ავტორი: ნათია ტოტოღაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

შესავალი

საერთო ისტორიული გამოცდილების, უსაფრთხოების, პოლიტიკური საჭიროებებისა და გეოგრაფიული სიახლოვის საფუძველზე რუსეთ-უკრაინის ომი იქცა შესაძლებლობად ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე, განსაკუთრებით პოლონეთისთვის, დაანახოს მსოფლიოს, რისი მიღწევა შეძლო სოციალისტური რეჟიმის დამხობისა და საერთაშორისო  თანამშრომლობის ნაწილად ქცევის შემდეგ. პოლონეთისთვის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტი რამდენიმე თვალსაზრისით აღმოჩნდა განსაკუთრებული: ერთი მხრივ, მოხდა მძიმე წარსულის სტიმულირება, რომელიც ბუნებრივად აჩენს აღმდგარი რევიზიონისტული ძალისგან მომდინარე უსაფრთხოების გამოწვევებს, მეორე მხრივ კი,  სტრატეგიული მდებარეობა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირისა და ნატოსთვის, რათა ებრძოლონ რუსულ იმპერიალიზმს.

ამრიგად, ჩვენს ბლოგში შევეცდებით ვუპასუხოთ კითხვას: უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე  როგორ იცვლება საერთაშორისო არენაზე პოლონეთის როლი და მნიშვნელობა?

პოლონეთის უსაფრთხოების გამოწვევები და წარსულის გამოცდილება

უკრაინა-პოლონეთის ურთიერთობების დინამიკა ყოველთვის გამოირჩეოდა თანამშრომლობის უმაღლესი სტანდარტებით, რაც მნიშვნელოვნად იყო განპირობებული საერთო, რთული  წარსულით. ეს ურთიერთობები ომის დროს უფრო გაღრმავდა და დათბა, რაც იმ  საგარეო საფრთხით აიხსნება, რომელიც ამ ქვეყნებისათვის ყოველთვის იყო რუსეთი.

პოლონეთის წამყვანი როლი ევროპაში რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ მიუთითებს იმ მძიმე რუსულ იმპერიალისტურ  გამოცდილებაზე, რომელიც  ჯერ ცარიზმისა და შემდეგ საბჭოთა ფორმით გამოიხატა და რომლის ღირსეული სამართალმემკვიდრის აგრესიულ საგარეო პოლიტიკას დღესაც აქტიურად ებრძვის  ცივილიზებული სამყარო. პოლონეთი ამ წინააღმდეგობრივ  ქმედებებში უფრო აქტიურად მას შემდეგ მონაწილეობს, რაც 2004 წელს  ევროკავშირს შეუერთდა. გაწევრიანების შემდეგ პოლიტიკოსები ვარშავიდან აფრთხილებდნენ ევროპას იმ მზარდი საფრთხეების შესახებ, რომელიც მოსალოდნელი იყო აღმდგარი და რევიზიონისტული რუსეთისგან. მოქმედი პრეზიდენტი ანჯეი დუდა ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას 2018 წელს სიტყვით გამოსვლაში, პრესკონფერენციაზე, აღნიშნავდა, რომ ნატოსა და რუსეთის შესაძლო თანამშრომლობაზე არც წარსულის გამოცდილება და  არც უახლოესი წლები არ მიანიშნებდა და რომ მოსკოვი არ იყო მზად და არ ჰქონდა სურვილი კონსტრუქციული დიალოგისა.

პოლონეთი წლების განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა გერმანია-რუსეთის ურთიერთობების გაღრმავებას ენერგეტიკული მიმართულებით, რისი ძირითადი მიზანი იყო რუსული გაზის გადატანა გერმანიაში პირდაპირ, შუამავალი სახელმწიფოს გარეშე. პოლონელები განსაკუთრებული წინააღმდეგობით შეხვდნენ NORD STREAM II-ის პროექტს, რომელიც ციმბირის გაზს  გერმანიის ბალტიის სანაპიროსთან აკავშირებს. პოლონეთის წარსულის მძიმე გამოცდილებაზე დაყრდნობით  პოლიტიკოსები, განსაკუთრებით კი, თავდაცვის მინისტრი რადოსლავ სიკორსკი (Radoslaw Sikorski),  ჯერ კიდევ 2006 წელს ადარებდნენ ამ  გაზსადენის პროექტს  მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის მემკვიდრეს (1939 წელს დადებული, რომლის შედეგად, პოლონეთსაც ჩამოერთმეოდა ტერიტორიების ნაწილი), რომელმაც შედეგად მსოფლიოს მოუტანა ომი და ნაცისტური და საბჭოთა რეჟიმების პოლონეთში შეჭრა. პოლონელები აფრთხილებდნენ გერმანიას, რომ ეს იყო შესაძლებლობა  უკრაინისთვის, როგორც მთავარი ტრანზიტული ქვეყნისთვის გვერდის ავლით რუსეთს მიეწოდებინა გაზი გერმანიისთვის, რაც ბუნებრივად წაახალისებდა მის აგრესიულ ქმედებებს და  უკრაინას  დააყენებდა ომის საფრთხის წინაშე, ხოლო მთელი ევროპა დაუცველი დარჩებოდა რუსეთის ენერგეტიკული შანტაჟის პირისპირ. გერმანიამ ეს გაფრთხილება უგულებელყო ომის დაწყების წინა დღესაც კი და პროექტის შეჩერება მხოლოდ 2022 წლის 26 თებერვალს მოხდა.

