ავტორი: თეკლა გაბრიჭიძე

 

შესავალი

2024 წლის აპრილში შეერთებულმა შტატებმა და იაპონიამ გაეროს უშიშროების საბჭოს (UNSC) წარუდგინეს რეზოლუცია, რომელიც ეხებოდა კოსმოსში ბირთვული იარაღის გამოყენების აკრძალვას. ეს რეზოლუცია ითვალისწინებს კოსმოსის (გარე სივრცის) შესახებ ხელშეკრულების მონაწილე 115 სახელმწიფოს, მათ შორის უშიშროების საბჭოს, მუდმივი წევრების ვალდებულებებს, რომ თავიდან აიცილონ ბირთვული იარაღის ან სხვა მასობრივი განადგურების იარაღის (WMD) ობიექტების განთავსება დედამიწის ორბიტაზე. რეზოლუცია საპასუხო ნაბიჯია რუსეთის მიერ ბირთვული ანტისატელიტური იარაღის შემუშავების შესახებ ცნობებზე, თუმცა თეთრი სახლი ირწმუნება, რომ იარაღი, რომლის გარშემოც ამდენი მითქმა-მოთქმაა ატეხილი, არ წარმოადგენს უშუალო საფრთხეს. რუსეთმა რეზოლუციას ვეტო დაადო, ჩინეთმა კი თავი შეიკავა. 2024 წლის მაისში შემუშავდა ახალი რუსულ-ჩინური რეზოლუცია, რომელიც უშიშროების საბჭომ საბოლოოდ უარყო. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც გაეროს უშიშროების საბჭო განიხილავდა კოსმოსური უსაფრთხოების საკითხს, მიუხედავად ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე დისკუსიებისა.

ამ რეზოლუციების უარყოფა, რასაც შედეგად დიპლომატიური ურთიერთობების დაძაბვა მოჰყვა,  ხაზს უსვამს მსოფლიოს წამყვან ძალებს შორის მზარდ კონკურენციას კოსმოსში დომინირებისთვის. კოსმოსთან დაკავშირებული  სერვისები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გლობალური ვაჭრობის, ბუნებრივი კატასტროფების მონიტორინგისა და სამხედრო ოპერაციებისთვის – კოსმოსში დომინირება ნიშნავს ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერზე დომინირებას. ამდენად, აშშ-ის ძირითადი კონკურენტები, ჩინეთი და რუსეთი, ავითარებენ კოსმოსურ შესაძლებლობებს, რომ მოახერხონ სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და სამხედრო ოპერაციებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი კოსმოსური სისტემების ჩამოშლა და განადგურება. ჩვენს სტატიაში განვიხილავთ ამ კონკურენციის დინამიკას და ყურადღებას გავამახვილებთ ჩინეთის, რუსეთისა და აშშ-ის სტრატეგიულ კოსმოსურ შესაძლებლობებსა და მათ ზეგავლენაზე  გლობალური უსაფრთხოებისთვის.

 

