ავტორი: მამუკა კომახია
2025 წლის 1 მარტს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კრემლის ფავორიტმა ბადრა გუნბამ გაიმარჯვა. მეორე დღესვე გუნბას გამარჯვება მიულოცა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რაც გუნბას მოწინააღმდეგეებს აიძულებს ამ ეტაპზე მარცხს შეეგუონ და პოლიტიკური რევანშისთვის ახალ შანსს დაელოდონ. დამარცხებულმა ადგურ არძინბამ „არჩევნების“ შედეგები აღიარა, თუმცა გამარჯვება არ მიულოცა გუნბას. გუნბას „ინაუგურაცია“ საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან 30 დღეში გაიმართება.
რატომ ჩატარდა ვადამდელი „საპრეზიდენტო არჩევნები“?
ბადრა გუნბა ოკუპირებული აფხაზეთის მორიგი „პრეზიდენტი“ ვადამდელი არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად გახდა. ვადამდელი „არჩევნები“ პოლიტიკური კრიზისის გამო დაინიშნა, რომელიც ბოლო წლებში ეტაპობრივად მწვავდებოდა. განსაკუთრებული აქტუალობით გამოირჩეოდა რამდენიმე საკითხი, რომლებმაც ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილის მღელვარება გამოიწვია: „ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის“ რუსეთისთვის გადაცემა, ე.წ. უცხოეთის აგენტებისა და აპარტამენტების შესახებ კანონპროექტები და რუსეთთან ე.წ. საინვესტიციო შეთანხმების რატიფიკაცია. ე.წ. საინვესტიციო შეთანხმების საკითხი ბოლო წვეთი იყო რუსეთისთვის, რომელმაც ამდენი ხანი ითმინა „სტრატეგიული მოკავშირის“ „დაუმორჩილებლობა“. რუსეთი ამ დრომდე თავს იკავებდა ხისტი ქმედებებისგან და „გაგებით“ ეკიდებოდა აფხაზურ წინააღმდეგობას. საკითხის გადაწყვეტის დაჩქარების მიზნით მოსკოვმა პრაქტიკულად სანქციები დაუწესა ოკუპირებულ აფხაზეთს: ნაწილობრივ შეუწყვიტა დაფინანსება, რამაც ხელფასების გადახდის პრობლემები შექმნა და სოხუმს უარი უთხრა ენერგოკრიზისის დაძლევაში დახმარებაზე. დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ კრემლის ზეწოლის პირობებში ე.წ. საინვესტიციო შეთანხმების რატიფიკაცია 15 ნოემბერს სცადა, მაგრამ დიდი წინააღმდეგობის შედეგად 19 ნოემბერს იძულებული გახდა გადამდგარიყო და ვადამდელი „საპრეზიდენტო არჩევნები“ დაენიშნა.
პირველი ტური
არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 2025 წლის 15 თებერვალს ჩატარდა. ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, „არჩევნებში“ 98 790 პირმა მიიღო მონაწილეობა. ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- ბადრა გუნბა, ასლან ბჟანიას „პრეზიდენტობის“ პერიოდში „ვიცე-პრეზიდენტი“: 45 817 ხმა (46,38%).
- ადგურ არძინბა, რაულ ხაჯიმბას „პრეზიდენტობის“ დროს ეკონომიკის „მინისტრი“ და „ვიცე-პრემიერი“ (2015-2020), ოპოზიციური „აფხაზეთის სახალხო მოძრაობის“ ლიდერი: 36 476 (36,92%).
- რობერტ არშბა, ე.წ. კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი: 7 434 (7,53%).
- ოლეგ ბარციცი, რუსეთში აფხაზეთის ყოფილი ე.წ. სავაჭრო წარმომადგენელი: 3 988 (4,04%).
- ადგურ ხურხუმალი, „განვითარების შავი ზღვის ბანკის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე: 896 (0,91%).
ყველას წინააღმდეგ ხმა მისცა 1 381 კაცმა, ხოლო ბათილად ცნეს – 2 798 ბიულეტენი.
