2016 / 10 / 13

2016 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ორგანიზებით ახალქალაქის რეგიონულ ოფისში გაიმართა პრეზენტაცია ეთნიკურად სომეხი მოსახლეობისთვის თემაზე „როგორ განვითარდა ნატო-საქართველოს ურთიერთობები ვარშავის სამიტის შემდგომ?“.

ლექცია წაიკითხა  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუამ. მან მსმენელებს გააცნო ნატოს ისტორია და გაფართოება, უელსისა და ვარშავის სამიტების შედეგები,  ასევე ნატო-საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების ფორმატი.

ეს ლექცია იყო პირველი ღონისძიება, რომელიც ჩატარდა ახალი პროექტის – „საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ცნობიერების ამაღლება ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში“ – ფარგლებში. პროექტს ახორციელებს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი, საქართველოში  რუმინეთის საელჩოსა და  ნატოს საკონტაქტო საელჩოს მხარდაჭერით.

პროექტის მიზანია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ  ლექციების ციკლის გამართვა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის სამცხე-ჯავახეთში ახალქალაქის რეგიონულ ოფისსა  და ქვემო ქართლში, მარნეულის ახალგაზრდულ ცენტრში. პროექტის მიზანია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ცნობიერების ამაღლება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ.

ლექციების საშუალებით შესაძლებელი გახდება საქართველოს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებმა მათთვის გასაგები ენითა და ფორმით მიიღონ  სწორი ინფორმაცია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, რათა შეიცვალოს დასავლეთთან დაკავშირებით მოსახლეობაში დამკვიდრებული მცდარი სტერეოტიპები და კარგად დაინახონ იმ ეკონომიკური და სოციალური შედეგების სიკეთე, რასაც მოიტანს დასავლეთთან ინტეგრაცია. ამასთან, პროექტი წარმოადგენს  ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ საქართველოს სახელმწიფოს სწრაფვის კიდევ ერთი დადასტურებას. 

Public lecture in Akhalkalaki on “NATO-Georgia Relations after the Warsaw Summit” in the scope of the New Project, 12 Oct, 2016