ავტორი: ანასტასია ცალუღელაშვილი
შესავალი
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციების დაწყებამ საერთაშორისო სისტემაში მრავალი ახალი პროცესი დაძრა და, შესაბამისად, არსებული სტატუს-კვოს ცვლილებას დაუდო სათავე. პირველ რიგში, ცხადია, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ევროპის კონტინენტზე არსებული მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხი. დაირღვა საერთაშორისო წესრიგი და არაერთი შეთანხმება, ხოლო რუსეთმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი ბრძოლის მეთოდი მხოლოდ საინფორმაციო ომით არ შემოიფარგლება. პარალელურად, წინ წამოიწია ნატოს გაფართოებისა და მისი ქმედითუნარიანობის საკითხიც – მუდმივად მზარდი საფრთხისა და ნატოს მეზობლად გაჩაღებული ომის ფონზე რუსეთთან ურთიერთობების თვალსაზრისით ნეიტრალურად მიჩნეულმა ქვეყნებმა, შვედეთმა და ფინეთმა, ალიანსში გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთეს. ხოლო, მეორე მხრივ, ომში ჩაბმული უკრაინის დახმარება და მისი ნატოში შემოერთების თემა დღის წესრიგის სათავეში მოექცა. შესაბამისად, გასული 19 თვის მანძილზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საინტერესო განვითარების მომსწრენი გავხდით და გლობალური წესრიგიც შეიცვალა. წინამდებარე ბლოგის მიზანია გააანალიზოს რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა ნატოს შიდა და გარე აქტივობებსა და მის როლზე უსაფრთხოების ახალი ფორმატის მშენებლობაში.
ნატოს პოზიციონირება აღმოსავლეთის ფლანგზე
ცნობილია, რომ ალიანსში გაწევრიანება საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნებისთვის, რომელთა ტერიტორიის გარკვეული ნაწილი სხვა ქვეყანას აქვს ოკუპირებული. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაც, საქართველოც, შვედეთიც და ფინეთიც ნატოსთან ერთგულად თანამშრომლობდნენ, გაწევრიანების საკითხი ჰორიზონტზე მაინც არ ჩანდა, განსაკუთრებით კი, საქართველოსა და უკრაინისთვის, რადგან კვლავ არსებობდა დამაბრკოლებელი ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო ფაქტორები, რის გამოც გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების პროცესი ჭიანურდებოდა. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ კი ახალი გარემოებები გამოჩნდა და უსაფრთხოების ახალი გარანტიები გახდა საჭირო, შესაბამისად, ნატოს მოუწია სიტუაციასთან ადაპტირება და ახალი წესრიგის დამყარებაში აქტიურად ჩართვა. ნატოს მიერ უკრაინის დახმარება რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ადეკვატური და ლოგიკური ქმედება იყო. უკრაინა არა მხოლოდ ნატოს პარტნიორი ქვეყანა, არამედ ფართობითა და მოსახლეობის რაოდენობით ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახელმწიფოა, რომელიც ამავდროულად სახმელეთო საზღვარს იყოფს ალიანსის წევრ ოთხ სახელმწიფოსთან, ესენია პოლონეთი, უნგრეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი. ხოლო მეორე მხარეს კი რუსეთის ფედერაციაა, რომლის ლიდერებსაც არაერთხელ გაცხადებულად გაუჟღერებიათ თავიანთი უკმაყოფილება ნატოს გაფართოების და გაძლიერების შესახებ. კრემლში ფიქრობენ, რომ კიევსა და ნატოს შორის ურთიერთობების გაღრმავებით წითელი ხაზი გადაიკვეთა, უკრაინაზე თავდასხმა კი, გარდა სხვა მიზეზებისა, განპირობებული იყო ნატოზე ირიბი თავდასხმის მოტივითაც.
2023 წლის ვილნიუსის სამიტზე ალიანსის წევრებმა გადაწყვეტილებით, რომ უკრაინა MAP-ის გარეშე მიიღონ ნატოში, ახალი სიტყვა თქვეს ორგანიზაციის გაფართოების პოლიტიკაში. 2022 წლის თებერვლის მოვლენებამდე რთულად წარმოსადგენი იყო, რომ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოსთან მსგავსი სცენარი განვითარდებოდა. მართალია, ომის დასრულება ავტომატურად ალიანსში მიწვევას არ გულისხმობს, ამისთვის ჯერ საჭიროა ყველა წევრი სახელმწიფოს შეთანხმება, მაგრამ ფაქტია, რომ უკრაინამ მიიღო გამარტივებულად გაწევრიანების გარანტიები, ნატოს საზღვრების აღმოსავლეთით გაფართოება კიდევ უფრო რეალური გახდა, ხოლო რუსეთი კი ალიანსის კიდევ ერთ წევრთან გაიზიარებს სახმელეთო საზღვარს.
