ავტორი: რუსუდან მიროტაძე
შესავალი
ისრაელ-ჰამასის მიმდინარე ომმა საგრძნობლად შეაფერხა ენერგორესურსების სატრანზიტო ჯაჭვის უსაფრთხოება ახლო აღმოსავლეთში. რეგიონის გეოსტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, სავაჭრო გამოწვევები უარყოფითად აისახა მრავალი სახელმწიფოს ეკონომიკურ კეთილდღეობაზე. ბაბ-ელ მანდების სრუტე, რომელიც „აფრიკის რქის“ რეგიონსა და არაბეთის ნახევარკუნძულს ყოფს, სუეცის არხისკენ მიმავალი კომერციული ტრანზიტის საკვანძო საკონტროლო-გამშვები პუნქტია. სრუტე, რომელიც ყოველწლიურად საერთაშორისო საზღვაო ნავთობის ვაჭრობის 12%-ისა, ხოლო თხევადი გაზის (LNG) 8%-ის გამტარია, იემენელი ჰუსიტების თავდასხმის ობიექტი გახდა. ამავდროულად, ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და ომანს შორის არსებული, მსოფლიოს ყოველდღიური მოხმარების ნავთობის 20%-ის გამტარი ჰორმუზის სრუტე, საკუთრივ ირანის ისლამური რესპუბლიკის მუქარის ობიექტი აღმოჩნდა. რეგიონში არსებული არასტაბილური მდგომარეობა და გლობალური სატრანზიტო სისტემის შეფერხება პირდაპირ აისახა ენერგორესურსების ფასების ზრდაზე მსოფლიოში, რადგან უსაფრთხო სავაჭრო-სატრანზიტო ჯაჭვს დიდი მნიშვნელობა აქვს ენერგომომარაგების უსაფრთხოებისა და გლობალურად შეთანხმებული ფასის შენარჩუნებისთვის.
2023 წლის 19 ნოემბერს ჰუსიტები თავს დაესხნენ სავაჭრო გემს წითელ ზღვაში, რასაც მოჰყვა სხვა თავდასხმები და ამერიკის შეერთებული შტატების საპასუხო ინტერვენცია – ოპერაცია „კეთილდღეობის მცველი“ (Operation Prosperity Guardian). აშშ-ის სამხედრო ჩარევის მიუხედავად, თავდასხმები სავაჭრო გემებზე გაგრძელდა. 2024 წლის 13 აპრილს ირანის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ჰორმუზის სრუტის მიმდებარედ ისრაელთან დაკავშირებული პორტუგალიის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავეს. რეგიონში მდგომარეობა განსაკუთრებით დაიძაბა დამასკოში ირანის საკონსულოზე თავდასხმის შემდეგ, რომელსაც 7 ოფიციალური პირი, მათ შორის, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ერთ-ერთი მეთაური ემსხვერპლა. ესკალაციის პარალელურად, საფრთხე დაემუქრა რეგიონში ენერგორესურსებითა და ნავთობპროდუქტებით ვაჭრობის უსაფრთხოება.
წინამდებარე ბლოგში განვიხილავთ ახლო აღმოსავლეთის რეგიონის გეოსტრატეგიულ მნიშვნელობას საერთაშორისო საზღვაო-სავაჭრო ურთიერთობებში, ისრაელ-ჰამასის ომის ამჟამინდელ შედეგებსა და სამომავლო საფრთხეებს ენერგორესურსებითა და ნავთობპროდუქტებით ვაჭრობისთვის. გარდა ამისა, ბლოგში ვაანალიზებთ შექმნილ პრობლემებზე რეგიონული და გლობალური აქტორების – მათ შორის, პირველ რიგში, ამერიკის შეერთებული შტატების – რეაგირებას.
