ავტორი: მამუკა კომახია, ანალიტიკოსი |
გამოცემა: N29 მიმოხილვის პერიოდი: 15-31 მარტი, 2021 რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეს საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს და რეგიონში დასავლეთის პოზიციების გაძლიერებას თავისი ეროვნული ინტერესების საფრთხედ განიხილავს. ჩვენი მიმოხილვის მიზანია მკითხველს პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის ორ კვირაში ერთხელ და გამოადგება ყველას, გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს.
რუსეთი სომხეთის ატომური ელექტროსადგურის სიცოცხლისუნარიანობის გაახანგრძლივებს მთავარი მოვლენა: 2021 წლის 18 მარტს მეწამორის ატომური ელექტროსადგურის დირექტორის, მოვსეს ვარდანიანის განცხადებით, სომხეთში ატომური ენერგეტიკის განვითარების მიზნით, რუსული სახელმწიფო კომპანია „როსატომის“ მონაწილეობით ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. მოვლენა დეტალურად: არსებული მონაცემებით, მეწამორის ატომურმა ელექტროსადგურმა მუშაობა 2026 წელს უნდა შეაჩეროს, სამუშაო ჯგუფის მიზანი კი სადგურის 420 მეგავატის სიმძლავრის რეაქტორის სიცოცხლისუნარიანობის კიდევ 10 წლით გახანგრძლივება იქნება. სომხეთში მსგავსი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ახალი სადგურის მშენებლობისთვის საკმარისი ინვესტიციების მოძიება ვერ მოხერხდა. სადგური, რომელიც ერევნიდან დაახლოებით 35 კილომეტრში მდებარეობს, 1970-იან წლებში აშენდა. სადგური სომხეთის ელექტროენერგიის 40%-ს გამოიმუშავებს. 1988 წლის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ სადგური დროებით დაიხურა, მაგრამ მთიანი ყარაბაღის პირველი ომის შედეგად შექმნილი კრიზისის გამო სადგურის ერთი რეაქტორი 1993 წელს ამუშავდა. მოგვიანებით მეორე რეაქტორიც აამუშავეს.
მეწამორის ატომური ელექტროსადგური. წყარო: euractive.com სადგური რუსული მმართველობის ქვეშ არის და მისი მუშაობის უსაფრთხოებისათვის 2015 წელს რუსეთმა სომხეთს 270 მლნ აშშ დოლარის კრედიტი და 30 მლნ აშშ დოლარის გრანტი გამოუყო. არსებული სადგურის რეაბილიტაციის პარალელურად, სომხეთში ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის საკითხიც ინარჩუნებს აქტუალობას. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ატომური ენერგეტიკა სომხეთის ენერგომოხმარებაში კრიტიკულ მნიშვნელობას ინარჩუნებს და მისი განვითარება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საკითხია. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთის ენერგოსექტორი პრაქტიკულად სრულად რუსეთის გავლენის ქვეშ არის, არსებულ გეოპოლიტიკურ რეალობაში ატომური ენერგეტიკის განვითარება, რაც სომხეთის ენერგოუსაფრთხოების გარანტად მიიჩნევა, მხოლოდ რუსეთის დახმარებით არის შესაძლებელი.
