2014 / 03 / 05

2014 წლის 5 მარტს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ორგანიზებითა და ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ხელშეწყობით გაიმართა დისკუსია-მრგვალი მაგიდა, სახელწოდებით: მზადება ბირთვული უსაფრთხოების სამიტისთვის და საქართველოს როლი ბირთვული გაუვრცელებლობის რეჟიმში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საექსპერტო წრეების, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების, ასევე,  საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და ჰოლანდიელმა ექსპერტმა.  მრგვალი მაგიდის მიზნებს წარმოადგენდა: ქვეყანაში ბირთვული უსაფრთხოების სამიტისა და ბირთვული უსაფრთხოების საკითხების შესახებ ცოდნის გაღრმავება, აზრთა გაცვლა დაინტერესებულ მხარეებს შორის და ბირთვული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე სხვადასხვა მხარეთა ქსელის შექმნა.

სემინარი გახსნა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტმა – ალექსანდრე რონდელმა.   მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს: ნიდერლანდების სამეფოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანჟელ სამურამ  და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილემ   ბრიჯიტ ბრინკმა. 

მთავარი მოხსენება ეხებოდა ბირთვული უსაფრთხოების სამიტის სტრუქტურის, შინაარსისა და განხორციელების დეტალების განხილვას, მომხსენებელი იყო მარინუს კორნელის შრავერი, ნიდერლანდების სამეფოს ეკონომიკურ საკითხთა სამინისტროს უსაფრთხოებისა და ბირთვული დანადგარების დირექტორატის ბირთვული უსაფრთხოების ექსპერტი.  პირველი სესია დაეთმო საგარეო საქმეთა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროების წარმომადგენლების მიმოხილვას – საქართველოს მთავრობის მზადება 2014 წლის  ბირთვული უსაფრთხოების  სამიტისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა კი ილაპარაკა სამინისტროს როლზე ბირთვული გაუვრცელებლობის კონტექსტში. 

მეორე სესია სამი მოხსენებისგან შედგებოდა: ბირთვული გაუვრცელებლობის გლობალური დღის წესრიგი, დამოუკიდებელი საქართველოს ბირთვული გაუვრცელებლობის პოლიტიკა და პრაქტიკა და  საქართველოს პასუხი ბირთვული გაუვრცელებლობის მიმდინარე გამოწვევებზე, სამივე მომხსენებელი წარმოადგენდა სამოქალაქო საბჭოს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში. 

A Roundtable Discussion in the run-up to the World Summit on Nuclear Security 2014 in the Hague, March, 05, 2014