2007 / 04 / 21

2007 წლის 21 აპრილს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა შეხვედრა ნატოს საპარლამენტო ანსამბლეის წევრებსა და საქართველოს არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შორის. ღონისძიება ჩატარდა როუზ-როტის 65-ე სემინარის „საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“ ფარგლებში. ღონისძიების ორგანიზატორი იყო ნატოს საპარლამენტო ანსამბლეა საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით.

შეხვედრისას განიხილეს საქართველოში რეფორმების აწმყო და მომავალი. ღონისძიების მთავარი მომხსენებლები იყვნენ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი მენაღარიშვილი და ღია საზოგადოება საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი დავით დარჩიაშვილი.

როუზ-როტის სემინარი სამი დღის მანძილზე გაგრძელდა და მოიცვა ოთხი სესია: საქართველო და მისი რეგიონული კონტექსტი, სამხრეთ კავკასიის ურთიერთობები ევროკავშირსა და ნატოსთან, გადაუჭრელი კონფლიქტები აფაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული ტრანზიცია.

Visit of the NATO Parliamentary Assembly Members, April 21, 2007