სომხეთი რუსულ გაზს აზერბაიჯანის გავლით მიიღებს მთავარი მოვლენა: 2021 წლის 16 მარტს რუსულმა „გაზპრომ ექსპორტმა“ და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარმა“ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რუსული გაზის ტრანსპორტირების მოკლევადიან კონტრაქტს მოაწერეს ხელი. მოვლენა დეტალურად: „გაზპრომ ექსპორტის“ განცხადებით, გაზსადენ „ჩრდილოეთ კავკასია – ამიერკავკასიის“ (რუსეთ-საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელი მილსადენი) გეგმური სარემონტო სამუშაოების პერიოდში სომხეთი რუსულ გაზს აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით მიიღებს. სამუშაოები, სავარაუდოდ, სამი კვირა გაგრძელდება და მისი დასრულების შემდეგ სომხეთი გაზს კვლავ ძველი მარშრუტით, პირდაპირ საქართველოს ტერიტორიის გავლით მიიღებს. „სოკარის“ წარმომადგენლის იბრაგიმ ახმედოვის განცხადებით, მილსადენზე სარემონტო სამუშაოების გამო, რუსულმა მხარემ აზერბაიჯანს საქართველოში აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით გაზის დროებითი ტრანზიტის თხოვნით მიმართა. რუსეთი ტრანზიტის მომსახურებაში ფულს გადაიხდის. 2020 წელს სომხეთმა „გაზპრომისგან“ 2.2 მლრდ კუბური მეტრი გაზი მიიღო. გაზის მიღების ალტერნატიული მარშრუტი სომხეთ-ირანის გაზსადენია, რომელსაც რუსული გაზის სრულად ჩანაცვლების რესურსი არ გააჩნია. მთიანი ყარაბაღის პირველი ომის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც სომხეთი რუსულ გაზს აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით მიიღებს. სომხეთს სხვა საქონლის იმპორტისთვისაც არასდროს გამოუყენებია აზერბაიჯანის ტერიტორია. ამ მხრივ მნიშვნელოვან ცვლილებებს ელოდებიან მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ. 2020 წლის 9 ნოემბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ყველა დაბლოკილი ეკონომიკური და სატრანსპორტო კვანძის გახსნას ითვალისწინებს. ამ მიმართულებით უკვე შექმნილია სამმხრივი სამუშაო ჯგუფი (რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის მონაწილეობით). რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიის გამოყენებით რუსული გაზის სომხეთში ექსპორტი მოკლევადიანი პროექტია, მსგავსი მოვლენა წარმოუდგენელი იყო მთიანი ყარაბაღის მეორე ომამდე. ახალი სატრანსპორტო დერეფნის თუნდაც დროებით გამოყენება ომის შემდგომ შექმნილი ახალი რეალობის მაჩვენებელია, რაც რეგიონის სატრანსპორტო-ეკონომიკურ ურთიერთობებში დიდი ცვლილებების მაუწყებელიც კი შეიძლება იყოს.
მთიან ყარაბაღში რუსულმა ენამ ოფიციალური სტატუსი მიიღო მთავარი მოვლენა: 2021 წლის 25 მარტს მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო პარლამენტმა 27 ხმით არც ერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა ენის კანონში ცვლილებებს, რის საფუძველზეც რუსული, სომხურთან ერთად, რეგიონის ოფიციალური ენა გახდა. მოვლენა დეტალურად: კანონპროექტის განხილვა 17 თებერვალს დაიწყეს. კანონპროექტის ავტორების განმარტებით, მეორე ოფიციალური ენის შემოღება განპირობებულია ახალი დღის წესრიგის ფორმირების აუცილებლობით, მთიან ყარაბაღსა და რუსეთს შორის „კულტურული, სამხედრო, ეკონომიკური კავშირების“, ისტორიული მეხსიერებისა და იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რომ რუსული ადგილობრივი მოსახლეობისათვის მეორე ენაა. კანონპროექტის ავტორების აზრით, რუსული ენის სტატუსის ამაღლება პირველი რიგის ამოცანაა, რადგან მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების ხანგრძლივი ყოფნა არაერთ სფეროში ქმნის ერთობლივი მუშაობის აუცილებლობას. კანონის მიღების შემდეგ ადგილობრივი „სახელმწიფო“ ორგანოები, იურიდიული პირები, დაწესებულებები თუ ორგანიზაციები ვალდებული არიან საქმისწარმოება სომხურ ენაზე ჰქონდეთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი – რუსულ ენაზეც. რუსული ფაქტორი აქტუალური გახდა ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, როდესაც აზერბაიჯანმა სომხური მხარის მიერ ოკუპირებული აზერბაიჯანული რაიონები და მთიანი ყარაბაღის ნაწილი, მათ შორის, ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის ქალაქი შუშა დაიბრუნა. მთიანი ყარაბაღის დიდი ნაწილისა და დედაქალაქ ხანკედის/სტეპანაკერტის შენარჩუნება სომხურმა მხარემ რუსეთის ჩარევის შედეგად მოახერხა, როდესაც 9 ნოემბერს მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ამჟამად არაღიარებული რესპუბლიკის უსაფრთხოებას რუსი სამშვიდობოები უზრუნველყოფენ. მთიან ყარაბაღში სწავლის განახლების შემდეგ სკოლებში გაჩნდა ბანერები წარწერებით – „მადლობა რუსეთს“, ზოგან კი რუსეთის დროშებიც გამოფინეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 26 თებერვალს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ „აზერბაიჯანში მხოლოდ ერთი ოფიციალური ენა (აზერბაიჯანული) შეიძლება იყოს“, რითაც მიუთითა, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილია. რუსეთმა ენის საკითხი აზერბაიჯანისა და სომხეთის შიდა საქმედ შეაფასა. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი რუსეთია. მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან რუსული ენის სტატუსის ამაღლება უფრო სიმბოლური ნაბიჯია, რომელიც პოსტსაომარ ვითარებაში რეგიონში რუსეთის ახალ როლს უსვამს ხაზს.
