ავტორი: მამუკა კომახია, ანალიტიკოსი |
მიმოხილვის პერიოდი: 1-15 ივლისი, 2021
რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეს საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს და რეგიონში დასავლეთის პოზიციების გაძლიერებას თავისი ეროვნული ინტერესების საფრთხედ განიხილავს. ჩვენი მიმოხილვის მიზანია მკითხველს პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის ორ კვირაში ერთხელ და გამოადგება ყველას, გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს.
რუსეთის ახალი სტრატეგიული დოკუმენტი მთავარი მოვლენა: 2021 წლის 2 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ. მოვლენა დეტალურად: დოკუმენტის ერთ-ერთ თავში – სტრატეგიული სტაბილურობა და ურთიერთმომგებიანი საერთაშორისო თანამშრომლობა – საუბარია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობებზეც. კერძოდ, დოკუმენტში წერია, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკის მიზნების მიღწევა ხორციელდება შემდეგი ამოცანების გადაწყვეტით, მათ შორის: თანამშრომლობის გაღრმავება სახელმწიფოებთან – დსთ-ის წევრებთან, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან ორმხრივ საფუძველზე და ინტეგრაციული გაერთიანებების, პირველ რიგში, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის, სამოკავშირეო სახელმწიფოს (რუსეთი-ბელარუსის გაერთიანება) ფარგლებში. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსეთის ახალ სტრატეგიულ დოკუმენტში დსთ-ის ქვეყნებთან და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან ურთიერთობა ერთ-ერთი მთავარი საგარეო-პოლიტიკური ამოცანაა, რომლის გადაწყვეტითაც მიიღწევა რუსეთის საგარეო პოლიტიკის მიზნები. შესაბამისად, უახლოეს პერიოდში კრემლისთვის პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება და მათ პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა პრიორიტეტული იქნება.
რუსეთმა „ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე“ ანგარიში გამოაქვეყნა მთავარი მოვლენა: 2021 წლის 8 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც შეფასებულია 43 სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა. მოვლენა დეტალურად: ანგარიში პოსტსაბჭოთა ქვეყნებსაც მოიცავს, თუმცა არა იმ ქვეყნებს, რომლებთანაც რუსეთს ნორმალური ურთიერთობები აქვს. ანგარიში ეხება ესტონეთს, ლატვიას, ლიეტუვას, უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს. ანგარიში მსოფლიოში ყველაზე დემოკრატიულ დასავლურ ქვეყნებზეა საუბარი და მათში არ შედის აზიის, აფრიკის ან ლათინური ამერიკის რომელიმე ქვეყანა. რას ამბობენ ანგარიშში საქართველოს შესახებ? საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შეფასებისას ანგარიში ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების, ასევე სახალხო დამცველის მოსაზრებებს ეყრდნობა. ანგარიშში საუბარია დარღვევებზე მშვიდობიანი შეკრებების თავისუფლების, აზრის გამოხატვისა და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალის გადამეტების კუთხით. ანგარიში ასევე განიხილავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცედურას, სასამართლო სისტემაში და მედიის თავისუფლების სფეროში არსებულ პრობლემებს. ანგარიშში განსაკუთრებული ადგილი უკავია ეთნიკური უმცირესობების მდგომარეობის შეფასებას. ეთნიკური უმცირესობების უფლებებზე საუბრისას ყურადღება გამახვილებულია ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის დაბალ ხარისხზე და სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ფართო ავტონომიის მოთხოვნაზე. ანგარიშში მოყვანილია ამონარიდებიც ევროსაბჭოსა და სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ მომზადებული ანგარიშებიდან. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსეთისთვის, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე არადემოკრატიული სახელმწიფოა მსოფლიოში და ადამიანის უფლებების დარღვევისა და რეპრესიული რეჟიმის გამო მუდმივად დასავლური კრიტიკის ქარ-ცეცხლშია, ასეთი ანგარიშების მომზადება და ფაქტებით მანიპულაცია საინფორმაციო ომისა და პროპაგანდის ნაწილია, რომელიც მოსკოვისადმი მტრულად განწყობილი სახელმწიფოების წინააღმდეგ არის მიმართული.
