ავტორი: გელა ხმალაძე, რონდელის ფონდის მკვლევარი

 

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ჰამასის შეიარაღებული ჯგუფების ტერორისტულმა თავდასხმამ ისრაელის დასახლებულ პუნქტებზე და ისრაელის მხრიდან დაწყებულმა საპასუხო ანტიტერორისტულმა ოპერაციებმა ფართო რეაქცია გამოიწვია რუსეთის ფედერაციაში, განსაკუთრებით ისლამური აღმსარებლობის ეთნოსებით დასახლებულ ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში. ამასთან, ადგილობრივი საზოგადოების აღშფოთება და პროტესტი მოჰყვა არა უშუალოდ ჰამასის ტერორისტულ თავდასხმას და მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივ განადგურებას, არამედ მხოლოდ ისრაელის საპასუხო რეაგირებას ხსენებული დაჯგუფების წინააღმდეგ.

ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში ადგილობრივმა ისლამურმა სასულიერო ლიდერებმა მოუწოდეს მოქალაქეებს გარკვეული პერიოდულობით შეკრებილიყვენენ მეჩეთებში და კოლექტიური ლოცვები აღევლინათ პალესტინელი ერთმორწმუნეების მხარდასაჭერად. ჩრდილოეთ კავკასიის ქალაქებში მორწმუნე ახალგაზრდების ჯგუფებმა დაიწყეს პალესტინის არაბული სახელმწიფოს სიმბოლიკის საჯარო დემონსტრირება. მოეწყო არაფორმალური შეკრების პუნქტები, სადაც ხდება რელიგიურად მოტივირებული პირების მობილიზება და მოხალისეთა სიების შედგენა, ვინც მზადაა გაემგზავროს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში პალესტინელი მუსლიმების მხარდასაჭერად საბრძოლველად.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩრდილოეთ კავკასიის მეჩეთებში მსგავსი რელიგიური რიტუალური ლოცვები უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლი მუსლიმი ერთმორწმუნეების მხარადსაჭერად რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებიდან დღემდე სისტემატურად ტარდება.

საზოგადოების აქტიურობას დაემატა და გარკვეულწილად წაახალისა ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის რამზან კადიროვის საჯარო მოწოდებებმა პალესტინელი მუსლიმების მხარდასაჭერად, სადაც ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროპის ქვეყნებთან ერთად ისრაელის სახელმწიფო დადანაშაულებული იყო ე. წ. გლობალურ ანტიისლამიზმში და პალესტინელი მუსლიმების მიზანმიმართულ განადგურებაში. 7 ოქტომბრის შემდგომ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და ექსპერტები რუსეთის ფედერალური საინფორმაციო საშუალებებით მუდმივად ეწევიან ისრაელის სახელმწიფოს, როგორც დასავლური ცივილიზაციის ფორპოსტის საწინააღმდეგო პროპაგანდას.

შეიძლება ჩავთვალოთ, რომ რ. კადიროვის ღია განცხადებები განპირობებული იყო არა წმინდა რელიგიური, არამედ უფრო პოლიტიკური მიზნებით. ეს ნაბიჯი გათვლილი იყო როგორც შიდა აუდიტორიაზე, ანუ რუსეთის ფედერაციის მუსლიმ მოსახლეობაში საკუთარი ავტორიტეტის და გავლენის განსამტკიცებლად, ასევე ახლო აღმოსავლეთის არაბული სახელმწიფოებისათვის პოლიტიკური სოლიდარობის გამოსახატად.

ისრაელის წინააღმდეგ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან წარმოებულმა ამგვარმა საინფორმაციო კამპანიამ შეიძლება ითქვას, რომ წაახალისა და მწვანე შუქი აუნთო ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრებ მუსლიმ საზოგადოებაში ანტისემიტური და ანტიდასავლური განწყობების გამძაფრებას. ამ საზოგადოების ყველაზე მეტად ისლამიზირებულმა და აგრესიულმა სოციალურმა ჯგუფებმა ჩათვალეს, რომ მათ შესაძლო აქტიურ და დესტრუქციულ ქმედებებზე ხელისუფლებას კანონიერი რეაგირება არ ექნებოდა.

თუმცა ჩრდილოეთ კავკასიის სხვა რესპუბლიკების სახელისუფლებო სტრუქტურები მაინც თავშეკავებით და სიფრთხილით მოეკიდნენ ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობის მღელვარებას და ყოველმხრივ შეეცადნენ, რომ ეს პროცესი არ გამოსულიყო გარეთ და არ გადაზრდილიყო ქუჩის საპროტესტო აქციებში. დაღესტნის, ინგუშეთის, ყაბარდო-ბალყარეთის და ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკების ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმ დღეებში გააკეთეს განცხადებები, რომ რუსეთის ფედერალური ხელისუფლება მხარს უჭერს პალესტინელი მუსლიმების ბრძოლას საკუთარი სახელმწიფოს შესაქმნელად, თუმცა იქვე გააფრთხილეს საკუთარი მოსახლეობა, რომ არ დაუშვებდნენ პალესტინის მხარდამჭერ ქუჩის არასანქცირებულ აქციებს.

