ავტორი: გრიგოლ ჯულუხიძე, საგარეო პოლიტიკის საბჭოს დირექტორი

 

მნიშვნელოვანი ასპექტები

მემარჯვენე პოლიტიკური პარტია „კანონი და სამართლიანობა“ (Prawo i Sprawiedliwość, PiS) იბრძვის კოალიცია „გაერთიანებული მემარჯვენეების“ შესანარჩუნებლად  (Zjednoczona Prawica, ZP), რომელიც პოლონეთს 2015 წლიდან მართავს. საპარლამენტო არჩევნები იქნება გამოცდა საკმაოდ მრავალფეროვანი მინისტრთა კაბინეტისთვისაც, უკრაინის ომისა და ბრიუსელთან დაძაბული ურთიერთობის კონტექსტში. როგორც ზემოთ მოყვანილი დიაგრამიდანაც ჩანს, PiS-ისთვის ხმების დაკარგვა სულაც არ ნიშნავს მხარდაჭერის მნიშვნელოვან ზრდას ოპოზიციური კოალიციისა (Koalicja Obywatelska, KO), რომელსაც პარტია „სამოქალაქო პლატფორმა“ (Platforma Obywatelska, PO) ხელმძღვანელობს. ამ უკანასკნელმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ ბოლო არჩევნებში ხმების 26,7%, ხოლო საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვაში დაახლოებით 28% მოიპოვა.

არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტიც, რომელიც პირდაპირ გავლენას მოახდენს პოლიტიკურ პროცესებზე და, შესაბამისად, არჩევნების შედეგებზე. ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია შემდეგი ელემენტების „პულსის“ კონტროლი:

