ავტორი: ვასილ ღლონტი, საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტი-ანალიტიკოსი
შესავალი
ირანი სირიაში მიმდინარე პროცესებში, მათ შორის ბაშარ ასადის რეჟიმის გაძლიერებაში, დიდ როლს ასრულებს. სირიაში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ მისი სამხედრო ინსტრუქტორები წვრთნიან, იარაღით ამარაგებენ და შემდგომში სამხედრო მოქმედებებში იყენებენ როგორც ადგილობრივ მებრძოლებს, ისე შიიტურ დაჯგუფებებს ერაყიდან, ლიბანიდან და ავღანეთიდან. გარდა ამისა, ირანელებმა გასულ წლებში სირიის ეკონომიკასა და ენერგეტიკაში სერიოზული ინვესტიციები განახორციელეს. ჩვენი ბლოგის მიზანს სირიაში ირანის პრეზიდენტის – იბრაჰიმ რაისის – ოფიციალური ვიზიტის გაშუქება და მის ფონზე ირან-სირიის ურთიერთობების ბოლოდროინდელი დინამიკის განხილვა წარმოადგენს.
კონკრეტულად მაინც რისთვის ეწვია ირანის პირველი პირი სირიას? სავარაუდოდ, მას სურდა ბაშარ ასადისაგან სამოქალაქო ომის შედეგად განადგურებული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის აღდგენაში ირანის აქტიური მონაწილეობის გარანტიების მიღება და ეკონომიკურ-ენერგეტიკულ სფეროებში ურთიერთობების გაღრმავება. გარდა ამისა, რაისის ინტერესს, დიდი ალბათობით, სირიის ხელმძღვანელობასთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხი წარმოადგენდა.
საინტერესოა, რომ ირან-სირიის თანამშრომლობის გააქტიურების ფონზე, ა.წ. 7 მაისს ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში გამართულ „არაბული ქვეყნების ლიგის“ სხდომაზე ამ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა სირიის „არაბული ქვეყნების ლიგაში“ დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს. რა შეიძლება მისცეს ირანს სირიის ამ მნიშვნელოვან არაბულ ორგანიზაციაში დაბრუნებამ? მას ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ამ გავლენიან ორგანიზაციაში საკუთარი მოკავშირე ეყოლება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ირანის რეგიონალურ ინტერესებს დაიცავს.
ირანის პრეზიდენტის ვიზიტი სირიაში
სირიასთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოების მიზნით ა.წ. 3 მაისს ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი თავის სირიელ კოლეგას ბაშარ ასადს დამასკოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. საგულისხმოა, რომ 2011 წელს სირიაში დაწყებული სამოქალაქო ომის შემდეგ ირანის პირველი პირი სირიაში პირველად ჩავიდა. რაისის ვიზიტი მიგვანიშნებს, რომ ირანის მიერ სირიის დედაქალაქ დამასკოში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად არის მიჩნეული, რაც მაღალი დონის მოლაპარაკებებისა და საქმიანი შეხვედრების გამართვის შესაძლებლობას იძლევა. თუმცა, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ისრაელმა ა.წ. 2 მაისს, სწორედ რაისის სირიაში ჩასვლის წინა ღამეს, ალეპოს საერთაშორისო აეროპორტი, სამხედრო აეროდრომი „ნეირაბი“ და სირიაში მდებარე ირანული სამხედრო ქარხნები დაბომბა. სავარაუდოდ, ამ შეტევის მიზანს სწორედ რაისის „დაშინება“ და მის გეგმებში სერიოზული კორექტივების შეტანა წარმოადგენდა. ეს მიზანი ნაწილობრივ შესრულდა, რადგან ცნობილია, რომ რაისი დამასკოსთან ერთად ალეპოს მონახულებასაც აპირებდა, რაზეც ისრაელის ქმედებების გამო უარი თქვა.
