დოქტორი ტიმო ჰელენბერგი, Hellenberg International-ის აღმასრულებელი დირექტორი
 

იმიგრანტებთან დაკავშირებულმა საგანგებო მდგომარეობამ, რომელიც ბელარუსის საზღვართან მიგრანტთა  ნაკადის კონცენტრაციის შედეგად წარმოიშვა, მნიშვნელოვანი შეშფოთება გამოიწვია და გააჩინა  შეკითხვები, რომლებიც დასავლეთის დედაქალაქებში დაისვა. ორშაბათს, 15 ნოემბერს, ევროკავშირმა გადადგა ნაბიჯები ბელარუსის საზღვარზე შექმნილ კრიზისზე ძალისმიერი რეაგირებისაკენ, გაითვალისწინა რა ის საშიშროება, რომ რუსეთმა შესაძლოა თავის სასიკეთოდ გამოიყენოს არსებული ქაოსი. ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ ბელარუსისთვის უკვე დაწესებული სანქციების გაფართოებაზე. ახალი სანქციების ფარგლებში ევროკავშირს შეეძლება შეეჭიდოს ნებისმიერ ავიახაზებს ან ოფიციალურ პირებს, რომლებიც ჩართული არიან მიგრანტების გადაყვანაში თავიანთი ქვეყნებიდან ბელარუსში და შემდგომ ევროკავშირის საზღვრისკენ – ანუ შეთქმულებაში, რომელსაც ევროკავშირი თავის წინააღმდეგ განხორციელებულ „ჰიბრიდულ შეტევად“ მოიხსენიებს. ამ ეტაპზე ბელარუს-პოლონეთის საზღვრის ბელარუსულ მხარეს რამდენიმე ათასი მიგრანტია ჩარჩენილი. ლუკაშენკო ცდილობს ჩაებღაუჭოს ძალაუფლებას და იყენებს ყველა ხერხს, რაც ამ მიზნისთვის გამოადგება. ხელოვნურად შექმნილი მიგრანტთა კრიზისი კი, რომელიც ევროკავშირისთვის არაკომფორტული და შემაშფოთებელია, ლუკაშენკოს ძალიანაც აწყობს.

ბელარუსის პრეზიდენტმა  განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ პოლონეთი არ გაუხსნის მიგრანტებს ჰუმანიტარულ კორიდორს, იგი ბელარუსის სახელმწიფო ავიაკომპანია „ბელავიას“ საშუალებით გაგზავნის მათ გერმანიაში: „თუ საჭირო გახდება, ჩვენ ჩვენივე თვითმფრინავებით გავგზავნით მათ მიუნხენში“.

როგორც ჩანს, ლუკაშენკოს რუსეთის მხარდაჭერის იმედი აქვს მიგრანტებთან დაკავშირებული ამ კრიზისის დროს, თუმცა არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ რუსეთი ჩართულია მიგრანტთა ნაკადების მართვაში.  მიუხედავად ამისა, შექმნილი რთული სიტუაცია ხელსაყრელია  მოსკოვისთვის – მის ინტერესშია, შეინარჩუნოს ახლო სამეზობლო, რათა  თავისი სურვილისამებრ გაამაგროს თავდაცვითი ზონა ლენინგრადის ოლქში, სანკტ-პეტერბურგსა და კალინინგრადში. მოსკოვი ცდილობს როგორც შიგნით, ასევე გარეთ გაუმკლავდეს ჯვარედინ ზეწოლას – სავსებით დამსახურებულ დასავლურ სანქციებსა და თავისვე პროპაგანდით შეზავებულ საპასუხო ქმედებებს COVID-19-ის წინააღმდეგ. თავად მინსკს შედარებით კარგი ურთიერთობები ჰქონდა დასავლეთთან მანამ, სანამ რუსეთი გადაწყვეტდა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე ომში ჩაფლულიყო და ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაცია მოეხდინა.

