ირაკლი თხილაიშვილი, რუსეთისმცოდნე
ავტორიტარული რეჟიმები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. აბსოლუტური ძალაუფლების დაკარგვის შიშით შეპყრობილი ხელისუფლებების პოლიტიკური რიტორიკა და ქმედებები ხშირად იდენტურია. ვფიქრობ, ავტორიტარული რეჟიმების შესწავლა გვეხმარება თავიდან ავირიდოთ ის საფრთხეები, რომლებიც სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებას ემუქრება. აქედან გამომდინარე, ბლოგის მიზანია იმ ნაბიჯების აღწერა, რომლებსაც ევროპის უკანასკნელი დიქტატორი ალექსანდრე ლუკაშენკო ბელარუსული იდენტობის წინააღმდეგ დგამს.
ბოლო პერიოდში ალექსანდრე ლუკაშენკომ ქართველებს თავი ორჯერ, ჯერ სექტემბერში აფხაზეთში ვიზიტით, ხოლო შემდეგ 21 თებერვალს, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერ ასლან ბჟანიასთან მინსკში შეხვედრით, შეგვახსენა. მანამდე კი იყო 2022 წლის მარტის ცნობილი შეხვედრა პუტინთან, სადაც ლუკაშენკომ „ყველას აჩვენა“, თუ საიდან აპირებდა უკრაინა ბელარუსზე თავდასხმას. მართალია უკანასკნელმა წელმა ბელარუსის პრეზიდენტს ტრაგიზმი და კომიკურობა თანაბრად შესძინა, მაგრამ მისი ლეგიტიმაციის უკანასკნელი ნიშნები ჯერ კიდევ 2020 წლის აგვისტოში მოისპო. ბელარუსულ საზოგადოებას საბოლოოდ მობეზრდა 1994 წლიდან მოყოლებული ერთი ავტორიტარი მმართველის ბატონობა და გაყალბებულ საპრეზიდენტო არჩევნებს მრავალათასიანი საპროტესტო ტალღით უპასუხა. ევროპის უკანასკნელმა დიქტატორმა, რომელსაც ზურგს ერთგული მეგობარი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც უმაგრებდა, საზოგადო უკმაყოფილება უმძიმესი პოლიტიკური რეპრესიებითა და ძალადობით ჩაახშო. ბელარუსის უკვე მეექვსე ვადით გაპრეზიდენტებულმა ლიდერმა საკუთარი ტრიუმფი 33 000 დაკავებულით და პროტესტის 1000-ზე მეტი ციხეში ნაწამები მონაწილით აღნიშნა.
2020–2021 წლების მოვლენების შემდგომ ბელარუსი უამრავმა პერსპექტიულმა ახალგაზრდამ დატოვა, სახელმწიფოდან წასვლა მოუწია ოპოზიციის ლიდერ სვეტლანა ტიხანოვსკაიასაც, ხოლო სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების უმრავლესობა ციხეში აღმოჩნდა. პრაქტიკულად საერთაშორისო იზოლაციაში მყოფ ალექსანდრე ლუკაშენკოს საერთაშორისო მედიის ყურადღება მოაკლდა, ოფიციალური მინსკის მიმართ კი, სადაც პოლიტიკური ცხოვრება საერთოდ აღარ არსებობდა, მსოფლიომ ინტერესი დაკარგა. ჩრდილში აღმოჩენილმა დიქტატორმა, პუტინთან ტანდემში, ბელარუსული იდენტობის წინააღმდეგ ვერაგი ბრძოლა წამოიწყო, რაც, რუსეთის პრეზიდენტის გაცხადებული ოცნების შესაბამისად, სავსებით რეალისტურია ვიფიქროთ, რომ ბელარუსისა და რუსეთის გაერთიანებით შეიძლება დასრულდეს. მიმდინარე პროცესს შეიძლება ჩუმი ოკუპაციაც ეწოდოს. ლუკაშენკოს ბოლოდროინდელი ნაბიჯები, ვფიქრობ, ვლადიმერ პუტინის ტაქტიკისა და რეალური მიზნების შეცნობაშიც გვეხმარება.