„არჩევნები“ აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩატარდა 152 უბანზე და რუსეთში ორ უბანზე – მოსკოვსა და ჩერკესკში. საინტერესოა, რომ „არჩევნები“ აღარ ჩატარდა თურქეთში, საქარიის პროვინციაში, სადაც აფხაზი მუჰაჯირების შთამომავლები ცხოვრობენ. ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, „არჩევნები“ ვერ ჩატარდა ადგილობრივი ხელისუფლების პოზიციის გამო.
მეორე ტური
ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, მეორე ტურში მონაწილეობა მიიღო „ამომრჩეველთა“ 70%-მა, რაც 100 412 პირს შეადგენს. პირველ ტურთან შედარებით 1000-ზე მეტი „ამომრჩეველი“ მივიდა. ყველას წინააღმდეგ ხმა მისცა 2 065 ადამიანმა, 1 687 ბიულეტენი კი ბათილად ცნეს. ხმები კანდიდატებზე შემდეგნაირად გადანაწილდა:
- ბადრა გუნბა: 54 954 ხმა (54.73%)
- ადგურ არძინბა: – 41 708 (41.54%)
თუ არ მივიღებთ მხედველობაში „ყველას წინააღმდეგ მიცემულ ხმას“ და ბათილ ბიულეტენებს, გუნბამ 57% მიიღო, არძინბამ კი – 43%.
მეორე ტურს 35 ქვეყნიდან 120 საერთაშორისო „დამკვირვებელი“ აკვირდებოდა. ოკუპირებულ რეგიონებში „არჩევნების“ ლეგიტიმაციისთვის „დამკვირვებლების“ მოწვევა გავრცელებული პრაქტიკაა. როგორც წესი „არჩევნებს“ აკვირდებიან იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებმაც აღიარეს აფხაზეთის დამოუკიდებლობა და სხვადასხვა ქვეყნებიდან ცალკეული კერძო პირები, რომლებსაც პირადი კავშირები აქვთ რუსეთთან ან ოკუპირებულ რეგიონებთან. „დამკვირვებლები“ იყვნენ ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა: ნიგერია, ეთიოპია, იტალია, საფრანგეთი და ა.შ.
როგორ ჩატარდა წინასაარჩევნო კამპანია?
რუსეთი ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებულ „საპრეზიდენტო არჩევნებში“ ადრეც ჩარეულა, მაგრამ ეს მსგავსი მასშტაბის ჩარევის პირველი შემთხვევაა, როდესაც კრემლმა თავის ფავორიტს, ბადრა გუნბას, ღიად დაუჭირა მხარი და რუსეთის მთელი სახელისუფლო მანქანა და პროპაგანდა გუნბას სასარგებლოდ აამოქმედა. წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირდა არაერთი ისეთი ფაქტიც, რომელიც აფხაზეთისთვის ახალი მოვლენა იყო.
პრორუსული და ანტირუსული კანდიდატები
პირველად მოხდა, რომ „არჩევნებში“ მონაწილე მთავარ კანდიდატებს პრორუსული და ანტირუსული კანდიდატების იარლიყები მიაკერეს. კრემლის ფავორიტი ბადრა გუნბა პრორუსულ კანდიდადტ გამოცხადდა, მისი მოწინააღმდეგე ადგურ არძინბა კი, ანტირუსულ ძალად მოიხსენიეს რუსულ მედიაში. ანტირუსულ ქმედებებში დასდეს ბრალი არძინბას პოლიტიკურ მოკავშირეებსაც, 2024 წლის პოლიტიკური კრიზისის მთავარ მონაწილეებს, „დეპუტატ“ კან კვარჩიასა და აფხაზეთის „გმირ“ ლევან მიქაას, რომლებსაც რუსეთმა რუსეთის მოქალაქეობაც კი ჩამოართვა. არძინბა მათთან ერთად შედიოდა ოპოზიციურ ტრიუმვირატში, რომელიც ბჟანიას დაუპირისპირდა. მათ რუსულ მედიაში „პუტჩისტებადაც“ კი მოიხსენიებდნენ, რაც არძინბასა და მისი მოკავშირეების მიმართ რუსეთის განწყობებზე მიუთითებს. რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევა მოსკოვის ახალი სადამსჯელო ღონისძიებაა, რომელიც პირველად ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გამოიყენეს სამი ადგილობრივი პოლიტიკოსის წინააღმდეგ. ამ ფაქტის შემდეგ მოსალოდნელია, რომ მსგავსი სანქცია დაუწესდეს არძინბასა და რუსეთთან უფრო მეტი ინტეგრაციის სხვა მოწინააღმდეგეებსაც, მათ შორის, არასამთავრობო სექტორის არაერთ ცნობილ წარმომადგენელს, რომლებსაც რუსეთში დასავლეთის ინტერესების გამტარებლებად მიიჩნევენ.
