ავტორი: ვასილ ღლონტი, საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტი-ანალიტიკოსი

 

შესავალი

ბოლო წლების განმავლობაში ირანი საგარეო-პოლიტიკურ არენაზე ძალიან გააქტიურდა, რაც, სავარაუდოდ, საერთაშორისო იზოლაციიდან თავის დაღწევის სურვილითაა განპირობებული. ისლამურმა რესპუბლიკამ ერთ-ერთი ძირითადი აქცენტი მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის სომხეთთან, ურთიერთობების გაფართოებაზე აიღო, რასაც სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანის ირანში ვიზიტიც ადასტურებს.

ჩვენს ბლოგში შევეცდებით გავცეთ პასუხი შეკითხვაზე: რა პოლიტიკურ-ეკონომიკური დივიდენდების მიღების იმედი აქვთ ირანსა და სომხეთს ურთიერთობების გაფართოებით და რა სარგებელს ან ზიანს მიიღებს ამისგან საქართველო?ირანი სომხურ ოლქს, სიუნიკს, და აზერბაიჯანის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას სპარსეთის ყურის და შავი ზღვის რეგიონების დამაკავშირებელ იმ სატრანსპორტო ხიდად განიხილავს, რომელსაც სომხეთისა და საქართველოს ტერიტორიების გავლით მისი რუსეთთან დაკავშირება შეუძლია. მოსალოდნელია, რომ ირანის პოზიციების გაძლიერება რეგიონში ანტიდასავლური განწყობების გაძლიერებას გამოიწვევს, რაც საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება. ამასთან ერთად, ირანმა შესაძლოა  ქვემო ქართლში მცხოვრებ აზერბაიჯანულ თემზე მეტი გავლენის მოპოვების მიზნით თავისი სპეცსამსახურების საქმიანობა გაააქტიუროს.

თავის მხრივ, ირანთან კავშირის გაღრმავება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამო გეოპოლიტიკურ ჩიხში მოქცეულ სომხეთს კასპიის ზღვისა და სპარსეთის ყურის მდიდარ რეგიონებთან დაკავშირების საშუალებას აძლევს.

გარდა ამისა, კიდევ არსებობს  რუსეთის ფაქტორი, რომელიც სამხრეთ კავკასიაში თურქეთ-აზერბაიჯანის ტანდემის გაძლიერებით შეშფოთებულია და ძალთა ბალანსის დამყარების მიზნით რეგიონში ირანის პოლიტიკურ აქტორად დაბრუნებას ხელს უწყობს. არაა გამორიცხული, რომ ორი ანტიდასავლურად განწყობილი იმპერიის თანამშრომლობამ და მათი პოზიციების გაძლიერებამ ჩვენს რეგიონში არსებული რთული ვითარება კიდევ უფრო დაამძიმოს, რამაც საქართველოს შეიძლება დამატებითი პრობლემებიც კი შეუქმნას.

 

ირანისომხეთის თანამშრომლობა ბოლო წლების განმავლობაში

საფიქრებელია, რომ ყარაბაღის ბოლო ომში სომხეთის რეზონანსული მარცხის შედეგად გამოწვეული ირანის შეშფოთება აზერბაიჯანსა და ისრაელს შორის სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავების მოსალოდნელი პერსპექტივითაა განპირობებული. იმის გათვალისწინებით, რომ ისრაელი აზერბაიჯანს მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას უწევს, ხოლო, თავის მხრივ, აზერბაიჯანი ისრაელს ირანის წინააღმდეგ სადაზვერვო საქმიანობაში უწყობს ხელს, ირანული მხარე შესაძლებელია შიშობს, რომ ეს გარემოებები მის სახელმწიფო ინტერესებს აზერბაიჯანის მხრიდან სერიოზული საფრთხეს შეუქმნის. ასეთ აღქმას  კიდევ უფრო მეტად ამწვავებს ის გარემოება, რომ ბოლო ხანებში ირანს აზერბაიჯანთან ურთიერთობები ძალიან დაეძაბა. ასეთ ვითარებაში შესაძლებელია ირანელები ვარაუდობენ, რომ აზერბაიჯანი, ისრაელის მხარდაჭერით, აზერბაიჯანელებითა და ქურთებით დასახლებულ ირანის ჩრდილოეთ რეგიონებში ეთნიკურ სეპარატიზმს უწყობს ხელს. თუმცა, ჩვენი შეფასებით, ირანული მხარის შიში ერთგვარად გადაჭარბებულად გამოიყურება, რადგან ირანში მცხოვრები შიიტი აზერბაიჯანელები ირანულ სახელმწიფო სისტემაში საკმაოდ კარგად არიან ინტეგრირებული და ირანის ეროვნული მეჯლისში, სხვადასხვა სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებში. აქედან გამომდინარე, ირანში ე. წ. აზერბაიჯანული სეპარატიზმი, მიუხედავად მისი ცალკეული გამოვლინებებისა, ამ ეტაპზე ადგილობრივი რეჟიმისათვის სერიოზულ საფრთხეს ნაკლებად წარმოადგენს.

