ავტორი: ალექს პეტრიაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი

დიახ, სწორედ ეს ორი კითხვა არის ახლა მთავარი: კიდევ რამდენ ხანს გასტანს ომი და რა მასშტაბებში? ყველას თავისი დათვლები აქვს, ინტერესები და მიზნები. ისრაელის ხელისუფლებამ ძალიან სერიოზული, შესაძლოა პოლიტიკურად მომაკვდინებელი, დარტყმა იგემა 7 ოქტომბერს ჰამასის მიერ განხორციელებული სასტიკი ტერორისტული თავდასხმის შედეგად. ამდენად, ნეთანიაჰუს მთავრობა ვერ დაასრულებს ამ ომს ხელშესახები გამარჯვების გარეშე. ისრაელის თავდაცვის ძალები განაგრძობენ სახმელეთო ოპერაციას სამხრეთ ღაზის ტერიტორიაზე, აგრეთვე, საკმაოდ ინტენსიურია ორმხრივი ცეცხლი ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილსა და ლიბანის სამხრეთ ტერიტორიაზე ისრაელის თავდაცვის ძალებსა და ჰეზბოლას დაჯგუფებას შორის, რაც, თავის მხრივ, სამხედრო დაპირისპირების მასშტაბების გაფართოების შანსებს სლ უფრო მეტად ზრდის.

ჰამასის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპული პალესტინელების რაოდენობა 20 ათას მიუახლოვდა. პირველ რიგში, საკითხავია, რამდენად სანდოა ჰამასის მიერ გავრცელებული ინფორმაცია. აგრეთვე, ისრაელის საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჰამასი დაღუპულთა რიცხვს, მშვიდობიან მოსახლეობასთან ერთად, სამხედრო შეტაკებების დროს მოკლულ ჰამასის მებრძოლებს მიათვლის.

რამდენად არასანდოც არ უნდა იყოს ჰამასის მიერ გავრცელებული ცნობები, ცხადია, პალესტინის მშვიდობიან მოსახლეობაში არის მსხვერპლი და,სამწუხაროდ, მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც. ეს გარემოება, რა თქმა უნდა, ართულებს ისრაელის ხელისუფლების ამოცანებს და აძლიერებს მასზე საერთაშორისო ზეწოლას. პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და სხვა ოფიციალური პირების მიერ გაცხადებული მიზანი ჰამასის ხელმძღვანელობის სრულად განადგურებამდე სამხედრო ოპერაციის გაგრძელების შესახებ, რბილად რომ ვთქვათ, სულ უფრო მეტ კითხვას აჩენს საერთაშორიო თანამეგობრობაში. თუ გავითვლისწინებთ, რომ ჰამასის ხელმძღვანელობის მნიშვნელოვანი ნაწილი საერთოდ არც იმყოფება ღაზის სექტორის ტერიტორიაზე, ეს კითხვები სრულიად ლეგიტიმურია. ამ დროს, კიდევ უფრო ხისტია ისრაელის ხელისუფლების პოზიცია იმის თაობაზე, თუ ვინ უნდა მართოს ღაზის სექტორი საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ. კერძოდ, პრემიერ ნეთანიაჰუსთვის სრულიად მიუღებელია, რომ ღაზის სექტორის მართვაზე პასუხისმგებლობა აიღოს პალესტინის ადმინისტრაციამ, რომელიც იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ფუნქციონირებს და დიდი ხნის წინ (2006 წელს) დაკარგა კონტროლი ღაზის სექტორზე, ჰამასის მმართველობაში მოსვლის შედეგად. საერთაშორისო დემოკრატიული თანამეგობრობა გაგებით ეკიდება ისრაელის ხელისუფლების პოზიციას, რომ ჰამასი აღრ უნდა იყოს ღაზის სექტორის მართვაზე პასუხისმგებელი, მაგრამ ისრაელის ყველაზე აქტიური მხარდამჭერი ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციაც კი აქტიურად ემხრობა პალესტინის ადმინისტრაციისთვის ღაზის სექტორზე პასუხისმგებლობის გადაცემას. აქ მთავარი პრობლემა ისაა, რომ ისრაელის ხელისუფლებას აქვს ძალიან მყარი არგუმენტი: მაჰმუდ აბასის პალესტინის ადმინისტრაცია ძალიან სუსტია და ვერ გააკონტროლებს სიტუაციას ღაზის სექტორზე. ნეთანიაჰუს მტკიცებით, ახლა ერთადერთი, ვისაც შეუძლია ღზის სექტორზე ეფექტიანი კონტროლის დამყარება, ისრაელის თავდაცვის ძალებია. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა წლის შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე მისი ქვეყნის პრიორიტეტებზე საუბრისას პირველ რიგში დაასახელა უკრაინისთვის მხარდაჭერა, შემდეგ ჩინეთიდან მომდინარე გამოწვევებთან გამკლავება და მხოლოდ ამის შემდეგ ილაპარაკა ისრაელის ომზე ჰამასის წინააღმდეგ. მან გამოთქვა იმედი, რომ 2024 წლის იანვარში სამხედრო ოპერაციის ინტენსივობა დაიკლებს და, შესაბამისად, მშვიდობიან მოქალაქეებს შორის მსხვერპლი მნიშვნელოვნად შემცირდება. თუმცა, მან ქვე აღნიშნა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა უნდა განაგრძონ საბრძოლო მოქმედებები აზის სექტორის ტერიტორიაზე დარჩენილი ჰამასის დანაყოფების წინააღმდეგ და მათი მიწისქვეშა ინფრასტრუქტურისა თუ შეიარაღების განადგურების მიზნით.

