ავტორი: ხათუნა მშვიდობაძე, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ლექტორი და უტიკის კოლეჯის (ნიუ-იორკი) კიბერუსაფრთხოების ასოცირებული პროფესორი. ტვიტერი – @KhatunaMs.
რუსეთის, ჩინეთისა და ირანის ტრიო კოვიდ-19-ის გლობალურ პანდემიას დეზინფორმაციის გავრცელებისათვის იყენებს. ეს არის მრავალმხრივი და კომპლექსური კამპანია, რომელიც მიმართულია შეარყიოს საზოგადოების ნდობა დასავლეთის ქვეყნების მიმართ. საინტერესოა, რომ სამივე ქვეყანა ერთმანეთის მსგავს ყალბ ნარატივებს ავრცელებს. „სამწუხაროდ, საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული, – განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, – და აშკარაა, რომ მოდის ისეთი ადგილებიდან, როგორებიცაა ჩინეთი, რუსეთი და ირანი“.
ეს პრობლემა მხოლოდ ამერიკას არ აწუხებს. ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (რომელიც ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმოადგენს) ანგარიშის მიხედვით, ჩინეთი და რუსეთი კორონავირუსით გამოწვეულ გლობალურ კრიზისს იყენებენ ონლაინდეზინფორმაციის გასავრცელებლად. სახელმწიფო და სახელმწიფოსგან მხარდაჭერილი აქტორები, ნათქვამია ანგარიშში, ცდილობენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის არსებული კრიზისი გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად გამოიყენონ.
გარდა იმისა, რომ მსგავსია რუსული, ჩინური და ირანული ნარატივები, როგორც ჩანს, მათი გავრცელების მეთოდებიც დეზინფორმაციის რუსული სახელმძღვანელოდანაა აღებული.
ჩინეთში ყველაფერი ეს კომუნისტური პარტიის კარგად ჩამოყალიბებულ შიდა ცენზურას გადის. პარტიის მხრიდან ჩინეთის მოქალაქეების კონტროლი კიდევ უფრო გაძლიერდა პანდემიის დროს. ჟურნალისტები, ექიმები და ონლაინხმები, ვინც გაბედა ხელისუფლებას შეწინააღმდეგებოდა ან დანარჩენი მსოფლიოსთვის სწორი მესიჯების გაგზავნა, რატომღაც ან დადუმდა, ან საერთოდ „გაქრა.“
ჩინეთში დამოუკიდებელი ხმების ჩახშობასთან ერთად შეერთებული შტატები ცდილობს გამოიძიოს ჩინეთის მიერ კოვიდ-19-თან დაკავშირებული ინფორმაციის შესაძლო დაფარვის საქმე. კერძოდ, გავრცელდა თუ არა ვირუსი ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის P4 ლაბორატორიიდან. P4 წარმოადგენს ბიოუსაფრთხოების უმაღლეს დონეს, რაც კი შეიძლება ჰქონდეს სახიფათო ბიოლოგიურ აგენტებზე მომუშავე ლაბორატორიას. ვუჰანი ერთ-ერთია ჩინეთში არსებული ორი ასეთი ლაბორატორიიდან. ფაქტების სერიოზულობიდან გამომდინარე, ამერიკელი ოფიციალური პირები სიფრთხილეს იჩენენ.
ამასობაში, ჩინეთი წინასწარ თადარიგს იჭერს და პროპაგანდის ნიაღვარს ამერიკისკენ მიმართავს. „როდის დაფიქსირდა ვირუსი შეერთებულ შტატებში? რამდენი ადამიანია დაინფიცირებული? რა არის საავადმყოფოების სახელები? ეს შასაძლოა ამერიკის არმიაა, რომელმაც ეპიდემია ვუჰანში მოიტანა“, – ნათქვამია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის ლიიან ჟაოს 12 მარტს ტვიტერზე გაკეთებულ განცხადებაში.