მოლდოვაში პრორუსული პარტიები დამარცხდნენ მთავარი მოვლენა: 2021 წლის 11 ივლისს მოლდოვაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. არჩევნებში პროდასავლური პრეზიდენტის – მაია სანდუს პარტიამ – „მოქმედება და სოლიდარობა“ გაიმარჯვა. მოვლენა დეტალურად: ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საარჩევნო ბარიერი ასევე გადალახა ყოფილი პრეზიდენტების – ვლადიმირ ვორონინისა (2001-2009) და იგორ დოდონის (2016-2020) „კომუნისტებისა და სოციალისტების“ ბლოკმა და ნაციონალურ-კონსერვატიული იდეოლოგიის პარტიამ „შორმა“. პრორუსმა იგორ დოდონმა დამარცხება აღიარა. წყარო: publika.md „მოქმედება და სოლიდარობა“ 101-ადგილიან პარლამენტში 63 მანდატს მიიღებს, რაც მას მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირების შესაძლებლობას მისცემს. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ერთი პროდასავლური პარტია სხვასთან ალიანსის გარეშე შექმნის მთავრობას. „კომუნისტებისა და სოციალისტების“ ბლოკი 32 მანდატს მიიღებს, „შორი“ – 6 მანდატს. სანდუს პარტიამ წარმატებას მიაღწია ქვეყნის ბევრ რაიონში, მათ შორის, დედაქალაქ კიშინიოვსა და ევროპაში მცხოვრებ დიასპორაში, რომელმაც 2019 წელს გადაწყვიტა კიდეც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სანდუს გამარჯვება. „კომუნისტებისა და სოციალისტების“ ბლოკმა ხმების აბსოლუტური უმრავლესობა მიიღო პრორუსულად განწყობილ გაგაუზიის ავტონომიურ რესპუბლიკაში და სეპარატისტულ დნესტრისპირეთში, სადაც პრორუსული პარტიების სასარგებლოდ საგანგებოდ ხდება ხმების მობილიზება. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი მოლდოვისთვის: საპარლამენტო არჩევნებში პარტია „მოქმედება და სოლიდარობის“ გამარჯვების შედეგად, ხელისუფლების ყველა შტო მთლიანად პროდასავლური ძალების ხელში აღმოჩნდება, რაც მოქმედ პრეზიდენტ მაია სანდუს დაპირებული რეფორმების განსახორციელებლად და დასავლური საგარეო-პოლიტიკური ვექტორის გასაძლიერებლად ფართო შესაძლებლობებს მისცემს. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი რუსეთისთვის: საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ბოლო ორ ათეულ წელში პირველად მოლდოვაში პრორუსული ძალების გავლენა შესუსტდება, რაც მოლდოვის პოლიტიკაზე კრემლის გავლენის შემცირებასაც გამოიწვევს. სანდუს ხელისუფლების აქტიური დასავლური პოლიტიკის შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ რუსეთთან ურთიერთობები გაუარესდება.
