ავტორი: მამუკა კომახია, ანალიტიკოსი
ბოლო დროს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო რესპუბლიკებში რუსეთის მხრიდან სხვადასხვა მიმართულებით გააქტიურება შეინიშნება. კერძოდ, კრემლმა „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო რესპუბლიკაში ჩატარებულ არალეგიტიმურ არჩევნებში სასურველი კანდიდატის გამარჯვება უზრუნველყო; სწრაფი ტემპით, თუმცა გარკვეული ხარვეზებით, მიმდინარეობს სამხედრო თანამშრომლობის განვითარება; ყველაზე საყურადღებო კი კრემლის საკადრო პოლიტიკაა, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებულ საჯარო მოხელეებს/დიპლომატებს შეეხოთ. ბოლო ორი თვის განმავლობაში „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის „ელჩად“ მარატ კულახმეტოვი, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდა პოლიტიკოსად მიჩნეული ინალ არძინბა დანიშნეს. კრემლის ვარაუდით, ახალმა კადრებმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების რუსეთთან ინტეგრაციის მაღალი ხარისხი უნდა უზრუნველყონ.
„არჩევნების“ კონტროლი
კრემლის როლი ღიად გამოიკვეთა 2017 წლის 9 აპრილს „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო რესპუბლიკაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში. წინასაარჩევნო კამპანიისა და პოსტსაარჩევნო პერიოდში ადგილობრივი პოლიტიკის მთავარი შემოქმედი ვლადისლავ სურკოვი იყო, რომელიც 2013 წლის 20 სექტემბრიდან რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთთან“ სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთქმედების საკითხებში პრეზიდენტის თანაშემწეა. სურკოვი კრემლში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების კურატორია. სურკოვის როლი ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამოიკვეთა, როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატების შერჩევა მიმდინარეობდა.
არჩევნებში მონაწილეობას გეგმავდა ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითიც, რომელმაც კანდიდატად დარეგისტრირება ვერ მოახერხა იმ მიზეზით, რომ იგი ბოლო ხუთი წელი მუდმივად არ ცხოვრობდა ცხინვალში. კოკოითიმ 2017 წლის 4 მარტს საარჩევნო კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში სურკოვს დასდო ბრალი. კოკოითიმ სურკოვს „თაღლითი“ უწოდა, რომელიც, მისი შეფასებით, ისე მოქმედებდა, „თითქოს სამხრეთ ოსეთის მეპატრონე იყო“. კოკოითიმ მის წინააღმდეგ მუშაობაში სურკოვი, რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი ალექსეი ფილატოვი და დსთ-ის წევრი ქვეყნების, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკებთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი ოლეგ გოვორუნი დაადანაშაულა. მიუხედავად იმისა, რომ სამივე საპრეზიდენტო კანდიდატი რუსეთისადმი ლოიალობით გამოირჩეოდა, დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე ანატოლი ბიბილოვისადმი სურკოვის სიმპათიები აშკარა იყო. არჩევნების დასრულების შემდეგ, ინაუგურაციამდე, სურკოვი პირადად შეხვდა გამარჯვებულ ანატოლი ბიბილოვს და მის გამარჯვებას „პროგნოზირებადი და დამაჯერებელი“ უწოდა.
ანატოლი ბიბილოვის არჩევიდან საკმაოდ მოკლე პერიოდში, 8-9 ივნისს, სურკოვი კვლავ ეწვია ცხინვალს. „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ლიდერებთან შეხვედრაზე სურკოვმა ხაზი გაუსვა, რომ „ინტეგრაცია უნდა იყოს უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი“. სურკოვმა შეხვედრის დროს ინტეგრაციის არსებული დონეც დაიწუნა.
სამხედრო გავლენის გაზრდა
ბოლო სამი თვე რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში სამხედრო მიმართულებითაც აქტიურობს. 2017 წლის 26 ივნისს „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტთან შეხვედრაზე რუსეთში შს მინისტრის მოადგილემ იგორ ზუბოვმა განაცხადა, რომ „ცხინვალში საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის შექმნა გადაწყვეტილი საკითხია“. ცენტრის შექმნის შესახებ შეთანხმებას 2016 წლის 4 ივლისს მოეწერა ხელი. მინისტრის მოადგილის თქმით, ცენტრის გასახსნელად დაფინანსება არსებობს და მხოლოდ ტექნიკური საკითხებია მოსაგვარებელი. რუსეთმა მსგავს შეთანხმებას 2017 წლის 18 მაისს სოხუმთანაც მოაწერა ხელი, რასაც აფხაზეთის პოლიტიკური ჯგუფებისა და საზოგადოების მხრიდან სერიოზული უკმაყოფილება მოჰყვა. სოხუმის წინააღმდეგობის შედეგად, სოხუმში ცენტრს უფრო ნაკლები უფლებამოსილება ექნება, ვიდრე ცხინვალში.
