2023 წლის 21 ოქტომბერს, პროექტის – „პანკისის ახალგაზრდული სკოლის’’ – გახსნის ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ლექცია-დისკუსიების სერია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პანკისის ხეობის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, დირექტორებმა და პედაგოგებმა
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსმა მკვლევარმა, ალექსი პეტრიაშვილმა, ხეობის სკოლის მოსწავლეებთან ერთად ისაუბრა საქართველოს დასავლურ ალიანსებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე; პროფესორმა რევაზ გაჩეჩილაძემ მოსწავლეებს წაუკითხა ლექცია თემაზე „სამხრეთ კავკასია“; ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მკვლევარმა მოსწავლეებთან ერთად ანტიდასავლური პროპაგანდის შესახებ ისაუბრა, ხოლო რონდელის ფონდის მკვლევარმა მამუკა კომახიამ კი პოსტსაბჭოთა სივრცე მიმოიხილა.
რონდელის ფონდის პროექტი „პანკისის ახალგაზრდული სკოლა“ 2023 წლის სექტემბრიდან საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება, და მიზნად ისახავს პანკისის ხეობის საჯარო სკოლების უფროსკლასელების სამოქალაქო ცნობიერების გაძლიერებას და არაფორმალური განათლებისა და სხვადასხვა აქტივობის გზით მათი შესაძლებლობების გაზრდას.