სათაური ენა სფერო წელი

ისრაელ-პალესტინის დაძაბულობის ახალი ტალღა

  • ავტორი: ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი
  • გამომცემელი:
  • ტიპი: სტატია
ქართული პოლიტიკა 2023

ახლო აღმოსავლეთის მიმოხილვა No 67

 

      2023 წლის 19 ივნისს ისრაელ-პალესტინის დაპირისპირებას მორიგი მსხვერპლი მოჰყვა.

      რამ გამოიწვია დაპირისპირების ახალი ტალღა და რას შეიძლება ველოდოთ მომავალში?

შეტაკებები ქ. ჯენინში

 

19 ივნისს მდ. იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქ. ჯენინში დაწყებულ შეიარაღებულ დაპირისპირებას 5 პალესტინელის სიცოცხლე შეეწირა, 91 კი დაიჭრა. პალესტინური მხარე აცხადებს, რომ ბევრი დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულია და ამიტომ შესაძლოა დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდოს. შეტაკებების შედეგად ასევე დაშავებულია 7 ისრაელელი ჯარისკაცი.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელი ქ. ჯენინში რეიდის ჩატარებას შეუდგა ორი ძებნილი პალესტინელის დასაკავებლად, რომელთაგანაც ერთი „ხამასის“ დაპატიმრებული მაღალჩინოსნის ვაჟია.

ისრაელის მხარე აცხადებს, რომ ამ რეიდის ჩატარებისას მათი მიმართულებით გაიხსნა ცეცხლი, რასაც ცეცხლითვე უპასუხეს. შეიქმნა სიტუაციის კონტროლიდან გამოსვლის საფრთხე. მდგომარეობა იმდენად დაიძაბა, რომ ისრაელმა 2000 წლების შემდეგ პირველად გამოიყენა ოპერაციაში საკუთარი „აპაჩის“ ტიპის ვერტმფრენები.

პალესტინური მხარე აცხადებს, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში 123 პალესტინელის სიცოცხლე შეეწირა შეტაკებებს. გაეროს მონაცემებით კი, ისრაელის მხარეს დროის იმავე მონაკვეთში 21 ადამიანია მოკლული. 

შეტაკებები ქ. ჯენინში დიდხანს გრძელდებოდა

 

სიტუაციას ამძაფრებს ის ფაქტი, რომ ბოლო პერიოდში ღაზის სექტორში მოქმედმა „ხამასმა“ და „ისლამურმა ჯიჰადმა“ საკუთარი გავლენა გაზარდეს მდ. იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე დასახლებულ პუნქტებში, სადაც გახშირდა თავდასხმები ისრაელელებზე.

დასახელებული ამ ორი ორგანიზაციის გარდა, ამ რეგიონში გაჩნდა სხვა რადიკალური მცირე ჯგუფებიც (მაგალითად, „ალ-ქუდსის ბრიგადების ჯენინის ბატალიონი“), რომელიც აქტიურად ჩაება ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში. სწორედ ეს ჯგუფი აცხადებს, რომ 19 ივნისს შეტაკებებისას მოკლულ 5 პალესტინელს შორის 3 მათი მებრძოლი იყო.

ჯგუფი ასევე აცხადებს, რომ გაღებული მსხვერპლი მათ ვერ შეაჩერებს და რომ მომავალშიც აქტიურად იბრძოლებენ ისრაელის წინააღმდეგ.

საინტერესოა, რომ ჯენინში სიტუაციის ესკალაცია დაემთხვა „ხამასის“ ლიდერების ვიზიტს თეირანში.

თეირანში კი ირან-პალესტინის მაღალჩინოსნების შეხვედრებზე საუბრობენ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე. ირანული მხარე აცხადებს, რომ გააგრძელებენ პალესტინელების ბრძოლის მხარდაჭერას ისრაელისა და აშშ-ის წინააღმდეგ. ამ ქვეყნების წინააღმდეგ ბრძოლას კი თეირანი ერთ-ერთ უმთავრეს საგარეო-პოლიტიკურ მიზნად მიიჩნევს.

ამასთან, ისრაელის მხარე აცხადებს, რომ ირანი ფინანსური მხარდაჭერის გარდა შეიარაღებასაც აწვდის ზემოხსენებულ ჯგუფებს, რასაც ისრაელში ვერ შეეგუებიან და ბოლომდე განაგრძობენ ბრძოლას მათ წინააღმდეგ.