ავტორი: მამუკა კომახია, ანალიტიკოსი

აფხაზეთში 2020 წლის 9-12 იანვარს განვითარებული პოლიტიკური კრიზისის შედეგად აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა გადადგა. ხაჯიმბა, რომელიც თავადაც მსგავსი კრიზისის შედეგად გახდა პრეზიდენტი, მზარდი შიდა პოლიტიკური ზეწოლისა და რუსი კურატორების შუამავლობის შედეგად, იძულებული იყო თანამდებობა დაეტოვებინა. არალეგიტიმური ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის 22 მარტს დაინიშნა, რომელშიც ხაჯიმბა აღარ აპირებს მონაწილეობის მიღებას. საპრეზიდენტო კანდიდატების დასახელება 22 იანვრიდან იწყება და მათგან გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი მთავარ ოპოზიციონერსა და „აფხაზური რევოლუციის“ ლიდერს – ასლან ბჟანიას აქვს.

კრიზისის ქრონოლოგია

აფხაზეთში საპროტესტო აქციები 9 იანვარს დაიწყო, როდესაც რამდენიმე ასეულმა ადამიანმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა შტურმით აიღო. ოპოზიციის მხარდამჭერებმა ხაჯიმბას გადადგომა და ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება მოითხოვეს. დაძაბულობის ზრდის ფონზე დე ფაქტო პარლამენტი საგანგებოდ შეიკრიბა და ხაჯიმბას უფლებამოსილების შესრულებაზე ნებაყოფლობით უარის თქმა შესთავაზა. ხაჯიმბამ მიმდინარე პროცესები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად შეაფასა.

10 იანვარს აფხაზეთის უზენაესმა სასამართლომ 8 სექტემბერს ჩატარებული არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, რომელშიც ხაჯიმბამ მცირე უპირატესობით გაიმარჯვა, უკანონოდ გამოაცხადა.

დაძაბულობა გაგრძელდა 11 და 12 იანვარსაც, რასაც საარჩევნო კომისიის მიერ ახალი არჩევნების 22 მარტს დანიშვნა მოჰყვა. 12 იანვარს, გვიან საღამოს, ხაჯიმბამ თანამდებობა დატოვა. 13 იანვარს აფხაზეთის პარლამენტის 34 დეპუტატიდან 32-მა, მათ შორის ხაჯიმბას მომხრეებმაც, მხარი დაუჭირა ხაჯიმბას გადადგომას. ამავე დღეს თანამდებობა დატოვა ხაჯიმბას ვიცე-პრეზიდენტმა ასლან ბარციცმაც. დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას კი მოქმედი პრემიერ-მინისტრი ვალერი ბგანბა შეუდგა.

კურატორები კრემლიდან

ხაჯიმბას გადადგომაში გადამწყვეტი როლი შეასრულეს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ რაშიდ ნურგალიევმა და პრეზიდენტის თანაშემწემ ვლადისლავ სურკოვმა.

სოხუმს პირველი, 10 იანვარს, ნურგალიევი ესტუმრა, რომელიც იმავე დღეს შეხვდა ხაჯიმბას. 11 იანვარს ნურგალიევი შეხვდა როგორც ხაჯიმბას, ასევე ბჟანიას. 12 იანვარს კი ნურგალიევმა, შუამავლის რანგში, ხაჯიმბა-ბჟანიას გადამწყვეტ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

კრიზისის დასკვნით ეტაპზე, 12 იანვარს, სოხუმში ჩავიდა სურკოვი, რომელიც ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა, ხაჯიმბას კი მხოლოდ ტელეფონით ესაუბრა. სწორედ ამ სატელეფონო საუბრის შემდეგ გააკეთა ხაჯიმბამ განცხადება გადადგომის შესახებ.

ხაჯიმბა და რუსეთის მხარდაჭერა

ვლადისლავ არძინბას პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ხაჯიმბა რუსეთის ფავორიტი აფხაზი პოლიტიკოსი იყო. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ხაჯიმბას ღია მხარდაჭერის მიუხედავად, 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სახელმწიფო კომპანია „ჩერნომორენერგოს“ უფროსმა სერგეი ბაღაფშმა მოიგო, რამაც სერიოზულად დააზიანა კრემლის რეპუტაცია. ხაჯიმბა ბაღაფშთან 2009 წელს კიდევ ერთხელ დამარცხდა. 2011 წელს ხაჯიმბა მესამე არჩევნებშიც დამარცხდა, რომელიც ბაღაფშის გარდაცვალების გამო ვადაზე ადრე ჩატარდა.