პოლონეთის ისტორიული გამოცდილება, როგორც  პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ (Zbigniew Rau) ამბობს, მთლიანად დაფუძნებულია თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისა და ეგზისტენციალური გადარჩენისთვის ბრძოლაზე, ამიტომ მათთვის ცნება დამოუკიდებლობა ნიშნავს განთავისუფლებას რუსეთისგან.  ის იშველიებს ზბიგნევ ბრეჟინსკის სიტყვებს და ამბობს, რომ მოსკოვს ყოველთვის ჰქონდა ინტერესები უკრაინის მიმართ, რადგან რუსეთის იმპერია უკრაინის გარეშე ვერ იარსებებს.  დამოუკიდებელი უკრაინის არსებობა, რომელიც დასავლეთისკენ იხრება,  გარდაქმნის რუსეთს და იმპერიის აღდგენის მის იდეას გაანადგურებს, თუმცა უკრაინა, რომელიც დაექვემდებარება მას, არის გარანტია შეუცვალოს სტატუსი რუსეთს იმპერიად და თავად უკრაინაც იქცეს ამ იმპერიის ნაწილად. უკრაინაზე, ხალხზე, რესურსებზე, შავ ზღვაზე კონტროლის მოპოვება რუსეთისთვის ნიშნავს კვლავ გარდაიქმნას საფრთხედ ევროპისა და  ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. ამ გზის გავლის ინსტრუქცია შემოგვთავაზა ლეხ კაჩინსკიმ, რომელიც ამტკიცებდა, რომ რუსული აგრესია არ შეჩერდებოდა არც თბილისში, არც კიევში, მეტიც, ის მიაღწევდა ბალტიისპირეთის ქვეყნებს და ბოლოს – პოლონეთს. პოლონეთის მაღალჩინოსნების პოზიცია ეყრდნობა იმ ვარაუდს, რომ რუსეთი არ გაჩერდება, თუ ის ერთობლივი ძალისხმევით არ შეაჩერა თავისუფალმა სამყარომ.

პოლონეთის საერთაშორისო თანამშრომლობა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე

პოლონეთის გამორჩეული როლი მსოფლიოს უსაფრთხოების პოლიტიკაში 1999 წლიდან იწყება, როდესაც ის გახდა ნატოს წევრი და გადაიქცა უსაფრთხოების მთავარ საყრდენად ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე.  ეს შესაძლებელი გახადა მისი სტრატეგიული მდებარეობის, სწრაფი ეკონომიკური ზრდისა და სამხედრო სისტემის მოდერნიზაციის გზით, რაც, თავის მხრივ, სამხედრო რესურსზე გაზრდილი ფინანსური ბიუჯეტის დამსახურება იყო, რომელიც ომის დროს კიდევ უფრო გაიზარდა და გამოიხატა სამხედრო ტექნიკის ინტენსიური შესყიდვებით აშშ-ისა და სამხრეთ კორეისგან, თავდაცვის სფეროში ორმხრივი დიალოგის გაძლიერებით აშშ-სთან, სამხედრო სტრატეგიის ცვლილებით, რომელიც ორიენტირებულია სახმელეთო ძალების გაზრდაზე და რომლის მთავარი მიზანია ყველაზე ძლიერი სახმელეთო არმიის ჩამოყალიბება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, რაც ნიშნავს დღევანდელი ლიდერების – გერმანიისა და საფრანგეთის – ჩანაცვლებას.