Source: Reuters; October 20, 2023 “Strait of Hormuz: the world’s most important oil artery”
ენერგორესურსების ტრანზიტის შეფერხების შედეგები და სამომავლო საფრთხეები ისრაელ-ჰამასის ომის ფონზე
ბაბ-ელ მანდებისა და ჰორმუზის სრუტეებზე კონტროლი მნიშვნელოვან ბერკეტად იქცა ახლო აღმოსავლეთის რეგიონის დომინანტი სახელმწიფოებისთვის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სრუტეების მნიშვნელობა მკვეთრად გაიზარდა რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და დასავლეთის ენერგოპოლიტიკის ცვლილებების შედეგად, რაც ახლო აღმოსავლეთიდან ევროპაში, ხოლო რუსეთიდან ინდოეთში ენერგორესურსების ნაკადების ტრანზიტის ზრდაში გამოიხატა. 2023 წლის მონაცემებით, ბაბ-ელ მანდების სრუტით ყოველდღიურად ხდებოდა 8.8 მილიონი ბარელი ნავთობპროდუქტების გადაზიდვა. სწორედ სრუტის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ირანის ისლამური რესპუბლიკის პროქსი-დაჯგუფებამ იემენში – ჰუსიტებმა, იგივე „ანსარულლაჰმა“ – გადაწყვიტა თავდასხმების სერიის მოწყობა სრუტეში გამავალ გემებზე იმ იმედით, რომ ენერგორესურსების ტრანზიტის შეფერხება და მისგან გამოწვეული ეკონომიკური პრობლემები გავლენას მოახდენდა დასავლეთის სახელმწიფოებზე და ეს უკანასკნელნი დაითანხმებდნენ ისრაელის მთავრობას, ზავის საფუძველზე შეეწყვიტა ინტერვენცია ღაზის სექტორში. ამის პარალელურად, ირანმა გააძლიერა კონტროლი ჰორმუზის სრუტეზე, რომელსაც ის რეგიონული ჰეგემონობისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვან ბერკეტად მიიჩნევს. ამ სრუტის მეშვეობით სპარსეთის ყურის სახელმწიფოები ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და თხევადი გაზის ტრანსპორტირებას ახდნენ. საუდის არაბეთი, ერაყი, ქუვეითი, კატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და საკუთრივ ირანი ყოველდღიურად 22,8 მილიონ ბარელ ნავთობს აწარმოებენ, საიდანაც დაახლოებით 20 მილიონამდე ბარელი ჰორმუზის სრუტის მეშვეობით ხვდება საერთაშორისო ბაზარზე.
ბაბ-ელ მანდებისა და ჰორმუზის სრუტეების საკითხი ისრაელ-ჰამასის ომამდეც აქტუალური იყო. გლობალური ძალების, კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატების ნაკლებმა ჩართულობამ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში და ჩინეთის გაძლიერებულმა ინტერესმა ხელი შეუწყო ირან-საუდის არაბეთის ურთიერთობების ნორმალიზაციას. 2023 წლის მარტში დადებული შეთანხმებით ამ ორ რეგიონულ ძალას შორის დიპლომატიური ურთიერთობები აღდგა. შეთანხმება მოიცავდა რეგიონული და გლობალური მნიშვნელობის მქონე საზღვაო-სატრანზიტო ჯაჭვების უსაფრთხოებაზე ზრუნვას, რაც როგორც რეგიონის, ისე მსოფლიოს ეკონომიკურ კეთილდღეობაზე აისახებოდა. თუმცა, საუდის არაბეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობების ნორმალიზაცია ისრაელის საწინააღმდეგო ქმედებების საბაბი გახდა ირანის ისლამური რესპუბლიკისა და ჰამასისთვის. ამრიგად, დიპლომატიური მოლაპარაკებების გზაზე დამდგარი ახლო აღმოსავლეთის რეგიონი კვლავ გეოპოლიტიკური დაპირისპირების ქარ-ცეცხლში გაეხვა. ისრაელ-ჰამასის ომმა აქტუალური გახადა სრუტეების გეოსტრატეგიული მნიშვნელობა, რითაც ირანთან დაკავშირებულმა ჰუსიტებმაც ისარგებლეს და თავიანთი თავდასხმებით ეკონომიკური ზარალი მიაყენეს საერთაშორისო საზოგადოებას.
მიმდინარე კონფლიქტის ფარგლებში საზღვაო სავაჭრო გადაზიდვების შეფერხების მთავარ შედეგად მიიჩნევა ის ეკონომიკური პრობლემები, რომელთა წინაშეც დასავლეთის სახელმწიფოები აღმოჩნდნენ. ისრაელთან დაკავშირებულმა გემებმა, რომლებიც აშშ-ისა და ევროპული სახელმწიფოების ტვირთებს ეზიდებოდნენ, ჰუსიტების მხრიდან თავდასხმების გამო დაკარგეს წვდომა წითელი ზღვის სავაჭრო გზაზე. შედეგად, გლობალურმა სატრანსპორტო კომპანიებმა მარშრუტი შეცვალეს. ალტერნატიული მარშრუტი გვერდს უვლის წითელ ზღვას და დანიშნულების ადგილს „კეთილი იმედის კონცხის“ გავლით აღწევს. ამ ცვლილებამ გამოიწვია ტვირთების გადასახადის მატება და ნავთობის მოხმარების ზრდა, რაც პირდაპირპროპორციულად აისახა ყოველდღიური მოხმარების ენერგოპროდუქტების ფასებზე ევროპაში. ამავდროულად, ოპერაცია „კეთილდღეობის მცველის“ შედეგად, დასავლურ სახელმწიფოებში ნავთობპროდუქტების ფასები 4%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ისრაელის ღაზაში ინტერვენციის მოწინააღმდეგე სახელმწიფოებმა მიიღეს თავდაუსხმელობის გარანტია ჰუსიტებისაგან, რამაც მათ შედარებით დიდი ეკონომიკური მოგების მიღების შესაძლებლობა მისცა. ამ სახელმწიფოების რიგს შეუერთდნენ რუსეთის ფედერაცია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. მიუხედავად პალესტინელი ხალხის მხარდამჭერი პოლიტიკისა, ტრანზიტის შეფერხებამ ეკონომიკური პრობლემების წინაშე დააყენა ეგვიპტეც. ალტერნატიული სავაჭრო მარშრუტი „კეთილი იმედის კონცხის“ გავლით აკარგვინებს მას სატრანზიტო გემებისგან მიღებულ გადასახადებს. 2023 წლის მონაცემებთან შედარებით, წელს ეგვიპტის შემოსავალი 40%-ით დაეცა, რაც ქვეყანაში ინფლაციის რისკს ზრდის.