უკრაინამ რუსი ხელოვანების წინააღმდეგ საქმე აღძრა მთავარი მოვლენა: 2021 წლის 22 მარტს უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ყირიმის ხიდის გახსნის საზეიმო ცერემონიაში მონაწილე 23 რუსი ხელოვანის წინააღმდეგ საქმე აღძრა. მოვლენა დეტალურად: სისხლის სამართლის საქმე საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ევრომაიდანი-ყირიმის“ მიმართვის საფუძველზე აღიძრა. საქმე ეხება 2018 წლის 15 მაისის მოვლენას, როდესაც ქერჩისა და ტამანის ნახევარკუნძულის დამაკავშირებელი ხიდის გახსნასთან დაკავშირებით საზეიმო კონცერტი გაიმართა. კონცერტში მონაწილეობდნენ გრიგორი ლეპსი, ოლეგ გაზმანოვი, დიმა ბილანი, ვალერია და რუსეთის ესტრადის სხვა ვარსკვლავები.
ყირიმის ხიდის გახსნა. წყარო: TASS მიმდინარე წლის 18 მარტს რუსეთში „ყირიმის რუსეთთან შეერთების“ მეშვიდე წლისთავი აღნიშნეს. მოსკოვში გამართულ კონცერტზე ოლეგ გაზმანოვმა შეასრულა სიმღერა – „ყირიმის ხიდი“. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: უკრაინის ხელისუფლების ასეთი გადაწყვეტილებები რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის წინააღმდეგ გადადგმული სიმბოლური ნაბიჯია, რაც სხვა რუსი თუ უცხოეთის მოქალაქეების გაფრთხილებას ისახავს მიზნად, რომ ყირიმში სტუმრობის შემთხვევაში, ისინი სისხლის სამართლის დანაშაულს ჩაიდენენ.
უკრაინამ რუსული კიბერშეტევა მოიგერია მთავარი მოვლენა: 2021 წლის 16 მარტს უკრაინის უშიშროების სამსახურმა რუსეთის მხრიდან მასშტაბური კიბერშეტევის მოგერიების შესახებ განაცხადა. მოვლენა დეტალურად: უკრაინის უშიშროების სამსახურის ცნობით, რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან დაკავშირებული ჰაკერების სამიზნე უკრაინის სამთავრობო ინსტიტუტებში დაცული საიდუმლო ინფორმაცია იყო. ზიანის შესახებ არ იტყობინებიან, თუმცა ჰაკერული ჯგუფის სახელი იდენტიფიცირებულია, როგორც „არმაგედონი“. უკრაინა რუსეთს ხშირად ადანაშაულებს ჰაკერულ თავდასხმებში, რომელსაც რუსეთი, უკრაინის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ფარგლებში ახორციელებს. უკრაინა რუსეთის კიბერთავდასხმების სამიზნე ადრეც გამხდარა. 2015 წელს ქვეყნის ენერგოსისტემაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 230 ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. 2016 წელს კომპიუტერულმა ვირუსმა კიევში ელექტროენერგიის მომარაგება შეაფერხა. 2017 წელს სამიზნე სახელმწიფო, საფინანსო და ენერგეტიკული ორგანიზაციები გახდნენ. 2020 წლის თებერვალში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინის ხუთ ქალაქში რუსეთის ონლაინსერვისების მხარდაჭერილი „ბოტების ფერმის“ ქსელის მოქმედება გამოავლინა. ამა წლის თებერვალში კი უკრაინამ რუსული ინტერნეტქსელები უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის კუთვნილ ვებგვერდებზე თავდასხმასა და დოკუმენტების ქსელში გავრცელების მცდელობაში დაადანაშაულა. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ბოლო წლებში კიბერთავდასხმები რუსეთის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტად ჩამოყალიბდა და კრემლის ჰიბრიდული ომის ტაქტიკის ნაწილი გახდა. 2014 წლის ყირიმის მოვლენების შემდეგ კრემლი კიბერთავდასხმებით უკრაინის შიდა პოლიტიკაზე გავლენის მოხდენას ცდილობს. ბოლო წლებში განხორციელებული რუსული კიბერთავდასხმები ადასტურებს, რომ უკრაინა მოწყვლადია მსგავსი კიბერთავდასხმების მიმართ, რამაც შესაძლოა ქვეყნის სასიცოცხლო ინფრასტრუქტურაც გამოიყვანოს მწყობრიდან.