ამ ფონზე, ირანი პრეზიდენტ ილჰამ ალიევის  მიერ ინიციირებულმა „ზანგეზურის (სომხ. სიუნიკი) დერეფნის“  პროექტმაც შეაშფოთა, რადგან ირანი-სომხეთის საზღვრის ძირითადი მონაკვეთი სწორედ სომხეთის სიუნიკის ოლქზე გადის. არაა გამორიცხული, რომ ირანული მხარე ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, სიუნიკის აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ გადასვლას ვარაუდობს და ამის შედეგად, იგი აზერბაიჯანზე  დამოკიდებული გახდება. ეს მაშინ, როცა სომხეთთან კონფლიქტის გამო, ამ ეტაპზე, აზერბაიჯანი ნახიჩევანს ირანის ტერიტორიის გამოყენებით უკავშირდება და პირიქით, აზერბაიჯანია ირანზე დამოკიდებული. დიდი ალბათობით, ირანული მხარე უფრთხის იმ ახალ შესაძლო რეალობას, რომ შეიძლება აზერბაიჯანისათვის ირანის ტერიტორიის გამოყენების საჭიროება გაქრეს.

შესაძლოა, ირანი „ზანგეზურის პროექტის“ განხორციელების შემთხვევაში აზერბაიჯანის და თურქეთის ტანდემის გავლენის გაზრდას უფრთხის, რაც მას რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესებისა და სატრანსპორტო მარშრუტებისგან თამაშგარე დარჩენის შიშს უძლიერებს. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა ირანის შიშის განეიტრალებას ცდილობს და მას აღნიშნულ პროექტში ჩართვას სთავაზობს, ირანულ მხარეს ამ პროექტთან დაკავშირებით მაინც ბევრი კითხვა აქვს. ამავე დროს, სავსებით შესაძლებელია, რომ ბოლო დღეებში მთიან ყარაბაღში მიმდინარე მნიშვნელოვანმა პროცესებმა „ზანგეზურის დერეფნის“ პროექტის თემაზეც ძალიან იმოქმედოს.

კერძოდ, ა. წ. სექტემბრის მეორე ნახევარში მთიან ყარაბაღში განახლებული საბრძოლო მოქმედებები გვიჩვენებენ, რომ აზერბაიჯანმა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესის დაჩქარება და ბოლომდე მიყვანა გადაწყვიტა. ე.წ. მთიანი ყარაბაღის სომხური არმიის სერიოზული მარცხი და ადგილობრივი სეპარატისტული ხელისუფლების კაპიტულაცია გვაფიქრებინებს, რომ აზერბაიჯანი თავისი მიზნის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა. არაა გამორიცხული, რომ რთულ მდგომარეობაში ჩავარდნილმა ნიკოლა პაშინიანმა დახმარებისათვის ირანს მიმართოს. სავარაუდოდ, სწორედ ამას უკავშირდება სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივნის 1-2 ოქტომბრის  ვიზიტი ირანში. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ირანის ხელმძღვანელობა ბოლო პერიოდში აზერბაიჯანთან ურთიერთობების გაუმჯობესების პროცესშია და საერთაშორისო სატრანსპორტო/ენერგეტიკულ პროექტებში ჩართვას ცდილობს, მაქსიმუმი, რაზეც ირანი სომხეთს შეიძლება დათანხმდეს  შეიარაღებით მომარაგება და ირანელი სამხედროების სამშვიდობო მისიით გამოყენებაა. მითუმეტეს, რომ გაეროში, ირანის შესაძლებლობების ამ კუთხით გამოყენებაზე აქტიური საუბარი უკვე მიმდინარეობს. ამ რეალობის გათვალისწინებით, არაა გამორიცხული, რომ აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღის დაბრუნებას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ახლო პერსპექტივაში ზანგეზურის დერეფნის გახსნაც კი მოჰყვეს.