დაძაბულობა ირანსა და დასავლეთს შორის უკვე აისახა ნავთობის გაზრდილ ფასებში. პარალელურად, სახელმწიფოების ნაწილმა, რომლებიც ჰორმუზის სრუტეს იყენებდნენ ნავთობპროდუქტების ექსპორტისთვის, აზიის ბაზარზე წვდომა გააძლიერეს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ევროპის ეკონომიკური ბაზარი არაბეთის ნახევარკუნძულის დომინანტი ექსპორტიორი ქვეყნებისათვის ნაწილობრივ ჩაიკეტა. ეს დამატებით საფრთხედ შეიძლება მივიჩნიოთ, რადგან, ბაბ-ელ მანდების სრუტისაგან განსხვავებით, ჰორმუზის სრუტეს არ მოეძებნება ალტერნატიული მარშრუტი აფრიკის გავლით. ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ენერგორესურსებზე სასიცოცხლოდ დამოკიდებული დასავლური ბაზარი, განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის ესკალაციის პირობებში, ახლო მომავალში ენერგორესურსებისა და ნავთობპროდუქტების ფასების ზრდის მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე დადგება.
ბაბ-ელ მანდების სრუტეზე ჰუსიტების თავდასხმები, ისევე, როგორც ირანის ისლამური რესპუბლიკის მუქარა ჰორმუზის სრუტეზე ზღუდავს რეგიონში საზღვაო ვაჭრობის თავისუფლებას და გლობალურ დონეზე ენერგორესურსების უსაფრთხო გადაზიდვის პრობლემას წარმოშობს, ასევე მსოფლიოს მასშტაბით დღის წესრიგში აყენებს ეკოლოგიურ საფრთხეებსაც.
რეგიონული და გლობალური აქტორების ჩართულობის პოლიტიკა და შეფასებები
მიმდინარე წლის 3 თებერვალს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდ ბრიტანეთთან ერთად, განახორციელა თავდასხმები ჰუსიტების მიერ კონტროლირებად სამხედრო დანიშნულების სამიზნეებზე იემენში. აშშ-მ ოპერაცია „კეთილდღეობის მცველის“ ფარგლებში იერიში მიიტანა ასევე რამდენიმე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემაზე, რომელიც ხელს უშლიდა მისი კომერციული გემების თავისუფალ გადაადგილებას იემენის მიმდებარე წყლებში. მოგვიანებით, აშშ-მ და დიდ ბრიტანეთმა გაავრცელეს საერთო განცხადება, რომლის თანახმადაც, გაგრძელდებოდა სამხედრო ინტერვენცია საერთაშორისო ვაჭრობისთვის მნიშვნელოვანი საზღვაო არტერიების სტაბილიზაციის მიზნით. განცხადებას შეუერთდნენ ავსტრალია, ბაჰრეინი, კანადა, დანია, ნიდერლანდები და ახალი ზელანდია.
