ავტორი: მამუკა კომახია, ანალიტიკოსი |
მიმოხილვის პერიოდი: 16-30 ივნისი, 2021
რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეს საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს და რეგიონში დასავლეთის პოზიციების გაძლიერებას თავისი ეროვნული ინტერესების საფრთხედ განიხილავს. ჩვენი მიმოხილვის მიზანია მკითხველს პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის ორ კვირაში ერთხელ და გამოადგება ყველას, გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს.
რუსეთის ბრძოლა შავი ზღვის კონტროლისთვის მთავარი მოვლენა: 2021 წლის 23 ივნისს რუსეთის სანაპირო დაცვამ ბრიტანულ საესკადრონო ნაღმოსან HMS Defender-ს გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა და ოკუპირებული ყირიმის აკვატორიიდან განდევნა. მოვლენა დეტალურად: ბრიტანული ნაღმოსანი უკრაინულ პორტ ოდესიდან საქართველოს მიმართულებით მიცურავდა, ყირიმის სანაპიროსთან მიმდებარე წყლების გავლით, რომელსაც რუსეთი საკუთარ ტერიტორიულ წყლებად მიიჩნევს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა და პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა საკმაოდ მკაცრი განცხადებები გააკეთეს და ამგვარ შემთხვევებში იარაღის დამიზნებით გამოყენების შესაძლებლობაც არ გამორიცხეს. ბრიტანული მხარე ყირიმს უკრაინის ნაწილად მიიჩნევს, შესაბამისად, მიმდებარე სასაზღვრო აკვატორიას უკრაინის ტერიტორიულ წყლებად აღიარებს. თუმცა, რუსეთში სხვაგვარად მიაჩნიათ. რუსეთმა შავი ზღვის მიმდებარე წყლების რამდენიმე რაიონი ექვსი თვით დახურულად გამოაცხადა, მათ შორის, მშვიდობიანი ნაოსნობისთვისაც. შესაბამისად, მოსკოვში მიაჩნიათ, რომ ბრიტანულმა ხომალდმა „რუსეთის სახელმწიფო საზღვარი დაარღვია“. HMS Defender. წყარო: BBC ბრიტანულ-უკრაინული სამხედრო თანამშრომლობა 21 ივნისს ოდესაში, ნაღმოსან HMS Defender-ს ბორტზე, უკრაინამ და დიდმა ბრიტანეთმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებისთვის სამხედრო ხომალდების ერთობლივი მშენებლობის შესახებ. მემორანდუმი უკრაინული სამხედრო-საზღვაო ძალებისთვის ორი ახალი ბაზის მშენებლობაში დიდი ბრიტანეთის დახმარებასაც ითვალისწინებს. მემორანდუმი გაფორმდა პოლიტიკური თანამშრომლობის, თავისუფალი ვაჭრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების ფარგლებში, რომელსაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2020 წლის ოქტომბერში ლონდონში ვიზიტის დროს მოაწერა ხელი. ამ შეთანხმების შედეგად, უკრაინამ სამხედრო ძალების განვითარებისათვის 1.25 მლრდ ფუნტი სტერლინგის კრედიტი მიიღო. უკრაინა სულ მიიღებს რვა ხომალდს, პირველი ორი დიდ ბრიტანეთში აშენდება, დანარჩენები – უკრაინის გემთმშენებელ ქარხნებში. უკრაინის სამხედრო ძალების მოდერნიზაცია სამხედრო-საზღვაო ძალების განვითარების კონცეფცია სამხედრო-საზღვაო ძალების მოდერნიზებას 2025 წლისთვის ითვალისწინებს. ზღვაზე უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების მთავარ მეტოქედ და პოტენციურ მოწინააღმდეგედ რუსეთი და მისი შავი ზღვის ფლოტი მიიჩნევა. უკრაინა ეროვნული ინტერესების დასაცავად უახლოეს საზღვაო ზონაში, რაც სანაპიროდან 360 კილომეტრს გულისხმობს, მუდმივი სამხედრო ყოფნის უზრუნველყოფას ესწრაფვის. სამხედრო წვრთნები და რუსეთის რეაქცია ბრიტანულ ხომალდთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ, 28 ივნისს, შავ ზღვაზე უკრაინის საზღვაო წყლებში სამხედრო სწავლება დაიწყო, რომელშიც 32 ქვეყანა მონაწილეობს, მათ შორის, ნატოს წევრები. წვრთნების მონიტორინგის მიზნით რუსეთმა საჰაერო-თავდაცვითი სისტემის მობილიზაცია დაიწყო ოკუპირებულ ყირიმში. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსეთისთვის შავ ზღვაში ნატოს წევრი ქვეყნების აქტიურობა, განსაკუთრებით უკრაინასა და საქართველოსთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობის კუთხით, ეროვნული უსაფრთხოებისთვის მუქარად აღიქმება. ბრიტანულ ხომალდთან დაკავშირებული მსგავსი ინციდენტები კრემლის მხრიდან ერთგვარი გაფრთხილებაა, რომ მოსკოვი შავ ზღვაში ნატოს წევრი ქვეყნების ზედმეტ გამოჩენას არ დაუშვებს და ამისთვის მზად არის სამხედრო ძალაც გამოიყენოს.
