ავტორი: ვასილ ღლონტი

 

შესავალი

2024 წლის 1 მარტს ირანში ჩატარდა საპარლამენტო (ეროვნული მეჯლისის) და „ექსპერტთა საბჭოს“ არჩევნები. მეჯლისის კანდიდატებს ირჩევდნენ ოთხი, ხოლო „ექსპერტთა საბჭოს“ („მაჯლესე ხობრეგანე ყანუნე ასასი“)– რვა წლის ვადით. ეს იყო ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო მოძრაობის შემდეგ ჩატარებული პირველი არჩევნები, რომლებსაც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობის გარკვეული ინდიკატორები უნდა გამოევლინა. საყურადღებოა, რომ შიიტი ღვთისმეტყველებით დაკომპლექტებული უნიკალური საკანონმდებლო ორგანოს– „ექსპერტთა საბჭოს“ ირანში უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან მისი მთავარი ფუნქციაა ქვეყნის უმაღლესი სულიერი და პოლიტიკური ლიდერის, ანუ „რაჰბარის“ არჩევა/დანიშვნა და საჭიროების შემთხვევაში მისი თანამდებობიდან განთავისუფლება.

რაც შეეხება ეროვნულ მეჯლისს, აქ ჩვენს ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ დეპუტატობის კანდიდატებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას აძლევს ასევე უნიკალური,12 იურისტისაგან შემდგარი ორგანო– „მცველთა საბჭო“ (შურაიე ნეგაჰბანე ყანუნე ასასი), რომელიც რელიგიური სამართალმცოდნე ღვთისმეტყველებით, ანუ „ფაკიჰებითა“ (ექვსი) და სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელის რეკომენდებული, ხოლო შემდგომში მეჯლისის მიერ წარდგენილი კანდიდატებისაგან (ექვსი) შედგება.

ჩვენი ბლოგის მიზანია დავადგინოთ და გავაანალიზოთ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ირანის საზოგადოებას ამ არჩევნებისა და მისი შედეგების მიმართ; როგორია ირანის მოქალაქეების განწყობა ხელისუფლების მიმართ; რამდენად მაღალია საპროტესტო მუხტის გაღვივების ალბათობის რისკები.

 

საპარლამენტო და ექსპერტთა საბჭოს არჩევნები

ჩვენი შეფასებით, 1 მარტის არჩევნები ჩატარდა მკაცრი ხაზის გამტარებელი კონსერვატიული ძალების უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ მომავალ პარლამენტსა და ექსპერტთა საბჭოში მანდატების აბსოლუტური უმრავლესობა მოეპოვებინათ. ე.წ. ზომიერი პოლიტიკური კურსის მიმდევარ რეფორმატორ პოლიტიკოსებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც კი არ მისცეს. შედეგად, უკვე პირველივე ტურში ექსპერტთა საბჭოს 88-ვე მანდატი, ხოლო მეჯლისის არჩევნებში 290-დან 245 ადგილი ჰარდლაინერ კონსერვატორებს ერგოთ. დანარჩენი 45 მანდატის საკითხი მეორე ტურისთვის გადაიდო, რომელიც 10 მაისს გაიმართა და სადაც აგრეთვე მკაცრი ხაზის კონსერვატორებმა გაიმარჯვეს. ჩვენი მოსაზრებით, ირანელმა კონსერვატორებმა არჩევნებზე საინტერესო მეთოდი გამოიყენეს, კერძოდ,მონაწილეობის უფლება მისცეს კანდიდატთა რეკორდულ რაოდენობას (15, 2 ათასი), მათ შორის ქალებს (1, 7 ათასი), რითაც არჩევნებს დემოკრატიული ელფერი მისცეს, თუმცა რეალურად თავისი მთავარი პოლიტიკური კონკურენტები არჩევნებს ოფიციალურად ჩამოაშორეს და მონაწილეობის უფლება არ მისცეს. ფაქტობრივად, მეჯლისის 290 და „ექსპერტთა საბჭოს“ 88 მანდატისათვის ბრძოლა მარგინალ კონსერვატორებს შორის გაიმართა.