პოლონეთმა მალევე დაიწყო ადვოკატირება ნატოსა და ევროკავშირში უკრაინისათვის საჭირო დახმარების გასაგზავნად, თავად კი იქცა მთავარ ტრანზიტულ სახელმწიფოდ იმ საერთაშორისო დახმარებისათვის, რომელიც უკრაინაში იგზავნებოდა. მთავარი უპირატესობა პოლონეთისათვის არის  საზღვარი დასავლეთ უკრაინასთან და აეროპორტი ჟეზოვი (The airport at Rzeszow), რომელიც იქცა მთავარ  გამტარად დასავლური იარაღისა, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე შედიოდა.  იქ არსებული სამგზავრო თვითმფრინავებით ხდებოდა ნატოს ქვეყნებიდან და უკრაინის სხვა მოკავშირეებიდან დახმარების შეუფერხებლად გადატანა, როგორც წვრილი საბრძოლო მასალის, ასევე  მსხვილი ჯავშანტექნიკის მიწოდება. ამ მიზნით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ნატოს სხვა წევრმა სახელმწიფოებმა სასაზღვრო რეგიონებში განათავსეს დამატებითი ჯარები, ჯავშანტექნიკა და საჰაერო თავდაცვის სისტემები. შესაბამისად, პოლონეთი აღმოჩნდა პირველ ხაზზე იმ სისტემური კონფლიქტისა, რომელიც დასავლეთსა და რუსეთს შორის წარმოიშვა და ისეთივე მნიშვნელოვანი ფუნქცია დაეკისრა, როგორსაც გერმანია ასრულებდა ცივი ომის დროს.

სამხედრო დახმარებასთან ერთად, პოლონეთი განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა ასევე დიპლომატიური ძალისხმევით, როგორც უკრაინის ერთგული მეგობარი, მოკავშირე და წარმომადგენელი. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების მოთხოვნასთან ერთად აქტიურად ცდილობდა და ცდილობს ზეწოლა მოახდინოს საერთაშორისო პარტნიორებზე, რათა უკრაინამ შეძლოს კიდევ უფრო ეფექტურად შეეწინააღმდეგოს რუსულ აგრესიას, განსაკუთრებით გერმანიაზე, რადგან ახსოვთ  გერმანიის ძველი პოზიცია – მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომი პასიური როლი და კონფლიქტებში ჩართვისგან თავის არიდება. პოლონეთს განსაკუთრებული მისია ჰქონდა დასავლელი ლიდერების კიევში ვიზიტების უსაფრთხოდ ჩატარებაში. თავად პოლონეთის  პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავიეცკი-ის (Mateusz Morawiecki) ვიზიტი კიევში ომის დაწყებიდან სამი კვირის შემდეგ იყო მხარდაჭერისა და მეგობრობის სიმბოლო, 2022 წლის აპრილში კი თავად ანჯეი დუდა ეწვია კიევს,  ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერის გამოსახატავად ბალტიის სახელმწიფოთა ლიდერებთან ერთად. პოლონეთში ასეთივე მტკიცეა სამოქალაქო პოზიციაც, რომელიც გამოიხატა ამ საკითხის ირგვლივ საზოგადოების სრული მობილიზაციით, მხარდაჭერის ფრაზებით, გაღებული დახმარებებით, შემოწირულობებით,  საქველმოქმედო ღონისძიებებით და თავისუფალი ნებით,  უკრაინელი ხალხისთვის, რათა შეძლონ  გააპროტესტონ რუსული აგრესია პოლონეთში.

პოლონეთის ასეთი ძალისხმევა შეუმჩნეველი არ დარჩენია მთავარ პარტნიორს — აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ორჯერ ეწვია პოლონეთს. მისი ბოლო ოფიციალური ვიზიტი 2023 წლის თებერვალში ვარშავაში გაიმართა. ამ ვიზიტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პოლონეთის სასიცოცხლო როლს უკრაინის მხარდასაჭერად ომის მიმდინარეობისას და მისი მნიშვნელობის ზრდას ნატოში.  მეტიც, პოლონეთის ქმედებებს ამერიკელი ექსპერტები და მაღალჩინოსნები აფასებენ, როგორც აუცილებელს, რომელიც ეხმარება ნატოს, რომ რუსეთის ომს  უკრაინაში ეფექტურად უპასუხოს. ბაიდენის ვიზიტმა დაადასტურა, რომ მტკიცე კავშირები  ქვეყნებს შორის გრძელდება და რომ პოლონეთი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოკავშირე აშშ-ისა და ნატოსთვის.

