ავტორი: თორნიკე ფეიქრიშვილი

 

შესავალი

2024 წლის 15 მარტს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პირდაპირ ეთერში ინტერვიუ მისცა ადგილობრივი ტელევიზიების – TF1-ისა და France 2-ის ჟურნალისტებს. განხილვის ძირითადი თემები იყო ევროპის ამჟამინდელი უსაფრთხოების გარემო, პარიზში უკრაინის მხარდამჭერი კონფერენციის შედეგები, ურთიერთობები მოსკოვთან და მოკავშირეების ერთიანი ძალისხმევის აუცილებლობა, რათა უკრაინამ შეძლოს გამარჯვება. წინამდებარე ბლოგში განხილულია ინტერვიუს მთავარი გზავნილები.

წითელი ხაზები და თვითშეზღუდვები

თავიდან საფრანგეთის პირველი პირი 2014 წლის ყირიმის ანექსიაზე ლაპარაკობს. იგი ამ ისტორიული პარალელს მიმდინარე ომის ჭრილში ამჟამინდელი პოლიტიკური ნაბიჯების ახსნისა და მოკავშირეების სამომავლო პრაგმატული პოლიტიკური დღის წესრიგის ფორმირების მიზნით იშველიებს. როგორც ცნობილია, რუსეთის თავდაპირველი აგრესიის შემდგომ საფრანგეთმა, გერმანიასთან ერთად, უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო პროცესების ხელშეწყობაში და იმჟამად საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ერთად წარმოადგენდა მთავარ მედიატორს მინსკის სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში. ერთადერთი პირისპირ შეხვედრა პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ პუტინს შორის სწორედ მოლაპარაკებათა რაუნდზე, ბელარუსის დედაქალაქში, 2019 წლის 9 დეკემბერს გაიმართა.

2022 წლის 24 თებერვალს პუტინმა დამოუკიდებლად გადაწყვიტა უკრაინის წინააღმდეგ მომდევნო შეტევისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყება, რითაც გადაკვეთა დასავლეთის მიერ 2014 წლიდან დაწესებული წითელი ხაზები და მრავალგზის მოწოდებები, რომ ესკალაცია თავიდან აეცილებინათ. ნიშანდობლივია მაკრონის ფრაზა, რომელიც ლაიტმოტივად გასდევს მთელ ინტერვიუს: კერძოდ, საფრანგეთსა და კოლექტიურ დასავლეთს აქვს საერთო პოზიცია და მიზანი, რომ რუსეთს არ შეუძლია და არ უნდა მოიგოს მიმდინარე ომი. ამისთვის კი ოფიციალური პარიზი და კოალიციის წევრები ევროკავშირსა თუ ნატოში ფინანსურად და შეიარაღების მიწოდებით ეხმარებიან კიევს.

თვითშეზღუდვების დაწესებას პრეზიდენტი არასწორად მიიჩნევს, რადგან კონფლიქტს „ეგზისტენციალურ ომს“ უწოდებს, რომელიც აისახება ქვეყნის ეროვნულ თავდაცვაზე და საფრთხეს უქმნის კონტინენტური ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურასაც. სხვა ლიდერები, ვინც ომის დაწყებამდე გამორიცხავდნენ ტანკების, რაკეტებისა და საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნას და აწესებდნენ თვითშეზღუდვებს, დღეს სისტემატურად აგზავნიან სამხედრო დახმარებას. ამ სიტყვებში ნათლად იკითხება სურვილი, რომ პირველმა პირებმა არ უნდა დაუწესონ შეზღუდვები და წითელი ხაზები საკუთარ თავს. მით უფრო მაშინ, როდესაც კონფლიქტის ინიციატორი აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს და არ გააჩნია ბარიერები.

ისრები რუსეთისკენ

ტელეწამყვანებმა პირველ პირს ჰკითხეს, მზად არის თუ არა პუტინთან სალაპარაკოდ. რაზეც მაკრონი პასუხობს, რომ 2022 წლის თებერვლამდე პუტინს ასობით საათი ესაუბრა ომის თავიდან არიდებასა და მშვიდობიან მოლაპარაკებაზე, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინაში შეჭრა არ გადაიფიქრა. მეხუთე რესპუბლიკის ლიდერის აზრით, მოვლენათა განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტზე ერთადერთი პასუხისმგებელი იქნება რუსული რეჟიმი, რადგან მოკავშირეები არასოდეს დაიწყებენ შეტევით ომს. საფრანგეთი არის მშვიდობიანი ძალა, მაგრამ მზად უნდა იყოს მოვლენათა სხვაგვარი განვითარებისთვის, გამოიჩინოს გამბედაობა და ჰქონდეს თავდაცვისთვის საჭირო რესურსები. ნიშანდობლივია ბოლო დროს კრემლის გააქტიურება საფრანგეთის წინააღმდეგ. ბოლო დროს გაიზარდა მიზანმიმართული კიბერშეტევების რაოდენობა სამთავრობო უწყებებზე, რაც ასევე აღნიშნულია.