ჩვენი მოსაზრებით, ამ გარემოებამ, რა თქმა უნდა, თვითონ არჩევნების მიმდინარეობაზე ძალიან იმოქმედა. ოპოზიციურმა ძალებმა თავის მომხრეებს არჩევნების ბოიკოტირებისაკენ მოუწოდეს, რამაც თავისი შედეგი გამოიღო კიდეც: არჩევნებში 61 მლნ ამომრჩევლის ნაცვლად, მონაწილეობა დაახლოებით 25 მლნ-მა მიიღო, რამაც საერთო რიცხვის 41%-ს შეადგინა.  ასეთი რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი ირანის ხელისუფლებამაც კი ვერ დამალა, რასაც ირანის შინაგან საქმეთა მინისტრი აჰმად ვაჰიდიც კი ადასტურებს. ამ კონტექსტში საინტერესოა, რომ ბიულეტენების 8% გაუქმდა, რადგან გაფუჭებული იყო. თეირანი ლიდერობს ხელოვნურად გაფუჭებული და შემდგომში გაუქმებული ბიულეტენების რიცხვითაც (15%). ჩვენი შეფასებით, ირანის მმართველი რეჟიმისათვის გამორჩეულად მტკივნეული და საფრთხის შემცველია განსაკუთრებით დაბალი დასწრება თეირანში, რადგან აიათოლებს ყველაზე მეტად დედაქალაქის მოსახლეობის უკმაყოფილება აშინებთ. ეს ბუნებრივიცაა, რადგან თეირანშია თავმოყრილი ქვეყნის მმართველი ინსტიტუტები, რომელთა პარალიზების შემთხვევაში, მათ შეიძლება ძალაუფლება დაკარგონ კიდეც.

ჩვენთვის საყურადღებოა, რომ თეირანის გარდა, ამომრჩეველთა დაბალი დასწრება აჩვენა ირანის ქურთისტანმა, რომლის მოსახლეობა 1, 6 მლნ-ს შეადგენს (30, 4%) და პროვინცია ალბორზმა, რომლის მოსახლეობა 2,3 მლნ-ია (28,4%). საფიქრებელია, რომ ალბორზში ასეთი დაბალი დასწრება თეირანთან მისმა ტერიტორიულმა სიახლოვემ განაპირობა. მეტიც, ალბორზი თეირანს მხოლოდ 2010 წელს გამოეყო და მანამდე მის შემადგენლობაში შედიოდა. ეს პროვინცია და მისი დედაქალაქი ქარაჯი პროგრესული ირანელი ახალგაზრდების თავშეყრის ელიტური ადგილია, სადაც თეირანის გავლენიან ოჯახებს აქვთ აგარაკები. შესაბამისად, თეირანელი ახალგაზრდების მოწინავე, ხელისუფლების საწინააღმდეგო იდეებს აქ საფუძვლიანად აქვთ ფესვები გადგმული. რაც შეეხება ქურთისტანს, ქურთებით დასახლებულ რეგიონებში აიათოლებს ყოველთვის პრობლემები ჰქონდათ და ამომრჩევლების დასწრების დაბალი მაჩვენებელი არაა გასაკვირი. მითუმეტეს, რომ მაჰსა ამინი, ქალიშვილი, რომლის სიკვდილსაც მოჰყვა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები, ეროვნებით იყო ქურთი. საპროტესტო მანიფესტაციების დროს რეჟიმის ძალოვნებთან შეჯახებისას ყველაზე მეტი მანიფესტანტი სწორედ ქურთისტანში დაიღუპა. რა თქმა უნდა, ამანაც გარკვეული ზეგავლენა იქონია იმაზე, რომ ამ რეგიონში ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება კიდევ უფრო გაუარესდა.

