ალექსი პეტრიაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი
საარჩევნო კამპანიის დროს ჯოზეფ ბაიდენის განცხადებებიდან და დაპირებებიდან ნათლად გამოჩნდა, რომ აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის საგარეო პრიორიტეტები განსხვავებული იქნებოდა მისი წინამორბედის მიერ 4 წლის განმავლობაში გატარებული პოლიტიკისგან. განსაკუთრებით მკაფიოდ ეს განსხვავებები ირანთან 2015 წელს დადებული ე.წ. ბირთვული შეთანხმებასთან დაკავშირებით იკვეთებოდა. ჯოზეფ ბაიდენს და მის გუნდს არ დაუმალავს, რომ აუცილებლად განიხილავდა შეთანხმებასთან კვლავ მიერთების საკითხს. თუმცა, ისიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ განსხვავებით კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმებისგან, რომელსაც აშშ დაუბრუნდა ჯოზეფ ბაიდენის გაპრეზიდენტების პრაქტიკულად მეორე დღესვე, ჯოზეფ ბაიდენის მომავალი ადმინისტრაციის წევრებს არასდროს უთქვამთ, რომ უპირობოდ, დაუყოვნებლივ შეუერთდებოდნენ ამ შეთანხმებას და ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მოუხსნიდნენ ირანს სანქციებს.
ირანულმა მხარემ, განსაკუთრებით ყველზე გავლენიანმა და რადიკალურმა რელიგიურმა ფრთამ, სულიერი ლიდერის აიათოლა ხამენეის მეთაურობით, ასეთ ვითარებაში კიდევ უფრო ხისტი პოზიცია დაიკავა, რაც არა მხოლოდ განცხადებებში, არამედ კონკრეტულ მოქმედებებშიც გამოიხატა. ფაქტობრივად, აშშ-ის არჩევნების დასკვნითი ეტაპისა და შედეგების გამოცხადებიდან ინაუგურაციამდე პერიოდში ირანმა პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში დაიწყო ურანის გამდიდრების შეთანხმებით დადგენილი 3.67%-იანი მაჩვენებლის ზრდა და, შესაბამისად, შეთანხმების დარღვევა. თუმცა, ეს მაჩვენებლები იყო შედარებით მოკრძალებული, ვიდრე 2020 წლის ნოემბრის ბოლოს არ განხორციელდა თავდასხმა ირანის ბირთვული პროგრამის ხელმძღვანელ მოსენ ფახრიზადეზე, რომელიც ამ თავდასხმის დროს დაიღუპა. ირანის მეჯლისმა დაუყოვნებლივ დაუჭირა მხარი ურანის 20%-მდე გამდიდრებას და მოითხოვა გაეროს ინსპექტორების საქმიანობის შეჩერება.
არჩევნების, უფრო ზუსტად კი, ინაუგურაციის შემდეგ გარკვეული პერიოდი გაგრძელდა „კუნთების თამაში“. თუმცა, ეს უფრო წინასწარი პოზიციონირება იყო სავარაუდო მოლაპარაკებების წინ, რომლის მოლოდინიც ყველა მხარეს ჰქონდა. მხარეთა ხისტ პოზიციებს გარკვეულწილად ორი ქვეყნის საშინაო-პოლიტიკური პროცესებიც განსაზღვრავდა. რესპუბლიკელებზე რომ არაფერი ვთქვათ, დემოკრატების ნაწილიც ითხოვდა ახლადარჩეული პრეზიდენტისგან, რომ ირანთან ბირთვული შეთანხმება არ გაფორმებულიყო დამატებითი პირობების წაყენებისა და 2015 წელს დადებულ შეთანხმებაში ახალი ელემენტების შეტანის გარეშე. 25 მარტს 43 დემოკრატმა და რესპუბლიკელმა სენატორმა, დემოკრატი ბობ მენენდესის და რესპუბლიკელი ლინდსი გრემის თაოსნობით, პრეზიდენტ ბაიდენს წერილობით მიმართეს მოთხოვნით, რომ აშშ არ შეუერთდეს ძველ შეთანხმებას და გააფორმოს ახალი, უფრო ფართო ხელშეკრულება. მართალია, ეს იყო მოთხოვნის ფორმით გაკეთებული სენატორების საჯარო მიმართვა პრეზიდენტისადმი, მაგრამ მოლაპარაკებების თვალსაზრისით, ის გარკვეულწილად აძლიერებდა ამერიკელი დიპლომატების პოზიციებს. რაც შეეხება ირანს, მიმდინარე წლის 18 ივნისს დანიშნულია საპრეზიდენტო არჩევნები და საკმაოდ მაღალია შანსი იმისა, რომ ე.წ. „ქორების“ ფრთამ გაიმარჯვოს. ასე რომ, მოლაპარაკებებში წარმატებისთვის შედარებით ზომიერი პრეზიდენტ რუჰანის გუნდს არცთუ ისე ბევრი დრო აქვს დარჩენილი (აგრეთვე 22 მაისს იწურება გაეროს ინსპექტორების ობიექტებზე დაშვების ვადაც).
