ავტორი: მამუკა კომახია, ანალიტიკოსი |
გამოცემა: N12 მიმოხილვის პერიოდი: 1-15 ივლისი, 2020 რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეს საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს და რეგიონში დასავლეთის პოზიციების გაძლიერებას თავისი ეროვნული ინტერესების საფრთხედ განიხილავს. ჩვენი მიმოხილვის მიზანია მკითხველს პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის ორ კვირაში ერთხელ და გამოადგება ყველას, გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს.
მთავარი მოვლენები:
სომხეთმა ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია მიიღო – რუსეთის სტატუსი უცვლელია მთავარი მოვლენა: 2020 წლის 10 ივლისს სომხეთმა ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია მიიღო, რომლის მიხედვითაც რუსეთი სტრატეგიული პარტნიორის როლს ინარჩუნებს.
მოვლენა დეტალურად: სტრატეგიული დოკუმენტი 2007 წლის შემდეგ პირველად განახლდა, ძირითადი პრიორიტეტები და საფრთხეები არ შეცვლილა. ახალი დოკუმენტის მიხედვით, რუსეთი კვლავ სომხეთის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირეა, აზერბაიჯანი კი – მთავარი საფრთხის წყარო. განახლებული სტრატეგიული დოკუმენტის მიხედვით, სომხეთი განაგრძობს რუსეთთან სამხედრო-პოლიტიკურ, სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარებას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ დონეზე. რაც ასევე ითვალისწინებს კოლექტიური თავდაცვის შესაძლებლობის გაფართოებას და სამოკავშირეო ურთიერთობების მუდმივ განმტკიცებას. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ სომხეთი აქტიურად მონაწილეობს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ფარგლებში ერთობლივ ინიციატივებში და გააგრძელებს ორგანიზაციული ეფექტურობის გაზრდისთვის მუშაობას. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 2018 წლამდე, ხელისუფლებაში მოსვლამდე, პროდასავლური განწყობებით გამოირჩეოდა და პრორუსული ორგანიზაციებიდან სომხეთის გამოსვლას მოითხოვდა. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი მისი რიტორიკა შეიცვალა და, არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, რუსეთთან მოკავშირეობის განვითარება მისი ხელისუფლებისთვისაც სასიცოცხლო მნიშვნელობას ინარჩუნებს. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად ჩამოყალიბებულ უსაფრთხოების გარემოში, როდესაც კონფლიქტის ხაზზე აზერბაიჯანთან სხვადასხვა მასშტაბის სამხედრო დაპირისპირება ხშირი მოვლენაა, მეზობელი თურქეთი კი აზერბაიჯანის მოკავშირეა, რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობა და სამხედრო თანამშრომლობა სომხეთის უსაფრთხოების ერთადერთ გარანტად რჩება.
რუსეთი სომხეთ-აზერბაიჯანს თავშეკავებისკენ მოუწოდებს მთავარი მოვლენა: 2020 წლის 12 ივლისს სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთი საზღვრისპირა რაიონების მისამართით სროლაში დაადანაშაულეს.
სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირების ადგილი. მოვლენა დეტალურად: 12 ივლისს დაწყებული სამხედრო დაპირისპირება შემდეგ დღეებშიც გაგრძელდა. არსებული მონაცემებით, შეტაკებების შედეგად 10-ზე მეტი აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა, მათ შორის ერთი გენერალ-მაიორი და ერთი პოლკოვნიკი. დაღუპული არიან სომხეთის მხრიდანაც. საყურადღებოა, რომ დაპირისპირება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონიდან მოშორებით მოხდა, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 55 კილომეტრში, აზერბაიჯანის თოუზის რაიონსა და სომხეთის ტავუშის რაიონში. მხარეებმა გამოიყენეს არტილერია, ნაღმმტყორცნები და ტანკები. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მცირემასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირებები 1994 წლიდან მოყოლებული, კონფლიქტის დასრულების შემდეგ, არ შეწყვეტილა. სასაზღვრო დაპირისპირებები მუდმივად მიმდინარეობს, მათ შორის, 2016 წელს დაპირისპირება იმდენად მასშტაბური იყო, რომ მას „ოთხდღიანი ომიც“ უწოდეს. „ოთხდღიანი ომის“ შედეგად აზერბაიჯანმა ოკუპირებული ტერიტორიების მცირე ნაწილის დაბრუნება შეძლო.