პოლონელი ლიდერები გამუდმებით აფრთხილებდნენ ნატოსა და ევროკავშირს იმ შესაძლო საფრთხეების შესახებ, რაც რუსეთიდან მოდიოდა. მეტიც, ისინი მოუწოდებდნენ ორგანიზაციებს უკრაინასთან მჭიდრო კავშირების დამყარებისკენ, რადგან ხედავდნენ რუსული საფრთხის მოახლოების კიდევ ერთ საშიშროებას. ომის დაწყებამ სრულად გაამყარა პოლონური ვარაუდები და დღის წესრიგში დააყენა რუსეთის აგრესია მაშინ, როცა პოლონეთის რადიკალიზმს  რუსეთის ქმედებების მიმართ დასავლელი პარტნიორები პოსტკომუნისტურ აშლილობად მოიხსენიებდნენ. დღეს რეალობა სრულიად შეცვლილია, რადგან პოლონეთი მთავარი დასაყრდენია ნატოსთვის უკრაინაში ომის დროს, დასავლეთისთვის კი – მთავარი იარაღი უკრაინისა და ევროპის დასაცავად.

პოლონეთის ურთიერთობების დინამიკა ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან

რუსეთ-უკრაინის ომმა და პოლონეთის როლისა თუ მნიშვნელობის ზრდამ საჭიროება გააჩინა, რომ ევროკავშირს გადაეხედა პოლონეთთან ურთიერთობებისთვის.

პოლონეთსა და ევროკავშირს შორის განხეთქილებამ, რომელიც 2015 წლიდან მომდინარეობს და ეფუძნება პოლონეთის კანონისა და სამართლიანობის პარტიის არალიბერალურ ხედვებს, პოლონეთს, დემოკრატიული ნორმების უხეში დარღვევისთვის,  პანდემიის დროს გამოყოფილი ფინანსური დახმარების (რომელიც ევროპის პანდემიის შემდგომი აღდგენის ფონდიდან უნდა გადარიცხულიყო) შეზღუდვა მოუტანა. ეს იყო პირველი შემთხვევა ევროკავშირის ისტორიაში, როცა ზემდგომმა ინსტიტუციამ წევრი სახელმწიფოს მიმართ ასეთი მკაცრი ზომები გამოიყენა, მისი სასამართლო პოლიტიკისა და დემოკრატიის უკუსვლის გამო. პოლონეთი დიდი წინააღმდეგობით შეხვდა ევროპის ამ გადაწყვეტილებას და ევროკავშირთან გახსნილი მეორე საომარი ფრონტიც ახსენა რუსეთის შემდგომ, რომელსაც ემატებოდა  იაროსლავ კაჩინსკის სიტყვები გერმანიის შესახებ, როცა ბერლინს ევროკავშირში მიზნების კონტექსტში ,,მეოთხე რაიხად“ მოიხსენებდა.

დაძაბული ურთიერთობების დინამიკა, განსაკუთრებით გერმანია-პოლონეთს შორის, მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, თუმცა პოლონეთის მხარდაჭერამ უკრაინისადმი, რომელიც გამოხატული იყო საზღვრის გახსნით, ლტოლვილების მიღებითა და სოციალური საჭიროებების უზრუნველყოფით თუ სამხედრო დახმარებით, გადამწყვეტი აღმოჩნდა ევროპული თანამშრომლობისთვის, რომ ევროკავშირს დაენახა პოლონეთის გამორჩეული როლი  ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე და ურთიერთობების  გადახედვის საჭიროება. ომის დაწყების დღიდან პოლონეთი განსაკუთრებულ ზეწოლას ახდენდა გერმანიაზე საბრძოლო იარაღის გასაგზავნად უკრაინაში, ვინაიდან  გერმანიის ფედერალურ მთავრობას სამხედრო აღჭურვილობის   ექსპორტზე დაწესებული აქვს მკაცრი კონტროლი, განსაკუთრებით, თუ ეს სახელმწიფო არ არის ნატოსა და ევროკავშირის წევრი, შესაბამისად ექსპორტი შესაძლებელი იყო მხოლოდ განსაკუთრებული უსაფრთხოების პოლიტიკის ინტერესებიდან გამომდინარე, ამ შეზღუდვის გამო  სხვა სახელმწიფოთა მხრიდან, მაგალითად, პოლონეთიდან, ასევე შეუძლებელი იყო გერმანული წარმოების იარაღის მიწოდება უკრაინისთვის.  საბოლოოდ, აშშ-ის ზეწოლამ პოლონეთთან ერთად იარაღის სწრაფი მიწოდების მოთხოვნით გადააწყვეტინა გერმანიას დათანხმებოდა საკუთარი მარაგებიდან „ლეოპარდი 2-ის“ ტიპის სატანკო სისტემის გაგზავნას უკრაინაში. პოლონეთის ელიტურ წრეებში ხშირად ვრცელდებოდა მოსაზრება, რომ გერმანიის იმედი არ უნდა ჰქონდეთ, რადგან ის მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს და ამ გზით აძლიერებდნენ ზეწოლას, ერთი მხრივ, გერმანიის ადგილობრივ ხელისუფლებაზე, მეორე მხრივ კი, სრულიად ევროკავშირზე. ასე ცდილობდნენ ქვეყნის შიგნით ანტიგერმანული განწყობების გაღვივებას. პოლონურ-გერმანული დაპირისპირების კიდევ ერთი მაგალითია 2022 წლის 1 სექტემბერს პოლონეთის მთავრობის მიერ გერმანიისთვის გაგზავნილი ნოტა, სადაც ითხოვდა რეპარაციებს (1,3 ტრლ ევრო) იმ ზარალის კომპენსირებისთვის, რაც მეორე მსოფლიო ომის დროს მიადგა პოლონეთს. ეს ქმედებები მიმართული იყო იმ დაკარგული ფინანსური დახმარების საპირწონედ, რომელიც ევროკავშირმა შეუზღუდა პოლონეთს და ამასთანავე ემსახურებოდა საზოგადოების განწყობების შემობრუნებას იმ ფინანსური დანაკარგების გამო, რომლებიც პოლონეთის მთავრობისა და ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოთა შორის დაძაბულობას მოჰყვა, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ პოლონეთს წინ აქვს 2024 წლის  საპარლამენტო არჩევნები.