ეს გადაწყვეტილება ისტორიულია რამდენიმე ფაქტორის გამო: პირველ რიგში, ნატო დაუბრუნდა თავდაპირველ ორიენტირს, რუსეთს, და დააფიქსირა მყარი პოზიცია აღმოსავლეთ ევროპის ფლანგზე. ომის საპასუხოდ მოკავშირეებმა გაზარდეს სამხედრო მზადყოფნა ნატოს აღმოსავლეთ საზღვრებზე და შეიქმნა დამატებით ოთხი საბრძოლო ჯგუფი ბულგარეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში. ამ ნაბიჯმა გააორმაგა ალიანსის თავდაცვა ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე. ასევე საფუძველი დაედო თანამშრომლობის ახალ ფორმატს, ნატო-უკრაინის საბჭოს, საიდანაც გაჟღერდა მკაფიო განცხადებები შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების მნიშვნელობის შესახებ. სწორედ ამ საბჭოს ფორმატში დაგმო ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთის მიერ მარცვლეულის შეთანხმების დარღვევა და შავ ზღვაზე მეთვალყურეობის გაძლიერება დააანონსა. ნატოს ეს გეზი შენარჩუნდება მანამ, სანამ უკრაინა ალიანსის წევრი არ გახდება, იქამდე კი გაგრძელდება ფულადი და მატერიალური დახმარების პაკეტების გადაცემა. ამასთანავე, ნატოს წევრ უკრაინას ავტომატურად შეეხება ალიანსის მეხუთე მუხლი, რაც დაიცავს მის უსაფრთხოებას და თავიდან აარიდებს რუსეთის მესამედ თავდასხმას. აღნიშნული მეხუთე მუხლი ჯერჯერობით მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საკითხს: მიუხედავად იმისა, რომ MAP-ის გარეშე მიღების საკითხი გადაწყვეტილია, ბუნდოვანია უკრაინის ბედი იმ შემთხვევაში, თუ ომის დასრულების შემდეგ მას კვლავ დარჩება ოკუპირებული ტერიტორიები. მსგავს სიტუაციაში უკრაინის ალიანსში მიღება კი გამოიწვევს მეხუთე მუხლის ამოქმედებას და ნატოს ომში ჩაბმას რუსეთის წინააღმდეგ. თუმცა, რაკი ბოლო პერიოდში მოულოდნელი და არასტანდარტული გადაწყვეტილებები ნატოსთან მიმართებით უკვე რამდენჯერმე ვიხილეთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ შემთხვევაშიც ნატო სპეციალიზებულ სამოქმედო გეგმას შემოგვთავაზებს.
„დაუგეგმავი“ გაფართოება
ვილნიუსის სამიტმა ნატოს ისტორიაში კიდევ რამდენიმე სიახლე შემოიტანა. სამიტს წევრის ამპლუაში პირველად დაესწრო ფინეთი, ხოლო მისი მეზობლის, შვედეთის, გაწევრიანება ოფიციალურად დაადასტურა იენს სტოლტენბერგმა, რომელმაც გამოაცხადა, რომ თურქეთთან მოლაპარაკებები დასრულებულია და, შესაბამისად, ალიანსის ყველა ქვეყანა შეთანხმებულია. დიდი ხნის მანძილზე სკანდინავიური ქვეყნები რუსეთთან მიმართებით ნეიტრალურ პოლიტიკას მიჰყვებოდნენ. ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილებამდე ისინი ვერ მიიყვანა ვერც 2008 წლის აგვისტოს ომმა და ვერც 2014 წლის ყირიმის ოკუპაციამ. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კითხვაზე, თუ რატომ ახლა, ორი მიზეზი გამოყო: მათთვის პირველი სიგნალი იყო ის, რომ უკრაინის ომამდე ცოტა ხნით ადრე მოსკოვი ცხადად გამოხატავდა საკუთარ განზრახვებს იმ შემთხვევაში, თუკი ნატო აღმოსავლეთით კიდევ გაფართოვდებოდა, ხოლო მეორე გარდამტეხი ფაქტორი კი უშუალოდ ომის დაწყება აღმოჩნდა, რომელმაც ფინელ და შვედ ხალხს დაანახა, რომ რუსეთი ყველაფერზე იყო წამსვლელი. ამასთანავე, საგრძნობლად გაიზარდა ნატოს მხარდაჭერა მოსახლეობაშიც. SOM-ის ინსტიტუტის კვლევების მიხედვით, 2021 წლის შემოდგომაზე შვედების მხოლოდ 29% იყო ნატოში გაწევრიანების მომხრე, 2022 წელს კი ეს რაოდენობა 64%-მდე გაიზარდა. ფინეთის შემთხვევაშიც იგივე ტენდენცია შეინიშნება: ომის დაწყების შემდეგ ნატოში გაწევრიანების მომხრეთა პროცენტული რაოდენობა 60% გახდა, რომელიც წინა, 2021 წლის მონაცემებთან შედარებით, 34 ერთეულით არის გაზრდილი.