რუსეთი ყირგიზეთის ოქროს საბადოს დამუშავებას იწყებს მთავარი მოვლენა: 2021 წლის 17 მარტის ონლაინცერემონიის დროს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ყირგიზეთის პრეზიდენტმა სადირ ჟაპაროვმა ჯერუის ოქროს გადამამუშავებელი საწარმო გახსნეს.
ოქროს საწარმოს ონლაინ გახსნის ცერემონია. წყარო: akipress.com მოვლენა დეტალურად: ჯერუის საბადო ყირგიზეთის სიდიდით მეორე ოქროს საბადოა, რომლსაც რუსული „ალიანს ჯგუფი“ მართავს. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, პროექტის ფარგლებში ყირგიზეთი 600 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას მიიღებს, ყირგიზეთის ბიუჯეტი კი ყოველწლიურად 70 მლნ აშშ დოლარით შეივსება. საბადო ყირგიზეთის ჩრდილო-დასავლეთში, თალასის რეგიონში მდებარეობს და დაახლოებით 90 ტონა ოქროსა და 25 ტონა ვერცხლის მარაგებს მოიცავს. „ალიანს ჯგუფი“ პროექტს რუსული სახელმწიფო „ვითიბი ბანკის“ მხარდაჭერით ახორციელებს და ყირგიზეთ-რუსეთის ეკონომიკურ ურთიერთობაში უდიდესი პროექტია. წლიურად ხუთი ტონა ოქროს მოპოვებას ვარაუდობენ. ყირგიზეთის უდიდეს კუმტორის ოქროს საბადოს კანადური კომპანია ფლობს. ოქროს საბადოები, რომლებიც ქვეყნის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა, ხშირად ხდება ადგილობრივი მოსახლეობის საპროტესტო გამოსვლებისა და პოლიტიკურ ჯგუფებს შორის დაპირისპირების მიზეზი. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ყირგიზეთისთვის: 2020 წლის ოქტომბრის შიდაპოლიტიკური კრიზისის შემდეგ არჩეული პრეზიდენტის სადირ ჟაპაროვისთვის ოქროს საბადოს პროექტის განხორციელება რუსეთთან პოლიტიკური დაახლოების შესაძლებლობაა. ეკონომიკური სარგებლის მიღების გარდა, ჟაპაროვისთვის მნიშვნელოვანია, რომ კრემლმა იგი საიმედო პარტნიორად და ერთგულ მოკავშირედ აღიაროს, რაც მას ქვეყნის შიგნით ძალაუფლების გამყარებაშიც დაეხმარება. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი რუსეთისთვის: მუდმივი შიდაპოლიტიკური კრიზისების მიუხედავად, ყირგიზეთი რუსეთის საიმედო მოკავშირეა. პოლიტიკური ელიტა პრორუსულად არის განწყობილი და ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური ვექტორიც რუსეთისკენ არის მიმართული. მსგავსი მასშტაბური პროექტები ყირგიზეთის ეკონომიკაში რუსეთის გავლენას კიდევ უფრო გაზრდის. |