ახალი კადრი („დობერმანი“) პრეზიდენტის ადმინისტრაციაში
შიდა პოლიტიკური პროცესების კონტროლისა და სამხედრო შეთანხმებების განხორციელების თვალსაზრისით, კრემლს ცხინვალისგან განსხვავებით, გარკვეული წინააღმდეგობა ხვდება აფხაზეთის მიმართულებით. არსებული პრობლემების მოგვარებისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება მივიჩნიოთ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიღებული მნიშვნელოვანი საკადრო გადაწყვეტილება. კერძოდ, 2017 წლის 26 ივნისს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განკარგულებით, დსთ-ს წევრი ქვეყნების, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკებთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოში დეპარტამენტის უფროსად სურკოვთან დაახლოებული პირი, ეთნიკურად აფხაზი ინალ არძინბა დაინიშნა. სამმართველო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკის გატარებას უზრუნველყოფს.
ინალ არძინბა 1990 წელს დაიბადა სოხუმში. მამამისი ბათუ არძინბა 1992-1993 წლებში აფხაზეთში მიმდინარე ომის მონაწილე და ლეონის ორდენის კავალერია. ამჟამად ბათუ არძინბა ცნობილი აფხაზი ბიზნესმენია, რომელიც სოხუმში კომპანია „მოდა-ტექსის“ დირექტორია. არძინბა აფხაზეთის პირველი დე ფაქტო პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას ნათესავია. სოხუმში სკოლის დასრულების შემდეგ 2007-2012 წლებში მოსკოვში ეკონომიკის უმაღლესი სკოლის საერთაშორისო ეკონომიკისა და მსოფლიო პოლიტიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. სტუდენტობის პერიოდში გამოსცა წიგნი – „აფხაზეთის ეროვნული ეკონომიკა“, სადაც 2020 წლამდე აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის ახალი მიდგომებია განხილული. წიგნის ერთ-ერთი რეცენზენტი ალექსანდრე ანქვაბია – აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი 2011-2014 წლებში. არძინბას 2012 წელს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ რუსეთის უმსხვილეს სადაზღვევო კომპანია „როსგოსტრახში“ სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის საკითხებში კომპანიის პრეზიდენტის თანაშემწის პოზიცია ეკავა.
ინალ არძინბა 2012 წელს რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ვაშინგტონში გამართულ „ახალგაზრდული რვიანის“ სამიტზე, რომელიც „დიდი რვიანის“ სამიტის პარალელურად იმართებოდა. სამიტის მსვლელობისას არძინბა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო რესპუბლიკების საერთაშორისო აღიარების საკითხსაც ლობირებდა. 2013 წელს რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა „ახალგაზრდული ოციანის“ სამიტზე სანქტ-პეტერბურგში და „ახალგაზრდული რვიანის“ სამიტზე ლონდონში. სანქტ-პეტერბურგის სამიტზე საბოლოო დეკლარაცია პირადად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს წარუდგინა. 2014 წელს „ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, ახალგაზრდა ლიდერების“ რეიტინგის სათავეში მოხვდა.
2014 წლიდან იწყება ინალ არძინბას სახელმწიფო კარიერა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. იგი გარკვეული პერიოდი დსთ-ის წევრი ქვეყნების, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკებთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოში კონსულტანტი იყო, შემდეგ კი – ვლადისლავ სურკოვის პირველი მოადგილე. იგი კრემლში დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან ურთიერთობას კურირებდა. არძინბა ასევე უშუალოდ ხელმძღვანელობდა სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრები მოქალაქეების საზოგადოებრივი მხარდაჭერის კომიტეტსაც.
სურკოვთან მუშაობის პერიოდში არძინბას უკრაინის რეგიონების დესტაბილიზაციის პროექტების კურატორობა ევალებოდა. უკრაინაში მას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში ედება ბრალი, კერძოდ, უკრაინის სახელმწიფო საზღვრის ცვლილების მცდელობასა და ქვეყნის კონსტიტუციით დადგენილი წესრიგის დარღვევაში. უკრაინას არძინბაზე საერთაშორისო ძებნა აქვს გამოცხადებული. იგი 2015 წელს სურკოვთან ერთად უკრაინის მტრების სიაშიც კი მოხვდა. 2015 წლის დეკემბერში არძინბას სამხრეთ უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციაში დასდეს ბრალი, 2016 წლის მარტში კი, ე.წ. „ბესარაბიის პროექტის“ (პროექტი ოდესის ოლქში ბესარაბიის სახალხო რესპუბლიკის შექმნას ითვალისწინებდა) განხორციელებაში არძინბა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმაც დაადანაშაულა.