რუსეთის რეაქცია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ორივე მხარეს ტელეფონით ესაუბრა. ლავროვმა მხარეებს თავშეკავებისკენ და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა. საინტერესოა, რომ რუსეთი დაპირისპირებულ მხარეებს შორის შუამავლის როლის შესრულებას ცდილობს მაშინ, როდესაც რუსეთი სომხეთის მოკავშირე და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში პარტნიორია. 2016 წლის „ოთხდღიანი ომის“ დროსაც რუსეთის ნეიტრალურმა პოზიციამ სომხეთის უკმაყოფილება გამოიწვია. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: მიმდინარე მოვლენებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ბოლო წლებში სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებაში რუსეთის პოზიცია ერთმნიშვნელოვნად პროსომხური აღარ არის და უფრო ნეიტრალურია. მოსკოვის მსგავსი პოზიცია სომხეთისთვის იმის მაჩვენებელია, რომ კრიტიკულ მომენტში რუსეთმა შესაძლოა ღიად პროსომხური პოზიცია აღარ დაიკავოს, რაც დაპირისპირების შემთხვევაში აზერბაიჯანს მისცემს უპირატესობას.
უკრაინაში დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის კურატორი დააკავეს მთავარი მოვლენა: 2020 წლის 7 ივლისს უკრაინაში დააკავეს პირი, რომელიც დონბასში კრემლის ერთ-ერთი კურატორის როლს ასრულებდა.
ანდრეი კუნავინი (ფოტოზე მარჯვნივ). წყარო: The Insider მოვლენა დეტალურად: უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დაკავებული რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს (ГРУ) „უშტატო თანამშრომელი“ იყო, რომელიც 2014-2015 წლებში დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკაში სამხედრო მიმართულებას კურირებდა და დე ფაქტო რესპუბლიკაში აქტიურად მონაწილეობდა სამხედრო დაზვერვის ჩამოყალიბებაში. „The Insider“-ისა და „Bellingcat“-ის ცნობით, დაკავებული ანდრეი კუნავინია, რომელიც 2014 წელს უკრაინის აღმოსავლეთში შეჭრის შემდეგ უკრაინის ციხიდან გაათავისუფლეს (მას ოთხწლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი მანქანის გატაცებისა და თანხის მითვისების გამო) ძალიან მალე იგი მნიშვნელოვან ფიგურად ჩამოყალიბდა. არსებული ინფორმაციით, მას ურთიერთობა ჰქონდა რუსეთის სპეცსამსახურების ხელმძღვანელებთან, პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვთან, რომელიც 2020 წლამდე დონბასის კურატორი იყო. იგი ადგილზე „საკითხების გადაწყვეტაშიც“ მონაწილეობდა. ამ ეტაპზე უცნობია, თუ როგორ გახდა საშუალო დონის კრიმინალი უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატისტების ერთ-ერთი კურატორი. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტში კრემლის კურატორების დაკავება კიევისა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის კონფლიქტში რუსეთის მონაწილეობის შესახებ დამატებითი მტკიცებულებაა.