ვლადიმერ პუტინი უკრაინელებს: „ჩვენ ერთი ხალხი ვართ!“ მთავარი მოვლენა: 2021 წლის 12 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კრემლის ვებგვერდზე გამოაქვეყნა სტატია: „რუსებისა და უკრაინელების ისტორიული ერთობის შესახებ“. მოვლენა დეტალურად: სტატიაში პუტინი ავითარებს იდეას, რომ სინამდვილეში რუსები და უკრაინელები ერთი და იგივე ხალხია, უახლოეს ისტორიულ პერიოდში ხელოვნურად დანაწევრებული. პუტინის სტატიის პასუხად მყისიერად გამოქვეყნდა სტატიები (1, 2), სადაც პუტინის მიერ მოყვანილი ისტორიული ფაქტების ნამდვილობა ეჭვქვეშ არის დაყენებული. პუტინს პასუხი გასცა ასევე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც, რომელმაც განაცხადა, რომ „ჩვენ ერთი ხალხი არ ვართ“. პუტინი სტატიაში და მანამდე მიცემულ ინტერვიუებშიც აცხადებს, რომ „იყვნენ ველიკოროსები, ბელოროსები და მალოროსები. შემდეგში საგარეო ფაქტორების ზემოქმედების შედეგად, რაშიც შემდეგ ბოლშევიკებმაც შეიტანეს თავისი წვლილი, დაიწყო ერთიანი რუსი ხალხის დანაწევრება“. ზელენსკის პასუხი ზელენსკიმ განაცხადა: „ჩვენ ნამდვილად არ ვართ ერთი ხალხი. დიახ, ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს. გვაქვს საერთო ისტორიის ნაწილი, მეხსიერება, მეზობლობა, ნათესავები, ფაშიზმზე საერთო გამარჯვება და საერთო ტრაგედიები. დიახ, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ეს გვახსოვს. თუმცა, ვიმეორებ: ჩვენ არ ვართ ერთი ხალხი. ერთი ხალხი რომ ვიყოთ, მოსკოვში გრივნა (უკრაინული ფულის ერთეული) იქნებოდა ბრუნვაში, სახელმწიფო დუმის თავზე კი [უკრაინული] ყვითელი და ლურჯი ფერის დროშა იფრიალებდა. ასე რომ, ნამდვილად არ ვართ ერთი ხალხი. ყველას თავისი გზა აქვს“. ზელენსკის თქმით, ის მზად არის პუტინს შეხვედრაზე ბევრი მასალა გადასცეს, რომელიც მას შეუძლია უკრაინის შესახებ სხვა სტატიის დაწერის დროს გამოიყენოს. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ვლადიმერ პუტინი უკრაინას და უკრაინელებს ხელოვნურად შექმნილ სახელმწიფოდ და ხალხად მიიჩნევს. კრემლის პროპაგანდა მიზნად ისახავს უკრაინაზე რუსეთის გავლენის ლეგიტიმაციას და უკრაინის, როგორც რუსეთისგან განსხვავებული სახელმწიფოს/ხალხის განვითარების პრევენციას.
უკრაინის ფლოტის ვებგვერდს რუსმა ჰაკერებმა შეუტიეს მთავარი მოვლენა: 2021 წლის 9 ივლისს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ რუსეთის მთავრობის ჰაკერებმა უკრაინის ფლოტის ვებგვერდზე განახორციელეს თავდასხმა, რომლის მიზანიც იყო შავ ზღვაში მიმდინარე მრავალეროვნული სამხედრო წვრთნების – „Sea Breeze 2021“ შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება. მოვლენა დეტალურად: სამინისტროს ცნობით, „კრემლის პროპაგანდისტული მანქანა“ ჩართული იყო ჰაკერულ ოპერაციაში, რომლის დროსაც ფლოტის ვებგვერდზე წვრთნების შესახებ ყალბი დოკუმენტები და ყალბი სიახლეები გამოქვეყნდა. სამინისტროს განცხადებით, ასევე განხორციელდა წარუმატებელი „DdoS“ შეტევა თავდაცვის სამინისტროს პორტალზეც. ჰაკერული თავდასხმები რუსეთის ჰიბრიდული ომის ნაწილია, რომელსაც კრემლი „მტრულად განწყობილი“ სახელმწიფოების წინააღმდეგ იყენებს. 2014 წელს, ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტული მოძრაობის მხარდაჭერის შემდეგ, უკრაინა რუსეთის ჰაკერული თავდასხმის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსეთი უკრაინას საკუთარი გავლენის სფეროდ და, ამ ეტაპზე, მტრულ სახელმწიფოდ მიიჩნევს, მსგავსი ჰაკერული თავდასხმები კი უკრაინის არშემდგარ სახელმწიფოდ წარმოაჩენს და და მის საერთაშორისო დისკრედიტაციას ემსახურება.
