ავტორი: ვასილ ღლონტი, საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტი

 

შესავალი

ბოლო ათწლეულების განმავლობაში ირანმა, საკუთარი სპეცსამსახურების საშუალებით, კიდევ უფრო გაზარდა თავისი გავლენა ახლო აღმოსავლეთის შიიტური აღმსარებლობის მოსახლეობაზე და მათგან დაკომპლექტებულ შეიარაღებულ პროქსი-დაჯგუფებებს  რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ თავისი სტრატეგიული მიზნების განსახორციელებლად იყენებდა. ამ მხრივ გამოირჩეოდა იემენური ორგანიზაცია „ანსარულლაჰი“, რომელიც დღევანდელი სახით, ფაქტობრივად, „გუშაგთა კორპუსის“ ქმნილებას წარმოადგენდა. ის განსაკუთრებით ისრაელისა და „ჰამასის“ ბოლოდროინდელი დაპირისპირების დაწყების შემდეგ გააქტიურდა, რაც წითელ ზღვაში მყოფ საზღვაო ხომალდებზე მისი წევრების თავდასხმებით გამოიხატა.

ჩვენი მიზანია განვიხილოთ, გავაანალიზოთ და დავადგინოთ, თუ რა როლი მიუძღვის ირანის სპეცსამსახურებსა და რელიგიურ წრეებს ჰუსიტების ჩამოყალიბებაში; რა მიზანს ემსახურება ირანის „გუშაგთა კორპუსის“ მიერ ინსპირირებული „ანსარულლაჰის“ რეიდერული შეტევები საზღვაო გემებზე; რით უპასუხებენ მათ დესტრუქციულ ქმედებებს აშშ, ისრაელი, დიდი ბრიტანეთი და მათი სტრატეგიული მოკავშირეები.

ირანის „გუშაგთა კორპუსისა“ და ჰუსიტების თანამშრომლობა

იმ მიზნით, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მეტი გავლენა მოეპოვებინა, ირანმა ე.წ. შიიტური წინააღმდეგობის ღერძის ჩამოყალიბების სტრატეგიული პროექტი შეიმუშავა. მის ფარგლებში ლიბანში, სირიაში, ერაყსა და იემენში ირანული სამხედრო ბაზების, დრონების/რაკეტების დამამზადებელი ქარხნების, სადაზვერვო ცენტრების დაარსება და ადგილობრივი შიიტური აღმსარებლობის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისაგან გასამხედროებული ორგანიზაციების ჩამოყალიბება ირანის პოლიტიკური და სამხედრო ელიტის სერიოზულ გეგმებსა და მიზნებზე მეტყველებდა.

ამ პროირანულ პროქსი-დაჯგუფებებს  შორის გამოირჩეოდა „ანსარულლაჰი“, რომელიც იემენის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრები შიიზმის ზეიდიტური განშტოების მიმდევარი არაბებისგან შედგებოდა. იმის გამო,  რომ მათი ყოფილი ლიდერი, ჰუსეინ ალ-ჰუსი, ჰუსიტების ტომს ეკუთვნოდა, მათ მეორენაირად ჰუსიტებსაც უწოდებდნენ. ირანელმა კლერიკალებმა და მათთან მჭიდრო კოორდინაციაში მყოფმა „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ რელიგიური და ფინანსური ფაქტორების გამოყენებით „ანსარულლაჰის“ ჰუსიტების რადიკალიზაცია შეძლეს და მათი დახმარებით იემენში პოზიციები მნიშვნელოვნად გაიმაგრეს. ამ კონტექსტში, ჩვენს ინტერესს იწვევს ის ფაქტიც, რომ ირანის კლერიკალური წრეების ზეგავლენით იემენელმა ზეიდიზმის მიმდევარმა შიიტებმა მათგან აქამდე მათთვის უცხო, მხოლოდ ირანული ტიპის შიიზმისათვის დამახასიათებელი რელიგიური ელემენტებიც კი გადაიღეს. ეს კი იემენის რელიგიურ ელიტაზე ირანელი აიათოლების დიდ გავლენაზე მიუთითებდა. ამ ფონზე, ამერიკის დაზვერვის თანამშრომლების ინფორმაციით, „გუშაგთა კორპუსის“ სპეცშენაერთმა „ალ-ყუდსმა“, გენერალ ყასემ სოლეიმანის მეთაურობით, ჰუსიტების იარაღით მომარაგება ჯერ კიდევ 2012 წლიდან დაიწყო.ის ჰუსიტებს იარაღით უზრუნველყოფდა, სამხედრო მომზადებას უტარებდა და სადაზვერვო საქმიანობის მეთოდებს ასწავლიდა.

