ავტორი: მამუკა კომახია, ანალიტიკოსი
2018 წლის 20 თებერვალს ყაზახეთის პრეზიდენტმა ლათინური გრაფიკის საფუძველზე ყაზახური ენის დამწერლობის ახალი ვერსია დაამტკიცა. ამ გადაწყვეტილებით ყაზახეთი უარს ამბობს კირილიცას გამოყენებაზე. ამ მხრივ ყაზახეთი არ არის გამონაკლისი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში კირილიციდან ლათინურ დამწერლობაზე გადასვლის მტკივნეული პროცესი მიმდინარეობს. დამწერლობის შეცვლა, რომელიც, ერთი შეხედვით, ლინგვისტური საკითხია, გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებების მიზეზი შეიძლება გახდეს.
დამწერლობის ცვლილება და პოლიტიკა
იმ ქვეყნებში, სადაც გასული საუკუნის განმავლობაში დამწერლობა რამდენჯერმე შეიცვალა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კირილიციდან ლათინურზე გადასვლას რთული პოლიტიკური პროცესები მოჰყვა. ცენტრალური აზიის ქვეყნებში, აზერბაიჯანსა და მოლდავეთში დამწერლობის შეცვლა ეროვნული იდენტობის ფორმირებისა და რუსეთის კოლონიური გავლენისგან განთავისუფლების საკითხს დაუკავშირდა.
ყაზახეთი
დამწერლობის შეცვლის საკითხს ყველაზე მეტი გამოხმაურება ყაზახეთში მოჰყვა, მაშინ, როდესაც სხვა თურქულენოვანმა სახელმწიფოებმა – აზერბაიჯანმა, თურქმენეთმა და უზბეკეთმა კირილიცა ლათინური დამწერლობით 1990-იანებში შეცვალეს. ყაზახეთი ამ თემას უფრო ფრთხილად მიუდგა, რათა ერთი შეხედვით ლინგვისტურ საკითხს რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭება არ მოჰყოლოდა. ცვლილებების განხორციელებამდე ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა განაცხადა, რომ ლათინურზე გადასვლა „არავითარ შემთხვევაში არ ეხება/არღვევს რუსულენოვანი მოსახლეობის, რუსული ენისა და სხვა ენების უფლებებს“. რუსულ ენაზე კვლავ ლაპარაკობს მოსახლეობის უმრავლესობა, ასევე გამოიყენება ბიზნესში, ადმინისტრაციული საქმის წარმოებასა და ეთნიკურ ჯგუფებს შორის ურთიერთობაში.
1920-იან წლებამდე ყაზახური ენა არაბულ დამწერლობას იყენებდა, რომელიც ლათინურმა შეცვალა. 1940 წელს კი, ლათინური კირილიცამ ჩაანაცვლა და მას 2025 წლისთვის კვლავ ლათინური შეცვლის. ლათინურზე გადასვლის საკითხი პრეზიდენტის ინიციატივით 2007 წლიდან განიხილება. ნაზარბაევმა დამწერლობის ცვლილება პრაგმატიზმით ახსნა, რადგან, მისი აზრით, მსგავსი ნაბიჯი აუცილებელია თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობისათვის. დამწერლობის შეცვლის მომხრეების შეფასებით, თანამედროვე ბიზნესსამყაროში (საბანკო სექტორი, ინტერნეტი), სადაც ძირითადად ლათინური დამწერლობა გამოიყენება, კირილიცა საკმაოდ რთული ენაა.
2017 წლის ოქტომბერში ნაზარბაევმა ხელი მოაწერა ბრძანებას 2025 წლამდე ყაზახური დამწერლობის ლათინურ გრაფიკაზე ეტაპობრივად გადასვლის შესახებ. 2018 წელს განათლების სპეციალისტებმა საშუალო სკოლებისთვის ახალი წიგნების შედგენა დაიწყეს, 2021-2023 წლებში დაგეგმილია ლათინური დამწერლობით პასპორტების, პირადობის მოწმობებისა და სხვა დოკუმენტების გაცემა, 2022-2025 წლებში კი ლათინურის გამოყენებას დაიწყებენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სახელმწიფო მედია და ბეჭდური გამოცემები. რეფორმის ავტორები მიიჩნევენ, რომ დამწერლობის ცვლილება ყაზახური ენის პოპულარიზაციასაც შეუწყობს ხელს და მოსახლეობისთვის ენის სწავლის პროცესს გააადვილებს.
