ავტორი: მამუკა კომახია, ანალიტიკოსი

გამოცემა: N27

მიმოხილვის პერიოდი: 16-28 თებერვალი, 2021

რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეს საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს და რეგიონში დასავლეთის პოზიციების გაძლიერებას თავისი ეროვნული ინტერესების საფრთხედ განიხილავს. ჩვენი მიმოხილვის მიზანია მკითხველს პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის ორ კვირაში ერთხელ  და გამოადგება ყველას, გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს.

 

  • სომხეთის პრემიერ-მინისტრი რუსულ სარაკეტო კომპლექსებს აკრიტიკებს, მაგრამ არმიის რეფორმირებას რუსეთის დახმარებით გეგმავს.
  • მთიან ყარაბაღში რუსული ენის სტატუსის ამაღლებას გეგმავენ.
  • ყირგიზეთის ახალარჩეული პრეზიდენტი პირველი სამუშაო ვიზიტით რუსეთს ესტუმრა.
  • ბელარუსის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტს სოჭში ესტუმრა.
  • რუსულმა ვაქცინამ – „სპუტნიკ V-მა“ რეგისტრაცია მოლდოვაშიც გაიარა.
  • უკრაინა და პოლონეთი „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ მილსადენის პროექტის შეჩერებას ჯო ბაიდენთან ლობირებენ.

 

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა რუსული „ისკანდერები“ დაიწუნა

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 23 თებერვალს სომხური მედიასაშუალებისთვის – „1in.am“ მიცემულ ინტერვიუში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსული წარმოების ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი „ისკანდერი“ დაიწუნა.

მოვლენა დეტალურად:

რა თქვა ფაშინიანმა

ფაშინიანმა ინტერვიუს დროს  განაცხადა, რომ სარაკეტო კომპლექსებმა „არ იმუშავეს“ ან „იმუშავეს მხოლოდ 10 პროცენტით“. ამ განცხადებით, ფაშინიანმა ყოფილ პრეზიდენტ სერჟ სარქისიანს უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ ყარაბაღის მეორე ომში სომხეთმა ეფექტურად ვერ გამოიყენა რუსული „ისკანდერები“ და მისი გამოყენება ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს შეიძლებოდა.

სომხეთის გენშტაბის რეაქცია

ფაშინიანს ამ განცხადებისთვის პრაქტიკულად დასცინა გენშტაბის უფროსის მოადგილე ტირან ხაჩატრიანმა (ყარაბაღის მეორე ომში მონაწილეობისთვის გმირის წოდება მიიღო), რომელიც 24 თებერვალს თანამდებობიდან გაათავისუფლეს. 25 თებერვალს გენშტაბმა პრემიერ-მინისტრისა და მისი მთავრობის დაუყოვნებლივ გადადგომა მოითხოვა, რადგან მათ „არ შეუძლიათ კრიზისულ და ხალხისთვის კრიტიკულ ვითარებაში ადეკვატური გადაწყვეტილების მიღება“. ფაშინიანმა ეს განცხადება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად შეაფასა. სამხედროების პოზიციის გამო სომხეთში არსებული პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდა.

„სომხური ისკანდერები“

სომხეთი 2016 წელს პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც რუსეთისგან „ისკანდერები“ შეიძინა. ოთხი სარაკეტო სისტემის შეძენა სომხეთს 100 მლნ აშშ დოლარამდე დაუჯდა. შენაძენის დემონსტრირება 2016 წლის სექტემბერში ერევანში, სომხეთის დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ სამხედრო აღლუმზე მოხდა. აღნიშნული კომპლექსები „ისკანდერის“ საექსპორტო ვარიანტია (Искандер-Э) და 280 კმ მანძილზე სროლა შეუძლია, რითაც შესაძლებელია აზერბაიჯანის ტერიტორიის დიდი ნაწილის დაფარვა, თუმცა ბაქოზე იერიშისთვის მთიანი ყარაბაღის ტერიტორიიდან სროლაა საჭირო.