პროთურქული კანდიდატი?
სიახლე იყო „საპრეზიდენტო“ კანდიდატის პროთურქულობაში დადანაშაულება. არძინბას ანტირუსულთან ერთად, პროთურქული კანდიდატის იარლიყიც მიაკერეს და თურქული ინტერესების გატარებაში დასდეს ბრალი. ინტერნეტში მისი ყალბი თურქული პასპორტიც კი გაავრცელეს. თურქეთში საარჩევნო უბნის დახურვის ერთ-ერთ მიზეზად იმასაც ასახელებენ, რომ მუჰაჯირების შთამომავლები უფრო არძინბას უჭერდნენ მხარს. დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც მუჰაჯირების შთამომავალს, რომელიც „არჩევნებში“ მონაწილეობის მისაღებად თურქეთიდან მოფრინავდა, სოჭის აეროპორტიდან დეპორტაცია გაუკეთეს.
ვის დაუჭირეს მხარი სომხებმა?
მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად სომხური მოსახლეობა მრავალრიცხოვანია, მათი პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა მხოლოდ „არჩევნებში“ მონაწილეობით შემოიფარგლება. ძალაუფლების განაწილებისას მათი როლი მინიმალურია. ამ „არჩევნებში“ სომხური მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა გუნბას, რაც არძინბას მომხრეების შეფასებით, სომხურ მოსახლეობასა და მათ ლიდერებზე ზეწოლის შედეგია. არძინბას, განცხადებებისა და მისი გუნდის ქმედებების გამო, ანტისომხურ განწყობებში დასდეს ბრალი. გუნბას მომხრეებმა ეს საკითხი სომხური მოსახლეობის გუნბას სასარგებლოდ საარჩევნო მობილიზაციისთვის გამოიყენეს. რუსეთის საგამოძიებო სამსახურმა მოკვლევაც კი დაიწყო ეთნიკურ სომხებზე, რომლებიც აფხაზეთისა და ამავე დროს რუსეთის მოქალაქეები არიან, ზეწოლის ფაქტების გამოსაძიებლად, რაც ერთმნიშვნელოვნად არძინბაზე ზეწოლა იყო.
საარჩევნო ტექნოლოგიები და „შავი პიარი“
მოჭარბებულად იგრძნობოდა ორივე მხრიდან რუსი პოლიტტექნოლოგების ჩარევა. ერთმანეთის წინააღმდეგ „შავი პიარის“ ტექნოლოგიების გამოყენების გარდა, მხარეები საკუთარი კანდიდატურის პოპულარიზაციისთვის სხვადასხვა თანამედროვე ხერხებსაც იყენებდნენ, მათ შორის, მუსიკალურ კლიპებს. ოკუპირებული რეგიონის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ „არჩევნებთან“ დაკავშირებით სოციოლოგიური კვლევა ჩატარდა, რომლის მიხედვითაც, „საპრეზიდენტო არჩევნებში“ გუნბას გამოკითხულთა ყველაზე მეტი რაოდენობა უჭერდა მხარს. აფხაზეთში ასეთი სოციოლოგიური გამოკითხვა პირველად ჩატარდა და ამიტომ მისმა ჩატარებამ და შედეგების გამოცხადებამ სკანდალი გამოიწვია. საბოლოოდ გაირკვა, რომ კვლევას საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი სრულიად რუსეთის ცენტრი (ВЦИОМ) ატარებდა. კვლევის შედეგებმა მაშინვე გააჩინა ეჭვი, რომ კრემლის სიმპათიები გუნბასკენ იყო.