პუტინ-ლუკაშენკოს შეხვედრა მთავარი მოვლენა: 2021 წლის 13 ივლისს სანქტ-პეტერბურგში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს უმასპინძლა. შეხვედრა ხუთი საათი გაგრძელდა. მოვლენა დეტალურად: წელს ეს ორი ქვეყნის პრეზიდენტის უკვე რიგით მესამე პირისპირ შეხვედრაა, მათ შორის ბოლო მაისში იყო. ამავე დროს პრეზიდენტებს შორის წლის განმავლობაში შვიდი სატელეფონო საუბარიც გაიმართა. ვლადიმერ პუტინმა ალექსანდრე ლუკაშენკოს სანქტ-პეტერბურგში უმასპინძლა. წყარო: РИА Новости პუტინის შეფასებით, პანდემიის ფონზე 2021 წელს ქვეყნებს შორს საქონელბრუნვა გაიზარდა და ბელარუსი საიმედო, სტაბილური პარტნიორია. პრეზიდენტებს შორის შეთანხმების შედეგად, ბელარუსისთვის რუსული გაზის ფასი 2022 წელსაც იგივე იქნება, რაც 2021 წელს არის. ასევე რუსული ნავთობის ექსპორტის სფეროში განხორციელებული საგადასახადო მანევრის შედეგად მიღებული ფინანსური დანაკარგის კომპენსირებას ბელარუსი რუსეთისგან კრედიტის მიღების სახით შეძლებს. თავის მხრივ, ლუკაშენკო პუტინს დაჰპირდა, რომ იგი რუსეთის კრედიტებს დროულად გადაიხდის. 2020 წლის სექტემბერში რუსეთმა ბელარუსს 1.5 მლრდ აშშ დოლარის კრედიტი გამოუყო, რომელსაც ტრანშეების სახით ბელარუსი ნელ-ნელა ითვისებს. კრედიტი ბელარუსის სახელმწიფო ვალის დაფარვას და მომსახურებას უნდა მოხმარდეს. მისი შეფასებით, რუსეთთან თანამშრომლობისა და მოსკოვის მხარდაჭერის შედეგად, ბელარუსმა შეძლო სანქციების პირობებში გაძლება. პოლიტიკური კონტექსტი რუსეთ-ბელარუსის ხელახალი დაახლოების პროცესი 2020 წლის აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. თუ არჩევნებამდე მხარეებს შორის ურთიერთობაში დაძაბულობა შეინიშნებოდა, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ვითარება შეიცვალა. ლუკაშენკოს წინააღმდეგ უპრეცედენტო გამოსვლებისა და დასავლური ზეწოლის გაძლიერების ფონზე, ლუკაშენკოსთვის ძალაუფლების შენარჩუნების ერთადერთი გზა მოსკოვთან შერიგება და რუსეთთან ინტეგრაციის პროცესის დაჩქარება გახდა. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ბელარუსში შექმნილი პოლიტიკური კრიზისისა და დასავლური სანქციების ფონზე ლუკაშენკოს რეჟიმისთვის გადარჩენის ერთადერთი გზა რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერის მიღებაა. რუსეთის მიერ გამოყოფილი კრედიტები და გაზის ძველი ფასის შენარჩუნება ლუკაშენკოს ძალაუფლების შენარჩუნებისთვის გადამწყვეტია.