Displaying 27_1_Iskander.jpg

„ისკანდერი“. წყარო: Wikipedia

რას ამბობენ რუსეთში

რუსი და აზერბაიჯანელი მაღალჩინოსნების განცხადებით, ყარაბაღის მეორე ომში „ისკანდერის“ გამოყენების მტკიცებულება არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ სომეხი სამხედროები საწინააღმდეგოს ამტკიცებენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ერევანს „ისკანდერები“ არ გამოუყენებია და ისინი ქვეყნის შეიარაღებული ძალების საწყობებში ინახება. სამინისტროს თქმით, ფაშინიანი შეცდომაში შეიყვანეს, რის შედეგადაც მან არაზუსტი ინფორმაცია გამოიყენა. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა არ შეაფასა ფაშინიანის განცხადება. მისი თქმით, რუსეთის ტექნიკამ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში არაერთხელ აჩვენა თავისი ეფექტურობა.

არმიის რეფორმირების გეგმები

სკანდალური განცხადების შემდეგ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე რუსეთთან თანამშრომლობით ქვეყნის არმიის რეფორმირებისა და მოდერნიზაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ფაშინიანის განცხადებით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეიარაღებული ძალების რეფორმირების კონცეფციასა და ვადებს განსაზღვრავს. მანამდე სომხეთის თავდაცვის მინისტრმა ვაგარშაკ არუთიუნიანმა განაცხადა, რომ სომხეთი დაინტერესებულია გიუმრიში მდებარე რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის პოტენციალის გაფართოებითა და გაძლიერებით.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ფაშინიანმა „ისკანდერები“ შიდა პოლიტიკური ბრძოლის კონტექსტში გააკრიტიკა, თუმცა რუსული სამხედრო ტექნიკის კრიტიკა მიუღებელია რუსეთისათვის, რომელიც მსოფლიოში სამხედრო შეიარაღების ბაზარზე მოწინავე ქვეყნის სტატუსისთვის იბრძვის.

 

მთიან ყარაბაღში რუსული ენის სტატუსი ამაღლდება

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 17 თებერვალს მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის პარლამენტში განსახილველად შეიტანეს კანონპროექტი, რომელიც სომხურთან ერთად ოფიციალურ ენად რუსულსაც აღიარებს.

მოვლენა დეტალურად: კანონპროექტს ხელს აწერს მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტი არაიკ არუთიუნიანი. კანონპროექტის მიხედვით, არაღიარებულ რესპუბლიკაში საქმისწარმოება სომხურად წარიმართება, საჭიროების შემთხვევაში კი – რუსულად. წახალისებული იქნება ორ ენაზე ბეჭდური გამოცემების გამოქვეყნება, სახელმძღვანელოების, სამეცნიერო-მეთოდური და სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურის გამოცემა.

კანონპროექტის ავტორების განმარტებით, მეორე ოფიციალური ენის შემოღება განპირობებულია ახალი დღის წესრიგის ფორმირების აუცილებლობით, მთიან ყარაბაღსა და რუსეთს შორის „კულტურული, სამხედრო, ეკონომიკური კავშირების“, ისტორიული მეხსიერებისა და იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რომ რუსული ადგილობრივი მოსახლეობისათვის მეორე ენაა. კანონპროექტის ავტორების აზრით, რუსული ენის სტატუსის ამაღლება პირველი რიგის ამოცანაა, რადგან მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების ხანგრძლივი ყოფნა არაერთ სფეროში ქმნის ერთობლივი მუშაობის აუცილებლობას.

რუსული ფაქტორი აქტუალური გახდა ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, როდესაც აზერბაიჯანმა სომხური მხარის მიერ ოკუპირებული აზერბაიჯანული რაიონები და მთიანი ყარაბაღის ნაწილი, მათ შორის, ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის ქალაქი შუშა დაიბრუნა. მთიანი ყარაბაღის დიდი ნაწილისა და დედაქალაქ ხანკედის/სტეპანაკერტის შენარჩუნება სომხურმა მხარემ რუსეთის ჩარევის შედეგად მოახერხა, როდესაც 9 ნოემბერს მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

ამჟამად არაღიარებული რესპუბლიკის უსაფრთხოებას რუსი სამშვიდობოები უზრუნველყოფენ. მთიან ყარაბაღში სწავლის განახლების შემდეგ სკოლებში გაჩნდა ბანერები წარწერებით – „მადლობა რუსეთს“, ზოგან კი რუსეთის დროშებიც გამოფინეს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი რუსეთია. მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან რუსული ენის სტატუსის ამაღლება უფრო სიმბოლური ნაბიჯია, რომელიც პოსტსაომარ ვითარებაში რეგიონში რუსეთის ახალ როლს უსვამს ხაზს.