ამ ფონზე, ირანისა და რუსეთის მიერ  „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ საერთაშორისო სარკინიგზო დერეფნის შემადგენელი პროექტის განხორციელების მცდელობა გვაფიქრებინებს, რომ ეს ორი ქვეყანა სანქციების ზემოქმედების შედეგად დასუსტებული საკუთარი ეკონომიკის გაუმჯობესებას და დასავლეთის ქვეყნების მიერ კონტროლირებად საზღვაო სატრანსპორტო ხაზებისათვის დიდი კონკურენციის გაწევას ცდილობენ. შესაძლოა ისინი ფიქრობენ, რომ ამით, მათზე დასავლეთის ეკონომიკური ზემოქმედების ბერკეტებს გაანეიტრალებენ და საერთაშორისო სანქციებს ნაკლებად ეფექტურს გახდიან. არაა გამორიცხული, რომ მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარების შემთხვევაში უსაფრთხოების კუთხით საქართველოს მოწყვლადობის ხარისხმა მოიმატოს, რადგან, საფიქრებელია, რომ რუსეთს და ირანს სამხრეთ კავკასიაში შესაძლოა ხელ-ფეხი მეტად გაეხსნათ და ანტი-დასავლურმა ტენდენციებმა მკვეთრად მოიმატოს. ეს გარემოება საქართველოს „ნატოში“ და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის, რადგან, მომავალში, შესაძლოა, რუსეთ-ირანის მხრიდან  სამხრეთ კავკასიაში საკუთარი პოლიტიკურ-ეკონომიკური ექსპანსიის დაუსჯელად განხორციელებას ჰქონდეს ადგილი.

ამავე დროს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ ირან-სომხეთის საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტების მშენებლობის დაფინანსება და მათი მოდერნიზაციის საქმეში ირანული კომპანიის აქტიურად ჩართვა მიგვანიშნებს, რომ შესაძლებელია, ევროკავშირი, სომხეთის ფაქტორის გამოყენებით, ირანულ მხარესთან კავშირების დამყარება/გაფართოებას აპირებს. თავის მხრივ, სომხეთი, დიდი ალბათობით, ირანთან თანამშრომლობის გაფართოებასთან ერთად ევროკავშირთან და აშშ-სთან  ურთიერთობების განმტკიცების პროცესსაც გააგრძელებს. მითუმეტეს, რომ ყარაბაღის პრობლემის მოგვარების მიზნით, ევროკავშირის მიერ კონფლიქტის ზონაში მნიშვნელოვანწილად სამხედროებითა და სპეცსამსახურების თანამშრომლებით დაკომპლექტებული სამშვიდობო მისიის გაგზავნა, რომელსაც ახლახან კანადაც დაემატა, სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებისადმი მსოფლიო ძალების ინტერესების მატებაზე მიგვანიშნებს. ის ფაქტი, რომ ევროპელების აქტიურობას ირანული მხარე  ნეგატიურად არ შეხვედრია, ჩვენს იმ მოსაზრებას ამყარებს, რომ ირანი და ევროკავშირი ერთმანეთთან შეხების წერტილების ძიების პროცესში არიან. ირანისგან განსხვავებით, რუსეთისგან სამშვიდობო მისიის გაგზავნის გაკრიტიკება გვიჩვენებს, რომ კრემლი ევროპელების აქტივობას უცხო ძალების შეღწევის მცდელობად აღიქვამს. მის ინტერესებშია, რომ სანამ უკრაინის პრობლემას „საბოლოოდ მოაგვარებს“, მანამდე მისმა კონკურენტმა ქვეყნებმა სამხრეთ კავკასიაში საკუთარი პოზიციების გამყარება ვერ შეძლონ. ამ ფონზე, სომხეთის სიუნიკის ოლქში, სადაც ირანის გენსაკონსულო უკვე ფუნქციონირებს, რუსეთის და საფრანგეთის საკონსულოების გახსნის დაანონსება გვაფიქრებინებს, რომ, დიდი ალბათობით, მომავალში ეს ლოკაცია სხვადასხვა გავლენიანი პოლიტიკური ძალების, ქვეყნებისა და მათი სპეცსამსახურების ინტერესთა გადაკვეთის საკვანძო წერტილად და  დაპირისპირების ეპიცენტრად გადაიქცევა. ნიშანდობლივია, რომ ბოლო ხანებში სიუნიკისადმი ინტერესს აშშ-ც ავლენს.

