2023 წლის 28 ნოემბერს რონდელის ფონდში გაიმართა მცირე გრანტების პროექტის „რეგიონული აქტივიზმის გაძლიერება მდგრადი ცვლილებისთვის“ დასკვნითი ღონისძიება. საგრანტო ინიციატივის მიზანი იყო მცირე გრანტების გაცემით სამოქალაქო აქტივობისა და დემოკრატიული მმართველობის პრინციპების დანერგვისა და ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა.

საპროექტო წინადადებების შემოტანა შეეძლოთ ნიდერლანდების საელჩოსა და რონდელის ფონდის სხვადასხვა პროექტის კურსდამთავრებულ ახალგაზრდებს.

კონკურსის ფარგლებში შერჩეული ათი პროექტი განხორციელდა საქართველოს მასშტაბით – სვანეთში, სამეგრელოში, მცხეთა-მთიანეთში, პანკისში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში. პროექტები ხელს უწყობდა რეგიონების მოსახლეობის საჭიროებების გამოვლენასა და შესაბამის გამოწვევებთან გამკლავებას, ასევე მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებას, პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში მათ ჩართულობას. რამდენიმე პროექტი ასევე მიზნად ისახავდა რეგიონში მცხოვრებ ქალთა გაძლიერებას და ადგილობრივი ახალგაზრდების მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვას.

დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ნიდერლანდების სამეფოს ელჩი მელინე არაქელიანი და რონდელის ფონდის პრეზიდენტი ეკატერინე მეტრეველი. შეხვედრაზე პროექტის მონაწილე რეგიონულმა ორგანიზაციებმა, საინიციატივო ჯგუფებმა და ინდივიდუალურმა აქტივისტებმა წარადგინეს მათ მიერ განხორციელებული ინიციატივების შედეგები და ისაუბრეს რეგიონული განვითარებისთვის ამ ტიპის პროექტების  მნიშვნელობაზე.

რონდელის ფონდმა პროექტი განახორციელა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.

 

„რეგიონული აქტივიზმის გაძლიერება მდგრადი ცვლილებისთვის“ 28 ნოემბერი.2023