ფინეთისგან განსხვავებით, ალიანსში გაწევრიანების შედარებით უფრო ხანგრძლივი და რთული გზა განვლო შვედეთმა. შეიძლება ითქვას, რომ ამ პროცესებში მთავარი როლი თურქეთმა შეასრულა, რომელიც შვედეთის გაწევრიანებას თვეების მანძილზე ბლოკავდა. ერდოღანი ამბობდა, რომ შვედეთი მხარს უჭერდა ქურთ მებრძოლებს, რომლებიც თურქეთს ტერორისტებად ჰყავს გამოცხადებული, შესაბამისად, შვედეთისა და თურქეთის ინტერესები იკვეთებოდა და ალიანსში თანამშრომლობაც შეუძლებელი იყო. წაყენებული წინაპირობები, სახელდობრ, შვედეთში მცხოვრები ქურთი ტერორისტების ექსტრადიცია და თურქეთისთვის იარაღზე ემბარგოს მოხსნა, შვედეთმა ნაწილობრივ შეასრულა – არ მომხდარა მხოლოდ ცალკეული პირების ექსტრადიცია. მიუხედავად ამისა, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმება მაინც შედგა და საბოლოოდ ანკარამ სტოკჰოლმს მწვანე შუქი აუნთო. ამ ფაქტთან დაკავშირებით არსებობს მოსაზრება, რომ თურქეთის პოზიციის ცვლილება ჯო ბაიდენის განცხადებას უკავშირდება – რომ ამერიკა თურქეთს F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების გადასცემს. ამრიგად, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ამ მოლაპარაკებებში თურქეთის სარგებელიც სწორედ ეს არის. საბოლოოდ, ალიანსს შეუერთდება შვედეთი, რომელიც გახდება ნატოს 32-ე წევრი სახელმწიფო და ალიანსის გაძლიერებასა და მსოფლიო უსაფრთხოებაში თავის წვლილს შეიტანს.
დასკვნა
რუსეთის ომი უკრაინაში ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზე წარუშლელ კვალს ტოვებს. მოვლენების ამგვარი განვითარების შედეგად მივიღეთ გაძლიერებული და სტრუქტურულად შეცვლილი ნატო. მოხდა გაფართოება, რომელსაც თავად ახლადმიერთებული ქვეყნებიც კი არ გეგმავდნენ და ევროპის კონტინენტის უსაფრთხოების ახალ ფორმატს ჩაუყარა საფუძველი. ნატოს გაფართოება ჩრდილოეთით დიდწილად არის რუსული აგრესიის შედეგი და იმასაც კი ამბობენ, რომ „ნატოს რიგით მე-9 გაფართოება ისტორიაში შევა, როგორც „გაფართოება ვლადიმერ პუტინის დამსახურებით“. ამავდროულად, ისტორიულად შეიცვალა ნატო-უკრაინის ურთიერთობაც და ოფიციალურად დადასტურდა MAP-ის გარეშე ალიანსში გაწევრიანების საკითხიც, რაც ასევე არასტანდარტული შემთხვევაა. ომი ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თუმცა 19 თვის თავზე უკვე ხელშესახებია ნატოს შიდა და გარე დინამიკის მკვეთრი ცვლილება, რამაც მსოფლიო უსაფრთხოების სფეროში ფუნდამენტურ ცვლილებებს დაუდო სათავე.