ბელარუსსა და ევროკავშირს შორის მიმდინარე სასაზღვრო კრიზისი სათავეს იმ კრიზისიდან იღებს, რომელმაც კიევში 2013 წლის ბოლოს იფეთქა, როდესაც ხუთწლიანი მოსამზადებელი სამუშაოების მიუხედავად, უკრაინა-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება ჩავარდა. მაშინ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანა არ იყო მზად შეთანხმების ხელმოსაწერად იმ ახალი გათვლებიდან გამომდინარე, რომელიც ასახავდა შეთანხმების ხელმოწერით გამოწვეულ დანაკარგებს, მიახლოებით 160 მილიარდ დოლარს, რომელიც ევროკავშირის მხრიდან კომპენსაციის სახით იქნებოდა საჭირო. ამავე დროს, გაიჟღერა წინადადებამ უკრაინის, ევროკავშირისა და რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკებების შესახებ, რომელსაც ევროკავშირი ვერ დასთანხმდებოდა. ძალაუფლებისთვის ბრძოლა ძალისმიერად მიმდინარეობდა და ახლაც გრძელდება. რუსეთის გეოპოლიტიკური ამბიცია – აღადგინოს „მეგობარი ქვეყნებისგან“ შექმნილი თავისი უსაფრთხოების ზონა, იმთავითვე ცხადი იყო და დღემდე არ შეცვლილა. რუსეთს სურს თავის გავლენის სფეროში უკრაინის შენარჩუნება, ხოლო ასოცირების ხელშეკრულების დადება კი ერთმნიშვნელოვნად დაადასტურებდა, რომ უკრაინა დასავლეთისკენ და პროგრესისკენ დაიწყებდა სვლას.

მიმდინარე კრიზისი იმეორებს კრიზისების მართვის იმ მეთოდოლოგიას, რომელიც გულისხმობს უდანაშაულო სამოქალაქო პირებისა და საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების გამოყენებას „საქმის კეთების რუსული მეთოდებით“, რათა მოწინააღმდეგეთა შორის მყისიერი შოკი გამოიწვიოს. ბრძოლის ასეთივე მეთოდები შეგვიძლია აღმოვაჩინოთ საუკუნეების წინანდელ ნოვგოროდისა და მოსკოვის სამთავროების არსენალში. მაგალითად, 1558 წელს, ლივონიის ომის დროს,  როცა რუსულმა ქვეითმა ძალებმა დაქირავებულ ბარბაროს ჯგუფებთან ერთად დაიპყრეს და მძიმე უღელქვეშ მოაქციეს იდა-ვირუმაა (აღმოსავლეთი ესტონეთი). ამ მხარის შესახებ დღემდე შემორჩენილი წერილობითი წყაროები მოგვითხრობენ, რომ ჯერ კიდევ 1367 წლის რუსული რეიდების ხანაში, როცა ნოვგოროდისა და ლივონიური ორდენის ძალები ერთმანეთს იიჰვის ბრძოლაში დაუპირისპირდნენ, განადგურდა ქალაქ იიჰვის წმინდა მიქაელის ეკლესია. მოგვიანებით იგი აღადგინეს, როგორც მძლავრი, გამაგრებული ეკლესია, რომელიც კიდევ ერთხელ 1558 წელს, ზემოხსენებული ლივონიის ომის დროს, განადგურდა. მეფე ივანე მრისხანემ ორჯერ შემოარტყა ალყა ეკლესიას და საბოლოოდ 1558 წლის 3 თებერვალს  იგდო ხელთ. ეკლესიას არანაირი სტრატეგიული მნიშვნელობა არ გააჩნდა, თუმცა მისი დაპყრობით, წმინდა ადგილის ინფრასტრუქტურის იავარქმნითა და გლეხობის მოსპობით ივანე მრისხანემ მკაფიო შეტყობინება გაგზავნა რევალში (ტალინი).

საუკუნეების წინ შეწირულმა მსხვერპლმაც და დღევანდელ ახალ ამბებში მოხვედრილმა მიგრანტთა ტრაგიკულმა ისტორიებმაც მრავალმხრივი ზემოქმედება მოახდინა, ანუ ჰიბრიდული ოპერაციის როლი შეასრულა, რომელსაც  სტრატეგიული მნიშვნელობა არ ჰონდა, მაგრამ მიზნად ისახავდა მოწინააღმდეგე მხარის გადაწყვეტილების მიმღები სისტემის შოკში  ჩაგდებას და  მისი მოხალისეების ან მოკავშირეების შეჩერებას. მაშინაც და ახლაც რუსეთის ქმედებების მოტივი ცხადია – გამოიყენოს საზოგადოების ყველაზე მგრძნობიარე ფენები და მოახდინოს ჩვენი ფსიქოლოგიური პარალიზება.

მოსკოვს სასაზღვრო კონფლიქტების წარმოებისა და მათი საკუთარი მიზნებისათვის გამოყენების ხანგრძლივი ტრადიცია აქვს. ამის კარგი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ ფინეთის ისტორიიდან. კერძოდ, გავიხსენოთ მაინილის დაბომბვა (ფინურად ‘Mainilan laukaukset’).  1939 წლის 26 ნოემბერს საბჭოთა კავშირის წითელმა არმიამ დაბომბა მაინილის საბჭოთა სოფელი. ამ სამხედრო ინციდენტის შემდეგ საბჭოელებმა განაცხადეს, რომ ცეცხლი გაიხსნა საზღვრის გადაღმა მდებარე ფინეთიდან და, რომ საბჭოთა მხარეს დანაკარგები ჰქონდა. თავისი დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მანქანის წყალობით მოსკოვმა ფინეთთან „ომის საბაბი“ (casus belli) მოიპოვა და ოთხი დღის შემდეგ „ზამთრის ომი“ წამოიწყო. 

