ავტორი: ვასილ ღლონტი

 

შესავალი

ბოლო ხანებში ისრაელსა და ლიბანურ ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰეზბოლას“ შორის ურთიერთობები ძალიან დაიძაბა. ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მიერ ჩამოყალიბებული, მომზადებული და ეკიპირებული „ჰეზბოლა“ პალესტინაში მიმდინარე რთული პროცესების ფონზე ისრაელის წინააღმდეგ მოქმედებდა და ირანის სპეცსამსახურებთან ერთად „ჰამასს“ სერიოზულ დახმარებას უწევდა. საპასუხოდ, ისრაელის დაზვერვის სამსახურმა „მოსადმა“ „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩაატარა და ამ ორგანიზაციის წევრების კუთვნილი კავშირგაბმულობის საშუალებები და სხვადასხვა სახის ტექნიკა ააფეთქა, რასაც ლიბანელთა მხარეს სერიოზული ზარალი მოჰყვა. მოგვიანებით, ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის სამხრეთში მდებარე რაიონ დახიეში არსებული „ჰეზბოლას“ შტაბ-ბინის დაბომბვის შედეგად ლიკვიდირებულ იქნა „ჰეზბოლას“ ლიდერი შეიხი სეიიდ ჰასან ნასრალა.

ჩვენი ბლოგის მიზანია განვიხილოთ და გავაანალიზოთ, თუ რამ გამოიწვია ისრაელსა და ლიბანურ ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰეზბოლას“ შორის ბოლოდროინდელი დაპირისპირება;რამდენად მნიშვნელოვანი იყო პალესტინის ფაქტორი;რა როლს ასრულებს ამ პროცესებში ირანი.

„ჰეზბოლასა“ და ირანის სპეცსამსახურების როლი პალესტინური ტერორისტული ორგანიზაციების მომზადებაში, ეკიპირებასა და დაფინანსებაში

2023 წლის 7ოქტომბერს ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“, „ისლამური ჯიჰადისა“ და „პალესტინის განთავისუფლების სახალხო ფრონტის“ მიერ განხორციელებული ფართომასშტაბიანი ტერორისტული შეტევის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში ისედაც რთული მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბა. ჩვენი დაკვირვებით, უდავოა ამ ტერაქტის ორგანიზებასა და განხორციელების საქმეში  ირანის სპეცსამსახურების დესტრუქციული როლი, რომლებიც წლების განმავლობაში, ლიბანურ „ჰეზბოლასთან“ ერთად, ირანსა და ლიბანში არსებულ სამხედრო ბაზებსა და გასამხედროებულ ლტოლვილთა ბანაკებში ამ ორგანიზაციების წევრებს სამხედრო/ტერორისტულ მომზადებას უტარებდნენ, აიარაღებდნენ და ისრაელის სახელმწიფოს საწინააღმდეგო ქმედებებისაკენ უბიძგებდნენ. საგულისხმოა, რომ „ჰამასი“ ბოლო წლებში ლიბანის ტერიტორიებზე მოქმედ პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკებში ახალი ტერორისტი მებრძოლების რეკრუტირებასაც ახერხებდა, რაშიც მას „ჰეზბოლა“ და ირანული სადაზვერვო სტრუქტურები ეხმარებოდნენ.

საყურადღებოა,რომ  „ჰეზბოლა“ და ირანის „გუშაგთა კორპუსი“ პალესტინელ ტერორისტებს არამარტო სამხედრო ინსტრუქტაჟს უტარებდნენ, არამედ ლიბანში მოქმედი „ჰეზბოლას“ და „გუშაგთა კორპუსის“  ერთობლივი სადაზვერვო ცენტრის საშუალებით სადაზვერვო ინფორმაციითაც ამარაგებდნენ. ასეთი ფაქტები გვაფიქრებინებს, რომ „ჰეზბოლა“ და „გუშაგთა კორპუსი“ აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ისრაელ-„ჰამასის“ დაპირისპირების პროცესში და სრული კოორდინაცია ჰქონდათ პალესტინელ ტერორისტებთან. მეტიც, უდავოდ ისინი იყვნენ ამ კონფლიქტის ერთ-ერთი მთავარი ინსპირატორები. დიდი ალბათობით, ირანი, პალესტინელი ტერორისტების დახმარებით ისრაელში შიდაპოლიტიკური მდგომარეობის გართულების ხელშეწყობით, მიზნად ისახავდა ისრაელის შიდა პრობლემებზე ყურადღების გადატანას, რაც მას ახლო აღმოსავლეთის რეგიონში საშუალებას აძლევდა თავისუფლად ემოქმედა და საერთაშორისო არენაზე საკუთარი პოზიციებიდა ე.წ. შიიტური წინააღმდეგობის ღერძი გაეძლიერებინა.