რუსეთის მაღალი რანგის სასულიერო პირი ბელარუსში ეკლესიის მდგომარეობას აფასებს მთავარი მოვლენა: რუსეთის ტელეარხზე „Россия-24“ ინტერვიუს დროს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენიანმა სასულიერო პირმა, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, მიტროპოლიტმა ილარიონმა განაცხადა, რომ ბელარუსში მოვლენების „უკრაინული სცენარით“ განვითარების ალბათობა არც ისე მაღალია. მოვლენა დეტალურად: მიტროპოლიტის შეფასებით, ადამიანთა მცირერიცხოვანი ჯგუფები, რომლებიც საკუთარ თავს მოიხსენიებენ, როგორც „ბელარუსის ავტოკეფალიური ეკლესია“ და ცდილობენ მორწმუნეების „უკრაინული სცენარით“ დანაწევრებას, „იმყოფებიან არა ბელარუსში, არამედ აშშ-სა და სხვა ქვეყნებში“. მიტროპოლიტის განცხადებით, იმ ძალებმა, რომლებსაც სურთ პოლიტიკური ვითარების არევა, დაინახეს, თუ რაც მოხდა უკრაინაში (კონსტანტინოპოლის პატრიარქმა და კიდევ სამმა ავტოკეფალიურმა ეკლესიამ რუსეთის რელიგიური გავლენის ქვეშ მოქცეულ უკრაინაში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა). ისინი მიხვდნენ, რომ ეკლესიის ფაქტორმა ამ საკითხში შეიძლება გარკვეული როლი შეასრულოს, ამიტომაც დაინტერესებული არიან ბელარუსის ავტოკეფალიის იდეის გააქტიურებით. მისი შეფასებით, ავტოკეფალიის იდეას არანაირი მხარდაჭერა არ აქვს ბელარუსის ხალხში, იერარქებსა და ეკლესიის სასულიერო წრეებში. თუმცა, მან არ გამორიცხა, რომ ის ძალები, რომლებიც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დანაწევრებას ცდილობენ და რომლებმაც საკუთარი თავი უკრაინაშიც გამოავლინეს, ბელარუსშიც იმავეს გაკეთებას შეეცდებიან. ამ საკითხზე საუბრობს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკოც, რომელმაც სასულიერო პირები ქვეყნის მოწინააღმდეგეების განზრახვის – ბელარუსის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადების – შესახებ გააფრთხილა. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების შემდეგ, რაც რუსეთის ეკლესიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევა, რუსეთში შიშობენ, რომ ეს პროცესი შეიძლება იმ მართლმადიდებელ ქვეყნებზეც გავრცელდეს, სადაც რუსეთის რელიგიური თუ პოლიტიკური გავლენა მაღალია. ამ მხრივ, რუსეთის ეკლესიისთვის მნიშვნელოვანია ბელარუსსა თუ სხვა ქვეყნებში, რომლებიც რუსეთის პატრიარქს ემორჩილებიან, ავტოკეფალიის იდეის გავრცელება არ დაუშვან. რუსეთმა ესტონეთის კონსული სადაზვერვო საქმიანობის ბრალდებით დააკავა მთავარი მოვლენა: 2021 წლის 6 ივლისს რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა სანქტ-პეტერბურგში ესტონეთის კონსული მარტ ლიატე „საიდუმლო ინფორმაციის“ მიღების დროს დააკავა. იგი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს და ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს. მოვლენა დეტალურად: კონსულს რუსეთის მოქალაქისგან დახურული ხასიათის მასალების მიღებას ედავებიან. ლიატე ხშირად მონაწილეობდა სხვადასხვა საჯარო ღონისძიებაში. 2020 წელს იგი კარელიის უზენაესი სასამართლოს სხდომაზე დმიტრიევის სასამართლო პროცესს დაესწრო. დმიტრიევი საზოგადოება „მემორიალის“ ადგილობრივი განყოფილების ხელმძღვანელი იყო და კომუნისტური რეჟიმის დანაშაულის გამოვლენაზე მუშაობდა. საზოგადოების საქმიანობას „მტრულად“ უყურებენ კრემლში. ესტონეთმა მომხდარს „დადგმული სცენარი და პროვოკაცია“ უწოდა. კრემლმა წელს უკვე ორჯერ გააძევა ესტონელი დიპლომატი ესტონეთის მიერ რუსი დიპლომატების გაძევების საპასუხოდ. ამავე წლის აპრილში პეტერბურგში დააკავეს უკრაინის კონსული „საიდუმლო ინფორმაციის“ მიღების დროს. სხვა შემთხვევები 2020 წლის 6 ოქტომბერს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ცნობით, სახელმწიფო ღალატის ბრალდებით რუსი სამხედრო მოსამსახურე სმოლენსკში, მისი ძმა კი ფსკოვში დააკავეს. რუსული სპეცსამსახურების ინფორმაციით, დაკავებულები აგროვებდნენ და ესტონეთის სპეცსამსახურებს გადასცემდნენ ინფორმაციას, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას განეკუთვნებოდა. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: პოსტსაბჭოთა ქვეყნები, რომლებსაც რუსეთი თავისი გავლენის სფეროდ მიიჩნევს, რუსული სპეცსამსახურების განსაკუთრებული სამიზნეა. ბოლო პერიოდში ჯაშუშების გამოვლენის მაღალი მაჩვენებელი კი, რუსეთის უკრაინასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან პოლიტიკური დაპირისპირების მაღალ ხარისხზე მიუთითებს.
