2016 წლის 14 აპრილს სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ორგანიზებითა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა კონფერენცია – „წინასაარჩევნოდ საზოგადოებრივი აზრის კვლევის მნიშვნელობა საქართველოში“.
კონფერენციის მიზანი იყო საერთაშორისო და ადგილობრივი კვლევითი ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების, მედიის, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით სოციოლოგიური კვლევების მნიშვნელობისა და აუცილებლობის ნათლად წარმოჩენა, რაც თავის მხრივ აყალიბებს საერთო მიდგომას და აისახება როგორც მედიაზე, ისე საზოგადოებრივ განწყობაზე.
ღონისძიება გახსნეს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტმა ეკატერინე მეტრეველმა და საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლას ბერლინერმა.
კონფერენციის ძირითადმა მომხსენებელმა, საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცნობილმა ექსპერტმა კეთლინ ფრანკოვიჩმა განიხილა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მეთოდოლოგიები ამერიკასა და საქართველოში, გამოკითხვით მიღებული მონაცემების მნიშვნელობა სტრატეგიისა და პლატფორმის ჩამოყალიბებისთვის, ქართული დაინტერესებული მხარეებისთვის არსებული მთავარი გამოწვევები და საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის სამომავლო პერსპექტივები.
კონფერენციის პირველი სესია მიეძღვნა კვლევის მეთოდოლოგიის ახნას, რომელსაც ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი და ადამიანის რესურსების განვითარების ფონდის თავმჯდომარე ნოდარ სარჯველაძე. მომხსენებელთა შორის იყვნენ ეროვნული დემოკრატიის ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა თორნტონი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საქართველოს ოფისის დირექტორი ანდრეა კირბსი, ბალტიის კვლევების ცენტრის დირექტორი (Baltic Surveys/the Gallup Organization), CRRC-ის საქართველოს დირექტორი კობა თურმანიძე და კომპანია „ეი-სი-თი გლობალის“ (ACT Global) გენერალური დირექტორი თინათინ რუხაძე.
მეორე სესიის თემა იყო კონსენსუსის ძიება – 2016 წლის არჩევნების მნიშვნელობა. მომხსენებელთა შორის იყვნენ: ფრაქცია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი და პარტია „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე. სხდომას უძღვებოდა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების დირექტორი კახა გოგოლაშვილი.
მესამე სესიაზე მომხსენებლებმა განიხილეს მანიპულაციისა და თემატური მედიაგაშუქების საფრთხე და ამომრჩევლების პოლიტიკურად გაზრდის შესაძლებლობა. სხდომას უძღვებოდა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი გიორგი თარგამაძე, ხოლო მომხსენებელთა შორის იყვნენ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის სრული პროფესორი მაია მიქაშავიძე, საქართველოს ჟურნალისტიკური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი და საქართველოს რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ნათია კუპრაშვილი.
კონფერენციის ყველა სესიის ბოლოს გაიმართა საინტერესო დისკუსია.