საინტერესოა, რომ ვიზიტის დროს ირანმა და სირიამ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომელიც სავაჭრო-ეკონომიკურ და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობის 20-წლიანი გეგმის განხორციელებას ისახავს მიზნად. სავარაუდოდ, ირანის პრეზიდენტის ვიზიტის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი სირიის რეკონსტრუქციის საქმეში საკვანძო როლის შესრულების სურვილია, რაც მას საკმაოდ კარგ შემოსავალს და სირიაზე გავლენის კიდევ უფრო გაზრდას უქადის. იქიდან გამომდინარე, რომ სამოქალაქო ომში ბაშარ ასადს დიდი დახმარება გაუწია, ირანი მისგან საპასუხოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკურ-ეკონომიკური დივიდენდების მიღებას მოელის.
ვიზიტის მიმდინარეობისას, ირანის და სირიის პრეზიდენტებმა ერთმანეთთან შეხვედრის დროს, დიდი ალბათობით, დიდი ყურადღება თავდაცვისა და უსაფრთხოების თემას დაუთმეს. ამასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, ირანის და სირიის პრეზიდენტების შეხვედრის კიდევ ერთ ძირითად სტრატეგიულ მიზანს ისრაელის და აშშ-ის წინააღმდეგ მოქმედების ერთობლივი გეგმის შემუშავებაც წარმოადგენდა. ამას ადასტურებს ებრაჰიმ რაისის მიერ სირიის ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში გაკეთებული ამერიკისა და ისრაელის საწინააღმდეგო განცხადებები, რომლებშიც ირანის სახელმწიფოს მეთაურმა ისინი სირიის წინააღმდეგ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებში და მისი ტერიტორიის ოკუპაციის მცდელობაში დაადანაშაულა. ირანული მხარე სირიას ისრაელის და აშშ-ის წინააღმდეგ მანამდეც აქტიურად ეხმარებოდა და ამ ვიზიტის შემდეგ ეს ტენდენცია, ალბათ, კიდევ უფრო გაძლიერდება.
ზოგადადაც, უფრო ფართო ჭრილში მოსალოდნელია, რომ ირანი სირიის მმართველ რეჟიმს მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას კვლავაც გაუწევს. სავარაუდოდ, ირანი სირია-ერაყი-ლიბანი-ირანის შიიტური ზოლის შექმნას და ხმელთაშუა ზღვაზე გასასვლელის გაჭრას აპირებს, რაც, თავის მხრივ, ისრაელის სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ებრაული სახელმწიფოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ პატრონაჟით სირიაში არსებულ ირანულ სამხედრო ქალაქებში მოქმედებენ მინიქარხნები, რომლებიც სხვადასხვა ტიპის იარაღს, მათ შორის დრონებს, რაკეტებს და ტყვია-წამალს ამზადებენ. ირანს და მის მოკავშირე ლიბანურ „ჰეზბოლას“ სირიაში სადაზვერვო ცენტრებიც კი აქვთ. საფიქრებელია, რომ ისრაელი სირიაში ირანის გავლენის შესასუსტებლად ირანული სამხედრო ბაზების და სადაზვერვო ცენტრების საჰაერო დაბომბვების ტაქტიკას მომავალშიც გამოიყენებს.
საინტერესოა, რომ სირიაში ირანის პრეზიდენტის ვიზიტს ა. წ. აპრილის ბოლოს იორდანიის დედაქალაქ ამანში ეგვიპტის, სირიის, ერაყის, საუდის არაბეთისა და იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრების გამართული შეკრება უძღოდა წინ, სადაც სირიის კრიზისის პოლიტიკური მოგვარების აუცილებლობაზე გააკეთეს განცხადება და მოითხოვეს, რომ უცხო ქვეყნის შეიარაღებულმა ფორმირებებმა დატოვონ სირიის ტერიტორია. სავარაუდოდ, მათ აშშ, თურქეთი და ირანი იგულისხმეს. ა.წ. 7 მაისს „არაბული ქვეყნების ლიგის“ საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე სირიის ამ ორგანიზაციაში დაბრუნების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გვიჩვენებს, რომ არაბული სახელმწიფოები სირიასთან ურთიერთობების საბოლოო მოგვარებას აპირებენ. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ა.წ. 19 მაისს, ელ-რიადში დაგეგმილ „არაბული ქვეყნების ლიგის“ სამიტს სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადიც დაესწროს. ახალი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, ალბათ სირიის ხელისუფლება შეეცდება სპარსეთის ყურის მდიდარ არაბულ ქვეყნებთან ურთიერთობების დარეგულირებასა და ომისგან განადგურებული სირიის ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციისათვის საჭირო ინვესტიციების მოზიდვას.
