25 აპრილს, რონდელის ფონდმა, საქართველოში ბულგარეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის, რუმინეთის, სლოვაკეთისა და სლოვენიის საელჩოებთან თანამშრომლობით, უმასპინძლა პანელურ დისკუსიას, რომელიც ეძღვნებოდა შვიდი ქვეყნის ნატოში გაწევრიანების საიუბილეო 20-ე წელიწადს. ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით რონდელის ფონდის პრეზიდენტი ეკატერინე მეტრეველი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინიკოვი გამოვიდნე.
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს: ბულგარეთის ელჩმა ვესელინ ვალკანოვმა, ესტონეთის ელჩმა რიინა კალიურანდმა, ლატვიის ელჩმა ედიტე მედნემ, ლიეტუვის ელჩმა ანდრიუს კალინდრამ, რუმინეთის ელჩმა რაზვან როტუნდუმ, სლოვაკეთის ელჩმა მატუშ ბუშოვსკიმ და სლოვენიის ეჩმა მატეა პრევოლშეკმა.
პანელს მოდერაცია რონდელის ფონდის უფროსმა მკვლევარმა, ალექსი პეტრიაშვილმა გაუწა.
ელჩებმა ისაუბრეს მათი ქვეყნებისთვის ნატოში გაწევრიანების მნიშვნელობაზე უსაფრთხოების განმტკიცებისა და დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. დიპლომატებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მხარს უჭერენ საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრებას. მსჯელობისას საუბარი ასევე შეეხო გამჭვირვალობის შესახებ კანონის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს და ელჩებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს, რომ ეს კანონი არ შეუწყობს ხელს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას და საფრთხეს შეუქმნის საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის არსებობას.