ამერიკის შეერთებული შტატები

აშშ-მ შეინარჩუნა მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური უპირატესობა კოსმოსში, სატელიტურ ინფრასტრუქტურაზე დაყრდნობით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამხედრო ოპერაციებისთვის, როგორიცაა კომუნიკაცია, ნავიგაცია და დაზვერვა. 2019 წლის დეკემბერში მნიშვნელოვანი იყო, რომ შეიქმნა აშშ-ის კოსმოსური ძალები, რამაც  გადამწყვეტი როლი შეასრულა ყოველდღიურად დაახლოებით 15 რაკეტის გაშვების მონიტორინგის საქმეში სხვადასხვა გლობალური ცხელი წერტილიდან, თანამგზავრების განლაგების მართვასა და კოსმოსური ნარჩენების ზედამხედველობაში. კოსმოსური ძალები ასევე ზედამხედველობას უწევენ ორ ახლად გაშვებულ რობოტულ კოსმოსურ თვითმფრინავს, მათ შორის – X-37B-ს, რომლებსაც გაფართოებული მისიების, ორბიტის შეცვლისა და დედამიწაზე უსაფრთხო დაბრუნების უნარი აქვთ. ეს ხაზს უსვამს მათ პოტენციალს, როგორც ღირებულ აქტივს კოსმოსურ ოპერაციებში. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის კოსმოსური ძალები გახდა აშშ-ის სამხედროების მეექვსე განყოფილება, რაც მეტყველებს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის კოსმოსის მნიშვნელოვნებაზე. აშშ-ის პროგრესი კოსმოსში უფრო კარგად დასტურდება შემდეგი თაობის GPS თანამგზავრების და მოწინავე რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების დანერგვით, როგორიცაა კოსმოსური ინფრაწითელი სისტემა (SBIRS) და შემდეგი თაობის ოვერჰედის მუდმივი ინფრაწითელი (შემდეგი თაობის OPIR) თანამგზავრები.

აშშ-ის ოფიციალური პირები მუდმივად ხაზს უსვამენ კოსმოსში ძლიერი პოზიციონირების მნიშვნელობას მოწინააღმდეგეების შესაკავებლად. თავდაცვის მდივნის მოადგილემ კეტლინ ჰიქსმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მიზანი მხოლოდ მოწინააღმდეგეების შეკავებაა, ხოლო ჩინეთისა და რუსეთის მიზანია გარდაქმნან კოსმოსი სამხედრო ჩართულობის სფეროდ. ამის საპირისპიროდ, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერები შეერთებულ შტატებს ადანაშაულებენ კოსმოსის შეიარაღებაში.

 

რუსეთი

რუსეთი, როგორც საბჭოთა კავშირის მემკვიდრე, ამაყობს კოსმოსური კვლევისა და კოსმოსის სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების მდიდარი ისტორიით. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სანქციებისა და ფართო საზოგადოებრივ-ეკონომიკური პრობლემების გამო კოსმოსური ტექნოლოგიების შენარჩუნებასა და განახლებაში სირთულეებს აწყდება, რუსეთი კვლავაც მტკიცედ მიიჩნევს, რომ მისთვის ძალზე პრიორიტეტულია კოსმოსური შესაძლებლობები. ეს შემართება აშკარად ჩანს სხვადასხვა სატელიტის ოპერაციებში, რომლებიც განკუთვნილია დისტანციური ზონდირების, კომუნიკაციის, ნავიგაციისა და ბალისტიკური რაკეტების გაშვების ადრეული გაფრთხილებისთვის. აღსანიშნავია, რომ რუსეთმა შეიმუშავა მსოფლიოში ყველაზე განვითარებული დისტანციური ზონდირების სატელიტები, თუმცა მას ნაკლები სისტემები აქვს, ვიდრე აშშ-სა და ჩინეთს. გარდა ამისა, რუსეთმა განავითარა მრავალმხრივი შესაძლებლობები სატელიტების მიზანში ამოღებისათვის, მათ შორის, კინეტიკური განადგურების მოწყობილობები, ელექტრონული ომის სისტემები და  სახმელეთო ლაზერები, რომლებიც განკუთვნილია სატელიტის სენსორების გასანადგურებლად.