ოკუპირებულ ყირიმში უკრაინის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის ერთი პირი დააკავეს მთავარი მოვლენა: 2021 წლის 24 ივნისს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში უკრაინის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის ერთი პირი დააკავეს. მოვლენა დეტალურად: დაკავებულს ბრალად ედება უკრაინის სადაზვერვო სამსახურების სასარგებლოდ რუსული სამხედრო თვითმფრინავების ფრენების შესახებ ინფორმაციის შეგროვება. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ცნობით, ეჭვმიტანილი დიდი ხნის განმავლობაში ანტენებითა და რადიომიმღებებით აღჭურვილი სპეციალური მოწყობილობების საშუალებით აგროვებდა საიდუმლო მონაცემებს და გადასცემდა უკრაინას. 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთმა ყირიმში ათეულობით ადამიანი დააკავა სხვადასხვა ბრალდებით. რუსული სპეცსამსახურების ძირითადი სამიზნე ისინი არიან, ვინც ნახევარკუნძულზე რუსეთის ყოფნის ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებს. გარდა ამისა, 2014 წლის შემდეგ მკვეთრად იმატა რუსეთისა და უკრაინის სპეცსამსახურების მიერ ჯაშუშების გამოვლენის შემთხვევებმა. 2020-2021 წლებში ჯაშუშობის ბრალდებით უკრაინისა და რუსეთის შესაბამისმა სამსახურებმა არაერთი პირი დააკავეს:
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: 2014 წლის მოვლენების შემდეგ, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერა ღიად დაიწყო, რუსეთსა და უკრაინას შორის „ჯაშუშური ომიც“ გააქტიურდა. ორივე მხრიდან გახშირდა „ჯაშუშების“ გამოვლენის ფაქტები, რაც მოსკოვსა და კიევს შორის სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირების მაღალ ხარისხზე მიუთითებს.
ევროკავშირმა ბელარუსზე ახალი სანქციები დააწესა მთავარი მოვლენა: 2021 წლის 24 ივნისს ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესების შესახებ განაცხადა. მოვლენა დეტალურად: ახალი ევროპული სანქციები იმ სახელმწიფო საწარმოებს შეეხებათ, რომლებიც ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმისთვის შემოსავლის მთავარი წყაროა. მათ შორის არის კალიუმის სასუქების, ნავთობპროდუქტებისა და თამბაქოს მწარმოებლებიც. სანქციები ბელარუსს ასევე უზღუდავს წვდომას ევროკავშირის საფინანსო ბაზრებზე და კრძალავს მისთვის ისეთი ტექნოლოგიებისა და მოწყობილობების მიყიდვას, რომელიც ინტერნეტსა და საკომუნიკაციო საშუალებებში შეტყობინებების გადაჭერას უზრუნველყოფს. ევროპული სანქციები პასუხია ბელარუსში ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე, სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ რეპრესიებსა და 23 მაისს „რაინეარის“ თვითმფრინავის იძულებითი დასმასა და შემდეგ მასში მჯდომი ჟურნალისტის დაკავებაზე. ევროკავშირი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შემდეგ ბელარუსის სიდიდით მეორე სავაჭრო პარტნიორია. ბელარუსის ევროპული ექსპორტი 2020 წელს 7 მლრდ აშშ დოლარი იყო. სამრეწველო ობიექტები ბელარუსისთვის შემოსავლის მთავარი წყაროა. ნავთობქიმიური პროდუქტების მწარმოებელმა „ბელნეფტეხიმმა“ გასულ წელს 4.2. მლრდ აშშ დოლარის ექსპორტი განახორციელა, სასუქების ექსპორტიორმა „ბელარუსკალიმ“ კი, რომელიც მსოფლიოში სასუქების წარმოების 20%-ს უზრუნველყოფს, – 2.4. მლრდ აშშ დოლარი. სასუქების მწარმოებელი ბელარუსული საწარმო – „ბელარუსკალი“. წყარო: belarusdigest.com ბელარუსის პასუხი ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით, ეკონომიკური სანქციების პასუხად ბელარუსმა უნდა შეცვალოს გასაღების ბაზრის მიმართულება. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: დასავლეთის მხრიდან გაზრდილი ეკონომიკური სანქციებისა და პოლიტიკური წნეხის პირობებში, ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმისთვის დაკარგული შემოსავლების კომპენსაციის შესაძლებლობა მხოლოდ რუსეთს აქვს, რომელიც ამ ეტაპზე ლუკაშენკოს მთავარი მხარდამჭერია. ახალი დასავლური სანქციების დაწესებით ბელარუსის იზოლაცია გაღრმავდება, რაც რუსეთისთვის ახალი შესაძლებლობაა ლუკაშენკო უფრო მეტ ინტეგრაციაზე და კრემლის თამაშის წესების შესრულებაზე დაითანხმოს.
რუსეთში სომხური არჩევნები შეაფასეს მთავარი მოვლენა: 2021 წლის 20 ივნისს სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ გაიმარჯვა. ფაშინიანმა მადლობა რუსეთის ლიდერებსაც გადაუხადა. მთავარი მოვლენა: საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ფაშინიანის პარტიამ, რომელმაც ხმათა 53.91% მიიღო. 107-ადგილიან პარლამენტში ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო შეთანხმება“ 71 მანდატით იქნება წარმოდგენილი, რაც მას მთავრობის დამოუკიდებლად ჩამოყალიბების შესაძლებლობას მისცემს. პარლამენტში ასევე იქნებიან წარმოდგენილი ყოფილ პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის ალიანსი (29 მანდატი) და ყოფილ პრეზიდენტ სერჟ სარქისიანთან დაკავშირებული ალიანსი (7 მანდატი). რუსეთის შეფასებები არჩევნებიდან მეორე დღეს რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის დიმიტრი პესკოვის შეფასებით, მოსკოვი ყურადღებით აკვირდებოდა სომხეთიდან არჩევნების შესახებ მიღებულ ინფორმაციას და ხედავს, რომ ფაშინიანის პარტიამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. მან იმედი გამოთქვა, რომ სომეხი ხალხის არჩევანი ქვეყანაში შექმნილ სირთულეებთან გამკლავების შესაძლებობას შექმნის. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი განაცხადა, რომ ისინი იმედოვნებენ, რომ საარჩევნო პროცესის შედეგები ხელს შეუწყობს სომხეთის განვითარებას, რუსეთ-სომხეთის ურთიერთობების გამყარებას და მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დამყარებას მთელ სამხრეთ კავკასიაში, უპირველეს ყოვლისა, 2020 წლის 9 ნოემბრისა და 2021 წლის 11 იანვრის აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივი განცხადების განხორციელების კონტექსტში. ფაშინიანის მადლობა ფაშინიანმა ფეისბუქში პირდაპირი ჩართვის დროს სომხეთისა და სომეხი ხალხის მხარდაჭერისთვის რუსეთის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფაშინიანს გამარჯვება სატელეფონო საუბრის დროს მიულოცა. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის სიმპათიებით არ სარგებლობს, თუმცა რუსეთმა წინასაარჩევნო პროცესში ღია ჩარევაზე უარი თქვა, მიუხედავად იმისა, რომ მისი კონკურენტები კრემლის ფავორიტები იყვნენ. ცნობილია, რომ რობერტ ქოჩარიანს ვლადიმერ პუტინთან მეგობრული ურთიერთობა აქვს. კრემლის ხედვით, მთიანი ყარაბაღის მეორე ომში დამარცხების ფონზე, ფაშინიანის გამარჯვება სომხეთის პრორუსულ ორიენტაციას საფრთხეს ვერ შეუქმნის.