იმავე დღეს ჟაო მოუწოდებდა თავის ფოლოვერებს წაეკითხათ და გაეზიარებინათ გლობალ რისერჩის (Global Research), კრემლთან დაახლოებული კანადური ვებგვერდის, მიერ გამოქვეყნებული შეთქმულების თეორია, რომელიც ავრცელებდა ყალბ ნარატივს იმის შესახებ, რომ კოვიდ-19-ის ვირუსი შეიქმნა ამერიკის არმიის ინფექციური დაავადებების სამედიცინო კვლევით ინსტიტუტში (US Army Medical Research Institute of Infectious Diseases). ეს ინსტიტუტი მდებარეობს ფორტ დეტრიკში, მერილენდის შტატში. ჟაოს პროპაგანდას წინ უსწრებდა ჩინელი ელჩების დიპლომატიური შტურმი სოციალურ მედიაში, რომლის მიხედვითაც კოვიდ-19 არ წარმოშობილა ჩინეთში.
ასევე გამოყენებულია აკადემიური და სამეცნიერო წყაროები. თებერვალში ChinaXiv.org-მა – სამეცნიერო კვლევების ღია რეპოზიტორიისა და დისტრიბუციის სერვისმა, გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც ავითარებს აზრს ვირუსის გარედან შემოტანის შესაძლებლობის შესახებ.
ამასთან, ჩინეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადმა მედიასაშუალებებმა ტვიტერზე გაავრცელეს პროპაგანდა მილიონობით ჩინელი ფოლოვერისთვის. მაგალითად, სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი გლობალ ტაიმსი (Global Times) კოვიდ-19-ის ჩინეთში დაფიქსირებამდე იტალიიდან გავრცელების ვერსიას ავითარებდა. ვეიბოს (Weibo), მიკრობლოგების ჩინურის ვებგვერდის, ერთ-ერთ პოპულარულ ბლოგში გამოთქმული იყო ვარაუდი, რომ ვირუსი გასულ ოქტომბერში ვუჰანში გამართულ მსოფლიო სამხედრო თამაშებში (Military World Games) მონაწილე ამერიკელი კონკურსანტებმა შეიტანეს. ამ გვერდს თვეში 445 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.
„ყალბი ნარატივების გავრცელებით ჩინეთის ხელისუფლება მიზანში იღებს შიდა აუდიტორიასაც,“ – ამბობს უილიამ ჰეიგსტადი, ჩინური კიბეროპერაციების შესახებ წიგნების ავტორი, – რათა შეამციროს ზიანი, რომელიც გამოიწვია ოფიციალური პეკინის მიერ ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე დაშვებულმა შეცდომებმა“.
„ჩინეთის სტრატეგია ამგვარად მიზნად ისახავს ჩინური საინფორმაციო სივრცის შენარჩუნებასა და გაფართოებას, – აგრძელებს ჰეიგსტრადი – სადაც ჩინეთის ხელისუფლების მიერ ინტერპრეტირებული მოვლენები არის მისაღები. ეს მიზანი ასევე ხშირადაა დამახასიათებელი რუსული საინფორმაციო ოპერაციებისთვის“.
მაშინ, როდესაც ჩინეთი სწავლობს რუსეთის დეზინფორმაციის სახელმძღვანელოდან, არც კრემლია გულხელდაკრეფილი. რუსეთის ხელისუფლების მფლობელობაში არსებულმა „სპუტნიკის“ ახალი ამბების სამსახურმა 30 ენაზე გაავრცელა პროპაგანდა. იმეორებს რა ჩინურ ნარატივების, ეს ამბები ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა კორონავირუსის შექმნა შეერთებული შტატების ლაბორატორიაში ან ამერიკის მიერ კოვიდ-19 ის ბიოიარაღად გამოყენება, რომელიც გამიზნულია ჩინეთის ეკონომიკის დასასუსტებლად.