გუნბას ღია მხარდაჭერა
რუსეთს კონკრეტული „საპრეზიდენტო“ კანდიდატისთვის ადრეც დაუჭერია მხარი, მაგრამ გუნბას მიმართ მხარდაჭერის მასშტაბები უპრეცედენტო იყო. გუნბას მხარდაჭერის ღიად გამოხატვა იყო 31 იანვარ-1 თებერვალს აფხაზეთში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ახალი კურატორის, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, სოხუმში დაბადებული სერგეი კირიენკოს ვიზიტი. მართალია, კირიენკომ ვიზიტის დასასრულს განაცხადა, რომ რუსეთი „პატივისცემით მიიღებს აფხაზი ხალხის ნებისმიერ არჩევანს“, ყველასათვის ნათელი იყო, თუ ვის მიმართ ჰქონდა კრემლის გავლენიან ფიგურას სიმპათიები.
კრემლის მიერ გუნბას დაუფარავი მხარდაჭერის მაჩვენებელი იყო მისი ვიზიტი მოსკოვში და უმაღლესი დონის შეხვედრები რუსეთის მთავრობის წევრებთან. 6 თებერვალს გუნბა საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსაც კი შეხვდა. ლავროვის უწყებამ გუნბას „აფხაზეთის რესპუბლიკის გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწე“ უწოდა.
გუნბა იყო სოხუმის აღდგენილ აეროპორტში 7 თებერვალს ჩამოფრენილი თვითმფრინავის პირველი მგზავრიც. გუნბამ მოსკოვიდან კონკრეტული გადაწყვეტილებებიც ჩამოიტანა. მან აღნიშნა, რომ მოსკოვი თანახმაა ე.წ. საინვესტიციო შეთანხმება გადაიხედოს და ახალი შეთანხმება ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით მიიღონ. დადებითად გადაწყდა ელექტროენერგიის მიწოდებისა და „საბიუჯეტო“ ორგანიზაციის თანამშრომლების ხელფასების საკითხიც. რუსეთის ფინანსთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ აფხაზეთში პენსიებისა და ხელფასებისთვის 340 მლნ რუბლი დაუყოვნებლივ გადაირიცხა. ასევე მყისიერად მოგვარდა ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები. გუნბას დამსახურებად ჩაითვალა რუსეთის მიერ სასწრაფო დახმარების მანქანებისა და სკოლის ავტობუსების გამოყოფა, რომელთა გადაცემის ღონისძიებაში გუნბამ მიიღო მონაწილეობა.
ადმინისტრაციული რესურსი
ბჟანიას გადადგომის შემდეგ, პოლიტიკური კრიზისის მოგვარების შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, დე ფაქტო ხელისუფლების წევრებმა ახალი „პრეზიდენტის“ არჩევამდე შეინარჩუნეს თანამდებობები, რამაც გუნბას სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსის მობილიზებას შეუწყო ხელი. მიუხედავად იმისა, რომ „პრეზიდენტის“ მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ „უშიშროების მინისტრი“ დმიტრი ქუჩუბერია თანამდებობიდან დაითხოვა. ეს არ აღმოჩნდა საკმარისი ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო პროცესში ჩარევის პრევენციისთვის. ბგანბა უკმაყოფილო იყო, რომ ადმინისტრაციულ თანამდებობებზე დანიშნული პირები დიდი ხნით გავიდნენ შვებულებაში და რეალურად ამ ხნის განმავლობაში გუნბას სასარგებლო აგიტაციას ეწეოდნენ.
ვინ არის ბადრა გუნბა?
43 წლის ბადრა გუნბა 1981 წელს დაიბადა და იგი აფხაზეთის პირველი „პრეზიდენტია“, რომელიც ასაკობრივი შეზღუდვის გამო 1992-1993 წლების აფხაზეთის ომში არ მონაწილეობდა. სხვა შემთხვევაში ომში მონაწილეობა „სავალდებულო“ მოთხოვნაა ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის.