ტაჯიკეთი ავღანური საფრთხის გასამკლავებლად მოკავშირეებს უხმობს მთავარი მოვლენა: 2021 წლის 9 ივლისს თალიბანის მოძრაობის წარმომადგენლებმა მოსკოვში ვიზიტისას განაცხადეს, რომ ავღანეთის ტერიტორიაზე მათი წინსვლა საფრთხეს არ უქმნის არც რუსეთსა და არც ცენტრალურ აზიას. მოვლენა დეტალურად: ამერიკული და ნატოელი სამხედროების მიერ ავღანეთის ტერიტორიის დატოვების კვალდაკვალ, თალიბანის მებრძოლებმა სამთავრობო ძალები არაერთი მიმართულებით შეავიწროვეს, მათ შორის, ცენტრალური აზიის ქვეყნების საზღვრებთან. სამთავრობო ძალების ასეულობით სამხედრომ თავი ტაჯიკეთს შეაფარა, რომელიც საკუთარ ტერიტორიაზე კონფლიქტის გავრცელებას უფრთხის. მსგავსი შიში აქვთ თურქმენეთსა და უზბეკეთშიც. 5 ივლისს ტაჯიკეთის პრეზიდენტმა ემომალი რაჰმონმა ავღანეთის საზღვართან 20 ათასი რეზერვისტის მობილიზაციის შესახებ განაცხადა. რაჰმონი უსაფრთხოების გამოწვევებზე რუსეთის, უზბეკეთის, ყაზახეთისა და ავღანეთის ლიდერებსაც ესაუბრა. 7 ივლისს ტაჯიკეთმა დახმარებისთვის მიმართა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (კუხო). დუშანბეს განცხადებით, ისინი ვერ შეძლებენ მათ საზღვრებთან არასტაბილურობას საგარეო დახმარების გარეშე გაუმკლავდნენ. მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ისინი მზად არიან ვითარების შემდგომი დაძაბვის შემთხვევაში, ტაჯიკეთში არსებული რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზა რეგიონში მოკავშირეების დასაცავად გამოიყენონ. ამის შესახებ განაცხადა დუშანბეში ვიზიტისას კუხოს გაერთიანებული შტაბის უფროსმა ანატოლი სიდოროვმაც. 8 ივლისს კუხომ განაცხადა, რომ ისინი სამხედრო ძალების მობილიზაციას მოახდენენ, თუკი ტაჯიკეთ-ავღანეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ირწმუნებიან, რომ თალიბანისგან მიიღეს პირობა, რომ ისინი ცენტრალური აზიის ქვეყნების საზღვრებს არ დაარღვევენ. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: როგორც ჩანს, მოსკოვმა თალიბანისგან გარანტიები მიიღო, რომ ცენტრალურ აზიაში რუსეთის მოკავშირეებს საფრთხე არ შეექმნებათ, რის გამოც მოსკოვი ამ ეტაპზე თავს იკავებს ტაჯიკეთის დამატებითი სამხედრო დახმარებისგან. |