 

ყირგიზეთის ახალარჩეული პრეზიდენტის პირველი ვიზიტი რუსეთში

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 24 თებერვალს ყირგიზეთის ახალარჩეული პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვი რუსეთში პირველი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

Displaying 27_2_Japarov-Putin.jpg

ყირგიზეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა. წყარო: რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდი

მოვლენა დეტალურად: ოფიციალური მონაცემებით, პრეზიდენტების შეხვედრაზე პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროში ორმხრივი თანამშრომლობისა და ევრაზიის სივრცეში ინტეგრაციულ პროექტებში ურთიერთქმედების საკითხები განიხილეს.

სადირ ჟაპაროვმა ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში 10 იანვარს გაიმარჯვა. მან ხმების 80%-მდე მიიღო. ვადამდელი არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც 2020 წლის 4 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს პოლიტიკური ქაოსი და პრეზიდენტ სოორონბეი ჟეენბეკოვის გადადგომა მოჰყვა. ერთ-ერთი პირველი, ვინც ჟაპაროვს გამარჯვება მიულოცა, რუსეთის პრეზიდენტი იყო. ჟაპაროვმა გამარჯვებისთანავე, რუსეთის საამებლად, განაცხადა, რომ რუსული ენა ყირგიზეთში შეინარჩუნებდა ოფიციალურ სტატუსს. ჟაპაროვის თქმით, რუსულ ენას ჰქონდა ოფიციალური სტატუსი და მომავალშიც ექნება. მისი თქმით, ყირგიზეთს რუსეთთან აკავშირებს „ახლო, ძმური და სამოკავშირეო ურთიერთობები“. რუსეთში ვიზიტამდე, 19 თებერვალს, ჟაპაროვმა რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ყირგიზეთის ეროვნული ინტერესებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორად შეაფასა.

მოსკოვში ვიზიტამდე ორი დღით ადრე, 22 თებერვალს, ჟაპაროვმა რუსეთში ყირგიზეთის ახალი ელჩი, დეპუტატი გულნარა-კლარა სამატი დანიშნა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ყირგიზეთის ახალარჩეული პრეზიდენტის ძალაუფლების გამყარებისთვის მნიშვნელოვანია რუსეთის პრეზიდენტთან საქმიანი და მეგობრული ურთიერთობების დამყარება, რადგან ეკონომიკური გამოწვევების დაძლევა და პანდემიასთან ბრძოლა რუსეთის დროულ დახმარებაზეა დამოკიდებული. არჩევნებამდე შექმნილი პოლიტიკური ქაოსის პირობებში რუსეთმა ყირგიზეთს ეკონომიკური დახმარება სტაბილური პოლიტიკური გარემოს შექმნამდე შეუწყვიტა და ჟაპაროვსაც ეჭვის თვალით უყურებდა.

 

ბელარუსისა და რუსეთის პრეზიდენტების მორიგი შეხვედრა

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 22 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს სოჭში უმასპინძლა. პრეზიდენტებმა შეხვედრის შემდეგ თხილამურებითაც ისრიალეს. პრეზიდენტების ბოლო პირისპირ შეხვედრა ასევე სოჭში გაიმართა, 2020 წლის სექტემბერში.

Displaying 27_3_Lukashenko-Putin.jpg

ბელარუსისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა. წყარო: რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდი

მოვლენა დეტალურად: ოფიციალური მონაცემებით, შეხვედრაზე ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე, ენერგეტიკასა და სამოკავშირეო სახელმწიფოს ფარგლებში ინტეგრაციაზე ისაუბრეს. ინტეგრაციული პროცესები შენელებული ტემპებით მიმდინარეობს, რის გამოც ლუკაშენკოს რუსეთში აკრიტიკებენ.