აქ ჩვენს ყურადღებას იქცევდა ლიბანური „ჰეზბოლას“ საველე მეთაურის განცხადება, რომ ისინი იემენელებთან ერთად წვრთნებს გადიოდნენ როგორც ირანში, ისე ლიბანში.  ამასთან, ჰუსიტების ხელმძღვანელებს ხშირად ხედავდნენ როგორც თეირანში, ისე სამხრეთ ბეირუთში, სადაც მათ საკუთარი წარმომადგენლობა და ტელევიზია „Al-Masirah“-ც კი ჰქონდათ.  თავის მხრივ, იემენშიც ირანის „გუშაგთა კორპუსის“ და ჰეზბოლას წარმომადგენლობები არსებობდა, რაც ირანულ სპეცსამსახურებს, ლიბანურ „ჰეზბოლასა“ და იემენურ „ანსარულლლაჰს“ შორის კოორდინაციის მაღალ დონეზე მიგვითითებდა.

ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის შემდეგ იემენში „ალ ყუდსის“  წარმომადგენლად გენერალ ჰასან ირლუ-ს დანიშვნა, რომელსაც ხელისუფლების მხრიდან ჰუსიტების საშუალებით საუდის არაბეთის ეკონომიკისა და ნავთობსექტორისათვის პრობლემების შექმნა ევალებოდა, იემენში სამხედრო გეგმებთან ერთად ირანის ეკონომიკურ მიზნებზეც მიგვითითებდა. ირანი საუდის არაბეთს მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზარზე, ნავთობის ექსპორტის საკითხში, საკუთარ კონკურენტად განიხილავდა. შესაბამისად, მის ინტერესებში იყო, რომ საუდის არაბეთის ეკონომიკურ-ენერგეტიკული სფეროსათვის სერიოზული პრობლემები შეექმნა. ამ ფონს ისიც ართულებდა, რომ ირანი და საუდის არაბეთი იემენის ჩრდილოეთში მდებარე, ნავთობითა და გაზით მდიდარი მარიბის პროვინციისთვისაც იბრძოდნენ. ირანი ამ პროვინციისა და მისი დედაქალაქის, მარიბის, ხელში ჩასაგდებად ჰუსიტებს ეხმარებოდა, ხოლო საუდის არაბეთი – მათ სუნიტ მოწინააღმდეგეებს. იემენში „ალ-ყუდსის“ აქტიურობა საფრთხეს უქმნიდა ისრაელის უსაფრთხოებასაც, რადგან თელ-ავივი საფუძვლიანად ეჭვობდა, რომ ადრე თუ გვიან ირანული მხარე ჰუსიტებს იემენიდან ისრაელის ტერიტორიის დაბომბვას უბრძანებდა.

საგულისხმოა, რომ ირანი იემენელი ჰუსიტებისათვის დახმარების გაწევის ფაქტს 2021 წლამდე მალავდა, მანამდე, სანამ ირანის „გუშაგთა კორპუსის“ სპეცშენაერთის – „ალ-ყუდსის“ მაღალჩინოსანმა, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა როსთამ ყასემმა არ აღიარა, რომ ირანი ჰუსიტებს საუდის არაბეთთან ბრძოლების დროს რჩევის სახით შეზღუდულ სამხედრო დახმარებას უწევდა.

„ანსარულლაჰი“ – ირანის ბერკეტი წითელ ზღვაზე

ჩვენი შეფასებით, ირანი „ანსარულლაჰის“ საკუთარ ინსტრუმენტად გამოყენებისათვის დიდხანს ემზადებოდა და მხოლოდ ხელსაყრელ დროს ელოდებოდა. როგორც კი 2023 წლის 7 ოქტომბერს ირანის სპეცსამსახურების მიერვე მომზადებული, შეიარაღებული და წაქეზებული პალესტინური „ჰამასი“ და „ისლამური ჯიჰადი“ ისრაელს დაესხა თავს, ირანმა მომენტით ისარგებლა და ჰუსიტების საშუალებით წითელ ზღვაზე არსებული ბაბ-ელ მანდების სრუტე გადაკეტა. იმან, რომ „ანსარულლაჰის“ წევრებმა სამიზნედ ისრაელთან ასოცირებული კომერციული გემები აიღეს, რასაც Unity Explorer-ის, Number Nine-ის და The Galaxy Leader“-ის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმებიც ადასტურებდა, გვაფიქრებინა, რომ ირანის ერთ-ერთ ძირითად მიზანს ისრაელის ეკონომიკური ბლოკადა წარმოადგენდა. თავის მხრივ, ისრაელის მხრიდან საპასუხო რეაქციამაც არ დააყოვნა, რაც ირანის კუთვნილი 16 გემის აფეთქებამაც დაადასტურა. „მოსადის“ ინფორმაციით, ეს გემები ჰუსიტებისთვის განკუთვნილი იარაღით იყო დატვირთული და ირანის „გუშაგთა კორპუსის“ სამხედრო-საზღვაო ძალებს ეკუთვნოდა.