ჩრდილოეთ კავკასიის მუსლიმ საზოგადოებაში ანტისემიტური განწყობების გაღვივებაში გარკვეული მაპროვოცირებელი როლი შესაძლოა შეესრულებინა 26 ოქტომბერს მოსკოვში ჰამასის წარმომადგენელთა ვიზიტსაც. მათთან მოლაპარაკებისას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა რუსეთის მხარდაჭერა 1967 წლის საზღვრებში პალესტინის არაბული სახელმწიფოს სუვერენული არსებობისადმი და არ დაუგმია ტერორისტული თავდასხმა ისრაელის მშვიდობიან მცხოვრებლებზე.

ცხადია, რუსეთის ხელისუფლება უკრაინაში მიმდინარე საომარი ვითარების  ფონზე ცდილობდა თავიდან აეცილებინა საზოგადოებაში ზედმეტი დაძაბულობა, რათა ეს პროცესი არ მისულიყო სტიქიურ საზოგადოებრივ მღელვარებამდე და არ გამხდარიყო უკონტროლო. ქუჩის პროტესტის დაწყების შემთხვევაში გაცილებით რთული გახდება ამ პროტესტის მართვა. რადგან ასეთი პროტესტის დროს შესაძლოა სპონტანურად იჩინოს თავი საზოგადოებაში დაგროვილმა ყველა წინააღმდეგობამ და გამოწვევამ. შედეგად, ასეთი გამოსვლები ადვილი შესაძლებელია ხელისუფლებისათვის არასასურველი მიმართულებითაც განვითარდეს. მით უმეტეს, ისეთ რეგიონში როგორიც ჩრდილოეთ კავკასიაა, სადაც უკვე მრავალი წელია თანმიმდევრულად ითრგუნება ადამიანების უფლებები და ოპოზიციური აზრის გამოხატვის უფლება.

სწორედ ამგვარი შემთხვევა იყო 29 ოქტომბრის საღამოს დაღესტნის რესპუბლიკაში, როდესაც, გავრცელებული ინფორმაციით, აგრესიულად განწყობილი ახალგაზრდების დაახლოებით ათასკაციანი ჯგუფი შეიჭრა მაჰაჩყალის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე. ისინი ცდილობდნენ ებრაელი ეროვნების მგზავრების აღმოჩენას და მათთან ფიზიკურ ანგარიშსწორებას ღაზის სექტორში ისრაელის მიერ განხორციელებული ანტიტერორისტული ოპერაციების საპასუხოდ. სხვადასხვა წყაროთი დადასტურებული მონაცემების თანახმად, სწორედ ეს აგრესიულად განწყობილი ადამიანები იყვნენ, ვინც ბოლო კვირების განმავლობაში აქტიურად იკრიბებოდნენ დაღესტნის მეჩეთებში და მოქცეულნი იყვენენ ანტისემიტური და ანტიდასავლური პროპაგანდის გავლენის ქვეშ.

მიუხედავად იმისა, თუ საიდან და რომელმა პოლიტიკურმა ძალებმა გაავრცელეს მაპროვოცირებელი ინფორმაცია და მოწოდებები მახაჩკალის აეროპორტში ეთნიკურად ებრაელი მგზავრების ჩასვლის და მათ მიმართ ანგარიშსწორების შესახებ, ფაქტია, რომ სოციალური მედიის საშუალებით დროის მოკლე მონაკვეთში ძალიან ადვილად მოხდა იდეოლოგიურად უკვე დამუშავებული და აგრესიული სოციალური ჯგუფის პროვოცირება. შედეგად, ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში არსებული რეპრესიული რეჟიმის და ტოტალური კონტროლის პირობებშიც კი რუსეთის ძალოვანმა სტრუქტურებმა მომენტალურად დაკარგეს კონტროლი ადგილობრივი საზოგადოების ამ აგრესიულად განწყობილი ნაწილის დესტრუქციულ მოქმედებებზე.

ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში მცხოვრები ექსპერტების ერთი ნაწილიც მიიჩნევს, რომ ადგილობრივი ძალოვნებისთვის რთული აღმოჩნდა მრავალი წლის მანძილზე პროპაგანდისტული და რელიგიური მანიპულაციებით დეზორიენტირებული ახალგაზრდული ჯგუფების აგრესიის გაკონტროლება.