2020 წელს რუსეთ-ბელარუსის ურთიერთობა მძიმედ დაიწყო. ლუკაშენკოს გამოსვლებში ანტირუსული განწყობები შეიმჩნეოდა, თუმცა 2020 წლის აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ვითარება შეიცვალა. ლუკაშენკოს წინააღმდეგ უპრეცედენტო გამოსვლებისა და დასავლური ზეწოლის გაძლიერების ფონზე, ლუკაშენკოსთვის ძალაუფლების შენარჩუნების ერთადერთი გზა მოსკოვთან შერიგება გახდა. ამიტომაც, ლუკაშენკო ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტს საუბრობს ინტეგრაციაზე. ლუკაშენკოს განცხადებით, ინტეგრაციის საგზაო რუკის 33 მოთხოვნიდან მხოლოდ 6-7 მოთხოვნა დარჩა შესასრულებელი.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრით ლუკაშენკო პოლიტიკური და ეკონომიკური გარანტიების მოპოვებას ცდილობს, რის გარეშეც მის ძალაუფლებას, შიდა და საგარეო გამოწვევების პირობებში, შესუსტება ემუქრება. კრემლის მხარდაჭერის სანაცვლოდ კი, იგი იძულებულია გარკვეულ დათმობებზე წავიდეს და ინტეგრაციასთან დაკავშირებით რუსულ მოთხოვნებს მეტი ანგარიში გაუწიოს.

 

რუსული ვაქცინა მოლდოვაშიც დაარეგისტრირეს

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 26 თებერვალს მოლდოვამ რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“ დაარეგისტრირა. მოლდოვა 38-ე ქვეყანა გახდა, სადაც რუსული ვაქცინის გამოყენება დასაშვებია.

მოვლენა დეტალურად: რუსული ვაქცინის რეგისტრაცია მოლდოვაში შიდა პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზიც გახდა. მოლდოვის ყოფილი პრორუსი პრეზიდენტი იგორ დოდონი ახალარჩეულ პროდასავლურ პრეზიდენტ მაია სანდუს რუსული ვაქცინის დაბლოკვაში ადანაშაულებდა. საბოლოო ჯამში, რუსულმა ვაქცინამ რეგისტრაცია გაიარა. თუმცა, ამავე დღეს რეგისტრაცია გაიარეს სხვა კომპანიების წარმოებულმა ვაქცინებმაც. 27 თებერვალს კი მოლდოვამ რუმინეთისგან „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 21 600 დოზა მიიღო. მოლდოვა რუმინეთისგან ჰუმანიტარული დახმარების სახით სულ 200 000 დოზას მიიღებს.

პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან რუსული ვაქცინა უკვე დარეგისტრირებული აქვს ბელარუსს (ამავე დროს, ბელარუსი თავადაც დაიწყებს რუსული ვაქცინის წარმოებას რუსულ-ბელარუსული ერთობლივი პროექტის ფარგლებში), თურქმენეთს, ყაზახეთს, უზბეკეთს, ყირგიზეთს, სომხეთს. ამ ქვეყნებისგან განსხვავებით, რუსულ ვაქცინაზე უარს ამბობს უკრაინა. უკრაინის პარლამენტმა რუსული ვაქცინის რეგისტრაცია აკრძალა. რუსული ვაქცინის გამოყენებას არც საქართველო აპირებს.

რუსული ვაქცინა

კორონავირუსის წინააღმდეგ „მსოფლიოში პირველი ვაქცინის“ რეგისტრაციის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2020 წლის 11 აგვისტოს განაცხადა. რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V-ის“ შექმნა და წარმოება პირდაპირი ინვესტიციების რუსულმა ფონდმა დააფინანსა, წარმოება კი გამალეის სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ნაციონალურმა კვლევითმა ცენტრმა და უმსხვილესმა ბიოფარმაცევტულმა კომპანია „ბინოფარმმა“ უზრუნველყო. ვაქცინის წარმოება 15 აგვისტოს დაიწყო.