თუმცა, ამავე დროს, არაა გამორიცხული, რომ ირანულ მხარეს, ისრაელის ბლოკადის გარდა, სხვა ფარული განზრახვაც ჰქონოდა. ამ კონტექსტში საყურადღებოა, რომ წითელ ზღვაში ნავთობის ტანკერებზე ჰუსიტების თავდასხმების შედეგად ნავთობი გაძვირდა, ირანი კი ნავთობის ექსპორტიორი ქვეყანაა და მასზე ფასის აწევამ მისი შემოსავალი კიდევ უფრო გაზარდა.

წითელ ზღვაზე მიმდინარე პროცესებში ირანის მაღალი ჩართულობა იმანაც დაადასტურა, რომ  წითელ ზღვაში მოძრავ კომერციულ გემებზე ჰუსიტების შეტევების კოორდინაციის მიზნით ირანის „გუშაგთა კორპუსისა“ და ლიბანური „ჰეზბოლას“მაღალჩინოსნების ნაწილი იემენში იმყოფებოდა. ირანელმა მზვერავებმა და სამხედროებმა ლიბანელ ტერორისტებთან ერთად ჰუსიტები რაკეტებით, დრონებით და  სადაზვერვო ინფორმაციით მოამარაგეს. მათი საქმიანობის მიზანს ისრაელის გემების დადგენა წარმოადგენდა. არსებობს ინფორმაცია, რომ გასული წლის დეკემბერში ჰუსიტების ჯგუფი ირანში „გუშაგთა კორპუსის“ ბაზაზე გადაამზადეს. იემენის დედაქალაქ სანაში „გუშაგთა კორპუსის“ ხელმძღვანელობით შეიქმნა სადაზვერვო-სამხედრო სამეთაურო ცენტრი, რომელიც კოორდინაციას უწევდა ჰუსიტების თავდასხმებს წითელ ზღვაში. საყურადღებოა, რომ 2024 წლის 1 იანვარს ირანმა წითელ ზღვაში თავისი სამხედრო გემი „ალბორზი“ შეიყვანა. ამ მოვლენების საპასუხოდ, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭომ განაცხადა, რომ ჰუსიტების შეტევების უკან ირანის სპეცსამსახურები იდგა.

ამ ფონზე, წითელი ზღვის ჰუსიტი მეკობრეებისგან დაცვის მიზნით, აშშ-ის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ იწყებს ოპერაცია „კეთილდღეობის მცველებს“. საინტერესოა, რომ ჰუსიტების ოთხმა საბრძოლო კატარღამ წითელი ზღვის სამხრეთ ნაწილში დანიურ გემ კონტეინერზე მაერსკ-ხანზგოუზე მიიტანა იერიში, რის შემდეგაც თვითონვე გახდნენ ამერიკელი სამხედროების საპასუხო ცეცხლის მსხვერპლი. ამ კონტექსტში, 2024 წლის 12 იანვრის ღამეს, აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის სამხედრო საჰაერო და საზღვაო ძალებმა „ანსარულლაჰის“ ბაზები და დისლოკაციის ადგილები დაბომბეს. ჰუსიტების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამერიკელების სამიზნე იყო სანის, ხოდეიდის აეროპორტები, ად-დაილამის სამხედრო ბაზა და ქალაქ საადაში არსებული ბანაკი „კელენი“. ამერიკელებთან ერთად ამ აქციაში მონაწილეობა მიიღეს ავსტრალიის, ნიდერლანდის, კანადისა და ბაჰრეინის სამხედრო ძალებმა. ამის საპასუხოდ, ჰუსიტებმა შეტევა მიიტანეს ამერიკულ სამხედრო გემზე, რომელიც, მათი სიტყვებით, ორ კომერციულ ამერიკულ ხომალდს იცავდა. ამ ფონზე, „ანსარულლაჰის“ ოფიციალური პირების განცხადებამ, რომ ამიერიდან აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის გემები მათ კანონიერ სამიზნეს წარმოადგენდნენ, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და მათი მოკავშირეების  ჰუსიტებთან სამხედრო დაპირისპირების გაფართოების პერსპექტივა დაგვანახა. მოგვიანებით, ეს იმანაც დაადასტურა, რომ 2024 წლის3 თებერვალს აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა იემენში, 13 ლოკაციაზე არსებული ჰუსიტების 36 ობიექტი დაბომბა, ხოლო 25 თებერვალს კვლავ ახალი მასირებული შეტევები განახორციელა.