საბოლოოდ, პოლონურ-გერმანული ურთიერთობების ანალიზი აჩვენებს, რომ ამ ურთიერთობების დინამიკა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა – ეს ქვეყნები კვლავ რჩებიან ერთმანეთთან დაპირისპირებულ დამოკიდებულებაში და ვერ სთავაზობენ მსოფლიოს ურთიერთობების საუკეთესო მოდელს. მათი რიტორიკა კვლავ კრიტიკითა და მოწოდებებით შემოიფარგლება, განსაკუთრებით მმართველ წრეებში, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს და უბიძგებს ორივე მხარეს ერთმანეთთან მიმართებით საკუთარ საგარეო პოლიტიკას გადახედონ. პოლონელი ექსპერტები ორი თვალსაზრისით აფასებენ მიმდინარე მოვლენებს, ერთი ნაწილი, მოიაზრებს რა ომს, როგორც საკუთარს, და მიაჩნია, რომ პოლონეთი წარმოადგენს უკრაინის იმედს ამ ომში, ვინაიდან თავად უკრაინის ხელისუფლებას მაღალი სანდოობის მაჩვენებელი აქვს პოლონეთის ხელისუფლების მიმართ, ხოლო ექსპერტთა მეორე ნაწილი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პოლონეთის ე.წ. შიდა დაპირისპირებას გერმანიასთან და ევროკავშირთან, რომელიც, პოლონელი ექსპერტთა  პოზიციით, ცდილობს მათი დამოუკიდებლობის ჩამოშლას და ამიტომ რუსეთ-უკრაინის ომი მათთვის წარმოადგენს შესაძლებლობას აჩვენონ დანარჩენ მსოფლიოს გერმანიის ადრინდელი გადაწყვეტილებების სისუსტე რუსეთთან ურთიერთობაში.

დასკვნა

პოლონეთმა შეძლო საკუთარი ჰუმანიტარული პასუხით რუსული სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ ქცეულიყო ძლიერ ევროპულ ძალად, მთავარ დასაყრდენად  და პარტნიორად საერთაშორისო თანამშრომლობისთვის. გაღებულმა ძალისხმევამ გაზარდა პოლონეთის მნიშვნელობა ნატოსთვის და გააძლიერა დიპლომატიური ურთიერთობები თავდაცვის სფეროში აშშ-სთან. რაც შეეხება ევროკავშირს, პოლონეთი ცდილობს აჩვენოს დასავლეთს, რომ თავდაცვის სტრატეგიული განაწილების თვალსაზრისით ძალაუფლების დინამიკა ევროპაში იცვლება პოლონეთის სასიკეთოდ, განსაკუთრებით, ევროპის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში, თუმცა ურთიერთობები კვლავ დაძაბულია პოლონეთის შიგნით არსებული დემოკრატიული გარღვევების გამო, რაც ყველაზე მკვეთრად ჩანს გერმანიასთან და რაზე აქცენტსაც აკეთებს როგორც ევროკავშირი, ისე აშშ. საბოლოოდ, როგორც ბენ ჰოჯესი (Ben Hodges) – ამერიკის შეერთებული შტატების ოფიცერი, ნატოს მენტორი და აშშ-ის ევროპული არმიის მთავარი გენერალი ამბობს, ევროპაში რეალური სიმძიმის ცენტრი აღმოსავლეთით გადადის.