უზბეკეთი
უზბეკეთში ლათინურ დამწერლობას 1926 წლიდან იყენებდნენ, რომელიც 1940 წელს კირილიცათი შეიცვალა. 1992 წლიდან ლათინური კვლავ ოფიციალური დამწერლობა გახდა და ის სკოლებში 2005 წლიდან ისწავლება. უზბეკური ენის პოპულარიზაციის მიუხედავად, ეთნიკურ ჯგუფებს შორის სასაუბროდ, ყოველდღიურ ყოფასა და ადმინისტრაციული საქმის წარმოებისთვის რუსული ენა მაინც აქტუალურია.
თურქმენეთი
თურქმენეთში 1928 წლამდე არაბული დამწერლობა იყო, რომელიც ჯერ ლათინურით, 1940 წელს კი კირილიცათი შეიცვალა. 1991 წელს თურქმენეთი კვლავ ლათინურს დაუბრუნდა, თუმცა რუსული ეთნიკურ ჯგუფებს შორის ურთიერთობაში ისევ რჩება მნიშვნელოვან ენად.
ტაჯიკეთი
1920-იან წლებამდე ტაჯიკეთში ტაჯიკური ენისთვის სპარსულ დამწერლობას იყენებდნენ. 1927 წელს კი, საბჭოთა მთავრობამ ლათინური დამწერლობა შემოიღო. ცენტრალური აზიის რუსიფიკაციის ფარგლებში კირილიცა ტაჯიკეთშიც დაინერგა და დღემდე გამოიყენება. რუსული ენა კი ბიზნესსა და ეთნიკურ ჯგუფებს შორის სასაუბროდ კვლავ აქტუალურია.
ყირგიზეთი
ყირგიზეთი 1928 წლამდე არაბულ დამწერლობას იყენებდა, შემდეგ – ლათინურს, 1941 წლიდან დღემდე კი კირილიცას იყენებს. ბიზნეს და პოლიტიკური საქმეები რუსულად წარმოებს, თუმცა ბოლო პერიოდში ყირგიზული ენის პოზიციები გაძლიერდა და საპარლამენტო შეხვედრების დიდი ნაწილი მშობლიურ ენაზე მიმდინარეობს.
აზერბაიჯანი
აზერბაიჯანი 1929 წელს არაბული დამწერლობიდან ლათინურზე გადავიდა, რაზეც გავლენა მოახდინა თურქეთის რესპუბლიკაში მუსტაფა ქემალ ათათურქის მიერ არაბული დამწერლობის ლათინურით ჩანაცვლების გადაწყვეტილებამ. 1939 წლიდან აზერბაიჯანი, ცენტრალური აზიის სახელმწიფოების მსგავსად, კირილიცაზე გადავიდა. კრემლის გადაწყვეტილება პოლიტიკური ფაქტორებითაც იყო განპირობებული და აზერბაიჯანელებსა და თურქებს შორის ურთიერთობის შეზღუდვას ისახავდა მიზნად.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აზერბაიჯანის პარლამენტმა კირილიცას ლათინური დამწერლობით შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა კანონის სრულად ამოქმედება მხოლოდ 2001 წლიდან გახდა შესაძლებელი. დამწერლობის შეცვლის მომხრეების განცხადებით, აზერბაიჯანი ამ ცვლილებით უფრო დაუახლოვდება ევროპასა და განსაკუთრებით თურქეთს, რომელიც მსგავს ენაზე საუბრობს და ლათინურ დამწერლობას იყენებს. მომხრეების არგუმენტი ასევე იყო ის, რომ ლათინური ასოები უკეთესად შეესაბამებოდა აზერბაიჯანულ ფონეტიკას.
მოლდავეთი
მოლდავეთში 1924-1932 და 1938-89 წლებში კირილიცას იყენებდნენ. 1989 წელს კი საბჭოთა მოლდავეთში ოფიციალურ დამწერლობად ლათინურის თანამედროვე რუმინული ვერსია აღიარეს. თუმცა მოლდავეთში პრობლემაა არა დამწერლობის საკითხი, არამედ ქვეყანაში არსებული სალაპარაკო ენის სახელწოდება.