ხაჯიმბას დრო 2014 წელს დადგა, როდესაც კრემლში ჩათვალეს, რომ ალექსანდრე ანქვაბი და მისი გუნდი აფხაზეთის რუსეთთან უფრო ღრმა ინტეგრაციას ხელს უშლიდნენ. 2014 წლის მაისში განვითარებული შიდა პოლიტიკური კრიზისის შედეგად, ანქვაბს ხაჯიმბას ლიდერობით ოპოზიცია დაუპირისპირდა. კრიზისის მოსაგვარებლად სოხუმს მაშინაც სურკოვი და ნურგალიევი ეწვიენ. მათი შუამავლობის შედეგად ანქვაბი გადადგა და 2014 წელს ჩატარებულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ხაჯიმბამ მეოთხე მცდელობით გაიმარჯვა. 2019 წლის არჩევნებშიც  შეძლო ხაჯიმბამ რუსეთის მხარდაჭერის მიღება. არჩევნებამდე სოხუმს სურკოვი ესტუმრა, რაც ხაჯიმბას მხარდაჭერის გამოხატულებად შეფასდა. თუმცა, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი დამაჯერებელი გამარჯვების მოსაპოვებლად და ხაჯიმბამ მხოლოდ მეორე ტურში, მცირე უპირატესობით, მოიგო. სწორედ ამ მეორე ტურის შედეგების გაუქმებას მოითხოვდნენ ხაჯიმბას მოწინააღმდეგეები.

„აფხაზური რევოლუციის“ მთავარი ფიგურები

ხაჯიმბას გადადგომაში მთავარი როლი შეასრულეს „დონბასის გმირმა“ ახრა ავიძბამ, ხაჯიმბას გავლენიანმა პოლიტიკურმა მოწინააღმდეგემ ბჟანიამ და კრემლის მიერ გამოგზავნილმა კურატორებმა.

საწყის ეტაპზე გადამწყვეტი როლი ახრა ავიძბამ შეასრულა, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე შტურმის ორგანიზატორი იყო. ავიძბა 2014 წლიდან ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში მოხალისედ იბრძვის.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე „წარმატებული“ შტურმის შემდეგ მოსკოვიდან სასწრაფოდ ჩამოფრინდა ბჟანია, რომელმაც ოპოზიციის ლიდერის ფუნქცია იტვირთა და რუსი კურატორების შუამავლობით ხაჯიმბასთან მოლაპარაკებებში ჩაერთო. ბჟანია 2019 წლის აპრილში, რუსეთში ყოფნის პერიოდში, მოწამლეს. მაღალი ალბათობით, ბჟანიას, როგორც ხაჯიმბას კონკურენტის, მოშორებას შეეცადნენ. თუმცა, ბჟანიამ უკვე გაიარა რეაბილიტაცია და, როგორც ჩანს, გასაპრეზიდენტებლადაც მზად არის.

ხაჯიმბას მოწინააღმდეგეების აქტიურობის ფონზე, ხაჯიმბას მომხრეებმა, როგორც პარლამენტში, ასევე მთავრობასა და ძალოვან უწყებებში, პასიურობა და/ან ნეიტრალობა გამოავლინეს. კრიზისის დღეებში მათ ხაჯიმბას სათანადო მხარდაჭერა არ გამოუცხადეს და მთლიანად ოპოზიციის ლიდერების კარნახით იმოქმედეს.

პოლიტიკური კრიზისის მიზეზები

ხაჯიმბას ვადამდე გადადგომას  სამმა მნიშვნელოვანმა ფაქტორმა შეუწყო ხელი.

პირველი, პოლიტიკური კრიზისის ერთ-ერთი მიზეზი 2019 წლის არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგი იყო, სადაც ხაჯიმბამ კანონით დადგენილი 50%-ზე მეტი ვერ მიიღო. მეორე ტურში ხაჯიმბამ 47.38% მიიღო, „ამცახარას“ ლიდერმა ალხაზ კვიცინიამ კი, რომელიც ბჟანიას ავადმყოფობის პირობებში მისი  მხარდაჭერით სარგებლობდა, 46.19%. არსებული კანონმდებლობა შედეგების განსხვავებული ინტერპრეტაციების შესაძლებლობას იძლეოდა, რაც კარგად გამოიყენეს ხაჯიმბას მოწინააღმდეგეებმა.

მეორე და გადამწყვეტი მიზეზი, აფხაზეთში შექმნილი კრიმინოგენური ვითარებაა. ბოლო წლებში რუსეთის  მოქალაქეების მკვლელობებისა და რუსი ტურისტების წინააღმდეგ გახშირებული აგრესიის ფაქტების გამო, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას აფხაზეთში რუსეთის „ელჩმაც“ კი უსაყვედურა, რასაც აფხაზური საზოგადოების მხრიდან „ელჩის“ კრიტიკაც მოჰყვა აფხაზეთის შიდა საქმეებში ჩარევის გამო.