 

დასკვნა

დიდი ალბათობით, ირანი სომხეთში საკუთარი პოზიციების გაძლიერებას კიდევ უფრო შეეცდება. მით უმეტეს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ზეგავლენით რუსეთის პოზიციები სამხრეთ კავკასიაში საკმაოდ დასუსტდა და ირანისათვის ადგილიც გამოთავისუფლდა. თუმცა, რაღაცა კუთხით, ამ ეტაპზე, რუსეთს ირანის სომხეთში გაძლიერება ხელს უნდა აძლევდეს კიდეც, რადგან აზერბაიჯანი-თურქეთის პოლიტიკური კავშირის საპირწონედ სჭირდება.

სავარაუდოდ, ირან-სომხეთს შორის თანამშრომლობა, მათ შორის, სამხედრო სფეროში, კიდევ უფრო გაფართოვდება. ამავე დროს, მოსალოდნელია, რომ ირანი აზერბაიჯანთან პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებას მაქსიმალურად თავს აარიდებს. არაა გამორიცხული, რომ ირანმა აქცენტი მთიან ყარაბაღში საკუთარი სამხედროების სამშვიდობო მისიით გაგზავნაზე აიღოს. გარდა ამისა, იქიდან გამომდინარე, რომ სომხეთის სიუნიკის ოლქი „ზანგეზურის დერეფნის“ პროექტის შემადგენელი ნაწილია, მოსალოდნელია, რომ ირანულმა მხარემ ამ რეგიონში საკუთარი პოლიტიკურ-ეკონომიკური ექსპანსია გააძლიეროს.

თავის მხრივ, სომხეთი ირანის ეკონომიკური, ენერგეტიკული და სამხედრო შესაძლებლობების გამოყენებას შეეცდება. არაა გამორიცხული, რომ სომხურმა მხარემ საკუთარი არმია ირანული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატებით, სხვადასხვა მოდიფიკაციის რაკეტებით და სხვა შეიარაღებით აღჭურვოს. გარდა ამისა, სავარაუდოდ, სომხეთი შეეცდება, რომ ქვეყანაში ირანული ინვესტიციების მოცულობა მნიშვნელოვნად გაზარდოს და საკუთარი მყიფე ეკონომიკური მდგომარეობა გააუმჯობესოს.

ამასთან ერთად, პაშინიანი, პარალელურად, დასავლეთთან თანამშრომლობის ტემპებს, დიდი ალბათობით, კიდევ უფრო გაზრდის. თუმცა, ახლო პერსპექტივაში ნაკლებად მოსალოდნელია, რომ სომხეთმა რუსეთის ინტერესები ბოლომდე უგულებელყოს და მის პოლიტიკურ-ეკონომიკურ კავშირებში მონაწილეობაზე უარი განაცხადოს. სავარაუდოდ, რუსეთი სომხეთის ტერიტორიაზე გამავალ აზერბაიჯან-ნახიჩევანის დამაკავშირებელ  სატრანსპორტო მაგისტრალებზე საკუთარი კონტროლის დაწესებასაც კი შეეცდება. ამ ფონზე არაა გამორიცხული, რომ ყარაბაღის პრობლემის მოგვარების შემდეგ „ზანგეზურის დერეფნის“ გახსნის პროცესი ძალიან დაჩქარდეს და საკმაოდ ახლო მომავალში სრულიად ახალი გეოპოლიტიკური რეალობა მივიღოთ.