უმნიშვნელოვანესია კიდევ ერთი გარემოება: ჟურნალისტის შეკითხვაზე, არის თუ არა რუსეთი მტერი, მაკრონი პასუხობს, რომ ის არის მოწინააღმდეგე. მტერი იმ შემთხვევაში გახდება, თუ მომავალში მოხდება კონფლიქტის მასშტაბების ზრდა და მასში საფრანგეთიც ჩაერთვება. მიუხედავად ხისტი განცხადებებისა, საფრანგეთის პირველმა პირმა მაინც თავი შეიკავა, რომ რუსეთისთვის გადაჭრით ეწოდებინა მტერი.

უკრაინის მხარდამჭერი კონფერენცია

ინტერვიუდან კარგად ჩანს, რომ ემანუელ მაკრონი ნათლად ხედავს მოვლენათა რეალურ სურათს და ამის სადემონსტრაციოდ უკრაინის კონტრშეტევის მცდელობას იხსენებს. კონტრშეტევამ არ ჩაიარა გეგმის მიხედვით და სიტუაცია უკრაინის ჯარისთვის გართულდა, ვინაიდან აგრესორის სამხედრო შესაძლებლობები ფართოა და საპირისპიროდ განსაკუთრებით შესამჩნევია ჭურვების ის ლიმიტირებული რაოდენობა, რომელიც კიევს ამჟამად აქვს. რუსების მიერ გასროლილი ათი ჭურვის საპასუხოდ უკრაინელები მხოლოდ ერთს ისვრიან და ბოლო დროს მოსკოვის ზეწოლა დღითი დღე ძლიერდება.

26 თებერვალს პარიზში გამართულ უკრაინის მხარდამჭერ კონფერენციაზე მოკავშირეებმა გადაწყვიტეს დახმარება გააძლიერონ. კონკრეტულად საუბარია რაკეტების წარმოებაში სამრეწველო თანამშრომლობაზე, წვრთნების მხარდაჭერაზე, საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდებაზე. საბრძოლო მასალის მოძიება მიმდინარეობს გლობალურად და ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველს, რომელსაც ამ საქმეში ლიდერის როლი აქვს, ოფიციალური პარიზი სრულ მხარდაჭერას უცხადებს. ევროკავშირის გარეთ პაველმა შესასყიდად და გასაგზავნად 800 000 ჭურვი მოიძია და კავშირის წევრი ქვეყნებიც მზად არიან ისინი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში შეიძინონ.

კონფერენციამდე, 16 თებერვალს, ელისეს სასახლემ გამოაქვეყნა საფრანგეთსა და უკრაინას შორის გაფორმებული ორმხრივი თანამშრომლობის დოკუმენტიც, რომელიც მიზნად ისახავს კოოპერაციის გაღრმავებას და ასახავს უკრაინის წინაშე საფრანგეთის გრძელვადიანი ვალდებულებების ძირითად კომპონენტებს. ის პრიორიტეტს ანიჭებს მილიტარისტულ, პოლიტიკურ, ფინანსურ და ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობას.

მნიშვნელოვანია მაკრონის ბოლოდროინდელი განცხადებები უკრაინაში ფრანგული ჯარის გაგზავნის შესახებ, რაც პირველად კონფერენციამდე ცოტა ხნით ადრე გაჟღერდა. ომის მიმდინარეობიდან გამომდინარე საფრანგეთი და სხვა სახელმწიფოები მზად უნდა იყვნენ ჯარების გასაგზავნად. როგორც პრეზიდენტი ამბობს, ამ ეტაპზე პარიზში მსჯელობის შემდეგ არ არსებობს კონსენსუსი სახელმწიფოების ლიდერებს შორის და ადგილზე ჯარების გაგზავნის საჭიროება. მაკრონი აღნიშნავს, რომ სამომავლოდ არაფერი არ უნდა იყოს გამორიცხული. სამიტზე გაკეთებულ ამ განცხადებებს გამოხმაურება მოჰყვა თეთრ სახლში. შეერთებული შტატები და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი არ აპირებს ჯარის გაგზავნას უკრაინაში.