სომხეთში რუსეთის სამხედრო ბაზა ფართოვდება მთავარი მოვლენა: 2021 წლის 28 ივნისს მოსკოვში სომხეთ-რუსეთის სამთავრობათაშორისი კომისიის რიგით მეცამეტე სხდომა ჩატარდა. მოვლენა დეტალურად: სომხურმა დელეგაციამ მოსკოვში სომხეთის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზის განთავსებისა და ფუნქციონირებისთვის აუცილებელი მიწის ნაკვეთისა და უძრავი ქონების გადაცემის საკითხი განიხილა. დელეგაციის წევრები იყვნენ თავდაცვის, საგარეო საქმეთა, ტერიტორიული მმართველობისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, შეიარაღებული ძალების გენშტაბის, სომხურ-რუსული გაერთიანებული დაჯგუფების, საკადასტრო კომიტეტის წარმომადგენლები. სომხეთში რუსეთის სამხედრო ბაზის გაფართოების საკითხი აქტუალური გახდა 2020 წლის 44-დღიანი ომის შემდეგ. ომის დასრულებიდან მალევე სიუნიქის ოლქში სამხედრო ბაზის ორი პოსტი გაიხსნა და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ზოგიერთ მონაკვეთზეც რუსი მესაზღვრეები განთავსდნენ. 27 მაისს ოლქში 3.5 ჰექტარი მიწა რუს მესაზღვრეებს სარგებლობისთვის გადაეცათ. სიუნიქი სომხეთის სამხრეთში მდებარეობს და მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ რეგიონი უსაფრთხოების ახალი გამოწვევების წინაშე დადგა. მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის პირველ ომში დაკარგული რაიონები დაიბრუნა, სიუნიქის დასახლებული პუნქტების სიახლოვეს აზერბაიჯანული სამხედრო პოსტები განთავსდა. რუსული სამხედრო ბაზა სომხეთში. წყარო: Wikipedia სამხედრო თანამშრომლობა სომხეთი და რუსეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები არიან, სადაც რუსეთის მოკავშირე სახელმწიფოები არიან გაერთიანებული. სომხეთი ერთადერთი ქვეყანაა სამხრეთ კავკასიაში, სადაც ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე განთავსებულია სამხედრო ბაზა (უკანონო რუსული სამხედრო ბაზებია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. მთიან ყარაბაღში კი 2020 წლის 9 ნოემბრიდან 2000-მდე სამშვიდობო ძალაა განთავსებული). 1995 წლის შეთანხმების საფუძველზე, ქ. გიუმრიში განთავსებულია 102-ე სამხედრო ბაზა, სადაც 5 ათასამდე სამხედრო მოსამსახურეა. 2010 წელს ბაზის მოქმედების ვადა 25 წლიდან 49 წლამდე (2044 წლამდე) გახანგრძლივდა. 2016 წლის 30 ნოემბერს ხელი მოეწერა შეთანხმებას ორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შესახებ. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: მთიანი ყარაბაღის მეორე ომში მარცხის შემდეგ სომხეთის უსაფრთხოების გარემო გაუარესდა. რუსეთი სომხეთის უსაფრთხოების გარანტი იყო ომამდეც, თუმცა 44-დღიან ომში სამხედრო წარუმატებლობის შემდეგ რუსეთის მხარდაჭერა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. სომხეთი იმ სასაზღვრო მონაკვეთებზე, სადაც სახელმწიფო საზღვრის საკითხი ჯერჯერობით გაურკვეველია, აზერბაიჯანელი სამხედროების პერიოდულ წნეხს განიცდის. სომხური კრიზისი რუსეთისთვის შესაძლებლობაა სამხრეთ კავკასიაში თავისი სამხედრო ყოფნის მასშტაბები კიდევ უფრო გაზარდოს.