გაცვეთილი რუსული პროპაგანდის სტილში სპუტნიკი წერდა, რომ პენტაგონის დაფინანსებული ბიოლოგიური ლაბორატორიები მთელ მსოფლიოში იყვნენ ჩართული კოვიდ-19-ის შექმნაში. როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ხშირად გამეორებული კონსპირაციული თეორიის ცენტრში აღმოჩნა საქართველოში არსებული ლუგარის ლაბორატორიაც. ამ ამბავმა სხვადასხვა ენაზე მასობრივი გავრცელების სახე მიიღო ტვიტერზე, ფეისბუქსა და სხვა სოციალური მედიის პლატფორმებზე.
სინამდვილეში, საქართველოში არსებული ლუგარის ლაბორატორია არის კოვიდ-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი საყრდენი. ლაბორატორია გაიხსნა 2011 წელს, შეერთებული შტატების დახმარებით, ინფექციურ დაავადებებთან საბრძოლველად. ლუგარის ლაბორატორია არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დაწესებულება პოტენციურად სასიკვდილო ვირუსების აღმოჩენისა და რეაგირებისთვის, მათ გავრცელებამდე. საქართველოს მთავრობა ეცადა მოეწვია რუსი ექსპერტები ლაბორატორიის დასათვალიერებლად, თუმცა მოსკოვმა უარი თქვა ამ ვიზიტზე, რადგან ამით ხელი შეეშლებოდა კრემლის პროპაგანდის დღის წესრიგს.
RT – კრემლის მაცნე, რომელიც ხელმისაწვდომია სხვადასხვა ენაზე და მაუწყებლობს 100-ზე მეტ ქვეყანაში, დაუღალავად ავრცელებდა ანტიდასავლურ პროპაგანდას. არაბული RT-ის მიერ გავრცელებული ისტორია, მაგალითად, ატარებდა აზრს, რომ „კორონავირუსი არის ანგლო-საქსური ბიოლოგიური იარაღი, რომელიც შეიქმნა ამერიკის ლაბორატორიებში“. არხმა ჩაწერა ინტერვიუ რუს ბიოლოგთან და გაეროს ყოფილ ექსპერტთან იგორ ნიკულინთან, რომელიც ავრცელებდა მცდარ ინფორმაციას, რომ ვირუსი ბუნებრივად ვერ წარმოიქმნებოდა, რადგან შეიცავს შიდსის ოთხ ჩანართს. ინტერვიუ ნახა 1.3 მილიონზე მეტმა ადამიანმა RT-ის YouToub-არხზე.
მრავალჯერ იქცა RT-ის სამიზნედ ბილ გეითსი და მისი საქველმოქმედო ფონდი. RT-ის ჟურნალისტი მიშელ გრინსტეინი ეჭვქვეშ აყენებდა ბილ გეითსის როლს კორონავირუსის პანდემიის პროცესში. „შესაძლოა, ეს უნდა მივიღოთ მხედველობაში, როდესაც ვკითხულობთ სათაურებს, თუ როგორ ხარჯავს ბილ გეითსის ფონდი ფულს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – ამბობდა ის. RT-ის კიდევ ერთი ჟურნალისტი – რიკ სანჩესი ასევე ავრცელებდა დეზინფორმაციას ბილ გეითსის კავშირის შესახებ კონტრავერსიულ სამედიცინო კვლევასთან.
ჩინეთის მსგავსად, რუსეთსაც მრავლად ჰყავს ე.წ. აგიტატორ-პროპაგანდისტი ექსპერტები. სერგეი გლაზიევი, მაგალითად, ეკონომისტი და პუტინის ყოფილი მრჩეველი, ავრცელებდა ჭორებს კორონავირუსის, როგორც ბიოლოგიური იარაღის ხელოვნურად შექმნის შესახებ, რომელსაც ამერიკა ტესტავდა თავისი ბიოიარაღის არსენალში.