ამ ფონზე იმატა ალბათობამ, რომ ირანი კონფლიქტში უფრო მეტად ჩაერთვებოდა და  უშუალოდ დაუპირისპირდებოდა აშშ-ს. თუმცა, მოსალოდნელი იყო, რომ ირანული მხარე აშშ-თან პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებისაგან მაქსიმალურად თავს შეიკავებდა.

დასკვნა

ჩვენი შეფასებით, ირანის „გუშაგთა კორპუსმა“ ჰუსიტების მოძრაობის ჩამოყალიბებასა და გაძლიერებაში უზარმაზარი როლი შეასრულა. გარდა იმისა, რომ წლების განმავლობაში „ანსარულლაჰს“ იარაღით სწორედ „ალ-ყუდსი“ ამარაგებდა, ირანული სპეცსამსახური „ანსარულლაჰს“ სამხედრო მრჩევლებითაც დიდად დაეხმარა.  პარალელურად, ირანის კლერიკალურმა წრეებმა ჰუსიტების რელიგიურ-იდეოლოგიური დამუშავებით მათგან მოტივირებული და იდეოლოგიზებული მებრძოლები მიიღეს.

საფიქრებელია, რომ ირანის ხელისუფლების ერთ-ერთი ძირითადი მიზანია მსოფლიო ეკონომიკისათვის ერთ-ერთ ყველაზე მგრძნობიარე სატრანსპორტო არტერიაზე – ბაბ-ელ მანდების სრუტეზე კონტროლის დამყარება. ამით ირანული მხარე იმედოვნებს, რომ ასეთი ძლიერი ბერკეტი მის ხელში მსოფლიოს გავლენიან პოლიტიკურ-ეკონომიკურ ძალებთან პოლიტიკური ვაჭრობის ქმედითუნარიან ინსტრუმენტად გადაიქცევა. იქიდან გამომდინარე, რომ ბაბ-ელ მანდების სრუტის დახმარებით სპარსეთის ყურიდან ევროპის მიმართულებით დიდი ოდენობის ნავთობი და ნავთობპროდუქტები იგზავნება, ხოლო, თავის მხრივ, ევროპიდან აზიის სახელმწიფოებს ასევე დიდი რაოდენობის სხვადასხვა დანიშნულების საქონელი მიეწოდებათ, ამ უმნიშვნელოვანესი მარშრუტის გადაკეტვას გლობალური მასშტაბის გეოპოლიტიკური და ეკონომიკური რყევების გამოწვევა შეუძლია. ეს კი ნიშნავს, რომ ირანს „ანსარულლაჰის“ სახით ხელში ძლიერი ბერკეტი უჭირავს, რომლითაც, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია როგორც ნავთობის, ისე სხვა პროდუქციის მსოფლიო ფასებზე ზემოქმედება. ეს გარემოება ევროკავშირის და ზოგადად დასავლეთის ქვეყნებს სერიოზულ გამოწვევას უქადის, რადგან მათ მომავალში შეიძლება ირანთან სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით სერიოზულ დათმობებზე წასვლა დასჭირდეთ. ბაბ-ელ მანდების გადაკეტვა სუეცის არხის ფუნქციონირებაზეც უდავოდ ძალიან იმოქმედებს, რაც მსოფლიო ეკონომიკისათვის დიდ თავისტკივილად შეიძლება გადაიქცეს.

ამ კონტექსტში, საფრთხის წინაშე დგას საუდის არაბეთიც, რომელიც ამიერიდან ირანთან დაპირისპირებას მოერიდება, რათა ირანმა თავის კონტროლქვეშ მყოფი ჰუსიტების სახით მას პრობლემები არ შეუქმნას. არაა გამორიცხული, რომ საუდის არაბეთმა იემენში ჰუსიტების სასარგებლოდ თავისი პოზიციები დათმოს კიდეც, რადგან ბოლო წლების განმავლობაში ელ-რიადი თეირანთან ურთიერთობების გაუმჯობესების რეჟიმშია გადასული.

ამ ფონზე, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და სხვა ქვეყნების მკვეთრი რეაქცია ცხადყოფს, რომ დასავლეთი, ამერიკის მეთაურობით, ირან-ჰუსიტების ტანდემის წითელ ზღვაში საქმიანობით უკმაყოფილოა და საპასუხო ზომების მიღებას გეგმავს. ამ ფონზე, ამერიკულ მედიაში გაჟღერებული ბოლო ინფორმაციით, ირანის ლიდერმა აიათოლა ჰამენეიმ ირანის სამხედრო და სპეცსამსახურების ელიტას სიფრთხილისაკენ მოუწოდა და აშშ-თან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირებისაგან თავის არიდება მოსთხოვა. ეს ფაქტი გვაფიქრებინებს, რომ თეირანი წითელი ხაზების ბოლომდე გადაკვეთისაგან თავს შეიკავებს.