ავტორი: პოლინ ლე გრანი

 

10 სექტემბერს ყოფილ პრეზიდენტ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ ჰარისს შორის გამართულ საპრეზიდენტო დებატებს 67 მილიონი მაყურებელი ჰყავდა. ეს დებატები იყო 2024 წლის საპრეზიდენტო რბოლაში საკვანძო მომენტი და ვიცე-პრეზიდენტ ჰარისის პრეზიდენტობის კანდიდატად ბოლო წუთს ნომინირების შემდეგ მისი პირველი მნიშვნელოვანი გამოსვლა. ეს იყო ასევე  შანსი ჰარისისთვის, რომ დაერწმუნებინა დემოკრატები მასზე არჩევანის გაკეთების სისწორეში. დებატებში კარგად გამოჩნდა ვიცე-პრეზიდენტ ჰარისის, როგორც დონალდ ტრამპის პირველი რეალური ოპონენტის, უდავო წარმატება; დონალდ ტრამპმა უარიც კი განაცხადა დებატებში მასთან მეორედ დაპირისპირებაზე.

ორივე კანდიდატისთვის დებატები წარმოადგენდა შესაძლებლობას, კიდევ ერთხელ დაედასტურებინათ და განემარტათ თავიანთი პოზიციები, არა მხოლოდ ისეთ მნიშვნელოვან საშინაო მიმართულებებზე, როგორიცაა ეკონომიკური პოლიტიკა და აბორტის საკითხი, არამედ საგარეო პოლიტიკის მხრივაც. ორივე კანდიდატს სთხოვეს საკუთარი შეხედულების დაფიქსირება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის თაობაზე. აშშ-ის არჩევნების შედეგი გავლენას იქონიებს აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მომავალ სტრატეგიაზე, რაც თავისთავად პირდაპირ შეეხება უკრაინას, რომლის ყველაზე დიდ დამფინანსებელიც აშშ-ია. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები უკრაინის მხარდაჭერის თვალსაზრისით აშშ-ის საპრეზიდენტო დებატების შემდეგ?

აშშ საგარეო პოლიტიკა უკრაინის მიმართულებით

დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში:

უკრაინის თემაზე დონალდ ტრამპის კომენტარები გარკვეულწილად შოკისმომგვრელი იყო, თუმცა მოულოდნელი არ ყოფილა. დებატების წამყვანმა ორჯერ დაჟინებით მოსთხოვა ტრამპს პასუხი კითხვაზე, სურს თუ არა, რომ ომში უკრაინამ გაიმარჯვოს, რაზეც პირდაპირი პასუხი ვერ მიიღო. ტრამპმა უბრალოდ განმარტა, რომ ომის შეწყვეტა სურს და აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში, ომი არ დაიწყებოდა. მან ასევე მიანიშნა, რომ კარგად იცნობს პუტინს და არჩევნებში წარმატების შემთხვევაში, ომის დასრულების პირობა დადო. 23 სექტემბერს გამართულ მიტინგზე ტრამპმა გაიმეორა, რომ ამჟამინდელი ადმინისტრაციისგან განსხვავებულად იმოქმედებს და აიძულებს პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ პუტინს დადონ შეთანხმება. სექტემბრის დასაწყისში „შონ რაიან შოუში“  ტრამპის თანაგუნდელმა ჯეი დი ვანსმა კონფლიქტის მოგვარების შესაძლო გეგმა წარმოადგინა, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების „დემილიტარიზებულ ზონად“ ჩამოყალიბებას მოიაზრებდა.

ამასთან, ამის საპირისპიროდ, ზაფხულში ტრამპსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ, რომელიც ორივე მხარემ წარმატებულად შეაფასა, ყოფილმა პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ის „მიაღწევს სამართლიან მშვიდობას უკრაინაში“. ყოფილ პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ ბაიდენს შორის გამართულ საპრეზიდენტო დებატებზე ტრამპმა პუტინთან მოლაპარაკებების პირობები, რომლის მიხედვითაც უკრაინამ უნდა დათმოს რუსეთის მიერ მიტაცებული საკუთარი ტერიტორიები და უარი თქვას ნატოში გაწევრიანებაზე, „მიუღებლად“ მიიჩნია.