ამგვარი მასალის გავრცელებისთვის არსებობს ათობით YouToub-არხი, რომელსაც მილიონობით მნახველი ჰყავს. ყალბი ამბები ქვეყნდება ინგლისური სუბტიტრებით. მაგალითად, იუთუბის რუსული არხი კრამოლა (Kramola), 1.7 მილიონზე მეტი გამომწერითა და მილიონობით მნახველით, დაკავებულია ყალბი ამბების გავრცელებით, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებს ბილ და მელინდა გეითსების ფონდს, შეერთებული შტატების სამხედრო ძალებსა და ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს (CIA).
საინტერესოა, რომ რუსული დეზინფორმაციის ხარისხი მერყეობს რთულად დამაჯერებლიდან ჭკვიანურად გაკეთებულს შორის. როგორც ჩანს, კრემლის პროპაგანდის მანქანა ამბავს ამბავზე აქვეყნებს, რომ ნახოს, რა მუშაობს და რა – არა. ზოგი რამ შესაძლოა გონიერ მკითხველსაც გაეპაროს. ერთ შემთხვევაში, რუსეთის სახელმწფოს მფლობელობაში არსებულმა ტელევიზია NTV-მ გააერთიანა ნიუ-იორკ ტაიმსის (New York Times) მიერ გამოქვეყნებული სხვადასხვა ამბავი. ისტორია იწყებოდა 2019 წელს უსაფრთხოების მიზეზების გამო ამერიკის სამხედრო ლაბორატორიის დახურვით; შემდეგ გრძელდებოდა სექტემბრის ამბით ვეიპერთან დაკავშირებული პნევმონიის 500 შემთხვევის შესახებ; შემდეგ ამას მოჰყვებოდა ამბავი ოქტომბერში ვუჰანის მსოფლიო სამხედრო თამაშებში ამერიკელი სამხედროების მონაწილეობის შესახებ და ბოლოს ნარატივი სრულდება კორონავირუსის პირველი ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევით ვუჰანში.
რუსული პროპაგანდა მიმართულია დასავლეთ ევროპისაკენაც. მაგალითად, Wired.it-მა გამოაქვეყნა 17 იტალიური ვებგვერდის სია, რომლებიც ავრცელებდნენ ყალბ ამბებს კოვიდ-19-ის შესახებ. სია მოიცავდა სხვადასხვა რადიკალური პოლიტიკური დაჯგუფების მხარდამჭერ გვერდებს და ასევე, რუსული პროპაგანდის საშუალებას – სპუტნიკ იტალიას (Sputnik Italia).
კიდევ ერთ შემთხვევაში, 23 მარტს, რუსმა სენატორმა ალექსეი პუშკოვმა გამოაქვეყნა შემდეგი შინაარსის ტვიტი: „პოლონეთმა ტრანზიტის ნება არ დართო რუსულ თვითმფრინავს, რომელსაც გადაჰქონდა ჰუმანიტარული დახმარება იტალიაში“. პოლონეთის მთავრობამ სწრაფად უარყო ინფორმაცია და განაცხადა, რომ მსგავსი მოთხოვნა არც მიუღიათ. პუშკოვმა წაშალა ტვიტი, თუმცა სასურველი შედეგი მიიღო – განცხადება ვირუსულად გავრცელდა. ატლანტიკური საბჭოს DFR ლაბორატორიის ცნობით, მას 3,000,000 მილიონი ნახვა (Twitter impressions) ჰქონდა. უცნაური რუკა, სადაც დაგეგმილი მარშრუტი შედარებული იყო რუსული IL-76-ის მიერ სავარაუდოდ გავლილ მარშრუტთან და ნაჩვენები იყო 600 მილით გაგრძელებული შემოვლით გზა, რათა თვითმფრინავს გვერდი აევლო პოლონეთის საჰაერო სივრცისთვის, იმის მაგივრად, რომ მისი გამოყენებით გაცილებით ნაკლები ეფრინა.