ირანისათვის სირიის „არაბული ქვეყნების ლიგაში“ დაბრუნება, ერთი მხრივ, სერიოზული გამოწვევაა, რადგან მას სირიის ინფრასტრუქტურის აღდგენის საქმეში კონკურენტი ძლიერი არაბული ქვეყნების გამოჩენა არ აწყობს, თუმცა, მეორე მხრივ, ირანს სირიის სახით ამ გავლენიან ორგანიზაციაში სერიოზული მოკავშირე ეყოლება, რომლის საშუალებითაც ლიგაში მიმდინარე პროცესებზე საკმაოდ კარგად იქნება ინფორმირებული და რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, ირანული მხარის ინტერესებსაც დაიცავს. ნიშანდობლივია, რომ ირანელებმა ბოლო ხანებში არაბულ სამყაროსთან ურთიერთობების გაუმჯობესების პოლიტიკაზე აიღეს გეზი, რასაც 2023 წლის 10 მარტს ჩინეთის შუამავლობით ირანსა და საუდის არაბეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებული შეთანხმებაც ადასტურებს. მხარეები ერთმანეთის ტერიტორიაზე უკვე საელჩოების გახსნაზეც კი შეთანხმდნენ. აშკარაა, რომ ირანი ცდილობს თავი დააღწიოს საერთაშორისო სანქციებს და იზოლაციას და სპარსეთის ყურის მდიდარ და გავლენიან არაბულ ქვეყნებთან ურთიერთობები დაალაგოს. ირანის რეჟიმსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების დათბობა ფაქტობრივად გზავნილია აშშ-ისა და მისი მეკავშირეებისათვის, რომ სპარსეთის ყურის მუსლიმური ქვეყნები მომავალში ინტეგრაციული პროცესების გაძლიერებასა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციების დასუსტებას აპირებენ.
ამ პროცესების ფონზე აქამდე „დაუძინებელ მტრებად“ ცნობილ საუდის არაბეთსა და სირიას შორის მაღალი რანგის დიპლომატების ვიზიტები გახშირდა. ჯერ იყო და ა.წ. 12 აპრილს საუდის არაბეთს სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფეისალ მიქდადი ეწვია, ხოლო შემდეგ საპასუხო ვიზიტით სირიაში ჩავიდა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პრინცი ფაისალ ბინ ფარჰან ალ საუდი. აღნიშნული ორმხრივი ვიზიტები მხარეებმა 2011 წლის შემდეგ პირველად ჩაატარეს. საუდის არაბეთი, დიდი ალბათობით, სირიაში მოქმედ, მის მიერ კონტროლირებად სუნიტურ შეიარაღებულ დაჯგუფებებს გაანეიტრალებს და სირიის რეკონსტრუქციის საქმეში აქტიურად ჩაერთვება. არ არის გამორიცხული, რომ სირიისა და საუდის არაბეთის ურთიერთობების დათბობის უკან ნაწილობრივ ირანის ისლამური რესპუბლიკაც იდგეს, რომლის საგარეო-პოლიტიკური კურსის სტრატეგიულ მიზანს ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან აშშ-ის განდევნა, ისრაელის დასუსტება და შემდგომში მისი განადგურება წარმოადგენს. ახლო აღმოსავლეთში არსებული გეოპოლიტიკური კონფიგურაციის შეცვლის მცდელობა აშშ-ის პოლიტიკურ ისტებლიშმენტში სერიოზულ საფრთხედ აღიქმება. 