ავტორი: მარიამ მაჭარაშვილი

 

            მოლდოვამ პროდასავლური პრეზიდენტის, მაია სანდუს, ხელმძღვანელობით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით. გასულ წელს ევროპულმა საბჭომ მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა და 2024 წლის 25 ივნისს ოფიციალურად გაიხსნა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები. ამ მიღწევების გარდა, ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს წელს მოლდოვასა და ევროკავშირს შორის გაფორმებული უსაფრთხოებისა და თავდაცვის პარტნიორობის შეთანხმება. ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ხელმძღვანელის, ჯოზეფ ბორელის თქმით, მოლდოვა პირველი ქვეყანაა, რომელმაც ასეთი პაქტი გააფორმა ევროკავშირთან. მისი განცხადებით, ასევე იგეგმება ანალოგიური ხელშეკრულებების გაფორმება სხვა „შერჩეულ პარტნიორებთანაც“, რაც ევროკავშირისთვის არის შესაძლებლობა, მათთან ერთად შექმნას უსაფრთხო და მდგრადი სივრცე.

            აღნიშნული პარტნიორობა მოიცავს თანამშრომლობის ფართო სპექტრს, როგორიცაა: საზღვრის დაცვა, კიბერუსაფრთხოება, ბრძოლა ჰიბრიდულ საფრთხეებთან, ერთობლივი სამხედრო წვრთნები, თემატური ტრენინგები და შესაძლებლობების განვითარება, მოლდოვის ჩართულობა ევროკავშირის კოლექტიური უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) მისიებში. პარტნიორობის მიზანია გადაჭრას უსაფრთხოების საერთო გამოწვევები და გაზარდოს მოლდოვის მედეგობა. ასევე, იგი ევროკავშირთან თანამშრომლობის სტრუქტურირებული ჩარჩოს ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წელს მოლდოვამ უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი შეთანხმება გააფორმა ევროკავშირის წევრ საფრანგეთთანაც. შესაბამისად, ჩვენს ბლოგში განვიხილავთ იმ შესაძლო მიზეზებს, რომლებმაც განაპირობა მოლდოვის ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოება უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში.

            უსაფრთხოების სფეროში მოლდოვის ევროკავშირთან თანამშრომლობის ზრდის უპირველესი მიზეზი რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებია, რომლებიც ბოლო პერიოდში სამი მიმართულებით გამოვლინდა: 1) რუსეთის მიერ მოლდოვის დესტაბილიზაციის მცდელობა; 2) მუქარა და 3) საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტები.

1) დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან მოლდოვას მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის რუსეთი დარუსული გავლენები, განსაკუთრებით, მოსკოვის მიერ კონტროლირებად დნესტრისპირეთში, სადაც რუსული ჯარები 1990-იანი წლებიდან არიან განლაგებული და გაგაუზიაში – პრორუსული სენტიმენტების მქონე რეგიონში. ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით ევროკავშირთან დაახლოების, უკრაინაში დაწყებული ომისა და მოლდოვას მიერ რუსული აგრესიის მკვეთრი დაგმობის შემდეგ რუსეთთან ურთიერთობა მკვეთრად დაიძაბა. გაიზარდა კრემლის მხრიდან პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის, მანიპულაციების, დეზინფორმაციისა და პრორუსული პარტიების გაძლიერებული მხარდაჭერის შემთხვევები. 2023 წლის თებერვალში პრეზიდენტმა მაია სანდუმ რუსეთი დაადანაშაულა მოლდოვის მთავრობის წინააღმდეგ გადატრიალების მომზადებაში, რასაც საფუძვლიანი მიზეზები ჰქონდა. 2024 წლის მარტში გაგაუზიის ლიდერი ვლადიმერ პუტინს შეხვდა და მას მხარდაჭერა სთხოვა, რათა დაეცვა რეგიონი „მოლდოვის ხელისუფლების უკანონო ქმედებებისგან, რომლებიც შურს იძიებენ ჩვენზე ჩვენი სამოქალაქო პოზიციებისა და ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის“, – როგორც მან შეხვედრისას აღნიშნა. დნესტრისპირეთმაც მიმართა რუსეთს, რათა დაეცვა იგი კიშინიოვის „ზეწოლისგან“. მოლდოვის ხელისუფლებისათვის ასეთიბრალდებების წაყენება უსაფუძვლოა და აშკარაა, რომ რუსეთის მართულია. გარდა ამისა, რუსეთმა გააძლიერა ილან შორის მხარდაჭერა, მოლდოველი ოლიგარქისა, რომელსაც დაუსწრებლად მიესაჯა 15 წელი 2014 წელს საბანკო ძარცვაში მონაწილეობის გამო. ითვლება, რომ შორი არის კრემლის ნდობით აღჭურვილი პირი მოლდოვაში, რომელიც აწყობს ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებს და იბრძვის პროდასავლური გუნდის წინააღმდეგ. რუსეთის მხრიდან ასეთი ქმედებების ერთადერთი მიზანი მოლდოვაში დესტაბილიზაციის გამოწვევის მცდელობაა.

