ავტორი: მამუკა კომახია, ანალიტიკოსი

გამოცემა: N18

მიმოხილვის პერიოდი: 1-15 ოქტომბერი, 2020

რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეს საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს და რეგიონში დასავლეთის პოზიციების გაძლიერებას თავისი ეროვნული ინტერესების საფრთხედ განიხილავს. ჩვენი მიმოხილვის მიზანია მკითხველს პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის ორ კვირაში ერთხელ  და გამოადგება ყველას, გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს.
 

მთავარი მოვლენები:                                                                     

  • რუსეთი მთიან ყარაბაღში საერთაშორისო ტერორისტების ახალი პლაცდარმის შექმნის საფრთხეზე საუბრობს.
  • სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის მოსკოვში მიღწეული შეთანხმების დარღვევის შემდეგ რუსეთი კონფლიქტის ზონაში სამხედრო დამკვირვებლების განთავსების ინიციატივით გამოდის.
  • მთიან ყარაბაღში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირების ფონზე ბელარუსში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამშვიდობო ძალების წვრთნები მიმდინარეობს.
  • საპატიმროში მყოფ ოპოზიციონერებთან ბელარუსის პრეზიდენტის შეხვედრა რუსეთმა დადებითად შეაფასა.
  • ევროკავშირმა ქერჩის სრუტეში სარკინიგზო ხიდის მშენებელ კომპანიებსა და პირებს სანქციები დაუწესა.
  • დიდი ბრიტანეთი უკრაინას სამხედრო-საზღვაო ფლოტის გაძლიერებაში დაეხმარება.
  • ყირგიზეთში შიდა პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად ბიშკეკს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ეწვია.
  • ესტონეთისთვის სახელმწიფო საიდუმლოების გადაცემის ბრალდებით რუსეთში სამხედრო მოსამსახურე და მისი ძმა დააკავეს.

 

რუსეთი მთიან ყარაბაღში ტერორისტების ახალი პლაცდარმის შექმნის საფრთხეზე საუბრობს

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 6 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა სერგეი ნარიშკინმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში კონფლიქტი საერთაშორისო ტერორისტებს იზიდავს.

მოვლენა დეტალურად: ნარიშკინის განცხადებით, სამხრეთი კავკასია შესაძლოა გახდეს ახალი პლაცდარმი საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციებისთვის. მისი თქმით, მებრძოლებმა კონფლიქტის ზონიდან შეიძლება შეაღწიონ აზერბაიჯანისა და სომხეთის მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის, რუსეთში. რუსული დაზვერვის ცნობით, კონფლიქტის ზონაში არიან მებრძოლები ახლო აღმოსავლეთიდან, მათ შორის, „ჯებხატ ალ-ნუსრადან“ და სხვა დაჯგუფებებიდან.  

8 ოქტომბერს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა სტანისლავ ზასმა განაცხადა, რომ ორგანიზაციამ კონფლიქტის ზონაში სირიელი მებრძოლების გამოჩენა დააფიქსირა. მსგავსი განცხადება 2 ოქტომბერს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც გააკეთა. მაკრონის თქმით, სირიელი მებრძოლები მთიან ყარაბაღში თურქეთის გავლით ჩავიდნენ. სირიიდან ჩასული მებრძოლების საომარ მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ წერს უცხოური მედიაც.

12 ოქტომბერს ახლო აღმოსავლეთიდან მთიან ყარაბაღში ტერორისტების გადასროლის შესახებ განცხადება გააკეთეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროშიც. აღნიშნულ საკითხზე მინისტრი სერგეი შოიგუ თავის თურქ კოლეგასაც ესაუბრა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსეთი მის სამეზობლოში ტერორისტების საქმიანობისთვის ახალი პლაცდარმის გაჩენას საკუთარი უსაფრთხოებისთვის მუქარად განიხილავს. რუსეთში ეჭვობენ, რომ მთიან ყარაბაღში დაქირავებული მებრძოლების ტრანსპორტირებაში თურქეთია ჩართული, რომელიც რუსეთის ინტერესების საზიანოდ კონფლიქტის მიმდინარეობაზე გავლენის მოხდენას ცდილობს. მოსკოვის განცხადებებიც სამხრეთ კავკასიაში, რომელსაც მისი გავლენის სფეროდ განიხილავს, მიმდინარე კონფლიქტში გარე აქტორების (განსაკუთრებით თურქეთის) მონაწილეობის პრევენციას ისახავს მიზნად.