2021 წელს რუსეთმა ჩაატარა საკამათო ანტისატელიტური რაკეტის ტესტი, რის შედეგადაც განადგურდა საბჭოთა ეპოქის სატელიტი და წარმოიქმნა მნიშვნელოვანი რაოდენობის საშიში კოსმოსური ნამსხვრევები. 2022 წლის აგვისტოში რუსულმა სატელიტმა „კოსმოს 2543-მა“ დამატებითი ობიექტი გაუშვა ორბიტაზე. აშშ-ის კოსმოსური ძალები ამ ქმედებას ახასიათებენ, როგორც მტკიცებულებას „რუსეთის მუდმივი მცდელობებისა“, შექმნას და გამოცადოს კოსმოსური სისტემები, რომლებიც შეესაბამება კრემლის სამხედრო დოქტრინას ისეთი იარაღის განლაგებასთან დაკავშირებით, რომელიც საფრთხეს უქმნის აშშ-სა და მოკავშირე კოსმოსურ აქტივებს. რუსეთი კვლავაც განაგრძობს სატელიტური სიგნალების გატეხვასა და შეფერხებას, შესაბამისი გაფრთხილებებით, რომ კომერციული სატელიტური სისტემები შეიძლება მიჩნეული იყოს ლეგიტიმურ სამიზნედ საპასუხო რეაქციისთვის.

2022 წლის თებერვალში რუსეთის შეჭრამ უკრაინაში კიდევ ერთხელ წარმოაჩინა კოსმოსური აქტივების მნიშვნელობა სამხედრო ოპერაციებში. რუსეთის სამხედრო შეტევის წინ მალვეარი (მავნე პროგრამა) გავრცელდა KA-SAT ქსელის ნაწილზე, რამაც 50,000 ევროპელი მომხმარებლის, მათ შორის უკრაინული სამხედრო ერთეულების, სატელიტური ინტერნეტის მოდემების შეფერხება გამოიწვია. თუმცა, უკრაინულმა ძალებმა მაინც შეძლეს კავშირი აღედგინათ SpaceX-ის მიერ გაშვებული Starlink-ის ფართოზოლიანი სატელიტების დახმარებით.

 

ჩინეთი

გასული ათწლეულის განმავლობაში ჩინეთმა სწრაფად გააფართოვა თავისი სატელიტური ქსელები და კოსმოსური გაშვების შესაძლებლობები, რის შედეგადაც იგი კოსმოსის მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდა. 2022 წელს ჩინეთმა ახალი რეკორდი დაამყარა კოსმოსური გაშვების მხრივ, რითაც გახდა მსოფლიოს მეორე ყველაზე აქტიური კოსმოსური გაშვების მიმწოდებელი შეერთებული შტატების შემდეგ. ჩინეთისთვის 2020 წელს BeiDou ნავიგაციის სისტემის შემუშავების დასრულება მნიშვნელოვანი მიღწევა იყო, რადგან იგი იძლევა გლობალური პოზიციონირების სერვისებს, რაც ჩინეთის სამხედრო ძალების ზუსტი მართვისთვის გამოიყენება.

ჩინეთის კოსმოსური თვითმფრინავი Shenlong-ი (ღვთაებრივი დრაკონი), რომელიც ამერიკის X-37B-ის გაშვებამდე მხოლოდ ორი კვირით ადრე იქნა გაშვებული, ადასტურებს  ჩინეთის კოსმოსური ტექნოლოგიის მიღწევებს. როგორც აშშ-ის, ისე ჩინეთის მისიის დეტალები საიდუმლოებით არის მოცული. ორივე ქვეყნის კოსმოსურ თვითმფრინავებს შეუძლიათ ხანგრძლივი მისიების ჩატარება, ტვირთის გადატანა, ორბიტის შეცვლა და დედამიწაზე დაბრუნება საწვავის შევსებისთვის, რაც მათ პოტენციურად ძლიერ იარაღად აქცევს.