  1. 2022 წელს პოლონეთის მთავრობა ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ მოექცა უკრაინიდან შესული ლტოლვილების უზარმაზარი ნაკადის გამო, განსაკუთრებით, აღმოსავლეთ რეგიონებში – ქვეყნის აგრარულ ნაწილში, რომელიც PiS-ის მხარდამჭერი ერთ-ერთი უმთავრესი ბასტიონია. პოლონეთმა ყველაზე მეტი, 1,5 მილიონი უკრაინელი ლტოლვილი მიიღო, რამაც მოსახლეობა 3,9%-ით გაზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ვარშავა კიევს სრულად უჭერს მხარს, ფარული დაძაბულობა არ გამქრალა. ამის დასტური შეიძლება იყოს ვარშავის მიერ კიევის მწვავე კრიტიკა (უკრაინელები დღემდე საზეიმოდ აღნიშნავენ ულტრანაციონალისტი უკრაინელი ისტორიული ფიგურის – სტეპან ბანდერას დაბადების დღის, რომელიც პასუხისმგებელია პოლონელებისა და ებრაელების გენოციდზე).
  2. არც სამხრეთ-აღმოსავლეთ პოლონეთის, პოდკარპაცკიეს რეგიონის სასაზღვრო პროვინციის ფერმერების პრეტენზიებია ნაკლებად საყურადღებო, რადგან უკრაინული მარცვლეული (ხორბალი, სიმინდი, ქერი) სტიქიასავით მიაწყდა ადგილობრივ ბაზარს, რამაც დრამატულად დაწია ფასები. ეს ყველაფერი პირდაპირ აზარალებს მცირე ფერმერების შემოსავალს. სხვათა შორის, პოდკარპაცკიეს რეგიონი პოლონეთის ყველაზე ღარიბი პროვინციაა. სწორედ უკრაინული მარცვლეულის შემოდინების გასაპროტესტებლად გაიმართა მასობრივი დემონსტრაცია 2022 წლის დეკემბერში ქალაქ ლუბლინში, სადაც ფერმერთა საპროტესტო მოძრაობა AgroUnia-ს ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთში სიმინდის ფასი ორ კვირაში 40%-ით დაეცა. ამიტომაც, გასაკვირი სულაც არ არის, რომ აღმოსავლეთ რეგიონებში პოლონეთის მთავრობისადმი მხარდაჭერა მცირდება. მაშინ, როდესაც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე PiS-ის კანდიდატმა ანდჟეი დუდამ იქ ხმების 91,4% მიიღო.
  3. პოლონეთის ცენტრში ერთი იგებს, ხოლო პერიფერიაში – მეორე. პოლონური საზოგადოება მრავალფეროვანი და ტენდენციურად კონსერვატიულია. აქ სოციალური განსხვავებები აშკარაა. თუკი ვარშავის ცენტრში უმეტესად უნივერსიტეტის სტუდენტები და ინტელიგენციის წარმომადგენლები გხვდებიან, ალეია იანა პავლა დრუგიეგოდან ტრამვაით გამგზავრებისას რამდენიმე წუთში ტყიან და მშვიდ გარემოში აღმოჩნდებით, სადაც საბჭოთა ტერორითა და გერმანელი მეზობლისადმი ანტაგონისტურად განწყობილი საზოგადოება ცხოვრობს, რომელიც საკმაოდ ხისტად რეაგირებს ცხოვრების წესში ჩარევის ყოველგვარ გარე მცდელობაზე, რითაც ცალკეული პოლიტიკური ძალები საკმაოდ მოხერხებულად სარგებლობენ. ურბანული რაიონები, განსაკუთრებით დიდი ქალაქები, როგორიცაა ვარშავა, კრაკოვი და გდანსკი, უფრო ლიბერალური, ევროპული და მულტიკულტურულია. ეს განხეთქილება აისახება საარჩევნო პროცესებზეც. PiS-ი იმარჯვებს სოფლად, ხოლო PO-ს უპირატესობა აქვს ქალაქებში
  4. მმართველი კოალიციის ნაწილი აშკარად ხედავს იმ შესაძლებლობის ფანჯარას, რომელიც უკრაინა-რუსეთის ომმა გახსნა ბრიუსელთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. სასამართლო რეფორმის ზოგიერთ ასპექტთან მიმართებით ბრიუსელი უკან იხეს, რაც Recovery Fund-ის სახსრების მოზიდვის შანსებს ზრდის ვარშავისთვის. ამასთან, მმართველი გუნდის კაჩინსკის ფრთა მიიჩნევს, რომ ეს მომენტი იდეალური შესაძლებლობაა ფსონების გასაორმაგებლად, თუკი, მაგალითად, მთავრობა კიდევ უფრო კონსერვატიულ ასპექტებს შემოიტანს პოლიტიკაში (აბორტის თითქმის სრული აკრძალვა, მედიის გაზრდილი კონტროლი, ლგტბ პროპაგანდის შემზღუდავი კანონები).  PiS-ი მანევრირებას ცდილობს იმისთვის, რომ Recovery Fund-ის  პირველი ტრანში 2023 წლის ზაფხულში (35 მილიარდი ევრო) მიიღოს, რაც ხელისუფლებისთვის ძალიან დიდი წარმატება იქნება. ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს სახელმწიფო ხარჯებს, გააუმჯობესებს ქვეყნის მდგომარეობას, ეკონომიკურ ვითარებას და თავად PiS-ს საოცარ შესაძლებლობას აძლევს, დაიბრუნოს პოლიტიკური ინიციატივა საპარლამენტო არჩევნების წინ. მეორე მხრივ, თუკი პოლონეთი ვერ მიიღებს ამ თანხებს, კონსერვატიული მთავრობის სანდოობა სერიოზულად შეირყევა ფინანსურ ბაზრებზე, შემცირდება სახელმწიფო ხარჯები, მოიკლებს ინვესტიციები და გაიზრდება სახელმწიფო ვალის საპროცენტო განაკვეთი. ამავდროულად, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება მმართველი პარტიის შესაძლებლობა მოიპოვოს კიდევ უფრო მეტი ფინანსები, რომელიც პოლონეთმა ევროკავშირისგან 2021–2027 წლებში უნდა მიიღოს (76,5 მილიარდი ევრო).