გუნბამ 2003 წელს დაამთავრა სარატოვის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი „ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის“ სპეციალობით. 2007 წელს გახდა ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. 2003-2007 წლებში სარატოვის ადმინისტრაციაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. 2007 წლიდან კარიერა აფხაზეთში გააგრძელა და 2009 წლამდე დე ფაქტო მთავრობაში სამართლებრივ საკითხებზე რეფერენტი იყო. 2009-2011 წლებში იგი იყო კულტურის „მინისტრის“ მოადგილე, 2011-2014 წლებში კი, ალექსანდრ ანქვაბის „პრეზიდენტობის“ პერიოდში, კულტურის „მინისტრი“ იყო. 2014 წელს ანქვაბის გადადგომის შემდეგ, სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა. 2020 წელს ასლან ბჟანიას გამარჯვების შემდეგ „ვიცე-პრეზიდენტი“ გახდა. მისი კანდიდატურა ამ პოსტზე პოლიტიკურმა პარტია „ამცახარამ“და „აიტაირამ“, რომელიც ანქვაბის დაარსებულია, წარადგინა. 2024 წლის 19 ნოემბრიდან, ბჟანიას წასვლის შემდეგ, გუნბა „პრეზიდენტის“ მოვალეობის შემსრულებელი გახდა.
გუნბას „ვიცე-პრეზიდენტი“ ბესლან ბიგვავაა, რომელიც ოჩამჩირის რაიონის ყოფილი ხელმძღვანელია.
რა გამოწვევები ელის ბადრა გუნბას?
პიროვნული გამოწვევა
გუნბა ბჟანია-ანქვაბის პოლიტიკური გუნდის წევრია. ბჟანია გადადგომის შემდეგ თავადვე აპირებდა ვადამდელ „არჩევნებში“ მონაწილეობას, მაგრამ საბოლოოდ მისმა გუნდმა და უფრო კრემლმა არჩევანი გუნბაზე შეაჩერა. გუნბას საარჩევნო შტაბს ანქვაბი ხელმძღვანელობდა. ანქვაბი აფხაზური პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ფიგურაა, რომელიც წლებია პოლიტიკურ და ბიზნეს გავლენებს ინარჩუნებს. გუნბას პოლიტიკური კარიერა ანქვაბის დამსახურებაა და ამიტომაც მისი გამოწვევა იქნება თუ როგორ შეძლებს იგი დამოუკიდებელ პოლიტიკურ ფიგურად ჩამოყალიბებას და ბჟანია-ანქვაბის გავლენებისგან დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებას.
შიდა გამოწვევა
გუნბა ბჟანიას „ვიცე-პრეზიდენტი“ იყო და, შესაბამისად, პასუხისმგებელია ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც მისი წინამორბედის დროს წარმოიქმნა. „არჩევნებში“ გამარჯვების მიუხედავად, პოლიტიკური კრიზისის გამომწვევი მიზეზები არსად გამქრალა, პირიქით, კრიზისი შეიძლება უფრო გამწვავდეს. მას შემდეგ, რაც გუნბას „პრეზიდენტობას“ ლეგიტიმაცია კრემლმაც მისცა, მოკლევადიან პერიოდში გუნბას მოწინააღმდეგეების აქტიურობა ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა, ოკუპირებულ რეგიონში გუნბასა და არძინბას მომხრეები იმდენად დაპირისპირებული არიან ერთმანეთთან, რომ ახალი პოლიტიკური კრიზისის წარმოქმნა დროის ამბავია. გუნბა პოლიტიკური კრიზისის პრევენციას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ოკუპირებული რეგიონის წინაშე არსებულ არაერთ პრობლემას ისე გადაწყვეტს, რომ არ მოუწევს რუსეთთან და რუს ბიზნესთან დიდ დათმობებზე წასვლა და აფხაზური „სუვერენიტეტის“ შესუსტება, რაც აფხაზურ პოლიტიკაში ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკური ჯგუფებისთვის ერთგვარი წითელი ხაზია.