 

რუსეთი მთიან ყარაბაღში სამხედრო დამკვირვებლების განთავსების ინიციატივით გამოდის

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 9 ოქტომბერს მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის მონაწილეობით სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა.

მოვლენა დეტალურად: 27 სექტემბრის შემდეგ, როდესაც სამხედრო დაპირისპირება განახლდა, ეს იყო პირველი მაღალი დონის შეხვედრა კონფლიქტის მხარეებს შორის. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ზორაბ მნაცაკანიანისა და მისი აზერბაიჯანელი კოლეგის ჯეიჰუნ ბაირამოვის შეხვედრა 11 საათი გაგრძელდა.

შეთანხმების მიხედვით, 10 ოქტომბრიდან, ჰუმანიტარული მიზნებით, ცეცხლი უნდა შეწყვეტილიყო. მხარეები სამხედრო ტყვეებისა და სხვა დაკავებული პირებისა და გვამების გაცვლაზეც შეთანხმდნენ. ლავროვმა თავის კოლეგებთან სატელეფონო საუბარი 10 ოქტომბერსაც გამართა, თუმცა შეთანხმება მალევე დაირღვა და ფრონტის ხაზზე სამხედრო დაპირისპირება არ შენელებულა.

სერგეი ლავროვი თავის კოლეგებს ტელეფონითაც ესაუბრა. წყარო: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდი

შეთანხმების ჩავარდნის შემდეგ, 14 ოქტომბერს, ლავროვმა მხარეებს კონფლიქტის ზონაში რუსი სამხედრო დამკვირვებლების განთავსება შესთავაზე, თუ ორივე მხარის თანხმობა იქნებოდა.

განახლებული კონფლიქტი: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა. 1994 წელს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ ეს ყველაზე მასშტაბური დაპირისპირებაა, რომელიც ჯერაც გრძელდება. 2016 წელს, „ოთხდღიანი ომის“ შედეგად, აზერბაიჯანმა მცირე ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვა. 2020 წლის ივლისში კი რამდენიმედღიანი დაპირისპირება მთიანი ყარაბაღიდან მოშორებით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან მოხდა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: კონფლიქტის გახანგრძლივება რუსეთისთვის რეპუტაციულ რისკს შეიცავს, რადგან სომხეთი მისი სტრატეგიული მოკავშირეა, აზერბაიჯანი კი ბოლო წლებში მნიშვნელოვანი პარტნიორი გახდა. სამხედრო დაპირისპირების შეწყვეტის უზრუნველყოფის შემთხვევაში, რუსეთი ერთადერთ ძალად წარმოჩინდება, რომელსაც რეგიონში მიმდინარე პროცესებზე გავლენის მოხდენა შეუძლია.

 

ბელარუსში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წვრთნები ტარდება

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 12-16 ოქტომბერს ბელარუსში, ვიტებსკის ოლქში, ლოსვიდოს სამხედრო პოლიგონზე, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამშვიდობო ძალების სამეთაურო-საშტაბო წვრთნები – „ურღვევი ძმობა-2020“ ტარდება.

წვრთნების ოფიციალური გახსნა. წყარო: კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ვებგვერდი

მოვლენა დეტალურად: წვრთნებში 900-ზე მეტი ადამიანი და 120 ერთეულზე მეტი ტექნიკა მონაწილეობს. ორგანიზაციის სამშვიდობო ძალები აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ერთობლივი ოპერაციის წარმოებაში ივარჯიშებენ. რუსეთის მხრიდან წვრთნებში ცენტრალური სამხედრო ოლქიდან 140-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.

ბელარუსის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გენშტაბის მეთაურ ალექსანდრ ვოლფოვიჩის განცხადებით, წვრთნები ორ ეტაპად ჩატარდება. მისი თქმით, წვრთნების დროს ორგანიზაციის ერთ-ერთ რეგიონში სამშვიდობო ოპერაციის ორგანიზების, მომზადებისა და ჩატარების საკითხები დამუშავდება.

წვრთნები რთულ პერიოდს დაემთხვა. ორგანიზაციის ექვსი წევრიდან სამ ქვეყანაში რთული ვითარებაა: ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული საპროტესტო გამოსვლები არ წყდება, ყირგიზეთში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სრული ქაოსია, სომხეთი აზერბაიჯანთან სამხედრო დაპირისპირებაშია ჩართული.

