2020 წლის დეკემბრიდან რონდელის ფონდის ორგანიზებით დაიწყო კიბერუსაფრთხოებისა და კიბერდანაშაულის სასწავლო პროგრამა, რომელიც შედგება 17 სასწავლო მოდულისგან და მისი საერთო ხანგრძლივობაა 8 თვე. სასწავლო პროგრამის მიზანია გაზარდოს იმ საჯარო უწყებების შესაძლებლობები, რომლებიც უშუალოდ არიან დაკავშირებული კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესსა და კიბერდანაშაულის გამოძიებასთან/მართლმსაჯულებასთან საქართველოში.
სასწავლო პროგრამის ფარგლებში მონაწილეები, თეორიულ ინფორმაციასთან ერთად, შეიძენენ სისტემატიზებულ ცოდნას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: ციფრული ექსპერტიზა, მავნე პროგრამული უზრუნველყოფის ანალიზი, ალგორითმები და დიდი მონაცემები სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში და ა. შ. ამასთან, სასწავლო პროგრამა წარმოადგენს ერთგვარ საკომუნიკაციო პლატფორმას, სადაც ეროვნული უსაფრთხოების, გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მართლმსაჯულების ორგანოებს აქვთ საშუალება იმსჯელონ როგორც საქართველოს კიბერუსაფრთხოების წინაშე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე, ასევე მათი გადაჭრის გზებზე.
პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი (Completion Certificate), რომელიც დაადასტურებს არა მხოლოდ სესიებზე დასწრების ფაქტს, არამედ მონაწილის მიერ სწავლის პერიოდში მიღებული კომპეტენციის შესაბამის დონეს, რამდენადაც ყველა მოდულის დასრულებისას მონაწილეები გაივლიან ტესტირებას და შეასრულებენ შესაბამის პრაქტიკულ დავალებებს ლაბორატორიულ გარემოში. ტესტები და პრაქტიკული სავარჯიშოები, სირთულის მხრივ, ძირითადად საწყისი ან საშუალო დონის შესაბამისი იქნება.