საგარეო გამოწვევა
გუნბასთვის მთავარი საგარეო გამოწვევა რუსეთის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება იქნება. სწორედ ამ ვალდებულებების შეუსრულებლობას მოჰყვა მოსკოვის მხრიდან უპრეცედენტო სანქციების დაწესება აფხაზეთისთვის, რაც შემდეგ პოლიტიკურ კრიზისში გადაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ გუნბასთან შეხვედრისას რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა, რომ ე.წ. საინვესტიციო შეთანხმებაში ცვლილებები ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით განხორციელდებაო, ეს შეიძლება მხოლოდ წინასაარჩევნო სატყუარად მივიჩნიოთ. გუნბას მოუწევს რუსეთის მოთხოვნების შესრულება, მათ შორის ადაპტირებული საინვესტიციო შეთანხმების ჯერ რატიფიკაცია და შემდეგ მისი შესრულება, რომელიც, საბოლოო ჯამში, რუსულ ბიზნესს მეტ გასაქანს მისცემს აფხაზეთში. რუსული მოთხოვნების ნაწილია ასევე ე.წ „აპარტამენტების კანონის“ მიღება, რაც პრაქტიკაში რუსეთის მოქალაქეებითვის აფხაზეთის ტერიტორიაზე უძრავი ქონების შეძენის უფლების მიცემას ნიშნავს, ენერგოინფრასტრუქტურის რუსეთისთვის გადაცემა, ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღება, რაც ოკუპირებულ აფხაზეთში სამოქალაქო სექტორსა და დასავლური საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაზე კონტროლის გაზრდას გულისხმობს. ყველა ეს საკითხი ბოლო წლებში აფხაზეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში მწვავე დაპირისპირების მიზეზი გახდა და საზოგადოების ორად გახლეჩა გამოიწვია. წინასაარჩევნოდ რუსეთის გზავნილები ცალსახად გასაგები იყო აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის. მათ პირდაპირ უთხრეს, რომ თუ რუსეთის მოთხოვნები არ შესრულდებოდა, რომელიც აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ნაწილია, მოსკოვი არ მოერიდებოდა სტრატეგიული მოკავშირისთვის სანქციების დაწესებას. რუსეთის დახმარების გარეშე ოკუპირებულ აფხაზეთში შეუძლებელია ისეთი საბაზისო საკითხების მოგვარება, როგორიცაა ენერგოუსაფრთხოება და ხელფასების გაცემა. გუნბას მთავარი გამოწვევა სწორედ ის იქნება, რომ ისე შეასრულოს რუსეთის მოთხოვნები, რომ ამან ხელი არ შეუწყოს ახალ პოლიტიკურ კრიზისს და სამოქალაქო დაპირისპირებას.
რა შეიცვლება საქართველოსთვის?
საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესებზე გავლენა არ აქვს. ოფიციალურმა თბილისმა, ტრადიციულად, დაგმო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული არალეგიტიმური არჩევნები. პირველ ტურის შემდეგ ამ საკითხზე განცხადება გაავრცელა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მეორე ტურის შემდეგ კი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა. საქართველოსა და რუსეთის დაახლოების ფონზე, ოკუპირებულ რეგიონებშიც იზრდება რუსეთის გავლენა, განსაკუთრებით, 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ. რუსეთის მზარდი გავლენები და ოკუპირებული აფხაზეთის მეტი ინტეგრაცია რუსეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემაში სივრცეს აღარ დატოვებს ქართულ-აფხაზური ურთიერთობებისთვის, რომელიც ისეც დაბალ ნიშნულზეა.
ქართულ-აფხაზური ურთიერთობები ახალი გამოწვევის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს სხვა ახალი გარემოების გამოც. 1992-1993 წლების აფხაზეთის ომის დასრულებიდან 30 წელზე მეტი გავიდა. ოკუპირებული აფხაზეთის პოლიტიკაში ახალი თაობა მოდის. გუნბა პირველი „პრეზიდენტია“, რომელიც ამ ომში არ მონაწილეობდა. ახალ თაობას კი, ძველი თაობისგან განსხვავებით, რომელსაც ომში მონაწილეობის მიუხედავად, ქართულ მხარესთან საერთო წარსული და ჯერ კიდევ შემორჩენილი პირადი ურთიერთობები აკავშირებდა, ქართულ მხარესთან ურთიერთობის ნაკლები გამოცდილება აქვს და უფრო რუსიფიცირებულია. ახალ აფხაზურ პოლიტიკურ ელიტაზე მზარდი რუსული გავლენის პირობებში, ორმხრივი ურთიერთობის დამყარება კიდევ უფრო რთული ამოცანა იქნება.