არაპირდაპირი მოლაპარაკებები ვენაში 6 აპრილს დაიწყო. აშშ-ის და ირანის დელეგაციები ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ერთმანეთისგან 100 მეტრის დაშორებით სასტუმროებში არიან განთავსებული და მათ შორის „მიმოსვლითი დიპლომატიის“, ანუ მედიატორების ფუნქციას ევროკავშირის თაოსნობით ბრიტანელი, ფრანგი და გერმანელი მომლაპარაკებლები აწარმოებენ. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარემ პოზიტიურად შეაფასა მოლაპარაკებების დაწყება და მიმდინარეობა, როგორც ამერიკელი, ისე ირანელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ „გასაკეთებელი კიდევ ბევრია“ (აშკარად არის მსგავსებები საქართველოს საშინაო პოლიტიკასა და საერთაშორისო პროცესებს შორის). შექმნილია სამუშაო ჯგუფები, რომლებიც მუშაობენ როგორც ირანისთვის სანქციების გაუქმება/შესუსტების მიმართულებით, ისე ირანის მიერ ადრე შეთანხმებულ დონეებთან დასაბრუნებლად. ცხადია, ორივე მხარე ითხოვს, რომ ნაკისრი ვალდებულებები ჯერ მეორე მხარემ შეასრულოს. შესაძლოა, მოლაპარაკება შედგეს, რომ ორივე მხარემ ერთდროულად გადადგას ნაბიჯები, მაგრამ ვითარება არცთუ ისე მარტივია. საქმე ისაა, რომ ირანმა ბოლო წლების მანძილზე გაცილებით უფრო დიდი სიმძლავრეების ცენტრიფუგები დაამონტაჟა და ურანის გამდიდრების ისეთ ტემპებზე გავიდა, რომ 2015-ში შეთანხმებულ 3.67%-იან მაჩვენებელზე დაბრუნება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. მიუხედავად ირანის პრეზიდენტის განცხადებისა, რომ „ძველ დონეებზე დაბრუნებას საერთოდ არ დასჭირდება დრო. უბრალოდ საჭიროა სადღაც ორი ჭანჭიკის მოჭერა და სადღაც მოშვება“, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ მდივან რაფაელ გროსის განცხადებით, „შეუძლებელია, რომ მათ გამოაცხადონ, რომ დაუბრუნდნენ პირველად პოზიციას, ვინაიდან ის აღარ არსებობს“. დაახლოებით ასეთივე პრობლემებია სანქციების მოხსნის/შესუსტების მიმართულებითაც. ირანი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ითხოვს ევროპულ ბანკებში არსებული აშშ-ის სანქციებით „გაყინული“ ირანული ფინანსური რესურსების გათავისუფლებას და შემდგომ ირანისთვის ნავთობით ვაჭრობაზე დაწესებული საერთაშორისო ემბარგოს მოხსნას. ასევე გადასახედია მთელი რიგი ირანული სახელმწიფო თუ კომერციული ორგანიზაციების, ოფიციალური და კერძო პირების მიმართ დაწესებული სანქციების სიაც.