რუსეთი უკრაინას ახალ რეალობასთან შეგუებისკენ მოუწოდებს მთავარი მოვლენა: 2020 წლის 9 ივლისს რუსულ მედიაში ორი მაღალჩინოსნის ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც უკრაინასთან ურთიერთობაზე მნიშვნელოვანი გზავნილები გაკეთდა. მოვლენა დეტალურად: ორ წამყვან რუსულ მედიასაშუალებაში („ТАСС“ და „Комсомольская правда“) გამოქვეყნდა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, უკრაინის მიმართულების კურატორის, დიმიტრი კოზაკის ინტერვიუები. ინტერვიუებში რუსმა მაღალჩინოსნებმა უკრაინაზეც ისაუბრეს, რომლის მიხედვითაც, კიევთან კონსტრუქციული დიალოგის იმედი „სწრაფად იფანტება“, რადგან უკრაინული მხარე „წითელ ხაზებს“ ავლებს იმის მაგივრად, რომ „შეეგუოს იმ რეალობას, რომელიც არსებობს“. რუსეთის მაღალჩინოსანთა ძირითადი გზავნილია: კიევმა უნდა მიიღოს რეალობა, რომელიც რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ შეიქმნა, ნაკლები რეაგირება უნდა ჰქონდეს ნაციონალისტების პროტესტზე და დაიწყოს „უფსკრულის შემცირება“ დონბასში უკონტროლო ტერიტორიებთან. კოზაკის განცხადებით, გზაგამყოფი იყო 11 მარტს სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა, სადაც მხარეებმა თითქმის გადაწყვიტეს საკონსულტაციო საბჭოს შექმნის საკითხი, რომლის ფარგლებშიც კიევის, დონეცკისა და ლუგანსკის წარმომადგენლებს პირდაპირი დიალოგი უნდა დაეწყოთ. თუმცა „ზეწოლის შედეგად, უკრაინის პოზიცია მეორე დღეს რადიკალურად შეიცვალა“. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსეთი უკრაინასთან ურთიერთობაში ყირიმის საკითხის რაიმე ფორმით განხილვას გამორიცხავს, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე დაპირისპირებაში კი შიდა უკრაინული დიალოგის მოწოდებით გამოდის, რაც მას უკრაინაზე მუდმივი ზეწოლისა და სიტუაციის კონტროლის საშუალებას მისცემს.
უკრაინაში სახელმწიფო ენისთვის ბრძოლა გრძელდება მთავარი მოვლენა: 2020 წლის 8 ივლისს უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოში ენის შესახებ კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საქმის განხილვა დაიწყო. კანონის მოწინააღმდეგეების აზრით, კანონი ეროვნული უმცირესობების, განსაკუთრებით კი, რუსულენოვანი მოქალაქეების დისკრიმინაციას იწვევს. მოვლენა დეტალურად: საქმის განხილვა წინა მოწვევის პარლამენტის 51 დეპუტატის მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო. მათი უმრავლესობა პრორუსული „ოპოზიციური ბლოკის“ წევრები არიან. კანონის მიმართ ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია ის არის, რომ იგი „ფაქტობრივად რუსულენოვანი მოქალაქეების დისკრიმინაციას ნიშნავს“. „უკრაინულის, როგორც სახელმწიფო ენის ფუნქციონირების უზრუნველყოფის“ კანონი ძალაში 2019 წლის 16 ივლისს შევიდა. კანონის თანახმად, ერთადერთი სახელმწიფო ენის სტატუსი უკრაინულს აქვს, რომლის გამოყენებაც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სავალდებულოა. 2020 წლის 16 ივლისიდან ძალაში შევა კანონის ის პუნქტი, რომელიც სახელმწიფო ენის გამოყენებას სავალდებულოს ხდის მეცნიერებასა და ჯანდაცვის სფეროში. 2021 წლიდან კი სავალდებულო გახდება მომსახურების სფეროში, მაღაზიებში, კვების ობიექტებში. 2024 წლიდან 75-დან 90%-მდე გაიზრდება რადიოსა და ტელევიზიაში უკრაინული ენის გამოყენების ვალდებულება. სხვა ენის გამოყენება დასაშვები იქნება ყოფით ცხოვრებასა და რელიგიური რიტუალების დროს. ყველაზე მწვავე საკითხი უკრაინული ენის განათლების სფეროში გამოყენებაა. 2020 წლის სექტემბრიდან სწავლა სახელმწიფო სკოლებში სახელმწიფო ენაზე უნდა წარიმართოს. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება რუსულენოვან სკოლებს, იმ სკოლებში კი, სადაც სწავლება ევროკავშირის წევრის ქვეყნის ენაზე მიმდინარეობს, კანონი 2023 წლიდან ამოქმედდება. პრორუსი დეპუტატების გარდა, კანონს კრიტიკოსები ჰყავს მმართველი პარტიის – „ხალხის მსახურის“ რიგებშიც და ევროსაბჭოშიც, რომელიც ეროვნული უმცირესობების ინტერესების დაცვას მოითხოვს. წინასაარჩევნო კამპანიის დროს კანონის გადახედვის პირობას დებდა პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომლის გამარჯვება რუსულენოვანი მოსახლეობის მხარდაჭერამაც განაპირობა. გაპრეზიდენტების შემდეგ ნაციონალისტური ჯგუფებიდან ზეწოლის შედეგად ზელენსკიმ ვერ შეძლო კანონში ისეთი ცვლილებების შეტანა, რომელიც რუსულენოვანი მოსახლეობის ინტერესებს დაიცავდა. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი უკრაინისთვის: სახელმწიფო ენის პოზიციების გაძლიერება ხელს შეუწყობს უკრაინული იდენტობის გაძლიერებას, რაც რუსეთის გავლენისაგან თავისუფალი უკრაინული სახელმწიფოს ფორმირებისათვის გადამწყვეტი ფაქტორია. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი რუსეთისთვის: გრძელვადიან პერსპექტივაში, კანონის ამოქმედება, განსაკუთრებით განათლების სფეროში, უკრაინაში რუსული ენის გავლენას შეასუსტებს, რაც უკრაინაზე კულტურული და პოლიტიკური გავლენის დაკარგვის ტოლფასია. ამ ეტაპზე კი, მიმდინარე პროცესები მოსკოვს საშუალებას აძლევს უკრაინის ხელისუფლება წარმოაჩინოს, როგორც ეროვნული უმცირესობების მიმართ დისკრიმინაციული პოლიტიკის განმხორციელებელი.
ლიეტუვაში რუსული სატელევიზიო არხების მაუწყებლობა აკრძალეს მთავარი მოვლენა: 2020 წლის 8 ივლისს ლიეტუვას რადიოსა და ტელევიზიის კომისიის თავმჯდომარის მანტას მარტისიუსის განცხადებით, ქვეყანაში ხუთი რუსული სატელევიზიო არხის მაუწყებლობა შეწყდება. მოვლენა დეტალურად: ლიეტუვის მიერ რუსულ პროპაგანდისტულ მედიასაშუალება – „RT“-სთან დაკავშირებული სატელევიზიო არხების აკრძალვა დიმიტრი კისილიოვის სახელს უკავშირდება, რომელიც 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის პროპაგანდის გამო საერთაშორისო სანქციების სიაშია. კისილიოვი საერთაშორისო-საინფორმაციო სააგენტო „Россия сегодня“-ს გენერალური დირექტორია. მედიაჰოლდინგმა 2018-2020 წლებში 20.4 მლრდ რუბლი სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. ცოტა ხნით ადრე ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს ლატვიაშიც, სადაც 2020 წლის 30 ივნისს ლატვიის ელექტრონული მედიის ნაციონალურმა საბჭომ შვიდი რუსული სატელევიზიო არხის მაუწყებლობა აკრძალა. „RT“-თან დაკავშირებული სატელევიზიო არხები დასავლეთში კრემლის პროპაგანდის ყველაზე გავლენიანი არხებია, რომლებიც ბალტიისპირეთის ქვეყნებს წარუმატებელ ქვეყნებად წარმოაჩენს. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ვლადიმერ პუტინის მმართველობის პერიოდში რუსული სატელევიზიო არხები კრემლის საგარეო პოლიტიკის გავლენიან ინსტრუმენტად ჩამოყალიბდა, რომელსაც კრემლი დასავლეთის, მათ შორის პოსტსაბჭოთა სივრცის პროდასავლური ქვეყნების წინააღმდეგ პროპაგანდისტული მიზნებისთვის იყენებს. ამის გამო ბალტიისპირეთის ქვეყნებში რუსული სახელმწიფო არხების მაუწყებლობის აკრძალვით ქვეყნის შიგნით რუსული საინფორმაციო გავლენის შესუსტებას გეგმავენ.
ვაშინგტონის ახალი მუქარა „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ პროექტის მონაწილეებს მთავარი მოვლენა: 2020 წლის 15 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ პროექტში მონაწილე კომპანიები და პირები მკაცრად გააფრთხილა, რომ „დატოვონ პროექტი ან დაელოდონ არასასიამოვნო შედეგებს“.