ეს ყალბი ისტორია და არარეალური რუკა ტყის ხანძარივით გავრცელდა ყველა შესაძლო არხის მეშვეობით, მათ შორის, ზოგიერთი წამყვანი მედიასაშუალებების გზითაც. ანტიამერიკული ბლოგერ/პოდკასტერ/კომენტატორ დიეგო ფუსაროს გადაცემა კარგი ილუსტრაციაა იმისა, თუ როგორ ფართოდ გავრცელდა ეს ყალბი ამბავი. ფუსაროს პრეზენტაცია სავსეა ფრაზებით: „არ არის დადასტურებული“, „მხოლოდ ჰიპოთეზაა“, თუმცა ხშირად გამეორებული არგუმენტები თავის საქმეს აკეთებს. ფუსარო ამბობს: „სავარაუდო მტრები – რუსეთი, ჩინეთი და კუბა – იქცევიან, როგორც იტალიის მეგობრები, ხოლო სავარაუდო მეგობრები, მაგალითად, ამერიკა, იქცევიან, როგორც მტერი. აღსანიშნავია, რომ, ბევრი ალიაქოთის გარეშე, ამერიკის მიერ გაგზავნილი დახმარება გადმოიტვირთა ავიანოს საჰაერო ბაზაზე, ჩრდილოეთ იტალიაში.
COPASIR არის იტალიის რესპუბლიკის პარლამენტის უსაფრთხოების საკითხების კომიტეტის აბრევიატურა. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც თავისი საქმეების უმეტესობას დახურულ კარს მიღმა აკეთებს. თუმცა 25 მარტს მისმა თავმჯდომარემ რაფაელე ვოლპიმ გააკეთა საჯარო განცხადება, რომ იტალიის უსაფრხოების სამსახურები ცდილობენ გამოავლინონ და შეებრძოლონ რუსეთისა და ჩინეთის პროპაგანდის კამპანიას. „უცხოური სახელმწიფო საშუალებები, – ამბობს ვოლპი, – წარმართავენ კამპანიას ევროპულ სახელმწიფოებში, მათ შორის, იტალიაში“.
როდესაც თავმჯდომარე ვოლპი გამოხატავდა შეშფოთებას COPASIR-ის მხრიდან, რუსეთის სამხედრო ტრანსპორტი Il-76 დაეშვა იტალიის საჰაერო ძალების ბაზაზე, პრატიკა დი მარეში, რომთან ახლოს, სამხრეთით. ათობით რუსული სამხედრო მანქანა მორთული იყო ლოგოებით, რომელსაც ჰქონდა წარწერა: „სიყვარულით რუსეთიდან“ და რუსული დროშებით.
იტალიის ეს მაგალითი აჩვენებს კრემლის პროპაგანდის სამ ტექნიკას, რომლებიც კარგად აღწერა შეერთებული შტატების ჯერმან მარშალის ფონდის დემოკრატიის დაცვის ალიანსის დირექტორმა ლორა როზენბერგმა: 1)მოვლენების ალტერნატიული ინტერპრეტაციების გავრცელება; 2)კონსპირაციის თეორიების გაძლიერება; 3)ხელისუფლების ოფიციალური საშუალებების გამოყენება ლეგიტიმაციის საჩვენებლად.
მოსკოვის ძალისხმევა უფრო შორს მიდის, ვიდრე კონსპირაციული ვებგვერდები, ტენდენციური YouToub-არხები და მიკერძოებული რუსული ტრადიციული მედიასაშუალებები. ათობით ათასობით ონლაინანგარიში, რომლებიც აქამდე ჩართული იყო პრორუსული გზავნილების გავრცელებაში სირიის ომის, საფრანგეთში ყვითელი ჟილეტების პროტესტისა თუ კატალონიის დამოუკიდებლობის მოძრაობის შესახებ, ახლა ავრცელებენ კოვიდ-19-თან დაკავშირებულ დეზინფორმაციას ტვიტერზე, ფეისბუქსა და სხვა სოციალურ მედიასაშუალებებში. როგორც მოსალოდნელი იყო, გზავნილები ატარებს კრემლის მიერ კონტროლირებული მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის მსგავს ნარატივებს, რაც ხაზგასმულია სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური ჩართულობის ცენტრის ანგარიშში.