Displaying 27_4_Sputnik V-minzdrav.jpg

ვაქცინა „სპუტნიკ V“. წყარო: რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსული ვაქცინის ფართო გამოყენება და ვაქცინის ეფექტურობა რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე მოწინავე სამეცნიერო ქვეყნად წარმოაჩენს და საგარეო პოლიტიკაში ვაქცინის, როგორც „რბილი ძალის“ ინსტრუმენტად გამოყენების შესაძლებლობას მისცემს. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რუსული ვაქცინის ფართო გამოყენებით კი, რუსეთი დასავლეთთან შედარებით კონკურენტულ უპირატესობას  მიიღებს იმ რეგიონში, რომელსაც მისი ტრადიციული გავლენის სფეროდ მიიჩნევს.

 

უკრაინა და პოლონეთი „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ მილსადენის პროექტის შეჩერებას ცდილობენ

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 22 თებერვალს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ პოლონელ კოლეგასთან ზბიგნევ რაუსთან ერთად აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ მილსადენის პროექტის დასრულებისთვის ხელის შეშლისკენ მოუწოდეს და მას „საშიში პროექტი“ უწოდეს.

მოვლენა დეტალურად: მინისტრები ბაიდენს არწმუნებენ, რომ თუ პროექტი წარმატებული იქნება, რუსეთი შეძლებს უკრაინული საზოგადოების დარწმუნებას, რომ დასავლეთს არ ადარდებს საკუთარი პრინციპები და საბოლოო ჯამში, უკრაინის უსაფრთხოება და განვითარება. 19 თებერვალს ბაიდენის ადმინისტრაციამ მილსადენის მშენებელ რუსულ ხომალდებზე და მათ მფლობელებზე დამატებითი სანქციები დააწესა. მანამდე, 17 თებერვალს, წარმომადგენლობათა პალატის ოთხმა წევრმა სახელმწიფო მდივან ანტონი ბლინკენს ინფორმაცია მოსთხოვეს, თუ რა კეთდებოდა პროექტის დასრულების შესაჩერებლად.

ამერიკული სანქციები

„ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ წინააღმდეგ პირველი სანქციები 2019 წლის დეკემბერში დაწესდა. სანქციების გამო შვეიცარიულმა კომპანიამ (Allseas) პროექტის გაგრძელებაზე უარი თქვა. ამის შემდეგ სანქციები გაფართოვდა და მილსადენის მშენებლობასთან დაკავშირებულმა სხვადასხვა პროფილის კომპანიებმა ამერიკული სანქციების შიშით უარი თქვეს პროექტში მონაწილეობაზე. ვაშინგტონის პოზიციის საპასუხოდ რუსეთში განაცხადეს, რომ ისინი თავისი ტექნიკური რესურსებით დაასრულებდნენ პროექტს. ამ ეტაპზე, რუსეთი პროექტის საკუთარი რესურსით დასრულებას ცდილობენ.

პროექტის შესახებ

„ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ მილსადენი რუსეთს ბალტიის ზღვის გავლით პირდაპირ გერმანიას დააკავშირებს და გვერდს აუვლის უკრაინას. „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ მსოფლიოში ყველაზე გრძელი ოფშორული მილსადენი იქნება (1 230 კმ). პროექტის დასრულების შემთხვევაში „ჩრდილოეთის ნაკადი-1-ის“ წარმადობა გაორმაგდება და წელიწადში 110 მლრდ კუბურ მეტრს მიაღწევს, რაც ევროკავშირის გაზის მოხმარების მეოთხედზე მეტია. პროექტის განხორციელებას განსაკუთრებით ეწინააღმდეგება უკრაინა და აშშ. არსებული მონაცემებით, „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ პროექტის 94% დასრულებულია. ასაშენებელია მილსადენის 160-კილომეტრიანი მონაკვეთი.

რატომ არის პროექტის შეფერხება მნიშვნელოვანი უკრაინისთვის: „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტის განხორციელების შედეგად, უკრაინის სატრანზიტო ფუნქცია შესუსტდება და იგი რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მიმართ მოწყვლადი გახდება.

რატომ არის პროექტის დასრულება მნიშვნელოვანი რუსეთისთვის:  „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ დასრულება რუსეთს საშუალებას მისცემს უკრაინაზე, როგორც სატრანზიტო ქვეყანაზე, დამოკიდებულება უახლოეს წლებში მინიმუმამდე შეამციროს და რუსული გაზის მთავარ მომხმარებელ გერმანიასთან პირდაპირი კავშირი დაამყაროს.