საფრანგეთი და ევროპის უსაფრთხოება

მაკრონის თქმით, მისი ქვეყანა ომის ეკონომიკაშია. კონფლიქტის დაწყებამდე საფრანგეთს არ ჰქონდა თავდაცვის ინდუსტრია, რომელიც ადაპტირებული იქნებოდა მაღალი ინტენსივობის კონფლიქტებზე. 2022 წლის თებერვლიდან მისი პოლიტიკა მთელი ფრანგული თავდაცვის ინდუსტრიის მიმართ არის მოწოდებები ჭურვების რაოდენობის ზრდაზე ფრონტზე გასაგზავნად. ასევე თვითმავალი ჰაუბიცის CAESAR წარმოების რაოდენობრივ მატებაზე, რომელიც სრულად კიევს გადაეცემა. პირველი პირი არ გამორიცხავს ფრანგი ინსტრუქტორების გაგზავნის საკითხსაც. 2024 წელს გაიზარდა სამხედრო ბიუჯეტი, რომელიც 47,2 მილიარდ ევროს შეადგენს. პარიზი ამ ოდენობით ნატოს სტანდარტს – თავდაცვითი დანახარჯებისთვის მშპ-ის 2%-ს დააკმაყოფილებს. ხარჯების ზრდას პრეზიდენტი ევროპული მშვიდობის მიმართ ვალდებულებებით ხსნის. Kiel Institute-ის უკრაინის მხარდაჭერის სტატისტიკური მონაცემებით, რომელიც 2024 წლის 16 თებერვალს განახლდა, საფრანგეთი 1.9 მილიარდი ევროთი რიგით მე-14 კონტრიბუტორია. შედარებისთვის გერმანია 22 მილიარდი ევროს ოდენობით მე-2 ადგილს იკავებს. თუკი საფრანგეთის ეკონომიკის ზომას გავითვალისწინებთ, მონაცემები არცთუ ისე სახარბიელოდ გამოიყურება.

მაკრონი სრულად აცნობიერებს იმ შესაძლო სცენარს, რაც ევროპას რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში დაემუქრება და აცხადებს, რომ თუ პუტინი ამ ომს მოიგებს, ევროპის მიმართ ნდობა ნულამდე შემცირდება. პუტინის ჩანაფიქრის წარმატებით განხორციელება ნიშნავს პოლონეთის, ბალტიის სახელმწიფოების, რუმინეთის, ბულგარეთის და სხვა ქვეყნების მშვიდობის დარღვევას. ფოკუსი უნდა იყოს რეალისტური. კოალიციის წევრები მზად უნდა იყვნენ უპასუხონ იმ ნაბიჯებს, რასაც ომის მწარმოებელი რეჟიმი გადადგამს და თუკი მას სურს ომის ევროპაში გავრცელება, ეს მხოლოდ და მხოლოდ აგრესორის პასუხისმგებლობა იქნება.

ფრონტის ხაზზე სასწორზე დგას და წყდება ევროპისა და ფრანგი ხალხის დაცულობა. არ იქნება უსაფრთხოება, თუ არ იქნება მშვიდობა უკრაინაში და მშვიდობა არ ნიშნავს დანებებას. შეიარაღების მიწოდების კუთხით მხარდაჭერის წინააღმდეგობა არ არის არაომიანობისა და მშვიდობის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანი, არამედ ნიშნავს დამარცხებულის პოზიციის არჩევას. ამის საპირისპიროდ, სტრატეგიული გადაწყვეტილებაა ევროპული ერთიანობის შენარჩუნება და ძალისხმევა კრემლის შესაკავებლად.

დასკვნა

დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ, ჯამში, საფრანგეთის პრეზიდენტის გზავნილები და სითამამე უკრაინის დახმარების ჭრილში პოზიტიურად უნდა შეფასდეს. მიუხედავად იმისა, რომ არსებული მონაცემებით მეხუთე რესპუბლიკა ჯამური მხარდაჭერით მე-14 ადგილს იკავებს და ჯარების გაგზავნის თაობაზე სხვა დასავლელი ლიდერების უმეტესობა სკეპტიკურადაა განწყობილი. სიტუაციის რეალისტური აღქმა, ომის დინამიკის შესაბამისი სამხედრო პოლიტიკის განსაზღვრა, უფრო ინტენსიური დახმარების გაწევა და აგრესორის ქმედებებთან დაკავშირებით მყარი პოზიცია მხოლოდ და მხოლოდ ხელს შეუწყობს ევროპული ერთობის განმტკიცებას. მაკრონს სურს შეასრულოს ევროპელ ლიდერებს შორის შემაკავშირებლის როლი და დააახლოოს მათი პოზიციები. ვფიქრობ, მოსალოდნელია ოფიციალურმა პარიზმა გააძლიეროს სამხედრო და ფინანსური დახმარება, რადგან ამის შესახებ მინიშნებები სახელმწიფოს მეთაურმა გააკეთა. ამასთანავე ,პრეზიდენტის ხედვა თვითშეზღუდვების მიუღებლობასთან დაკავშირებით მოწოდებაა მეტი გამბედაობისა და თავდაცვის გაძლიერებისკენ, რადგან უკრაინის დამარცხების შემთხვევაში, განულდება ევროპის ავტორიტეტი და კონტინენტის მთელ რიგ სახელმწიფოებს დაემუქრება პირდაპირი საფრთხე. ნათლად ჩანს მინიშნებებიც სახელმწიფოების პირველი პირებისთვის, რომ მშვიდობა არ უნდა დამყარდეს დანებების ხარჯზე და წინააღმდეგობა დამატებითი მხარდაჭერის გამო მათ დამარცხების პოლიტიკის არჩევად ესმით.