ამ ყველაფერს დაემატა ისიც, რომ მოლაპარაკებების დაწყებიდან რამდენიმე დღეში განხორციელდა თავდასხმა ნათანზის ბირთვულ ობიექტზე, რაშიც ირანმა პირდაპირ დაადანაშაულა ისრაელი (ისევე, როგორც ირანელი ფიზიკოსის მკვლელობაში). ამ ფაქტიდან სულ რამდენიმე დღეში ირანის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ურანის გამდიდრება 60%-მდე გაზარდოს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის აბას არაღჩის თქმით, „ნათანზში განთავსდება 1000 ახალი ცენტრიფუგა, რომელიც 50%-ით უფრო მძლავრია და ჩაანაცვლებს თავდასხმის შედეგად დაზიანებულ ცენტრიფუგებს“. გარდა იმისა, რომ ეს იყო პასუხი თავდასხმაზე, უნდა ითქვას, რომ ეს განცხადება მოჰყვა ევროკავშირის გადაწყვეტილებას 2019 წლის საპროტესტო აქციების დარბევის საპასუხოდ 8 ირანელი სამხედრო მაღალჩინოსნისთვის სავიზო და ფინანსური სანქციების დაწესების შესახებ. რა თქმა უნდა, შეთანხმების კიდევ ერთმა მონაწილემ – რუსეთმა ევროკავშირის გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკა. ირანის ხელისუფლების ახალი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს აღქმული, როგორც მოლაპარაკების ჩაშლის მცდელობა. თუმცა, ოფიციალური ვაშინგტონი ჯერჯერობით თავს იკავებს მკაცრი შეფასებებისგან და ემზადება მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდისათვის.
თუ ვინმეს ნამდვილად სურს ამ მოლაპარაკებების ჩაშლა, ეს, პირველ რიგში, ისრაელია. ამის შესახებ ისრაელის ხელისუფლება ღიად საუბრობს. ცხადია, ის ერიდება მისი მთავარი სტრატეგიული მოკავშირის – ამერიკის შეერთებულ შტატების ახალ ადმინისტრაციასთან ისედაც „გაგრილებული“ ურთიერთობების შემდგომ „გაციებას“ (ტრამპი-ნეთანიაჰუს ეპოქა ისტორიას ჩაბარდა და ახალი პრეზიდენტის პირობებში ურთიერთობების ხარისხი აშკარად შეიცვალა), მაგრამ ოფიციალური იერუსალიმი ღიად გამოხატავს ნეგატიურ დამოკიდებულებას აშშ-ის ბირთვულ შეთანხმებასთან დაბრუნების თაობაზე და არ იშურვებს დიპლომატიურ ძალისხმევას ამ შეთანხმების ჩაშლის თუ არა, გადავადების მიმართულებით მაინც. როგორც ჩანს, ისრაელი არა მარტო განცხადებებს აკეთებს და მოლაპარაკებებს აწარმოებს, არამედ მოქმედებს კიდეც. მართალია, ისრაელი არ ადასტურებს თავის მონაწილეობას, მაგრამ როგორც ირანელი ფიზიკოსზე, ისე ნათანზის ბირთვულ ობიექტზე განხორციელებული თავდასხმის უკან პირველ „ეჭვმიტანილად“ სწორედ ის მიიჩნევა.
მაღალი ალბათობით, საბოლოო ჯამში შეთანხმება მაინც შედგება, მაგრამ რა პირობებით და ვისი გამარჯვებით დასრულდება მოლაპარაკებები – ამაზე საუბარი ჯერ კიდევ ნაადრევია. რამდენად უსაფრთხო გახდება ამ შეთანხმებით რეგიონი და, ზოგადად, მსოფლიო – ეს კიდევ ცალკე მსჯელობის საგანია და დამოუკიდებელ ბლოგს იმსახურებს.