მიუხედავად საპასუხო სამხედრო ქმედებისა, ირანის პროქსი-დაჯგუფება რეგიონში კვლავ განაგრძობს თავდასხმებს კომერციულ გემებზე პალესტინის სოლიდარობის მიზნით. „ანსარულლაჰის“ სპიკერმა განაცხადა, რომ მკვეთრად დაუპირისპირდებოდა აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სამხედრო ძალებს რეგიონში. შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ინიციირებულმა სამხედრო ოპერაციამ ვერ შეძლო რეგიონში სავაჭრო საზღვაო გადაზიდვების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, პირიქით ინტერვენციამ მეტად გაართულა ევროპისკენ ენერგორესურსების გადაზიდვა, ხოლო ახლო აღმოსავლეთის ექსპორტიორმა ქვეყნებმა აზიის სახელმწიფოებთან გააძლიერეს ვაჭრობა. ამდენად, ჰუსიტებთან არსებული ფორმით კონფრონტაციამ საპირისპირო შედეგების წინაშე დააყენა აშშ, რომელიც, ევროპასთან ერთად, ენერგორესურსების ნაკლებობის პრობლემის წინაშე დადგა, განსაკუთრებით, რუსეთ-უკრაინის ომისა და რუსეთის სანქცირების ფონზე. ხელშეუხებლობის გარანტია გარკვეულწილად მომგებიანი აღმოჩნდა რუსეთისა და ჩინეთისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის ვაჭრობის 95% დამოკიდებულია უშუალოდ საზღვაო სატრანზიტო ჯაჭვებზე, ხოლო ბაბ-ელ მანდების სრუტე ჩინეთის „სარტყლისა და გზის ინიციატივის“ ერთ-ერთი მთავარი სატრანზიტო პუნქტია, ოფიციალური პეკინი ამ თავდასხმებისა და მუქარების საპასუხოდ დუმილს ინარჩუნებს. ჩინეთის ხელისუფლებას არ მიუღია არავითარი სამხედრო და დიპლომატიური ზომები. მეტიც, ჩინეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა აშშ-ის მიერ ინიციირებულ სამუშაო ჯგუფში ჩართვისგან თავი შეიკავა.
მიმდინარე თავდასხმების ფონზე, საუდის არაბეთი ინარჩუნებს დიპლომატიურ ურთიერთობებს როგორც ირანთან, ისე აშშ-სთან. ევროპისთვის ნავთობპროდუქტების მიმწოდებელი რეგიონული აქტორი ცდილობს აღნიშნული კონფლიქტის მიღმა დარჩეს, რაც მას საშუალებას აძლევს, შეინარჩუნოს ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების არსებული დონე ვაშინგტონთან და, ამავდროულად, დარჩეს ურთიერთობების ნორმალიზაციის გზაზე ირანთან, რასაც ჩინეთის შუამავლობით დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ ჰორმუზის სრუტის გადაკეტვის მუქარა რეალურ საფრთხეს უქმნის საკუთრივ ირანისა და სპარსეთის ყურის მონარქიების, განსაკუთრებით არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობებს. თუმცა, ეკონომიკური ზიანის მიუხედავად, ამგვარ მუქარას ირანი დასავლეთთან ურთიერთობაში პოლიტიკურ ბერკეტად იყენებს.
დასკვნა
ამრიგად, ისრაელ-ჰამასის ომით პროვოცირებული იემენელი ჰუსიტების თავდასხმა კომერციულ გემებზე და ირანის ისლამური რესპუბლიკის მუქარა ჰორმუზის სრუტის გადაკეტვასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ცხადყოფს ახლო აღმოსავლეთის რეგიონის დესტაბილიზაციის უარყოფით გავლენას საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებსა და გლობალურად შეთანხმებული ენერგორესურსების ფასების ცვალებადობაზე. აღნიშნულმა თავდასხმებმა და საზღვაო ვაჭრობის შეზღუდვებმა, ერთი მხრივ, შეაფერხა რეგიონული და გლობალური სატრანზიტო ჯაჭვების ფუნქციონირება, ხოლო, მეორე მხრივ, გამოიწვია ფასების ზრდა ენერგორესურსებზე დასავლურ სახელმწიფოებში. ამის პარალელურად, ცხადი გახდა სამომავლო საფრთხეებიც, რაც გულისხმობს სპარსეთის ყურის მონარქიების აზიის ბაზარზე გადართვასა და დასავლეთისთვის ენერგორესურსების მიწოდების შესაძლო შეფერხებას. გარდა ამისა, შექმნილი მდგომარეობა ძირს უთხრის საზღვაო ვაჭრობის თავისუფლებას და არღვევს საერთაშორისო სამართლებრივ პრინციპებს. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ინიციირებული საპასუხო სამხედრო ქმედებები იემენელი ჰუსიტების წინააღმდეგ, რომელთა მიზანსაც რეგიონში საზღვაო გადაზიდვების უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენდა, არ აღმოჩნდა წარმატებული. პირიქით, სამხედრო ოპერაციამ კიდევ უფრო გაართულა ახლო აღმოსავლეთის ენერგორესურსების მიწოდება დასავლური სახელმწიფოებისთვის, რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომის შედეგად შეცვლილი ენერგოპოლიტიკის ფონზე.