1991 წელს დამოუკიდებლობის დეკლარაციამ ოფიციალურ ენად „რუმინული“ აღიარა, თუმცა 1994 წლის კონსტიტუციამ ეს სტატუსი მხოლოდ „მოლდოვურს“ მიანიჭა. საბჭოთა მმართველობის პერიოდში ოფიციალურად მხოლოდ ტერმინ „მოლდოვურის“ გამოყენება შეიძლებოდა. საბჭოთა პოლიტიკა „მოლდოვური“ და „რუმინული“ ენების განცალკევებას ემსახურებოდა და „მოლდოვურს“ „რუმინულისგან“ცალკე მდგომ ენად განიხილავდა.
2013 წლის დეკემბერში საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ დამოუკიდებლობის დეკლარაცია კონსტიტუციაზე უპირატესია და სახელმწიფო ენის სახელწოდებად „რუმინული“ განსაზღვრა. 2017 წლის მარტში პრორუსმა პრეზიდენტმა იგორ დოდონმა საკუთარ საპრეზიდენტო საიტზე ენის გრაფაში „მოლდოვური“ მიუთითა. დოდონის მომხრეების განცხადებით, ორმაგი მოქალაქეობის მქონე (რუმინული და მოლდოვური) მოსამართლეებმა მოლდოველების მომავალი არ უნდა გადაწყვიტონ.
დამწერლობის შეცვლის გამოწვევები
პოლიტიკური საკითხების გარდა, კირილიციდან ლათინურ დამწერლობაზე გადასვლა ტექნიკური თვალსაზრისითაც დიდ ცვლილებებს მოითხოვს. სახელმწიფო და კერძო სექტორში უნდა შეიცვალოს დოკუმენტაცია, საიდენტიფიკაციო ნიშნები, სასწავლო წიგნები. ცვლილებები უნდა მოხდეს რეკლამის, გაზეთების და ბეჭდური ლიტერატურის მიმართულებითაც. ეს პროცესი ამავე დროს საკმაოდ ძვირადღირებულიც არის.
კირილიცა, რომელიც ბევრ საბჭოთა რესპუბლიკაში გამოიყენებოდა, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ერთადერთ გასაგებ დამწერლობად რჩება. სხვა დამწერლობაზე გადასვლა კი, მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელმაც განათლება კირილიცაზე მიიღო, ახალი დამწერლობის სწავლის გამოწვევის წინაშე აყენებს.
ძირითადი დასკვნები
- პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის კირილიციდან ლათინურ დამწერლობაზე გადასვლა: რუსული/საბჭოთა კოლონიური წარსულიდან თავის დასაღწევად გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია; ხელს შეუწყობს ადგილობრივი იდენტობისა და კულტურის განვითარებას; რუსეთისგან სიმბოლური გამოყოფაა, რაც ამ ქვეყნებზე რუსეთის კულტურულ და პოლიტიკურ გავლენას შეასუსტებს; შეამცირებს რუსეთის საინფორმაციო გავლენას, რადგან დღეს ამ ქვეყნების მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსული მედიის მომხმარებელია; ხელს შეუწყობს ამ ქვეყნების გლობალურ სამყაროში ინტეგრაციას, სადაც ლათინური დამწერლობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
- ყოფილი კოლონიების მხრიდან კირილიცაზე უარის თქმა რუსეთისთვის ერთგვარი ნიშანია, რომ ეს პოსტსაბჭოთა ქვეყნები მისი კულტურული გავლენისგან თავის დაღწევას ცდილობენ, რაც საბოლოო ჯამში რუსეთის პოლიტიკური გავლენის შეზღუდვასაც ისახავს მიზნად.
- იმ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, სადაც კირილიციდან ლათინურზე გადავიდნენ, დამწერლობის ცვლილების რთული პროცესის გამო, რუსული ენა უახლოეს პერიოდში კვლავ შეინარჩუნებს გავლენას და ეთნიკურ ჯგუფებს შორის სასაუბრო ძირითად ენად დარჩება.