სხვა სამხედრო წვრთნები:

  • 14-25 სექტემბერს რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნები „სლავური ძმობა – 2020“ ბელარუსში, ბრესტის სამხედრო პოლიგონზე, პოლონეთის საზღვართან ახლოს, ჩატარდა.
  • 21-26 სექტემბერს რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქში „კავკაზ-2020“ სტრატეგიული სამეთაურო-საშტაბო სწავლება ჩატარდა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: მთიან ყარაბაღში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირების ფონზე, წვრთნების ერთ-ერთი გზავნილი შესაძლოა ის იყოს, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამშვიდობო ძალები მზად არიან სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის უზრუნველყოფაში მიიღონ მონაწილეობა.

 

ბელარუსის პრეზიდენტი დაკავებულ ოპოზიციონერებს შეხვდა

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 10 ოქტომბერს ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ უშიშროების კომიტეტის საგამოძიებო იზოლატორში ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები მოინახულა.

ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვედრა ოპოზიციონერებთან. წყარო: ბელარუსის პრეზიდენტის ვებგვერდი

მოვლენა დეტალურად: შეხვედრაში 11 ოპოზიციონერი მონაწილეობდა, მათ შორის, ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელებიც. მონაწილეთა შორის იყო ლუკაშენკოს მთავარი კონკურენტი ვიქტორ ბაბარიკოც, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში არ დაუშვეს და დააპატიმრეს. ლუკაშენკოს არ შეხვდა, ასევე დაკავებული, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მარია კოლესნიკოვა.

ოთხსაათიანი შეხვედრის დეტალები უცნობია, თუმცა საუბრის ძირითადი თემა საკონსტიტუციო რეფორმა იყო. ლუკაშენკო კრიზისის დაძლევის მიზნით კონსტიტუციის ცვლილებას გეგმავს, რაც საპრეზიდენტო უფლებამოსილების ხელისუფლების სხვა შტოებზე გადანაწილებასაც გულისხმობს. შეხვედრის შემდეგ ლუკაშენკომ რამდენიმე ოპოზიციონერს პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალა. ლუკაშენკოს მცდელობის (ოპოზიციასთან „დიალოგი“ აწარმოოს) მიუხედავად, ბაბარიკომ განაცხადა, რომ შეხვედრაზე არაფერზე შეთანხმებულან.

კრემლმა ლუკაშენკოს ოპოზიციონერებთან შეხვედრა დადებითად შეაფასა.

პოლიტიკური კონტექსტი: ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომლის შემდეგაც მოქმედი პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ არ წყდება საპროტესტო გამოსვლები. დასავლეთმა ლუკაშენკო ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარა და ბელარუს მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა. შექმნილ პოლიტიკურ კრიზისში ბელარუსის ლიდერს დახმარების ხელი მხოლოდ რუსეთმა გაუწოდა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსეთის ხედვით, ლუკაშენკოს მიერ წამოწყებული დიალოგი, თუნდაც საპატიმროში მყოფ ოპოზიციონერებთან და საკონსტიტუციო რეფორმები ხელს შეუწყობს ბელარუსში შიდა პოლიტიკური კრიზისის დაძლევას, რაც პოლიტიკური პროცესების კრემლის ინტერესების შესაბამისად განვითარებას გამოიწვევს: კერძოდ, მხოლოდ რუსეთის იმედზე მყოფი ლუკაშენკოს ძალაუფლება შესუსტდება და ძალაუფლების საიმედო ხელში გადაცემის შესაძლებლობა შეიქმნება.

 

ევროპამ ქერჩის სრუტეში სარკინიგზო ხიდის მშენებლებს სანქციები დაუწესა

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 1 ოქტომბერს ევროკავშირმა ანგარიშები გაუყინა იმ ოთხ კომპანიას და ორ პირს, რომლებიც ქერჩის სრუტეში სარკინიგზო ხიდის მშენებლობასთან არიან დაკავშირებული.

მოვლენა დეტალურად: სარკინიგზო ხაზი საავტომობილო ხაზის პარალელურად აშენდა, რომელიც 2018 წლის მაისში ოფიციალურად გაიხსნა. სარკინიგზო ხაზი მოგვიანებთ, 2019 წლის დეკემბერში გაიხსნა. ორივე ერთად რუსეთის ტერიტორიას ყირიმის ნახევარკუნძულთან აკავშირებს.