შესაძლოა, რამდენიმე თვის წინ, ტრამპის გეგმები უკრაინასთან დაკავშირებით უფრო ამბივალენტური და უკრაინის მხარდამჭერი იყო. თუმცა, დებატების შემდეგ მის დღის წესრიგში უკრაინაში ომის დასრულების საკითხი დადგას მიუხედავად იმისა, თუ რა ბედი ეწევა უკრაინის ტერიტორიებს. ამ საკითხს იგი განიხილავს, როგორც დაპირისპირებას „ომი თუ მშვიდობა“  და არა, როგორც  „უკრაინის გამარჯვება თუ რუსეთის გამარჯვება“. რა თქმა უნდა, ტრამპის პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით შიდა პოლიტიკის სტრატეგიაცაა. ომის დასრულება სახელმწიფო ხარჯების შემცირებას გამოიწვევს, რასაც რესპუბლიკური პარტია მტკიცედ უჭერს მხარს. დებატების დროს, უკრაინის საკითხზე საუბრისას, ტრამპმა, როგორც ჭეშმარიტმა რესპუბლიკელმა, ომში ევროპის არასაკმარისად ჩართულობაზეც გააკეთა კომენტარი. ტრამპმაც და ჯეი დი ვანსმაც მიანიშნეს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, შესაძლებელია უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტა. ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში უკრაინის მომავალი საკმაოდ მრუმედ ჩანს.

კამალა ჰარისის გამარჯვების შემთხვევაში:

როგორც დებატების მიმდინარეობისას, ასევე შემდეგ პერიოდშიც გამოიკვეთა ვიცე-პრეზიდენტ ჰარისის ბევრად უფრო ძლიერი პროუკრაინული პოზიცია. მან დაადანაშაულა ტრამპი იმაში, რომ აღფრთოვანებულია პუტინით, რომელსაც უფლებას მისცემდა უკრაინას ისე მოჰქცეოდა, როგორც მოესურვებოდა. ჰარისმა აღნიშნა: ტრამპი რომ პრეზიდენტი იყოს, „დღეს პუტინი კიევში იჯდებოდა და მზერა მიპყრობილი ექნებოდა დანარჩენი ევროპისკენ, დაწყებული პოლონეთით, – და შემდეგ მიუბრუნდა ტრამპს, – რატომ არ ეუბნები 800 000 პოლონელ ამერიკელს სწორედ აქ, პენსილვანიაში, თუ რა სწრაფად დანებდებოდი პუტინის კეთილგანწყობის მოპოვების სანაცვლოდ, რაც მეგობრობად მიგაჩნია დიქტატორად აღიარებულ ადამიანთან, რომელსაც შეუძლია სადილად შეგჭამოს?“. ვიცე-პრეზიდენტმა ჰარისმა მხარდაჭერა გამოუხატა უკრაინას და ამ მხარდაჭერის გასაძლიერებლად 50 ქვეყნის გაერთიანებაში საკუთარ როლს გაუსვა ხაზი.

მიუხედავად იმისა, რომ დებატების დროს ვიცე-პრეზიდენტი ჰარისი გარკვეულ საკითხებზე ამჟამინდელი ადმინისტრაციისგან განცალკევებას ცდილობდა, მისი შეხედულება უკრაინის მიმართულებით არ განსხვავდება ბაიდენის ადმინისტრაციის პოზიციისგან. მოდერატორებს არ დაუსვამთ კონკრეტული კითხვები, თუ რამდენად შესაძლებელია უფრო თამამი საგარეო-პოლიტიკური მიდგომა მომავალში; სამაგიეროდ, ყურადღებით გამოჰკითხეს რას ფიქრობდა მოსკოვის აგრესიაზე. ამრიგად, ვიცე-პრეზიდენტმა ჰარისმა თავი აარიდა რესპუბლიკელი ამომრჩევლისგან დისტანცირებას, როცა უკრაინის მხარდაჭერაზე საუბრის ნაცვლად, მიეცა შესაძლებლობა, რომ სამომავლო ნაბიჯებსა და ქმედებებზე გადაეტანა ყურადღება. ამგვარად, დემოკრატების გამარჯვების შემთხვევაში, იქნება აშშ-ის უფრო პროგნოზირებადი, თუმცა არა აუცილებლად უფრო პროაქტიული საგარეო პოლიტიკა.