ძალიან ძნელია მოიძებნოს საკითხი, რომელზეც PiS და PO-ს მსგავსი პოზიცია ექნებათ. შესაძლოა, ერთადერთი რამ, რაც მათ პოლიტიკურ ხედვებს „აერთიანებს“ – რუსეთია,  ქვეყანა, რომელიც პოლონეთისთვის პირდაპირ ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს. ამ საკითხზე ადგილობრივ პოლიტიკურ ელიტაში სრული კონსოლიდაცია და თანხმობაა. მაგრამ თუკი ზემოხსენებულ და სხვა ასპექტებზე გავამახვილებთ ყურადღებას, დავინახავთ იმ უზარმაზარ იდეოლოგიურ უფსკრულს, რომელიც PiS-ისა და PO-ს შორის არსებობს. მაგალითად, PO მკაცრად აკრიტიკებს მმართველ პარტიას „უკრაინელი ლტოლვილების არაეფექტური მართვის გამო.“ ამ ოპოზიციური პოლიტიკური ძალის აზრით, ცუდი დაფინანსებისა და სუსტი ადმინისტრირების შედეგად, თვითმმართველი ორგანოები გახდნენ იძულებულნი მთავრობის შეცდომები გამოესწორებინათ და საკუთარი ბიუჯეტების გეგმაზომიერად ათვისების ნაცვლად, მთელი ფულის დახარჯვა უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად მოუწიათ.

ოპოზიციას ასევე ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება აქვს პოლონეთის მთავრობის პოზიციისადმი, უკრაინული მარცვლეულის საკითხთან და ბრიუსელთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესის „საბოტაჟთან“ დაკავშირებით. PO-ს თქმით, მმართველმა პარტიამ ბრიუსელის რეკომენდაციები უნდა შეასრულოს და სტრატეგიული პარტნიორების შანტაჟი შეწყვიტოს. ეს ყველაფერი კი ავტომატურად უზრუნველყოფს ევროკავშირის აღდგენის ფონდზე სრულ წვდომას.

PiS-PO ურთიერთობების კიდევ ერთი თავი ე.წ. სიტყვების ომია. PO ამტკიცებს, რომ მთავრობა სიცრუეს ავრცელებს დონალდ ტუსკის დისკრედიტაციისა და უცხო ქვეყნის ჯაშუშად წარმოჩენის მიზნით. რაც შეეხება PiS-ის ნარატივს, მათი თქმით, ოპოზიცია დეზინფორმაციას ავრცელებს პოლონელებისა და პოლონეთის იმიჯის დისკრედიტაციისათვის. ეს პროცესი ასე ძალიან მრავალფეროვან პოლონურ საზოგადოებას კიდევ უფრო პოლარიზებულს ხდის.

 

გაურკვევლობები

IBRiS-ის მიერ ჩატარებულმა საზოგადოებრივი აზრის უახლესმა კვლევამ დაადგინა, თუ რომელ დაჯგუფებებს დაუჭერენ მხარს პოლონელები საპარლამენტო არჩევნებში. გამოკითხულთა უმრავლესობამ „გაერთიანებული მემარჯვენეები“ დაასახელა (33,5%). მათ შედეგ „სამოქალაქო კოალიცია“ (28,3%) აღმოჩნდა, მესამე ადგილი კი „კონფედერაციამ“ დაიკავა (11,7%).

კოალიცია „მესამე გზამ“ (PSL-ისა და „პოლონეთი 2050-ის“ გაერთიანება) 10,6% მიიღო, Lewica Razem-მა – 9,7% და AgroUnia-მ – 0,3%. გამოკითხულთა 5,8 პროცენტმა პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.

IBRIS-ის წინა გამოკითხვასთან შედარებით, რომლის შედეგებიც 22 მაისს გავიგეთ, PiS-ის მხარდაჭერა 1%-ით შემცირდა, ხოლო KO-სი 3,7%-ით გაიზარდა. „მესამე გზის“ რეიტინგი 3,6 %-ით შემცირდა, ხოლო „კონფედერაციას“ მხარდაჭერა 0,6%-ით გაიზარდა.