 

ისრაელ-ჰეზბოლას კონფლიქტის ესკალაცია

ამ გარემოებებმა თავისთავად გამოიწვია ისრაელის საპასუხო რეაქცია და თელ-ავივმა, პალესტინურ ორგანიზაციებთან დაპირისპირების პარალელურად, ბრძოლა „ჰეზბოლასთანაც“ დაიწყო. ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ პირველი, რაც ისრაელის სპეცსამსახურებმა გააკეთეს 2024 წლის 2 იანვარს ლიბანში, ბეირუთში,„ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელის მოადგილის, ამ ორგანიზაციის საბრძოლო ფრთის,„იზ ად-დინ ალ-კასამის ბრიგადების“ ერთ-ერთი ლიდერის – სალეჰ ალ-არურის ლიკვიდაცია განახორციელეს. ჩვენი მოსაზრებით,ისრაელის მიერ „ჰამასის“ სამხედრო მაღალჩინოსნის ნეიტრალიზაცია იმიტომ მოხდა, რომ იგი იყო „ჰამასისა“ და „ჰეზბოლას“ დამაკავშირებელი შუამავალი რგოლიდა სამხედრო მეკავშირე. აქვე ისიც საინტერესოა, რომ ეს პიროვნება „ჰამასის“ერთ-ერთ ძირითად ფინანსისტად ითვლებოდა, რომელიც „იზ ად-დინ ალ კასამის“ ბრიგადებისათვის იარაღის შესაძენად დიდ ფინანსურ თანხებს რიცხავდა და პარალელურად, დროდადრო, გადაბირებების/რეკრუტირების პროცესსაც კურირებდა. ის, რომ „ჰამასის“ ასეთი ოდიოზური მაღალჩინოსანი ლიბანში, ირანის სპეცსამსახურებისა და „ჰეზბოლას“მფარველობის ქვეშ ცხოვრობდა და საქმიანობდა, კიდევ ერთხელ მიგვითითებს ლიბანურ „ჰეზბოლას“, „ჰამასსა“ და „გუშაგთა კორპუსს“ შორის არსებულ კოორდინაციაზე.

აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ „ჰეზბოლას“ ლიდერი ნასრალა ისრაელთან ფართომასშტაბიან ომს ყოველთვის მაქსიმალურად ერიდებოდა და თელ-ავივის ქმედებებს მხოლოდ ლიბანის სამხრეთიდან ისრაელის ტერიტორიის პერიოდული დაბომბვებით პასუხობდა. დიდი ალბათობით, ნასრალა კარგად ხვდებოდა, რომ ისრაელთან ფართომასშტაბიანი ომი „ჰეზბოლას“ მთლიანად გაანადგურებდა. ეს კი იმას გამოიწვევდა, რომ „ჰეზბოლას“ დაცარიელებულ ადგილს ლიბანში სხვა ტერორისტული ორგანიზაციები დაიკავებდნენ და ხელში ჩაიგდებდნენ მის ბიზნესს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, „ჰეზბოლა“ ჩართული იყო ნავთობის, იარაღისა და ნარკოტიკების ფართომასშტაბიან კონტრაბანდულ ბიზნესში, რასაც ნასრალასთვის უზარმაზარი შემოსავალი მოჰქონდა. ამ თავის ფინანსურ ინტერესებს ნასრალა ყოველთვის უფრთხილდებოდა და ისრაელთან მიმართებით წითელი ხაზების გადაკვეთისაგან მაქსიმალურად იკავებდა თავს. თუმცა, ჩვენი შეფასებით, 7 ოქტომბრის ტერაქტმა და „ჰეზბოლას“ მიერ „ჰამასისათვის“ გაწეულმა დახმარებამ ისრაელ-„ჰეზბოლას“ ურთიერთობებში წითელი ხაზები მთლიანად გააქრო და მათ შორის მოსალოდნელი იყო მხოლოდ დიდი კონფლიქტი და სიტუაციის შემდგომი ესკალაცია.