მოვლენების განვითარება უკრაინისთვის:

აშშ-ის დებატების შემდეგ უკრაინასთან დაკავშირებით ახალი მოვლენების განვითარების ტენდენცია შეინიშნება, რაც ასევე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის მომავლისთვის. გასულ თვეს პრეზიდენტი ზელენსკი ესტუმრა აშშ-ს, რათა შეხვედროდა პრეზიდენტ ბაიდენს, რომელიც ამზადებდა უკრაინისთვის 375 მილიონ დოლარამდე ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს. პრეზიდენტი ზელენსკი არა მხოლოდ პრეზიდენტ ბაიდენს შეხვდა თავისი „გამარჯვების“ გეგმის განსახილველად, არამედ ვიცე-პრეზიდენტ ჰარისსა და ყოფილ პრეზიდენტ ტრამპსაც, რაც იმის დასტურია, რომ სურს ითანამშრომლოს და მხარდაჭერა მიიღოს აშშ-ის მომავალი პრეზიდენტისგან, განურჩევლად იმისა, ვინ დაიკავებს ამ პოსტს. ომის განვითარებასთან და, განსაკუთრებით, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ევროკავშირის ქვეყნებისა და ნატოს მხრიდან აშშ-ს უკვე აქვს გარკვეული ზეწოლა, რომლის გამკლავება, მორგება ან შეჩერება არჩევნებში გამარჯვებულ ადმინისტრაციას მოუწევს.

კრიტიკული სიტუაციის ერთ-ერთი მაგალითი, რომელზეც რეაგირება იქნება საჭირო, წინა კვირას მოხდა, როდესაც ევროკავშირმა უკრაინისთვის აშშ-ის მონაწილეობის გარეშე $39 მილიარდიანი სესხის გაცემის გადაწყვეტილება მიიღო. თავდაპირველი მონაცემებით, სესხის ოდენობა განსაზღვრული იყო $50 მილიარდით და მასში აშშ-საც უნდა მიეღო მონაწილეობა. სესხს უკრაინა მიღებული რუსული აქტივების პროცენტებით დააბრუნებდა,  ეს, სავარაუდოდ, იყო აშშ-ის სტრატეგია, რომელიც უზრუნველყოფდა ამ პერიოდში უკრაინის დახმარებას როგორც ევროკავშირის მხრიდან, ისე  არჩევნების შედეგად აშშ-ში ადმინისტრაციის შეცვლის შემთხვევაში. ასევე კრიტიკული საკითხია მიმდინარე დისკუსიები უკრაინისთვის ნატოს მოკავშირეებისგან მიღებული შორ მანძილზე მოქმედი იარაღის რუსეთის წინააღმდეგ გამოყენების ნებართვის მიცემის თაობაზე.  ფინეთი და სხვა სკანდინავიური ქვეყნები, ასევე ნატოს გენერალური მდივანი მოუწოდებდნენ პრეზიდენტ ბაიდენს, უკრაინისთვის მიეცა უფლება გამოეყენებინა ნატოს იარაღი რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში იერიშის მისატანად.

დასკვნა:

აღნიშნული კრიტიკული სიტუაციების შედეგები განსაზღვრავს უკრაინის სამხედრო სტრატეგიის მომავალს და საჭიროებს ნატოს წევრების ერთობლივ მოქმედებას ომის მიმდინარეობის შეცვლის სტრატეგიის მიმართულებით. გამოკითხვების მიხედვით, ორივე კანდიდატს არჩევნებში გამარჯვების თანაბარი შანსი აქვს, შესაბამისად, არჩევნებმა შეიძლება გამოიწვიოს აშშ-ის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის სერიოზული ცვლილება უკრაინის მიმართულებით. ის, თუ ვის აირჩევს ამერიკა პრეზიდენტად, საბოლოო ჯამში გავლენას მოახდენს  უკრაინის მხარდასაჭერად აშშ-ის ნატოსთან კოორდინირებულ მოქმედებაზე. ყოფილი პრეზიდენტი ტრამპის დაბრუნების შემთხვევაში, ნატოსთან მიღწეული სტრატეგიული გადაწყვეტილებები შესაძლოა შეჩერდეს ან გაუქმდეს კიდეც, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ დონალდ ტრამპის სკეპტიციზმს ნატოში აშშ-ის ჩართულობაზე. ჯერ კიდევ 2019 წელს, ტრამპი ნატოდან გასვლით იმუქრებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ნატოდან აშშ-ის სრული გასვლა ნაკლებად სავარაუდოა, დონალდ ტრამპს შეუძლია გაართულოს ნატოს მიერ ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება უკრაინის მიმართულებით. უკრაინის მომავალს მეტწილად აშშ-ის საპრეზიდენტო დებატები და აშშ-ის მომავალი არჩევნები განსაზღვრავს, რომელიც ორ თვეზე ნაკლებ დროში ჩატარდება.