პირველი ნაციონალური სიმბოლო, რომელიც ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმმა სამიზნეში ამიღო, სახელმწიფოს ძველი თეთრი-წითელი-თეთრი დროშა იყო. XX საუკუნის დასაწყისში თანამედროვე ბელარუსის ტერიტორიაზე დამოუკიდებლობის მოძრაობა გაძლიერდა, რომელიც თავისუფალი სახელმწიფოს შექმნას ისახავდა მიზნად. 1918 წლის მარტში ბელარუსის ეროვნულმა კრებამ, რომელსაც წითელზოლიანი თეთრი დროშა ამშვენებდა, დამოუკიდებლობა გამოაცხადა. საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ რესპუბლიკის სიმბოლიკაზე თეთრი ფერი მწვანემ ჩაანაცვლა. 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, პირველი ოთხი წლის განმავლობაში, ბელარუსის ოფიციალური დროშის ფერები კვლავ თეთრი და წითელი იყო. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ თავისუფლებასთან, დამოუკიდებლობასთან, პატრიოტიზმთან ასოცირებული ძველი ეროვნული სიმბოლო ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ბელარუსი აქტივისტების საყვარელ ატრიბუტად იქცა. ევროპის უკანასკნელმა დიქტატორმა, რომელიც ნაციონალიზმს მისი რეჟიმის უმთავრეს საფრთხედ მიიჩნევს, ძველი სახელმწიფო დროშის გამოყენება აკრძალა და მას შემდეგ ბელარუსში ქვეყნის თავისუფლების სიმბოლოს გამოყენება საკმაოდ სოლიდური ფულადი ჯარიმით ისჯება.
აღმოჩნდა, რომ ლუკაშენკოს ბრძოლა ბელარუსული იდენტობის წინააღმდეგ დამოუკიდებლობის მოძრაობასთან დაკავშირებული ძველი დროშის აკრძალვით მხოლოდ დაიწყო. ოფიციალურმა მინსკმა 2021 წელს იმ თავისუფალ გამომცემლობებსაც შეუტია, რომლებიც ლიტერატურას ბელარუსულ ენაზე აქვეყნებდნენ. საინტერესოდ განვითარდა მოვლენები მინსკში მდებარე ცნობილ წიგნების მაღაზიაში „კნიჰაუკა“, რომელიც განთქმული იყო ბელარუსული და ბელარუსულ ენაზე თარგმნილი უცხოური მხატვრული ლიტერატურის გაყიდვით. მაღაზიას ჯერ სამთავრობო პროპაგანდისტულმა მედიამ შეუტია, შემდეგ კი – პოლიციამ, რომელმაც 200-ზე მეტი წიგნის, მათ შორის ჯორჯ ორუელის „1984-ის” ბელარუსული თარგმანის კონფისკაცია მოახდინა. ბელარუსის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სოციოლოგიის ინსტიტუტის ყოფილი ხელმძღვანელი ჰენაძ კორშუნაუ მიიჩნევს, რომ ყველას, ვინც ახლა ლაპარაკობს, კითხულობს ბელარუსულად ან ქმნის ბელარუსულ მუსიკას, შეუძლია თავი დევნილი უმცირესობის წევრად ჩათვალოს. ფაქტია, რომ ლუკაშენკო ყოველთვის რუსულ ენას ანიჭებდა უპირატესობას, მაგრამ ბელარუსულ ენაზე შექმნილ „წიგნებთან“ გამოცხადებულ ომს ბევრი ვერ წარმოიდგენდა.
ალბათ, გასაკვირი აღარაა, რომ მასობრივი სახალხო გამოსვლების შემდგომ ლუკაშენკოს რეჟიმი სამოქალაქო საზოგადოებას ღიად დაუპირისპირდა, ბელარუსში აიკრძალა ასობით არასამთავრობო ორგანიზაცია. საინტერესოა, რომ კანონგარეშედ გამოცხადებულ სამოქალაქო გაერთიანებათა უმრავლესობა საერთოდ არ ეწეოდა პოლიტიკურ საქმიანობას. ნაკლებად სავარაუდოა შემთხვევითობას მივაწეროთ იმ უამრავი ორგანიზაციის აკრძალვა, რომელთა საქმიანობაც ნაციონალურ, ისტორიულ და კულტურულ საკითხებს ეხებოდა. მაგალითად, თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე, მინსკში აიკრძალა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ბელარუსული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ზრუნავდა. რეპრესიები შეეხო მინსკის ნაციონალურ მუზეუმსაც, საიდანაც მხოლოდ 2022 წლის დეკემბერში 18 თანამშრომელი დაითხოვეს, მათ შორის, ბელარუსული ხელოვნების მიმართულების კურატორი სვეტლანა ანეიკო.