ჩინეთი მნიშვნელოვან ინვესტიციას დებს კოსმოსურ ტექნოლოგიებში. ბოლო მონაცემების მიხედვით, მისი ხარჯები NASA-ს ხარჯებს $200 მილიარდით აჭარბებს. ეს ინვესტიცია მოიცავს როგორც თავდასხმითი, ისე თავდაცვითი კოსმოსური შესაძლებლობების გაუმჯობესებას, როგორიცაა სატელიტური ჯემინგი და პირდაპირი ენერგიის იარაღები. უფრო მეტიც, ჩინეთი აძლიერებს საწინააღმდეგო ოპერაციების კოსმოსურ შესაძლებლობებს, რომლებიც მოიცავს ანტისატელიტურ რაკეტებს, ელექტრონული ომის სისტემებს და სახმელეთო ლაზერებს. ჩინეთის სამხედრო ძალები მუდმივად ითვალისწინებენ ამ ტექნოლოგიებს თავიანთ წვრთნებში, რაც მიუთითებს, რომ კოსმოსს განიხილავენ, როგორც კრიტიკულ სფეროს შესაძლო მომავალი კონფლიქტებისთვის.

 

ჩინეთრუსეთის კოსმოსური პარტნიორობა

ჩინეთსა და რუსეთს შორის პარტნიორობა კოსმოსთან დაკავშირებით 2014 წელს დაიწყო და შემდეგი 7 წლის განმავლობაში თანდათან გაფართოვდა. პროგრესმა კულმინაციას 2021 წლის მარტის დასაწყისში მიაღწია საერთაშორისო მთვარის კვლევის სადგურის (ILRS) განცხადებით, რომელიც შესაძლოა NASA-ს არტემისის პროგრამის გამოვლენის საპასუხოდ გაკეთდა. ინიციატივა მიზნად ისახავს ასტრონავტების დაშვებას მთვარეზე 2025 წლისთვის და 2028 წლისთვის კოსმოსში  ადამიანების ხანგრძლივად ყოფნას. ეს ინიციატივა ეფუძნება ფართო პარტნიორობას და ასახავს ორივე ერის ერთობლივ ძლიერ მხარეებს: რუსეთის ვრცელ გამოცდილებას ადამიანის კოსმოსურ და მთვარის მისიებში და ჩინეთის ბოლოდროინდელ მიღწევებს მთვარის რობოტულ კვლევაში, როგორიცაა Chang’e მისიები.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თანამშრომლობის მიმართულებაა სატელიტური სანავიგაციო სისტემების ერთობლივი განვითარება. რუსული GLONASS და ჩინეთის BeiDou სისტემები ინტეგრირებულია გლობალური პოზიციონირების სერვისების გასაუმჯობესებლად. ეს ინტეგრაცია არა მხოლოდ აუმჯობესებს ნავიგაციის სიზუსტეს და საიმედოობას ორივე ქვეყნისთვის, არამედ აშშ-ის გლობალური პოზიციონირების სისტემაზე (GPS) დამოკიდებულების შემცირებით სტრატეგიულ უპირატესობას უზრუნველყოფს.

რუსეთ-ჩინეთის თანამშრომლობა კოსმოსურ პროექტებში არაერთ წელს ითვლის, მაგრამ არასდროს ყოფილა ისეთი ამბიციური, როგორც ეს ბოლო განცხადებაში გამოვლინდა, რაც ამ პარტნიორობაში მნიშვნელოვანი ეტაპის დადგომაზე მიუთითებს. 2024 წლის მარტში იური ბორისოვმა, რუსეთის კოსმოსური სააგენტოს Roscosmos-ის ხელმძღვანელმა, გაამჟღავნა  2033-2035 წლებში მთვარეზე ავტომატური ატომური ელექტროსადგურის აშენების გეგმები. ჩინეთ-რუსეთის ამ პარტნიორობის მიზანი ფართოდ განიხილება, როგორც სტრატეგიული ნაბიჯი აშშ-ის დომინირების დასაპირისპირებლად და წარმოადგენს ერთიან ფრონტს დასავლური წინსვლის წინააღმდეგ  კოსმოსში.

