2018 / 02 / 20

2018 წლის 20 თებერვალს რონდელის ფონდისა და საქართველოში უკრაინის საელჩოს ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ანექსიის მეოთხე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება – მრგვალი მაგიდა „უკრაინისა და საქართველოს დეოკუპაცია: სახელმწიფოს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების როლი“.

ღონისძიება მიზნად ისახავდა რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების გარკვეული ტერიტორიებისა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის  შესახებ დისკუსიის გამართვას  საქართველოს ხელისუფლების,  საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლებს შორის.

შეხვედრა გახსნეს რონდელის ფონდის პრეზიდენტმა ეკატერინე მეტრეველმა და საქართველოში უკრაინის ელჩმა იჰორ დოლჰოვმა, ხოლო მოხსნებით აუდიტორიის წინაშე წარსდგნენ ყირიმის თათართა მეჯლისის თავმჯდომარე რაფატ ჩუბაროვი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი ნილს სკოტი და რონდელის ფოდნის მკვლევარი შოთა უტიაშვილი. 

დისკუსიის მონაწილეებმა მიმოიხილეს ოკუპირებულ რეგიონებში ამჟამად არსებულ პოლიტიკური და სოციალური  ვითარება და იმსჯელეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ეუთოს, ევროპის საბჭოს და სხვა რეგიონული თუ საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციებისა და  სამოქალაქო საზოგადოების სხვა ინსტიტუტების ჩართულობით და დახმარებით, მშვიდობიანი გზით ამ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის გზების შესახებ.

ღონისძიებას ესწრებდონენ საქართველოს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, საქარველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე კვლევითი ინსტიტუტებისა და მასმედიის წარმომადგენლები.

Roundtable Meeting “Deoccupation of Ukraine and Georgia: Role of the State, International Organizations, and Civil Society Institutions, Feb 20, 2018