საავტომობილო გზის გახსნის შემდეგაც ევროკავშირმა სანქციები დაუწესა მშენებლობაში ჩართულ ექვს კომპანიას. რუსეთს ყირიმის ანექსიის გამო სანქციები პირველად 2014 წლის 17 მარტს დაუწესეს. ამის შემდეგ სანქციების სია პერიოდულად ახლდება.

ყირიმის ნახევარკუნძული. წყარო: wikipedia

19-კილომეტრიანი ხიდის მშენებლობა რუსეთის მიერ 2014 წლის მარტში ყირიმის ანექსიის შემდეგ გადაწყდა. ხიდის მშენებლობით რუსეთმა პირდაპირი სახმელეთო კავშირი უზრუნველყო ოკუპირებულ რეგიონთან. მშენებლობა 2016 წლის თებერვალში დაიწყო.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ევროკავშირის მიერ  მიღებული გადაწყვეტილება უკრაინის მხარდაჭერის გამოხატულებაა, რაც ყირიმის ანექსიის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში ყოფნას და რუსეთზე პოლიტიკურ და ეკონომიკურ ზეწოლას უზრუნველყოფს.

 

დიდი ბრიტანეთი უკრაინას სამხედრო-საზღვაო ფლოტის გაძლიერებაში დაეხმარება

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 8 ოქტომბერს დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ორმხრივ შეთანხმებას, რომელიც რუსეთის გავლენის შეკავებას ისახავს მიზნად.

მოვლენა დეტალურად: უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ლონდონში ვიზიტის დროს ხელი მოეწერა პოლიტიკური, თავისუფალი ვაჭრობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას. შეთანხმების ხელმოწერა დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების შემდეგ გახდა აუცილებელი.

შეთანხმების ფარგლებში ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ხელი მოაწერა მემორანდუმს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება 1.61 მლრდ აშშ დოლარის დახარჯვა სამხედრო-საზღვაო ფლოტის აღჭურვაზე, რომელიც 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ მძიმე მდგომარეობაშია. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ ნიკოლაევსკის ოლქში ბრიტანეთის სამხედრო ბაზის დაფუძნების შესაძლებლობაზეც ისაუბრა. თუმცა, მოგვიანებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ორი ახალი სამხედრო-საზღვაო ბაზა, რომლის მშენებლობაც აზოვისა და შავი ზღვის სანაპიროზე იგეგმება, უკრაინული იქნება და არა – უცხოური.

უკრაინა დიდი ბრიტანეთისგან ასევე მიიღებს 6.5 მლნ აშშ დოლარს ჰუმანიტარული დახმარების სახით, რომელიც კიევის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას და ახალი კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლას მოხმარდება.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ უკრაინის სამხედრო შესაძლებლობები შავ ზღვასა და აზოვის ზღვაში მნიშვნელოვნად შესუსტდა. დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა კი გაამყარებს უკრაინის პოზიციას რუსეთთან მიმართებით და ხელს შეუწყობს უკრაინაში ქმედითი სამხედრო-საზღვაო ფლოტის ჩამოყალიბებას.

 

ყირგიზეთში პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად კრემლმა წარმომადგენელი მიავლინა

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 13 ოქტომბერს ყირგიზეთში შიდაპოლიტიკური კრიზისის დასარეგულირებლად ბიშკეკს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე დიმიტრი კოზაკი ესტუმრა.

მოვლენა დეტალურად: 2020 წლის 4 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა ყირგიზეთში საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია. მოსახლეობასთან ერთად არჩევნების შედეგებით უკმაყოფილება გამოხატეს პოლიტიკურმა ჯგუფებმაც, რასაც მეორე დღესვე არჩევნების შედეგების გაუქმება მოჰყვა.

რუსეთის რეაგირება

ყირგიზეთში მიმდინარე მოვლენების შეფასების დროს რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „ვითარება რთული, არეული და ქაოსურია“. ყირგიზეთის პრეზიდენტი სოორონბეი ჟეენბეკოვი რამდენჯერმე ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს. 13 ოქტომბერს კი კრიზისის დარეგულირების მიზნით, ყირგიზეთს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე დიმიტრი კოზაკი ესტუმრა (კოზაკი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორიც არის). თუმცა, პუტინთან სატელეფონო საუბრებმა და კოზაკის ვიზიტმა ჟეენბეკოვს ვერ უშველა. შიდაპოლიტიკური კრიზისის შემდგომი გამწვავების თავიდან ასაცილებლად ჟეენბეკოვი 15 ოქტომბერს თანამდებობიდან გადადგა, მიუხედავად იმისა, რომ წინა დღით იგი გადადგომას მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ გეგმავდა.