„ჩრდილოეთის ნაკადი-2“. წყარო: კომპანია „გაზპრომის“ ვებგვერდი მოვლენა დეტალურად: პომპეოს განცხადებით, „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ პროექტის მონაწილეებს 2017 წელს მიღებული კანონი შეეხებათ, რომელიც ამერიკის ინტერესების მოწინააღმდეგებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. დამატებითი სანქციები ნაწილობრივ ასევე შეეხება „თურქული ნაკადის“ პროექტის მონაწილეებსაც. „თურქული ნაკადის“ პროექტის განხორციელების შედეგად, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, შავი ზღვისა და თურქეთის გავლით, რუსეთიდან გაზს მიიღებენ. ახალი სანქციებით ყველაზე მეტად ხუთი ევროპული კომპანია (Shell, Engie, Uniper, Wintershall და OMV) დაზარალდება, რომლებიც პროექტის დაფინანსებაში მონაწილეობენ. სულ სანქციების შედეგად შესაძლოა 12 ევროპული ქვეყნიდან 120-ზე მეტი კომპანია დაზარალდეს, რაც პროექტის დასკვნით ეტაპზე 700 მლნ ევროს ინვესტიციის დაბლოკვას გამოიწვევს და დარტყმას მიაყენებს მილიარდობით დოლარის ინვესტიციას, რომელიც მილსადენისა და გერმანიასა და ჩეხეთში გაზის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის დაიხარჯა. 2019 წელს აშშ-მ იმ უცხოურ კომპანიებს, რომლებიც პროექტში მონაწილეობას მიიღებდნენ, სანქციები დაუწესა. სანქციების დაწესების შიშით შვეიცარიულმა კომპანიამ (Allseas) 21 დეკემბერს პროექტის გაგრძელებაზე უარი თქვა. არსებული მონაცემებით, „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ პროექტის 94% დასრულებულია. 2020 წლის 4 ივნისს აშშ-ის ხუთმა სენატორმა, რესპუბლიკელ ტედ კრუზისა და დემოკრატ ჯენ შაჰინის ინიციატივით, ახალი კანონპროექტი დაარეგისტრირეს, რომელიც „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ მშენებლობაზე დაწესებული სანქციების გაფართოებას ითვალისწინებს. სენატორთა ახალი ინიციატივით, სანქციები შეეხება ყველა იმ კომპანიას, რომელიც პროექტისთვის უზრუნველყოფს სადაზღვევო მომსახურებას, საპორტო ინფრასტრუქტურას და ასევე ნებისმიერ კომპანიას, რომელიც „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ ექსპლუატაციისთვის სერტიფიცირებას განახორციელებს. პომპეოს მუქარა მორიგი გაფრთხილებაა. პროექტის დასრულების შემთხვევაში, რომელსაც რუსული მხარე 2021 წელს ვარაუდობს, „ჩრდილოეთის ნაკადი-1-ის“ წარმადობა გაორმაგდება და წელიწადში 110 მლრდ კუბურ მეტრს მიაღწევს, რაც ევროკავშირის გაზის მოხმარების მეოთხედზე მეტია. „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ რუსეთს ბალტიის ზღვის გავლით პირდაპირ გერმანიას დაუკავშირებს და გვერდს აუვლის უკრაინას. „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ მსოფლიოში ყველაზე გრძელი ოფშორული მილსადენი იქნება (1 230 კმ). სანქციების დაწესებას აკრიტიკებენ პროექტის მხარდამჭერები:
რატომ არის პროექტის შეჩერება მნიშვნელოვანი აშშ-ისთვის: ვაშინგტონის შეფასებით, პროექტის განხორციელება საფრთხეს უქმნის აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს, ძირს უთხრის უკრაინის სატრანზიტო როლს და აძლიერებს რუსეთის გავლენას ევროპის ენერგოსფეროზე. რატომ არის პროექტის დასრულება მნიშვნელოვანი რუსეთისთვის: პროექტის დასრულება რუსეთს საშუალებას მისცემს უკრაინაზე, როგორც სატრანზიტო ქვეყანაზე, დამოკიდებულება უახლოეს წლებში მინიმუმამდე შეამციროს და რუსული გაზის მთავარ მომხმარებელ გერმანიასთან პირდაპირი კავშირი დაამყაროს. რუსეთში მიაჩნიათ, რომ ამერიკული სანქციები ევროპის ბაზარზე რუსული გაზის ამერიკული თხევადი გაზით ჩანაცვლებასაც ისახავს მიზნად. |