2023 წლის 6 აპრილს საუდის არაბეთს დაუგეგმავი ვიზიტით ესტუმრა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს შეფი უილიამ ბარნსი, რომელმაც პრინც მოჰამად ბინ სალმანს ირანთან და სირიასთან კონტაქტების გააქტიურების გამო ამერიკული მხარის უკმაყოფილება დაუდასტურა. ამ ფონზე, საინტერესოა, რომ აშშ-მ ისრაელს ირანის წინააღმდეგ მოქმედებების ერთობლივი სამხედრო დაგეგმვა შესთავაზა. სავარაუდოდ, ისრაელი ამ უდავოდ პერსპექტიულ და პოზიტიურ წინადადებას ინტერესით, მაგრამ ამავე დროს სიფრთხილით მიუდგება, რადგან მისი მხრიდან თანხმობის შემთხვევაში, ამერიკელებთან საკუთარი გეგმების გაზიარება მოუწევს. არაა გამორიცხული, რომ ებრაული სახელმწიფოსათვის ეს გარემოება რთულად მისაღები გახდეს, რადგან ისრაელელები ტრადიციულად საკუთარ საქმეებში არავის ახედებენ, თუნდაც ეს მათი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი აშშ იყოს. ამავე დროს, აშშ-სა და ისრაელს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობა ირანის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხის გასანეიტრალებლად კიდევ უფრო გაფართოვდება.
დასკვნა.
ირანის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის სირიაში ვიზიტის შეჯამებისას აშკარა ხდება, რომ სირია და, ზოგადად, ახლო აღმოსავლეთის არაბული ქვეყნები ირანის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. ირანელები სირიაში საკუთარი პოზიციების გამყარების მიზნით საკუთარ პოლიტიკურ-ეკონომიკურ და სამხედრო ექსპანსიას კვლავაც გააგრძელებენ. ისინი შეეცდებიან, რომ სამოქალაქო ომის შედეგად განადგურებული სირიის რეკონსტრუქციაში მთავარი როლი შეასრულონ, რაც მათთვის სერიოზული ეკონომიკური და ფინანსური დივიდენდების მოტანასთან ერთად სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყანაში მათი გავლენის ზრდას შეუწყობს ხელს. ნაწილობრივ საერთაშორისო იზოლაციაში მოქცეული ირანისათვის ძალიან მნიშვნელოვანია სირიის დახმარებით ხმელთაშუა ზღვაზე გასასვლელის მოპოვება. ამასთან დაკავშირებით, ირანი საკუთარ ძალისხმევას არ აკლებს სირია-ლიბანი-ერაყის შიიტური ზოლის შექმნის პროცესს, რაც მის პოზიციებს შიიტურ არაბულენოვან სამყაროში კიდევ უფრო გაამყარებს. ირანი, სავარაუდოდ, აგრეთვე გაზრდის სირიის იარაღით მომარაგების ტემპებს და შეეცდება, რომ სირია ისრაელის და აშშ-ის წინააღმდეგ გამოიყენოს, რადგან ირანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას მათი ახლო აღმოსავლეთიდან განდევნა წარმოადგენს. ამასთანავე, ირანი სირიის „არაბული ქვეყნების ლიგაში“ დაბრუნებას შეუწყობს ხელი, რაც მას ამ გავლენიან ორგანიზაციაში არაპირდაპირი შეღწევის საშუალებას მისცემს და მის ინფორმირებულობას გაზრდის. თავის მხრივ, აშშ და ისრაელი შეეცდებიან, რომ ირანის ზეგავლენა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესებზე მაქსიმალურად შეასუსტონ. ამიტომაც, სავარაუდოდ, ისინი სირიაში სამხედრო ძალის გამოყენებით ირანისა და ბაშარ ასადის რეჟიმის ერთობლივი სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურების პოლიტიკას მომავალშიც გააგრძელებენ. მოსალოდნელია, რომ ირანსა და ისრაელს შორის დაპირისპირება მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდეს და უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღოს, რისი ტენდენციაც ბოლო ხანებში უკვე შეიმჩნევა.