 

რატომ დაღესტნის რესპუბლიკაში?

საინტერესოა მიზეზები, თუ რატომ მოხდა უკონტროლო აგრესიული აქტი სწორედ დაღესტანში  და არა თუნდაც ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონის სხვა, ასევე მუსლიმი უმრავლესობით დასახლებულ სუბიექტებში.

უნდა აღინიშნოს, რომ დაღესტანში რეგიონის დანარჩენ რესპუბლიკებთან შედარებით ბევრად ძლიერია ისლამის გავლენა საზოგადოების ცნობიერებასა და განწყობებზე. ისლამური ტრადიცია სხვა სოციალურ და პოლიტიკურ მდგენელბზე უფრო მეტად განსაზღვრავს ამ სოციუმის ცხოვრების წესს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ისლამური რელიგია იქცა დაღესტნური საზოგადოების კულტურული იდენტობის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტად.  ხშირ შემთხვევაში ისლამური რელიგიური კანონებით რეგულირდება სოციალური და სამოქალაქო ურთიერთობებიც.

ტრადიციულად, მაღალი შობადობის და ახალგაზრდებს შორის მაღალი უმუშევრობის ფონზე, დაღესტნის რესპუბლიკაში ფართოდაა გავრცელებული სტრუქტურირებული ისლამური საგანმანათლებლო დაწესებულებების სისტემა. ახალგაზრდების აბსოლუტური უმრავლესობა ზოგად განათლებასთან ერთად იღებს ისლამურ განათლებას. ბოლო ათწლეულების მანძილზე სახელმწიფოს მიერ მიწოდებული საშუალო განათლების ხარისხი ძალიან დაბალია და ამის კომპენსირება ხდება სწორედ ისლამური სასწავლებლების ხარჯზე. კორუფციის მაღალი დონის და სოციალური ლიფტების არარსებობის გამო ბევრი ახალგაზრდა პრიორიტეტს რელიგიურ განათლებას ანიჭებს და ხშირად სრულიად უგულებელყოფილია ზოგადი სამოქალაქო განათლების მიღება. რეალურად, სახელმწიფო სტრუქტურების კორუმპირებულობის და ნეპოტიზმის გამო ისლამური განათლება ახალგაზრდებს უფრო მეტად უქმნის სამართლიანობის შეგრძნებას და მათ შემდგომი განვითარებისთვის თანაბარ შესაძლებლობებს აძლევს.

ამავე დროს, დაღესტანში არ არსებობენ პოლიტიკური და საზოგადოებრივი ლიდერები, რომელთაც ენდობა საზოგადოება. ისინი ჩაანაცვლეს ისლამურმა რელიგიურმა სასულიერო პირებმა და სწავლულებმა. სწორედ ეს პირები, ხშირად რუსეთის ხელისუფლების კონტროლით და სპეცსამსახურების დაკვეთით ახდენენ დაღესტანში საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას და წარმოადგენენ ყველაზე გავლენიან ავტორიტეტებს მოსახლეობის უმრავლესობისათვის, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობისთვის, რომელიც თავისუფლია ძველი საბჭოთა ფასეულობებისა და ცხოვრების წესისაგან.

აღსანიშნავია, რომ 29 ოქტომბერს მაჰაჩყალის აეროპორტის დამრბევი ახალგაზრდების აგრესიულ ჯგუფს ადგილზე არ ჰყავდა საზოგადოებრივი ლიდერი, რომელიც მართავდა ამ ჯგუფს და გააკონტროლებდა აგრესიას. ამ ადამიანების რელიგიურ და იდეოლოგიურ დამუშავებას სწორედ ისლამური ავტორიტეტები ეწეოდნენ წლების განმავლობაში.

ასევე ხაზგასასმელია, რომ როგორც დაღესტნის, ასევე მთლიანად ჩრდილოეთ კავკასიის მუსლიმური საზოგადოების ცნობიერებაში მტკიცედაა ჩამოყალიბებული ე. წ. ისლამური სოლიდარობის გრძნობა. მის მიხედვით, ნებისმიერი პოლიტიკური თუ სოციალური ხასიათის კონფლიქტის შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს ამ კონფლიქტის არსს, გამომწვევ მიზეზებს, პოლიტიკურ კონტექსტს ანდა ვის მხარესაა საერთაშორისო სამართალი. ყველა შემთხვევაში ნებისმიერი მართლმორწმუნე მუსლიმი ვალდებულია კონფლიქტში მონაწილე მუსლიმებს ცალსახად დაუჭიროს მხარი.