2020 წლის აგვისტოს დემონსტრაციების შემდგომ ევროპის უკანასკნელი დიქტატორი აქტიურად დაუპირისპირდა თავისუფალ მედიას. საყურადღებოა, რომ ლუკაშენკომ აკრძალა ქვეყანაში უძველესი, ბელარუსულ ენაზე მომუშავე საინფორმაციო სააგენტო „ბელაპანი“, რომლის ოთხ ჟურნალისტსაც 2022 წლის ოქტომბერში მინსკის რეგიონულმა სასამართლომ მკაცრი საპატიმრო სასჯელი შეუფარდა. პარადოქსია, მაგრამ ბელარუსის ტერიტორიაზე მკაცრად იზღუდება ბელარუსულ ენაზე ჟურნალისტური საქმიანობის წარმოება. აღსანიშნავია, რომ აწ უკვე კანონგარეშედ გამოცხადებული ბელარუსული საინფორმაციო სააგენტო „ბელაპანი“ ჯერ კიდევ 2014 წელს გვამცნობდა, რომ ოფიციალურ მინსკს აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარებას სთხოვდნენ.
ბელარუსის რუსიფიკაციის პროცესში მნიშვნელოვანია სამართლებრივი მხარეც. საყურადღებოა ინტეგრაციის პროგრამა, რომელსაც ლუკაშენკომ და პუტინმა 2021 წლის სექტემბერში მოაწერეს ხელი. „შეთანხმებული“ დოკუმენტი 28 სექტორულ პროგრამას აერთიანებს. ინტეგრაციის შეთანხმება მიზნად ისახავს, შექმნას ზენაციონალური ერთეული, რომელიც დააკავშირებს რუსეთისა და ბელარუსის კანონმდებლობას, საგადასახადო კოდექსებს, სასამართლოებს და საბაჟოებს. აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე ლუკაშენკო, წლების განმავლობაში თავს არიდებდა გაეფორმებინა ვლადიმერ პუტინთან მსგავსი ტიპის შეთანხმება, რომელიც, მარტივად რომ ვთქვათ, რუსულ სამართლებრივ ნორმებზე გადასვლას ნიშნავს.
თებერვლის მიწურულს „კიევ ინდეფენდენტმა“, ესტონურმა „დელფიმ“, ამერიკულმა „იაჰუმ“, შვედურმა „ექსპრესენმა“, სხვა რამდენიმე მედიასა და კვლევით ცენტრთან ერთად, განაცხადეს, რომ მოიპოვეს 17-გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც დეტალურად მოგვითხრობს პუტინის გეგმის შესახებ, მოსპოს ბელარუსის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა და ის რუსეთის ფედერაციას მიუერთოს. როგორც დასავლური წყაროები გვამცნობენ, კრემლი შემდეგი ათწლეულის განმავლობაში აპირებს ბელარუსს სამხედრო, ფინანსურ, მედია, კულტურულ და სხვა სფეროებში სრული კონტროლი დაამყაროს. პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ახალი აგრესიული ომის წამოწყებასთან ერთად, ათასობით რუსი სამხედრო და სოლიდური შეიარაღება ბელარუსის ტერიტორიაზე განლაგდა. ერთი მხრივ, რუსეთი მეზობელ სახელმწიფოს უკრაინაზე შეტევის პლაცდარმად იყენებს, მაგრამ, მეორე მხრივ, პუტინის არმია ლუკაშენკოსთვის ხელისუფლების შენარჩუნების გარანტიცაა. უკრაინის რადამ, ბელარუსული ოპოზიციის წარმომადგენლების მხარდაჭერით, უკვე წარადგინა რეზოლუცია, რომელიც ბელარუსის რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიად გამოცხადებას გულისხმობს.
ბელარუსის პრეზიდენტი, რომელიც 2020 წლის შემდგომ, სამწუხაროდ, საბოლოოდ წარმოჩინდა პუტინის მარიონეტად, როგორც ჩანს, ძალაუფლების სანაცვლოდ მზადაა ბელარუსული იდენტობა გაანადგუროს, ებრძოლოს საკუთარ ერს, ენას, ისტორიასა და კულტურას. ყველაფრის გათვალისწინებით, გასაკვირი ნამდვილად აღარ არის ლუკაშენკოს შეხვედრა ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტ ლიდერთან, რამაც ბელარუს-საქართველოს ურთიერთობები გააუარესა.
ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბელარუსში განვითარებული მოვლენები უაღრესად შემაშფოთებელია, რასაც ქართული საზოგადოება და პოლიტიკური კლასი დიდი ყურადღებით უნდა დააკვირდეს. ცოდნა ძალაა, რომელიც აუცილებლად დაგვეხმარება გავაკეთოთ სწორი დასკვნები და გადავდგათ სწორი ნაბიჯები. ბელარუს ხალხს კი ავტორიტარიზმის წინააღმდეგ, თავისუფლებისთვის ბრძოლაში მხოლოდ გამარჯვება უნდა ვუსურვოთ.