რუსეთმა აზერბაიჯანში თურქეთის სამხედრო ბაზის გახსნის შესაძლებლობა შეაფასა მთავარი მოვლენა: 2021 წლის 18 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თურქეთის მიერ აზერბაიჯანში სამხედრო ბაზის მშენებლობის შესაძლებლობას „ჭორები“ უწოდა. მოვლენა დეტალურად: ლავროვის ამგვარი განცხადების აუცილებლობა გამოიწვია შუშის დეკლარაციამ, რომელსაც ხელი 15 ივნისს აზერბაიჯანისა და თურქეთის ლიდერებმა მოაწერეს. დეკლარაცია სამხედრო სფეროშიც ითვალისწინებს თანამშრომლობის განვითარებას. მსგავსი შესაძლებლობა არ გამორიცხა თურქეთის პრეზიდენტმაც. კრემლის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა ამავე საკითხზე განაცხადა, რომ აკვირდება აზერბაიჯანში თურქეთის ბაზის შესაძლო გახსნის საკითხზე მიმდინარე მოვლენებს. თურქეთ-რუსეთის თანამშრომლობა მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ თურქეთმა და რუსეთმა პოსტკონფლიქტური ვითარების მონიტორინგის მიმართულებით თანამშრომლობა დაიწყეს. ამ მხრივ უპრეცედენტო მოვლენა მოხდა და რეგიონში შეიქმნა ერთობლივი მონიტორინგის ცენტრი, რომელიც 2020 წლის 9 ნოემბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მონიტორინგს აწარმოებს. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რეგიონში პოსტკონფლიქტური ვითარების მონიტორინგში რუსეთი და თურქეთი პარტნიორები გახდნენ, თუმცა აზერბაიჯანში თურქეთის სამხედრო ბაზის გახსნა რუსეთისთვის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი და ის წითელი ხაზია, რომელიც თურქეთმა და აზერბაიჯანმა არ უნდა გადალახონ.
ყირგიზეთმა რუსული ვაქცინის ახალი პარტია მიიღო მთავარი მოვლენა: 2021 წლის 22 ივნისს ყირგიზეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა „Спутник V“-ის 80 ათასი დოზა მიიღო. მოვლენა დეტალურად: ყირგიზეთის ჯანდაცვისა და სოციალური განვითარების მინისტრის – ალიმკადირ ბეიშენალიევის განცხადებით, ვაქცინის ნაწილი ყირგიზეთმა ჰუმანიტარული დახმარების სახით მიიღო, ნაწილის შესყიდვა კი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ეს ვაქცინის მესამე პარტიაა. ვაქცინაცია ყირგიზეთში რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, მაგრამ ვაქცინების რაოდენობა ამოიწურა. აპრილსა და მაისში ყირგიზეთმა რუსეთისგან 20-20 ათასი დოზა მიიღო, ჯამში კი, 500 ათასი დოზის მიღების იმედი აქვთ. რა ხდება სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან რუსულ ვაქცინას იყენებენ ბელარუსში, თურქმენეთში, ყაზახეთში, უზბეკეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, მოლდოვაში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ამ ქვეყნებისგან განსხვავებით, რუსულ ვაქცინაზე უარს ამბობს უკრაინა. უკრაინის პარლამენტმა რუსული ვაქცინის რეგისტრაცია აკრძალა. რუსული ვაქცინის გამოყენებას არც საქართველო აპირებს. რუსული ვაქცინა მიიღეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკებმაც – 6 500 და 2 000 დოზა. რუსული ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ „მსოფლიოში პირველი ვაქცინის“ რეგისტრაციის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2020 წლის 11 აგვისტოს განაცხადა. რუსული ვაქცინა „Спутник V“-ის შექმნა პირდაპირი ინვესტიციების რუსულმა ფონდმა დააფინანსა, წარმოება კი გამალეის სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ნაციონალურმა კვლევითმა ცენტრმა და უმსხვილესმა ბიოფარმაცევტულმა კომპანია „ბინოფარმმა“ უზრუნველყვეს. ვაქცინის წარმოება 2020 წლის 15 აგვისტოს დაიწყო. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ყირგიზეთისთვის: ვაქცინების მიწოდებაში გლობალურად არსებული ხარვეზებისა და ინფიცირებულთა რაოდენობის მატების პირობებში, ყირგიზეთისთვის მნიშვნელოვანია ვაქცინების საკმარისი რაოდენობის დროული მიღება, რაშიც ბიშკეკი რუსეთთან არსებული ახლო კავშირების გამოყენებას ცდილობს. |