რელიგიური რწმენა თუ პოლიტიკური მანიპულაცია?

სინამდვილეში, ამ პრობლემის არსი და მისი გამომწვევი მიზეზი უფრო მასშტაბურია. ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ რუსეთის ფედერაციაში, განსაკუთრებით ხელისუფლების სათავეში პრეზიდენტ ვ. პუტინის მოსვლის შემდეგ, დასავლეთის წინააღმდეგ დაწყებული პოლიტიკური და ინფორმაციული კონფრონტაციის შემადგენელი ნაწილი გახდა სტერეოტიპის შექმნა, რომლის მიხედვითაც ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირის ქვეყნები არიან არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციის, არამედ მთლიანად ისლამური ცივილიზაციის პოლიტიკური მოწინააღმდეგეები. თითქოსდა თავის დროზე ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ისრაელის სახლმწიფოს შექმნა და ამით გამოწვეული პალესტინის მოუგვარებელი კონფლიქტი დასავლეთს სჭირდება მსოფლიოში ისლამური გავლენის შესაკავებლად. რუსეთის ხელისუფლების მიერ  ამ სტერეოტიპის კულტივირება პირველ რიგში გათვლილია შიდარუსული მოხმარებისთვის, ანუ რუსეთის მუსლიმი მოსახლეობის იდეოლოგიური მობილიზაციისთვის რუსეთის ოფიციალური საგარეო-პოლიტიკური კურსის გარშემო.

მეტიც, რუსეთის ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების წინაშე წარმოაჩენს,  თითქოსდა დასავლური ქვეყნები დემოკრატიული და ლიბერალური ღირებულებების გავრცელებით ერთდროულად ებრძვიან რუსეთის სახელმწიფოს და ისლამს. თითქოს დასავლური ცივილიზაცია და თანამედროვე დემოკრატია ეგზისტენციალურ კონფლიქტშია რუსეთის სუვერენულ განვითარებასთან და იმავდროულად ისლამურ რელიგიურ ღირებულებებთან.

ამ პოლიტიკური ნარატივების ჩრდილოეთ კავკასიის მუსლიმური საზოგადოებებისათვის მიწოდება ორ ათეულ წელზე მეტია ხდება როგორც სახელმწიფო პროპაგანდის საშუალებით, ასევე ხელისუფლების კონტროლქვეშ მყოფი ისლამური რელიგიური სტრუქტურების და გავლენიანი სასულიერო პირების მეშვეობით.

აღსანიშნავია, რომ 2012-2017 წლებში სირიის და ერაყის ტერიტორიაზე არსებულ კვაზისახელმწიფოებრივ წარმონაქმნ „ისლამურ სახელმწიფოში“ ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონიდან ისლამისტი მებრძოლები მიემგზავრებოდნენ განწყობით და რწმენით, რომ სწორედ „ისლამური სახელმწიფო“ უნდა დაპირისპირებოდა დასავლური ცივილიზაციის გავლენებს და შეეჩერებინა დასავლური ქვეყნების, პირველ რიგში, აშშ-ის ექსპანსია გლობალური ისლამის წინააღმდეგ.

ამ პოლიტიკის ნაწილია ის ფაქტიც, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ბევრმა ჩრდილოკავკასიელმა სასულიერო პირმა უკრაინის წინააღმდეგ ომი გამოაცხადა ისლამის „საღვთო ომად“ და ადგილობრივ მორწმუნე მუსლიმებს მოუწოდებენ ჩაეწერონ რუსეთის არმიაში და იბრძოლონ უკრაინის წინააღმდეგ სწორედ ისლამის სახელით.

მრავლისმეტყველია პრეზიდენტ ვ. პუტინის კომენტარი 29 ოქტომბრის მაჰაჩყალის აეროპორტის ინციდენტის შემდეგ. რუსეთის პრეზიდენტმა, ჩვეულებისამებრ, მომხდარში კოლექტიური დასავლეთი დაადანაშაულა. მას ფაქტობრივად არ დაუგმია ამ აგრესიული ქმედებების არსი და დაიწუნა მხოლოდ გამოხატვის ფორმები. პუტინისთვის, ფაქტობრივად, მისაღები აღმოჩნდა ამ აგრესიის გამოხატვის საფუძველი – აგრესიული პროტესტის ანტიდასავლური და ანტიისრაელური ხასიათი. მისი საჯარო კომენტარის პერიფრაზის მიხედვით, პალესტინისთვის დახმარების აღმოჩენის საუკეთესო საშუალებაა საბრძოლველად გამგზავრება უკრაინაში, სადაც ახლა წყდება არა მხოლოდ რუსეთის, არამედ პალესტინის სახელმწიფოს ბედიც.