 

დასკვნა

ისტორიულად მნიშვნელოვანი იყო ტექნოლოგიის გავლენა საომარ მოქმედებებზე. ყოველი ახალი ტექნოლოგიური წინსვლა ცვლიდა ბრძოლის ველის დინამიკას. დღევანდელ სამყაროში კოსმოსში უპირატესობის დაკარგვამ შეიძლება სწრაფად გამოიწვიოს ნებისმიერ კონფლიქტში სწრაფი დამარცხება. რამდენადაც კაცობრიობა სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული კოსმოსურ ინფრასტრუქტურაზე, სამხედრო სტრატეგია მიმართულია სწრაფი, სივრცეზე ორიენტირებული ოპერაციებისკენ. ეს არის ის, რის გამოც დიდი გლობალური ძალები კოსმოსს პოტენციური სამხედრო ჩართულობისთვის გადამწყვეტ სფეროდ მიიჩნევენ. ეს კი ცვლის ომის და გეოგრაფიული საზღვრების ტრადიციულ კონცეფციებს, რაც კოსმოსს პოტენციურად  შეკავების სტრატეგიების ფრონტად გარდაქმნის.

ჩინეთისა და რუსეთის მიერ ანტისატელიტური (ASAT) იარაღის სტრატეგიული გამოყენება მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას. ეს საფრთხე გულისხმობს სამხედრო ოპერაციების, კომერციული საქმიანობისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისთვის აუცილებელი კომუნიკაციისა და სანავიგაციო სერვისების შეფერხებას. გარდა ამისა, თანამგზავრების განადგურებამ შეიძლება წარმოქმნას კოსმოსური ნარჩენები, რაც ორბიტაზე ათწლეულების განმავლობაში რჩება და ზრდის სხვა თანამგზავრებთან და კოსმოსურ ხომალდებთან შეჯახების რისკს, მათ შორის – საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან (ISS). გარდა ამისა, ASAT-ის შესაძლებლობების დემონსტრირებამ შეიძლება გაზარდოს სამხედრო დაძაბულობა და გამოიწვიოს საპასუხო ზომები, რაც საბოლოოდ გაზრდის კონფლიქტის რისკს. თანამგზავრები, რომლებიც აუცილებელია თანამედროვე ცხოვრებისთვის, ახლა განიხილება, როგორც პოტენციური სამხედრო სამიზნეები მათი ორმაგი დანიშნულების ბუნების გამო. კოსმოსის კომერციულ და სამხედრო გამოყენებას შორის განსხვავება მცირდება, რაც ქმნის სამართლებრივ და ლეგიტიმურ გამოწვევებს. ამიტომ კომერციული ინდუსტრიის ჩართვა კოსმოსის მილიტარიზაციაში, რაც დასტურდება რუსეთ-უკრაინის ომში მიმდინარე პროცესებით, საჭიროებს დამატებით გამოკვლევას.

სულ უფრო გადატვირთულ და კონკურენტულ კოსმოსურ გარემოში მნიშვნელოვანია გვესმოდეს კოსმოსში მოქმედი ძირითადი ქვეყნების სტრატეგიები და წინსვლა გლობალური უსაფრთხოების შენარჩუნებისათვის და კოსმოსის მშვიდობიანი მიზნებისათვის გამოსაყენებლად. კოსმოსური მილიტარიზაციის მომავალი დამოკიდებულია ტექნოლოგიურ პროგრესს, სტრატეგიულ მოსაზრებებსა და კოსმოსური საქმიანობის რეგულირებისა და ზედამხედველობის საერთაშორისო ძალისხმევას შორის ბალანსის მიღწევაზე, რათა ქვეყნებმა თავიდან აიცილონ გამალებული შეიარაღება კოსმოსში. სატელიტური იარაღითა და კოსმოსური ნამსხვრევებით შექმნილი გამოწვევების გადაჭრით საერთაშორისო საზოგადოებას შეუძლია დაიცვას კოსმოსის სარგებელი მომავალი თაობებისთვის და შეინარჩუნოს კოსმოსი, როგორც კონფლიქტისა და გარემოზე ზემოქმედებისაგან  თავისუფალი სფერო.