რუსეთი დღესაც მიჰყვება უხსოვარი დროიდან გამოყოლილ ამ პოლიტიკურ-სტრატეგიულ და ტაქტიკურ-ოპერაციულ მეთოდებს, რომელთა მიზანია ჩვენი ყურადღების გადატანა მათ მიერ შერჩეულ საკითხებზე, მათვე რომ აძლევს ხელს. კრიზისების დროს ევროკავშირისა და დასავლეთის სისტემური სისუსტე არის გადაწყვეტილების მიღების ტლანქი მექანიზმები და საკუთარი ინტერესების განსაზღვრისა და დაცვის საშუალებით ამ კრიზისების თავიდან აცილების უუნარობა. როგორც ჩანს, ამჟამინდელი კრიზისი ფოკუსირებულია იმ ქვეყნებზე, რომლებიც აკრიტიკებენ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ომს. კრიზისი ასევე მიუთითებს მომავალში მოვლენების შესაძლო განვითარებაზე, ანუ მიმართულია პოლონეთისა და ლიეტუვის დესტაბილიზაციისკენ. აღსანიშნავია, რომ ლატვია დიდად არ არის ჩართული ამ ოპერაციაში.

ხომ არ დადგა დრო, რომ ჩვენ, დასავლეთში, ამჯერად მაინც ვისწავლოთ, როგორ გავუმკლავდეთ რუსეთის მრავალმხრივი ეფექტის მქონე ოპერაციას, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს? რუსეთი საკმარისზე ძლიერია იმისთვის, რომ მინსკს მხარი დაუჭიროს ან არ მისცეს მას გზიდან გადახვევის ნება. ბელორუსთან ყველაზე ახლოს მყოფი რუსეთის სახმელეთო ძალები ოთხი დივიზიისა და ექვსი ბრიგადისგან შედგება, რაც ჯამში 45,000 ადამიანია. საჭიროების შემთხვევაში ორ მოტორიზებულ და ერთ საზღვაო ბრიგადას, ჯამში 14,000 სამხედროს, რომელთა სპეციალიზაციაა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული ომები, შეუძლია დაიძრას კალინინგრადიდან. მოსკოვს ასევე შეუძლია, 15 ბატალიონი, მათ შორის 4 მძიმედ შეჯავშნული, მოხსნას თავისი ჩრდილო-აღმოსავლეთის თავდაცვითი სივრციდან, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ „მშვიდობის მედიაციის პროცესში“ ბელარუსის საზღვართან. პირველადი მოქმედების ძალები იქნებიან საჰაერო მედესანტეები, რომლებიც უკვე ვიხილეთ საქმეში. ისინი შთამბეჭდავი ფორმით, ილ-76 ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავებით გადმოსხეს ბელარუსთან ერთად გამართული სამხედრო წვრთნების დროს, 12 ნოემბერს, გოზაში, პოლონეთის საზღვრის მახლობლად. ეს წვრთნები ჩატარდა სუვალკის კორიდორის, სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი მონაკვეთის სიახლოვეს, რომელიც ნატოსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს აკავშირებს. თუ ეს ტერიტორია არ იქნება პოლონეთის და ლიეტუვის კონტროლის ქვეშ, რისკი შეექმნება ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის აუცილებლად საჭირო ნატოს დახმარებას.

ბოლოსდაბოლოს, საჭიროა თუ არა, განვსაზღვროთ ჩვენი საზოგადოებრივი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში? მოდი,  იმისთვის, რომ მუდმივად არ გვიხდებოდეს, ერთი და იმავე ფორმით რეაგირება, ძალისხმევა მივმართოთ,  ისეთი მექანიზმების შესაქმნელად, რომელიც უზრუნველყოფს ევროკავშირის ყოვლისმომცველ და კოორდინირებულ მზადყოფნას, ეფექტურად განახორციელოს საერთო ინტერესებზე დაფუძნებული საპასუხო ქმედებები. დაე, აღარასდროს აღმოჩნდეს ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი პარალიზებული საგარეო შოკებით, რომელთა მიზანია საჭირო საპასუხო ქმედებების შეფერხება.