დროებითი პრემიერ-მინისტრი

სრული ქაოსის პირობებში, 10 ოქტომბერს, პარლამენტის საგანგებო შეხვედრაზე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრად სადირ ჟაპაროვი დაინიშნა. ჟეენბეკოვის წინააღმდეგობის გამო, ჟაპაროვის მთავრობა და პროგრამა პარლამენტმა ხელახლა 14 ოქტომბერს დაამტკიცა, რაზეც პრეზიდენტმაც მისცა დასტური. ჟაპაროვი არჩევნებიდან მეორე დღეს საპატიმროდან გამოიყვანეს, სადაც 11-წლიან სასჯელს იხდიდა. იგი გარდამავალ პერიოდში შეასრულებს პრემიერის მოვალეობას, ჟეენბეკოვის გადადგომის შემდეგ კი – პრეზიდენტის მოვალეობასაც.

რუსული პოლიტიკური ვექტორი უცვლელია

საგანგებო პრეს-კონფერენციაზე ჟაპაროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ყირგიზეთის მთავარი სტრატეგიული პარტნიორია და ასეც დარჩება. მისი თქმით, ორ ქვეყანას ბევრი რამე აკავშირებს, მათ შორის, გეოპოლიტიკური კუთხით. ჟაპაროვის განცხადება გაიმეორა ახლადდანიშნულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსლან კაზაკბაევმაც.

ყირგიზული პოლიტიკური პარტიები ანტირუსული განწყობებით არ გამოირჩევიან. მათი უმრავლესობის ხედვით, ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ინტეგრაციის გაღრმავება და რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობის განვითარება ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ყირგიზეთში მიმდინარე მოვლენები არ უკავშირდება რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირებას და მხოლოდ შიდაპოლიტიკური დინამიკით არის განპირობებული. ყირგიზეთის პოლიტიკური ელიტა პრორუსულია და რუსეთისთვის მთავარი გამოწვევა ყირგიზეთში მეტ-ნაკლებად სტაბილური პოლიტიკური გარემოს უზრუნველყოფაა.

 

რუსეთში ესტონეთის ჯაშუში გამოავლინეს

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 6 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის ცნობით, სახელმწიფო ღალატის ბრალდებით, რუსი სამხედრო მოსამსახურე სმოლენსკში, მისი ძმა კი ფსკოვში დააკავეს.

მოვლენა დეტალურად: რუსული სპეცსამსახურების ინფორმაციით, დაკავებულები აგროვებდნენ და ესტონეთის სპეცსამსახურებს გადასცემდნენ ინფორმაციას, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას განეკუთვნებოდა. სამხედრო მოსამსახურის ძმა ესტონეთში მუდმივად ცხოვრობდა.

ბოლო პერიოდში რუსეთსა და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის „ჯაშუშური ომები“ გამწვავდა. აგვისტოში ციმბირში სტრატეგიული სარაკეტო ძალების სამხედრო მოსამსახურე სახელმწიფო საიდუმლოების უკრაინისთვის გადაცემის ბრალდებით დააკავეს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა აპრილში, სახელმწიფო ღალატისა და ტერორისტული აქტის მომზადების ბრალდებით, გენერალ-მაიორი ვალერი შაიტანოვი დააკავა, მაისში კი, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავა, რომელიც „თანამედროვე სარაკეტო სისტემების“ შესახებ ინფორმაციის უკანონოდ მოპოვებაშია ეჭვმიტანილი.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: პოსტსაბჭოთა ქვეყნები, რომლებსაც რუსეთი თავისი გავლენის სფეროდ მიიჩნევს, რუსული სპეცსამსახურების განსაკუთრებული სამიზნეა. ბოლო პერიოდში ჯაშუშების გამოვლენის მაღალი მაჩვენებელი კი, რუსეთის უკრაინასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან პოლიტიკური დაპირისპირების მაღალ ხარისხზე მიუთითებს.