საომარ მოქმედებებში მორიგი 1-კვირიანი პაუზააქტიურად განიხილავდნენ როგორც ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლები (ისრაელის დაზვერვის „მოსადის“ შეფი იმყოფებოდა ცოტა ხნის წინკატარში მოლაპარაკებებზე), ისე შუა აღმოსავლეთის ქვეყნებისა და აშშ-ს წარმომადგენლები. ოფიციალური იერუსალიმი აცხადებს, რომ მზადაა მძევლების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებისთვის, მაგრამ მათი თქმთ, მთავარ პრობლემას წარმოადგენს ჰამასი, უფრო ზუსტად კი, მისდამი ძალიან დაბალი ნდობა. ცეცხლის შეწყვეტის წინა შეთანხმებაც, ისრაელის ხელისუფლების მტკიცებით, სწოედ ჰამასმა დაარღვია. პრეზიდენტმა ბაიდენმაც კი დაადასტურა, რომ ჯერჯერობით ძალიან რთულად არის მძევლების გათავისუფლების საკითხი და ამ მიზნით ცეცხლის შეწყვეტის შეთნხმების მიღწევის პერსპექტივები ძალიან ბუნდოვანია.

ერთი საკითხი, რომელზე ყველა თანხმდება, გარდა ისრაელის ხელისუფლებისა, არის 2 სახელმწიფოს შექმნ. ისრაელის ხელისუფლების მტკიცებით, ახლა, როდესაც მიმდინარეობს ბრძოლა ჰამასის და სხვა ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ, სრულიად უადგილოა საერთოდ ამ საკითხის წამოწევა. იერუსალიმში წარმოუდგენლად მიაჩნიათ ჰამასთან მოლაპარაკებები პალესტინის სახელმწიფოს შექმნის შესახებ. მშვიდობიან პალესტინელებს შორის მსხვერპლის შემცირებასთან ერთად, ორი სახელმწიფოს შექმნა არის ის მთავარი საკითხებ, რომელთა ირგვლივაც ისრაელზე ზეწოლა ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში იზრდება. მიუხედავად იმისა, მყარია თუ არა ისრაელის არგუმენტები, გარკვეულ ეტაპზე ოფიციალურ იერუსალიმს, ჩემი აზრით, საერთაშორისო აზრის გათვალისწინება მოუწევს. უნდა ითქვას, რომ დრო ნამდვილად არ მუშაობს ისრაელის ხელისუფლების სასარგებლოდ. ისედაც, საზოგადოებრივი განწყობები, აშშ-ს და ევროპას რომ თავი დავანებოთ, თავად ისრაელის შიგნითაც კი პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს მმართველობის წინააღმდეგ სერიოზულად ძლიერდება. აქვე აუცილებლად გასათვალისწინებელია მომავალ წელს დაგეგმილი ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნები. პრეზიდენტ ბაიდენის ისრაელის მტკიცე მხარდაჭერამ ისედაც უკმაყოფილება გამოიწვია ახალგაზრდა მემარცხენე დემოკრატ ამომრჩევლებში. ასე რომ, დიდხანს ეს მხარდაჭერა ვერ გასტანს. ბაიდენის ადმინისტრაციის დათვლებით, საარჩევნო კამპანიის აქტიურ ფაზაში შესვლისთვის  ომი დასრულებული უნდა იყოს.