როგორც ჩანს, ჩინეთის მსგავსად ირანმაც – ტრიოს მესამე მოთამაშემ, რამდენიმე გვერდი გადმოიღო რუსეთის დეზინფორმაციის სახელმძღვანელოდან. თეირანიდან წამოსული ნარატივები ძალიან ჰგავს პეკინისა და მოსკოვის ნარატივებს. პრეს TV (Press TV), 24 საათიანი ინგლისურ და ფრანგულენოვანი ქსელი, ასოცირებულია ისლამური რესპუბლიკის ირანის მაუწყებლობასთან (IRIB). ამერიკის სამხედრო ძალების დაკავშირება კორონავირუსის აფეთქებასთან მისი ერთ-ერთი მთავარი თემაა.
კიდევ უფრო დიდი „ზღაპარი“ მოყვა ჰოსეინ სალამიმ – ისლამის რევოლუციურ მცველთა კორპუსის (IRGC) მეთაურმა, როცს 5 მარტს განაცხადა, რომ არსებობს მტკიცებულები, რომ კოვიდ-19 არის აშშ-ის ბიოლოგიური თავდასხმის იარაღი. „ჩვენ მოვიგებთ ბრძოლას ვირუსის წინააღმდეგ, რომელიც შესაძლოა იყოს ამერიკის ბიოლოგიური თავდასხმის პროდუქტი, რომელიც ჯერ ჩინეთში გავრცელდა, შემდეგ ირანში და შემდეგ – დანარჩენ მსოფლიოში“, –განაცხადა სალამიმ.
საბოლოო ჯამში, მთავარი რუსული, ჩინური და ირანული ყალბი ნარატივებში არის დასავლური, უმეტესწილად კი, ამერიკულ სქემა ვირუსის გავრცელების ან მეგობრების მიტოვების შესახებ. ამ ამბებს შორის მსგავსება იმდენად დიდია, რომ იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ისინი საერთო ძალისხმევით გავრცელდა. კიდევ უფრო საშიშია სავარაუდო მოსაზრება, თითქოს აღნიშნული ნარატივების გავრცელება არ იყო კოორდინირებული, თუმცა ტრიოს პროპაგანდის მანქანა საოცრად ერთნაირად მუშაობს. ერთად აღებული, მათი ძალისხმევა არის მრავალმხრივი, კომპლექსური და მრავალენოვანი. მცდარი ამბები ვრცელდება ინგლისურ, ესპანურ, იტალიურ, გერმანულ, ფრანგულ და სხვა ენებზე.
ამ ყალბი ამბების გავრცელების არხები მოიცავს ტრადიციულ და სოციალურ მედიას, ანონიმურ მედიასაშუალებებს, ტროლებს, დიპლომატებსა და სახელმწიფო პირებს. მცდარი ამბები აღწევს ასობით მილიონ ადამიანამდე მსოფლიოში, რაც ართულებს მათზე დაკვირვებასა და რეაგირებას. დეზინფორმაცია, პროპაგანდა და ტყუილები უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე სიმართლე. მათი მიზანია დაბნეულობის, დანაწევრების, უნდობლობის, შიშისა და ქაოსის დათესვა. ამგვარ საინფორმაციო ომთან ბრძოლა მოითხოვს გაერთიანებულ მიდგომას და ჩვენი დაცვის საშუალებებიც კომპლექსური და მრავალმხრივი უნდა იყოს.