ბოლო გახმაურებული კრიმინალური შემთხვევა 2019 წლის 22 ნოემბერს სოხუმის ცენტრში, რესტორან „სან-რემოში“ მოხდა, როდესაც ორი კრიმინალური ავტორიტეტი მოკლეს. კანონიერი ქურდების – ალხას ავიძბასა და ასტამურ შამბას მკვლელობას მათი ახლობლების მხრიდან ხაჯიმბას საწინააღმდეგო გამოსვლები მოჰყვა. გამოსვლების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი, ახრა ავიძბა კი, ალხას ავიძბას ბიძაშვილია. აფხაზეთში გავრცელებული მოსაზრებით, ავიძბას დონბასიდან აფხაზეთში დაბრუნება ხაჯიმბასადმი შურისძიებითაც იყო განპირობებული. საპროტესტო მუხტის გაძლიერებას მკვლელობასთან ხაჯიმბას დაცვის წევრის შესაძლო კავშირმაც შეუწყო ხელი.

ხაჯიმბამ ვერც თავისი ვიცე-პრეზიდენტის, ვიტალი გაბნიას, დაცვა შეძლო, რომელიც მას შემდეგ გადადგა, რაც რესტორანში სცემეს, თუმცა დამნაშავეების დაჭერა ვერ მოხერხდა.

მესამე, როგორც ჩანს, რუსეთიც დაიღალა ხაჯიმბას მრავალწლიანი მხარდაჭერითა და მისი მუდმივი მფარველობით. ხაჯიმბამ ვერც სათანადო პოლიტიკური უნარები გამოავლინა და ვერც რუსეთთან ინტეგრაციის ტემპები დააჩქარა. კრემლში კარგად იციან, აფხაზურ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის არ არის სხვაობა საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის კუთხით. მიმდინარე ბრძოლა უფრო რუსეთთან ინტეგრაციის ტემპებსა და რუსეთიდან წამოსული ფინანსური რესურსების კონტროლისთვის ბრძოლას უკავშირდება.

პოსტკრიზისული გარემო

ასლან ბჟანიას შანსები

ხაჯიმბას მომხრეების დემორალიზაციის პირობებში, არჩევნებში გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი ბჟანიას აქვს, რომელმაც, სავარაუდოდ, ამ ეტაპზე შეძლო კრემლის მხარდაჭერის მოპოვებაც. გადამდგარი ხაჯიმბას გუნდის წევრის არჩევნებში მონაწილეობას უფრო ფორმალური ხასიათი ექნება.

დიალოგი თბილისთან

კრიზისის დასრულების შემდეგ ბჟანიამ საქართველოსთან პირდაპირი დიალოგის შესაძლებლობაზე ისაუბრა. მსგავსი მოსაზრება კიდევ ერთხელ გაიმეორა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამაც. აფხაზური პოლიტიკის ვეტერანების განცხადება აფხაზური საზოგადოების ნაწილმა მწვავედ მიიღო, რადგან ბევრს მიაჩნია, რომ დიალოგი მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება დაიწყოს, რაც საქართველო აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს.

მესამე ძალა

აფხაზეთში დიდი ხანია საუბრობენ მესამე ძალის გამოჩენაზე, რომელიც მოქმედ პოლიტიკურ ლიდერებს ნელ-ნელა ჩაანაცვლებს. ამ კონტექსტში საინტერესო განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა თანამშრომელმა, დონბასელი სეპარატისტების ყოფილმა კურატორმა ინალ არძინბამ. არძინბა, რომელიც რუსეთის პოლიტიკური ელიტისთვის კარგად ნაცნობი ფიგურაა, არჩევნების შემდეგ აფხაზეთში ახალი პოლიტიკური პარტიის დაფუძნებას გეგმავს. არძინბას ეს განცხადება პირველი საჯარო განცხადებაა აფხაზურ პოლიტიკაში მისი მონაწილეობის შესახებ. როგორც ჩანს, კრემლი აფხაზური პოლიტიკისთვის ახალი თაობის პოლიტიკოსებს ამზადებს, რომლებსაც ნაკლები კავშირი აქვთ საქართველოსთან და რუსეთთან ინტეგრაციასაც, ძველი თაობის აფხაზი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, მეტი ენთუზიაზმით უჭერენ მხარს. არძინბამ საქართველოსთან დიალოგის წინაპირობად აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება დაასახელა, რითაც ბჟანია-შამბას გამოთქმული მოსაზრების საწინააღმდეგო აზრი დააფიქსირა. მან ამავე დროს რუსული მედიისთვის მიმართვა ჩაწერა, სადაც აფხაზეთში ახალი ლიდერების გამოვლენასა და აფხაზეთის განვითარების სტრატეგიაზე ილაპარაკა.