიზნეა. ბოლო პერიოდში ჯაშუშების გამოვლენის მაღალი მაჩვენებელი კი რუსეთის ბალტიისპირეთის ქვეყნებთან პოლიტიკური დაპირისპირების სიმწვავეზე მიუთითებს.