ერთია აშშ-ს საარჩევნო გეგმები და მეორეა რეალობა ადგილზე. როგორც ზემოთ აღნიშნეთ, ისრაელის ჩრდილოეთ და ლიბანის სამხრეთ ნაწილებში არსებული დაპირისპირება ისრაელის თავდაცვის ძალებსა და ჰეზბოლას დაჯგუფებას შორის სულ უფრო ინტენსიური ხდება. საერთაშორისო ძალისხმევა არის მიმართული იქითკენ, რომ აქტიური საომარი მოქმედებები ღაზის სექტორს არ გასცდეს და რეგიონულ, ფართომასშტაბიან ომში არ გადაიზარდოს. ამის შანსები ჯერ კიდევ არის, მაგრამ სულ უფრო მცირდება და რაც დრო გადის, ფართომასშტაბიანი რეგიონული კონფლიქტის დაწყების საფრთხე იზრდება. ამას თუ დავუმატებთ წითელ ზღვაში იემენელი ჰუსიტების მიერ სატვირთო გემებზე გახშირებულ სარაკეტო თავდასხმებს და აშშ-ს გადაწყვეტილებას, შექმნას საერთაშორისო საზღვაო კოალიცია ჰუსიტების გასანეიტრალებლად, საერთოსამხედრო-პოლიტიკური სურათი სულ უფრო მუქი ხდება. აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს და 10 ქვეყნისგან შემდგარი კოალიციის სხვა წევრებს არ უნდა გაუჭირდეთ ჰუსიტების თავდასხმებისგან სატრანსპორტო გემების დაცვა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იემენელი ჰუსიტების უკან ირანი დგას, რომელიც ყოველმხრივ შეუწყობს ხელს აშშ-ს და სხვა მოკავშირეების უფრო აქტიურ ჩართვას საბრძოლო მოქმედებებში. ამ დრომდე თუ აშშ შედარებით მოკრძალებულად რეაგირებდა ჰუსიტების თავდასხმებზე, შესაძლოა, ახლო მომავალში ვიხილოთ სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის განხორციელება ჰუსიტების წინააღმდეგ უშუალოდ იემენის ტერიტორიაზე. ბაბელ-მანდების სრუტდან სუეცის არხის მიმართულებით და პირიქით მსოფლიო ტვირთების მოძრაობისთვის საფრთხის და შეფერხებების შექმნას ნამდვილად არავინ დაუშვებს (წითელ ზღვაში მსოფლიო ტვირთების 13% გადაიზიდება და შემოვლითი გზით ტვირთების გადატანის ვადა 19-დან 31 დღემდე იზრდება), ხოლო თუ საერთაშორისო კოალიციაში გაჩნდება პირველი მსხვერპლი სამხედრო შეტაკებების შედეგად, აშშ და მისი მოკავშირეები წერტილოვანი დარტყმებით ნამდვილად აღარ შემოიფარგლებიან.

რაც უფრო დიდ ხანს გასტანს საომარი მოქმედებები და რაც უფრო ფართო იქნება მისი მასშტაბები, მით უფრო კმაყოფილი იქნება რუსეთი. ამ დრომდეც ერთ-ერთი, ვინც ყველაზე მოგებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, სწორედ რუსეთია. საერთაშორისო ყურადღება უკრაინიდან გადატანილია მნიშვნელოვანწილად ისრაელზე; აშშ-ს შიდა პოლიტიკურ პროცესებზე სერიოზულ გავლენას ახდენს ისრაელის ომი ჰამასის წინააღმდეგ და სხვაობა პოზიციებში ისრაელთან დაკავშირებით მოკავშირეებს შორის ასევე ხელსაყრელია ვლადიმერ პუტინისთვის.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, დღეს ნამდვილად ძალიან რთული იქნება ბლოგის სათაურში დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემა. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ადამიანების სიცოცხლე, ხოლო პოლიტიკოსების მომავალი კარიერა პირდაპირ თუ ირიბად არის ამ პასუხებზე დამოკიდებული, ალბათ,არავინ იცის ზუსტად, არც იერუსალიმში და არც ვაშინგტონში, როდემდე და სადამდე გაგრძელდება ისრაელის ომი ტერორიზმის წინააღმდეგ. დრო კი არ ითმენს და მსოფლიოს ამ კითხვებზე პასუხები სჭირდება.