ბოლო თვეებში PiS-ის მხარდაჭერა უწყვეტი ეკონომიკური არასტაბილურობის, ევროკავშირის ფულზე მიმდინარე დავისა და მმართველ კოალიციაში არსებული დაპირისპირებების გამო შემცირდა. არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, მმართველი პარტია დიდი ალბათობით თითქმის დაკარგავდა საკანონმდებლო უმრავლესობას, რადგან ოპოზიციურ ძალებს სუსტი კოალიციის შექმნის შესაძლებლობა ექნებოდათ – მაგრამ არჩევნები ხუთ თვეში გაიმართება.

ინფლაციის მაჩვენებელი მცირდება, უმუშევრობა კვლავ დაბალია და ეკონომიკის გაუარესების შემთხვევაშიც კი, რეცესია არ არის მოსალოდნელი, ევროკავშირის აღდგენის ფონდის პოტენციური განბლოკვა კი უდიდეს ფინანსურ რესურსს გაათავისუფლებს დამატებითი სოციალური ხარჯებისთვის. გარდა ამისა, ოპოზიცია ჯერ კიდევ ვერ ახერხებს იმედგაცრუებული ამომრჩევლის გადმობირებას, რაც ასევე PiS-ის წისქვილზე ასხამს წყალს. ერთი სიტყვით, ამ მიზეზების ერთობლიობის გამო არჩევნების შედეგი  კენჭისყრის დღემდე არაპროგნოზირებადი დარჩება.

რას უნდა ელოდოს საქართველო?

ვინც არ უნდა გაიმარჯვოს საპარლამენტო არჩევნებში კოალიციის შექმნით (რადგან ეს გამარჯვების ერთადერთი ინსტრუმენტია), პოლონეთ-საქართველოს ურთიერთობებში დრამატულ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ.

– რატომ?

– იმიტომ, რომ:

  1. პოლონეთში ვერ მოვა პრორუსული ხელისუფლება.
  2. ორივე ბანაკი მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.
  3. რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინისა და უკრაინელების მხარდაჭერის საკითხი უცვლელი დარჩება.
  4. ქვეყნის აღმოსავლეთის პოლიტიკა არ გადაიხედება, რადგან მისი ზოგადი შინაარსი ეროვნული კონსოლიდაციის პროდუქტია.
  5. ორივე პოლიტიკურ პარტიას ჰყავს წამყვანი წევრები, რომლებიც თანაუგრძნობენ და მხარს უჭერენ საქართველოს. მათ შესანიშნავად ესმით ის გამოწვევები და პრობლემები, რაც ამ სახელმწიფოს აქვს.
  6. ორივე პოლიტიკური პარტია ღიად უჭერს მხარს ტრანსატლანტიკურ თანამშრომლობას და აშშ-ის აქტიურ ჩართულობას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.
  7. ორივე პარტიაში არიან წამყვანი პოლიტიკოსები, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს ჩართულობას სამი ზღვის ინიციატივაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ ახლა და დიდი ალბათობით უახლოეს მომავალში (4-5 წელი) პოლონეთის მთელი ყურადღება მიპყრობილი იქნება უკრაინისა და ბელორუსისკენ   (ორი უმთავრესი აქტორი აღმოსავლურ პოლიტიკაში). იზრდება მოლდოვის როლიც, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო გაქრება ვარშავის რადარებიდან. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა პოლონურ-ქართულ ურთიერთობებში ბურთი თბილისის მხარესაა. პრაქტიკაში, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ახლანდელმა თუ მომავალმა მთავრობამ გაცილებით მეტი უნდა გააკეთოს ევროკავშირისა და ნატოს მოთხოვნებთან მიახლოების და ვარშავასთან სტრატეგიული ურთიერთობების გააქტიურების კუთხით, რაც თბილისს იმის შესაძლებლობას მისცემს, რომ ვარშავის მნიშვნელოვნად გაზრდილი პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური წონით ისარგებლოს – მიიღოს აუცილებელი მხარდაჭერა და ლობირება საერთაშორისო არენაზე. პოტენციალი არსებობს, მაგრამ პოლიტიკური ნება თბილისში, როგორც ჩანს, დიდი არ არის.