2) ამასთან,  რუსეთის მხრიდან გახშირდა მუქარები. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა  განაცხადა, რომ ბრიუსელმა მოლდოვას შესთავაზა იგივე ულტიმატუმი, რაც უკრაინას, რომელსაც მან უწოდა „ან ჩვენ, ან რუსეთი“. მან თქვა, რომ მოსკოვი „დაიცავს“ ეთნიკურ რუს მოსახლეობას მოლდოვაში და რომ კიშინიოვი იმავე რისკზე მიდის, რაზეც უკრაინა. მარია ზახაროვამ კი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მაია სანდუ და მისი პოლიტიკა ნაცისტურ რეჟიმს შეადარა, ისევე, როგორც უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი, რაც ირიბად ნიშნავდა გაფრთხილებას, რომ მოლდოვასაც იგივე ბედი ელის, რაც უკრაინას.

3) ამასთანავე, დაფიქსირდა მოლდოვის საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტები. Politico-სთან ინტერვიუში მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა პოპშოიმ აღნიშნა, რომ დაფიქსირდა შავი ზღვიდან გაშვებული რამდენიმე რუსული რაკეტა, რომლებიც დაფრინავდნენ ქვეყნის საჰაერო სივრცეში, უკრაინის სამიზნეების მიმართულებით.

            ასეთი მუქარებისა და რუსეთისგან პოტენციური საფრთხის თავიდან აცილების ერთადერთი გზა მოლდოვისთვის სწორედ დასავლეთთან მჭიდრო თანამშრომლობაა. ეს გახდა მიზეზი, რატომაც პრეზიდენტმა სანდუმ ხელი მოაწერა ევროკავშირთან და საფრანგეთთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს დაიცვას მოლდოვის დამოუკიდებლობა რუსეთის პოტენციური აგრესიისგან. მოლდოვამ ასევე გადაწყვიტა შეაჩეროს მონაწილეობა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ შეთანხმებაში, რომელიც ადგენს შეზღუდვებს სამხედრო აღჭურვილობაზე, რაც ნიშნავ იმას, რომ ხელისუფლება რეალურად აფასებს მოსალოდნელ საფრთხეებს და ცდილობს, მაქსიმალურად გაზარდოს თავდაცვისუნარიანობა.

            ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გარდა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ევროკავშირთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში  პარტნიორობის შეთანხმება შეესაბამება მოლდოვის ეროვნული უსაფრთხოების განახლებულ მიზნებს და გარკვეულწილად მათგან გამომდინარეობს. 2023 წლის დეკემბერში მოლდოვის პარლამენტმა დაამტკიცა ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, რომელიც წინა დოკუმენტისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, კერძოდ: 1) დოკუმენტში ქვეყნის უპირველეს საფრთხედ ოფიციალურად დასახელებულია რუსეთი: „რუსეთი და მისი მარიონეტები მოლდოვაშიწარმოადგენენ საფრთხის ყველაზე საშიშ და მუდმივ წყაროს, რომელსაც, თუ არ დავუპირისპირდებით, შეიძლება სერიოზული გავლენა იქონიოს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობაზე, დემოკრატიასა და კეთილდღეობაზე“. შედარებისთვის, მოლდოვის წინა, 2011 წლის, ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში რუსეთი სტრატეგიულ პარტნიორებს შორის იყო ნახსენები, თუმცა ევროკავშირის, აშშ-ისა და რუმინეთის შემდეგ. შესაბამისად, ასეთი ჩანაწერის არსებობა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში ნიშნავს მოლდოვის მიერ საფრთხეების, რისკების და მათთან გამკლავების გზების სიღრმისეულ გადააზრებას. როგორც მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა იგორ ზაჰაროვმა განაცხადა: „მოლდოვა მოსკოვის გავლენის სფეროს შორდება“. 2) კიშინიოვის ამჟამინდელი მთავრობა მოლდოვას უსაფრთხოებას და თუნდაც მის გადარჩენას უკრაინის უსაფრთხოებისგან განუყოფლად მიიჩნევს. უსაფრთხოების სტრატეგიაში ნათქვამია: „დამოუკიდებელი უკრაინის ჰიპოთეტური გაუჩინარება სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის მოლდოვას, როგორც დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობას და გადარჩენას“. პირიქით, „დამოუკიდებელი უკრაინა, როგორც ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, მოლდოვის ეროვნული უსაფრთხოების ძირითადი კომპონენტია“. შესაბამისად,  უკრაინის მიმართ მოლდოვის მხარდაჭერა ურყევი და მტკიცე გადაწყვეტილებაა, რაც, ცხადია, რუსეთისთვის მიუღებელია. ამავეს ადასტურებ ის ფაქტი, რომ მარია ზახაროვამ დაგმო დოკუმენტი და მას „რუსოფობიური“ უწოდა. 3) ევროკავშირში გაწევრიანება მოხსენიებულია ქვეყნის უმნიშვნელოვანეს მიზნად და პარტნიორებთან და ევროკავშირთან გაფართოებული თანამშრომლობა მოლდოვისთვის ტრანსნაციონალური გამოწვევების დაძლევის უპირველესი გზაა; 4) როგორც ზოგიერთი წყარო აღნიშნავს, ახალი უსაფრთხოების სტრატეგია გარკვეულწილად ეჭვქვეშ აყენებს „მუდმივი ნეიტრალიტეტის“ ერთგულებას და შესაძლოა სამომავლოდ ესეც გადაიხედოს.

            ამგვარად, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეული წარმატებების გარდა, წელს მოლდოვასა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში პარტნიორობის შეთანხმებას მოეწერა ხელი, რითაც მათ შორის ურთიერთობაში ახალი ეტაპი დაიწყო. ასეთი შეთანხმება გაფორმდა ევროკავშირის წევრ საფრანგეთთანაც. საგულისხმოა, რომ მოლდოვა ცდილობს თავდაცვისუნარიანობის გაზრდას პარტნიორებთან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების გზით, რაც ორივე მხარისთვის მომგებიანია. მთავარი მიზეზი, თუ რატომაც გადაწყვიტა მოლდოვის პროდასავლურად განწყობილმა ხელისუფლებამ ევროკავშირთან უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობა, რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებია, კერძოდ, დეზინფორმაცია, დესტაბილიზაციის მცდელობები დნესტრისპირეთსა და გაგაუზიაში, მუქარები და საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტები. გარდა ამისა, მოლდოვამ ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის მიღებით გადააფასა რისკები და საფრთხეები, რუსეთი უპირველეს საფრთხედ ოფიციალურად დაასახელა და უმთავრეს მიზნად კი ევროკავშირში გაწევრიანება დაისახა. უსაფრთხოების ახალი დოკუმენტის მიხედვით, სწორედ, დასავლეთთან პარტნიორობაა საფრთხეებთან გამკლავების ერთადერთი საშუალება.