ინალ არძინბა რუსეთის პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა პოლიტიკოსია, რომელიც ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, უკვე ჩართულია უკრაინისა და საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკის გატარებაში. არძინბას ეთნიკური წარმომავლობა და რუსეთის გავლენიან პირებთან – ვლადიმერ პუტინთან და ვლადისლავ სურკოვთან – მისი პირადი ნაცნობობა მისი საქმიანობისადმი მნიშვნელოვან მხარდაჭერას უზრუნველყოფს, განსაკუთრებით – აფხაზეთის მიმართულებით. საინტერესოა, რომ მას მუშაობის საკმაოდ მკაცრი სტილის გამო, „დობერმანს“ ეძახიან.
რუსეთის ახალი „ელჩები“
ბოლო სამ თვეში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმართ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიურობა განხორციელებულ საკადრო ცვლილებებში და რუსული დიპლომატიის ინფრასტრუქტურული გაძლიერებით გამოიხატა.
2017 წლის 18-19 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ოფიციალურად ეწვია სოხუმს, სადაც რუსეთის საელჩოს ახალი შენობა გახსნა. არსებული ინფორმაციით, მინისტრს ადგილობრივი პოლიტიკური ელიტისათვის ახალი ელჩიც უნდა გაეცნო, თუმცა დღემდე ელჩის მოვალეობას სემიონ გრიგორიევი ასრულებს, რომელიც 2008 წლის 25 ოქტომბრიდან რუსეთის პირველი „ელჩია“ აფხაზეთში. გრიგორიევი საქართველოს საკითხში საკმაოდ გათვითცნობიერებული დიპლომატია. იგი 2003-2006 წლებში დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო და რუსულ-ქართულ ურთიერთობებს კურირებდა. 2008 წლიდან, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, კვლავ დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გახდა და აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ საკითხებს უძღვებოდა. არსებული ინფორმაციით, იგი ელჩად უნდა დაინიშნოს აზერბაიჯანში.
მნიშვნელოვანი საკადრო დანიშვნა იყო „სამხრეთ ოსეთში – ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის პირველი „ელჩი“ (2008-2017 წლებში) ელბრუს კარგიევი პენსიაზე გასვლის შემდეგ 2017 წლის 23 მაისს საქართველოში კარგად ნაცნობმა მარატ კულახმეტოვმა შეცვალა. კულახმეტოვი „ელჩის“ მოვალეობის შესრულებას 2017 წლის 3 ივლისს შეუდგა, როდესაც „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელი გადასცა. რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორი კულახმეტოვი 2004 წლის ოქტომბრიდან ცხინვალში შერეული სამშვიდობო ძალების მეთაური იყო. 2009 წლის აგვისტოდან ელჩად დანიშვნამდე კულახმეტოვი საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მრჩეველი იყო სამხრეთ კავკასიასა და დნესტრისპირეთში სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში და ცენტრალურ აზიაში სამხედრო სფეროში რუსეთის საქმიანობის საკითხებში. კულახმეტოვის დანიშვნა, რომელიც ცხინვალის შიდა პოლიტიკას კარგად იცნობს, უდავოდ ხელს შეუწყობს „სამხრეთ ოსეთის“ რუსეთთან ინტეგრაციული პროცესების დაჩქარებას.
დასკვნა
ბოლო სამ თვეში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები მიუთითებს, რომ კრემლს დე ფაქტო რესპუბლიკების შიდა პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის გაზრდა და აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რუსეთის პოლიტიკურ, სამხედრო თუ ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის დაჩქარება სურს. ოკუპირებული რეგიონების ინტეგრაციის თვალსაზრისით კი, უდავოდ მნიშვნელოვანია მარატ კულახმეტოვისა და ინალ არძინბასთან დაკავშირებული საკადრო გადაწყვეტილების მიღება. რეგიონისთვის ორი გამორჩეული პირის მნიშვნელოვან თანამდებობებზე დანიშვნა, რომლებიც შიდა პოლიტიკურ სამზარეულოს კარგად იცნობენ, კრემლის პოლიტიკაში ახალი ეტაპის დაწყებას მიუთითებს, რამაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების რუსეთთან ინტეგრაციის სასურველი ტემპები უნდა უზრუნველყოს.