ეს ჩვენი მოსაზრება დაადასტურა ისრაელის სპეცსამსახურების მიერ 17-18 სექტემბერს განხორციელებულმა ანტიტერორისტულმა ფართომასშტაბიანმა სპეცოპერაციამ, რომლის დროსაც ლიბანური „ჰეზბოლას“ წევრებს მასობრივად აუფეთქდათ პეიჯერები(AR-924), რაციები, რადიოსადგურები (ICOM V82), სკუტერები და უახლესი ელექტრონიკით აღჭურვილი ავტომობილები. ამას იმდენად ფართომასშტაბები ჰქონდა, რომ დაიღუპა რამდენიმე ასეული ადამიანი, რამდენიმე ათასმა კი სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო. სავარაუდოდ, „ჰეზბოლა“ისრაელთან კონფლიქტის შემთხვევაში, მათი საგანგებო კომუნიკაციების/კავშირის სისტემის ნაწილად გამოყენებას გეგმავდა. საფიქრებელია, რომ სწორედ ამ გარემოებამ მიიქცია ისრაელის დაზვერვის განსაკუთრებული ყურადღება. აქ ჩვენს ყურადღებას იქცევს ისრაელის „მოსადის“ მიერ ფილიგრანულად შესრულებული დივერსიული ოპერაცია, რომელმაც „ჰეზბოლას“ მიერ „გუშაგთა კორპუსის“ დახმარებით შეძენილ ტექნიკაში ასაფეთქებელი მოწყობილობების ჩამონტაჟება ყველასათვის შეუმჩნევლად მოახერხა.

არსებული ინფორმაციის თანახმად,„ჰეზბოლამ“ტაივანურ კომპანია „Gold ApolloCo“-ს დაახლოებით სამი ათასი AR-924-ის მოდელის პეიჯერი შეუკვეთა, რომელთა აკუმულატორებში დისტანციური დეტონაციის მექანიზმით აღჭურვილი ასაფეთქებელი ნივთიერებები იყო მოთავსებული.საყურადღებოა, რომ ტაივანურმა კომპანიამ „ჰეზბოლასათვის“ ტექნიკის პირდაპირი მიყიდვის ფაქტი არ დაადასტურა და უნგრეთში, ბუდაპეშტში ბაზირებულ თავისი პროდუქციის დისტრიბუტორ კომპანიაზე, BAC Consulting KFT-ზე, მიანიშნა. ბოლო ინფორმაციით, ამ უნგრული კომპანიის ხელმძღვანელობა (დირექტორი ქრისტიანა ბარსინი-არჩიდიაკონო Cristiana Barsony-Arcidiacono) არანაირ კონტაქტზე აღარ გამოდის და მიუწვდომელია. საფიქრებელია, რომ მას„ჰეზბოლას“ და „გუშაგთა კორპუსის“ საპასუხო შურისძიების ეშინია.დედამისმა ამერიკულ მედიას განუცხადა,რომ მისი ქალიშვილი ამჟამად უნგრეთის სპეცსამსახურების დაცვის ქვეშ იმყოფება. აქ იმის ვარაუდიც შეიძლება, რომ ეს დისტრიბუტორი კომპანია „მოსადის“ აგენტურული რეზიდენტურის მიერ იყო ჩამოყალიბებული და თავიდანვე „ჰეზბოლასათვის“ თავისი პროდუქციის შეტყუებაზე მუშაობდა.

აქ ჩვენს ყურადღებას კიდევ ერთი საინტერესო დეტალი იქცევს: ასეთ საჩოთირო თემებს თავის თავზე „გუშაგთა კორპუსი“ იღებს ხოლმე, რადგან „ჰეზბოლას“მაღალტექნოლოგიური პროდუქციის შემოწმების ტექნიკური საშუალებების მხრივ საკმაოდ მწირი შესაძლებლობები აქვსდა ამის გამო ირანული სპეცსამსახურების ტექნიკოს სპეციალისტებზეა დამოკიდებული. ამ შემთხვევაშიც ირანის „გუშაგთა კორპუსის“ ტექნიკურ სამსახურს კავშირგაბმულობის სფეროსთან დაკავშირებული ასეთი სენსიტიური მაღალტექნოლოგიური პროდუქცია უნდა შეემოწმებინა. შესაბამისად, აქ იკვეთება ირანის სპეცსამსახურების, კერძოდ, „გუშაგთა კორპუსის“ შეცდომა და არაპროფესიონალიზმი, რომლებმაც ჯერ ერთი უნგრული კომპანია BAC Consulting KFT-ი კარგად არ შეამოწმეს, შემდეგ კი შეძენილ პროდუქციას არ ჩაუტარეს საკმარისი ტექნიკური შემოწმება. საინტერესოა, რომ ბოლო ინფორმაციით, „გუშაგთა კორპუსის“ ხელმძღვანელობამ თავის ოფიცრებს აფეთქების შიშით კავშირის ტექნიკური საშუალებების გამოყენება დროებით აუკრძალა და თავის შესაბამის ტექნიკურ სამსახურებს მათი შემოწმება დაავალა. პარალელურად კი დაიწყო ირანელი სამხედროების და ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების კავშირების დადგენა ისრაელთან. საფიქრებელია,რომ „გუშაგთა კორპუსის“ კონტრდაზვერვამ ირანულ სტრუქტურებში ისრაელის აგენტურის არსებობა ივარაუდა.

ამ ისედაც გართულებულ ფონზე, 2024 წლის 27 სექტემბერს ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის სამხრეთში მდებარე რაიონ დახიეში არსებული „ჰეზბოლას“ შტაბ-ბინა დაბომბეს და ჯერ ამ ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერი შეიხი სეიიდ ჰასან ნასრალას, ხოლო გარკვეული ხნის შემდეგ კი მისი მემკვიდრის და უახლოესი ნათესავის, ჰაშემ საფიედინის ლიკვიდაციაც  განახორციელეს. საყურადღებოა, რომ ნასრალასთან ერთად დაიღუპა ირანის „გუშაგთა კორპუსის“ მაღალჩინოსანი, გენერალი აბას ნილფორუშანი.  ამ ანტიტერორისტული სპეცოპერაციების შემდეგ სამხრეთ ლიბანის ტერიტორიაზე ისრაელის არმიის მიერ „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყება/წარმოება გვაფიქრებინებს, რომ თელ-ავივს „ჰეზბოლას“ სრული განადგურება, ლიბანის სამხრეთი ტერიტორიის დემილიტარიზაცია და უსაფრთხო ბუფერულ ზონად გადაქცევა სურს. თავიდანვე ცხადი იყო, რომ ირანი ისრაელის ასეთ ქმედებებს რეაგირების გარეშე არ დატოვებდა, რაც მისი სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ ისრაელის ტერიტორიის დაბომბვამაც დაადასტურა.

 

დასკვნა

ჩვენი შეფასებით, ისრაელის მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია იძულებითი ზომა იყო, რადგან ბოლო წლებში ირანის მიერ ჩამოყალიბებული და წაქეზებული ტერორისტული ორგანიზაცია „ჰეზბოლა“ ისრაელს სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა. თელ-ავივისთვის განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენდა ის, რომ ლიბანელი შიიტი ტერორისტები, ირანის „გუშაგთა კორპუსის“ უშუალო ხელმძღვანელობით, აქტიურად ერეოდნენ ისრაელ-პალესტინის ურთიერთობებში. შედეგად, 2023  წლის 7 ოქტომბერს ისრაელის სპეცსამსახურებს გამოეპარათ  ირანის სპეცსამსახურებისა და ლიბანური „ჰეზბოლას“ მიერ მომზადებული/ეკიპირებული პალესტინური ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“, „ისლამური ჯიჰადისა“ და „პალესტინის განთავისუფლების სახალხო ფრონტის“ შემოტევა, რასაც ისრაელის მოქალაქეებს შორის დიდი მსხვერპლი მოჰყვა. ამ ფაქტმა მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეულ ისრაელის სპეცსამსახურებს და სამხედროებს დიდი რეპუტაციული ზიანი მიაყენა. სათუო გახდა ისრაელის  მოქმედი ხელისუფლების კომპეტენციის საკითხიც. ამ ფონზე, „ჰამასის“ და სხვა პალესტინური ტერორისტული ორგანიზაციების ხელმძღვანელობის უმეტესი ნაწილის განადგურების შემდეგ, ისრაელმა „ჰეზბოლას“სრული განეიტრალებაც გადაწყვიტა. ჯერ „ჰამასის“ და შემდგომში უკვე „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ მიმდინარე სპეცოპერაციებმა ისრაელის სპეცსამსახურებს 7 ოქტომბერს დაშვებული შეცდომის გამოსწორების საშუალება მისცა. თუმცა, ასეთი რეზონანსული სპეცოპერაცია შეიძლება ირანთან დიდი რეგიონალური ომის მიზეზი გახდეს, რომელიც რაღაც ფორმით უკვე დაწყებულიცაა.ეს კი ისრაელის მთავარი მოკავშირის – აშშ-ის ინტერესებში ნაკლებად შედის, მითუმეტეს, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების წინ.პროგნოზირება იმისა, რა მოხდება მომავალში და რა სცენარით განვითარდება მოვლენები, ძალიან რთულია, თუმცა ერთი რამის აღნიშვნა თამამად შეიძლება: ახლო აღმოსავლეთი აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო 2023 წლის 7 ოქტომბრამდე. მოსალოდნელია რეგიონში მდგომარეობის ესკალაცია და პოლიტიკური ტემპერატურის შემდგომი მატება.