ის, რომ ამომრჩეველთა დიდი რაოდენობა არჩევნებზე მოსვლას არ აპირებდა, ირანის ხელისუფლებამ მანამდეც კარგად იცოდა. ამის გამო ხელისუფლების მომხრეები მოწოდებებით ცდილობდნენ, რომ არჩევნებისათვის ლეგიტიმაციის მისაცემად საარჩევნო უბნებზე რამენაირად მიეტყუებინათ ოპოზიციის მომხრეებიც, თუმცა ამან არ იმუშავა. ჩვენი შეფასებით, ირანელ ხალხს მოსწყინდა ისეთ არჩევნებში მონაწილეობა, სადაც არჩევანის საშუალებაც კი არაა. 2020 წლამდე არჩევნებში ე.წ. რეფორმატორები და ზომიერი კონსერვატორებიც იღებდნენ მონაწილეობას, რის გამოც პროგრესულად განწყობილი ახალგაზრდობა მათში ხედავდა ისეთ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც მათი ინტერესების რაღაც დონეზე დაცვა მაინც შეეძლოთ. 2020 წლიდან მოყოლებული, ირანის ხელისუფლება დაადგა ძალაუფლების სრული უზურპაციის გზას, რის გამოც „რეფორმატორები“ ქვეყნის მართვას ფაქტობრივად მთლიანად ჩამოაშორეს. ეს გვიჩვენებს, რომ ხანდაზმული აიათოლა ჰამენეი უფრო და უფრო დაშორდა ირანელ ხალხს, განსაკუთრებით, მის ახალგაზრდულ ნაწილს და 2024 წლის არჩევნებში აქცენტი ულტრაკონსერვატორებზე გააკეთა. არაა გამორიცხული, რომ მოხუცებული და ჯანმრთელობაშერყეული ჰამენეი მკაცრი ხაზის კონსერვატორების გავლენის ქვეშაცაა მოქცეული. ამან რეფორმატორების ისეთი უკმაყოფილება გამოიწვია, რომ მათი ლიდერები, მათ შორის ირანის ყოფილი პრეზიდენტი ხათამი, არჩევნებზე სულ არ მივიდნენ. ამ ფონზე, საინტერესოა, რომ 10 მაისს გამართულ არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა რეკორდულად დაბალი რაოდენობა (დაახლოებით 10%) მივიდა.

შეიძლება ითქვას, რომ ამ არჩევნებმა ხაზი გაუსვა ირანის დღევანდელი მმართველი რეჟიმის არალეგიტიმურობას. იმ ფონზე, როცა ოფიციალურ არჩევნებში მონაწილეობას იღებს ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩევლების მხოლოდ 41% (ოპოზიციის გარკვეული ნაწილის აზრით, ეს რიცხვიც გაბერილია და რეალურად გაცილებით ნაკლები ამომრჩეველი მივიდა), ხოლო არჩევნების მიმდინარეობისას დამატებით ხდება სხვადასხვა მაქინაცია და რეალური მაჩვენებლების ფალსიფიკაცია, საფიქრებელია, რომ აიათოლების რეჟიმს რთული პერიოდი ექნება.

 

დასკვნა

ჩვენი შეფასებით, ირანის ხელისუფლებამ ამ არჩევნებზე, ყველანაირი ცივილიზებული თამაშის წესის უგულებელყოფითა და ოპოზიციურად განწყობილი რეფორმატორების ჩამოცილებით, ძალაუფლების სრული უზურპაცია გადაწყვიტა. აიათოლების რეჟიმმა დაკარგა ხალხის ლეგიტიმაცია, რაც პერსპექტივაში მას სერიოზულ პრობლემებს მოუტანს. არაა გამორიცხული, რომ ირანელი ჰარდლაინერი კონსერვატორების მიერ ასეთი სახით არჩევნების ჩატარება იმ ფაქტორმაც განაპირობა, რომ ირანის სულიერმა ლიდერმა, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე აიათოლა ჰამენეიმ, ღრმა სიბერეში შეაბიჯა და ირანის პოლიტიკური ელიტა უკვე მის შემდგომ პერიოდზე ფიქრობს. ამიტომ ყველანაირი მეთოდებით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას, რომ გარდამავალ პერიოდში, სანამ ჰამენეის მემკვიდრე ახალი ლიდერი არ დასახელდება, ქვეყნის მართვის სადავეები შეინარჩუნოს. ირანის პოლიტიკური ელიტა გახლეჩილია და ერთმანეთთან შეხების წერტილები ძალიან ცოტაღა დარჩათ.

ამდენად, არაა გამორიცხული, რომ ნებისმიერი რეზონანსული მოვლენის ფონზე მოსახლეობის საპროტესტო ტალღა კვლავ აგორდეს და შიდა პოლიტიკურ არენაზე იმაზე უფრო მძიმე სურათი ვიხილოთ, ვიდრე მაჰსა ამინის მკვლელობის შემდეგ. მითუმეტეს, იმ რთული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომ დაუსაქმებელი და დაბალხელფასიანი ზრდასრული ადამიანების რიცხვმა ბოლო წლებში საგრძნობლად მოიმატა. თუმცა იმის თქმა, რომ რეჟიმი ბოლომდე დასუსტდა და მას წინააღმდეგობის უნარი არ გააჩნია, არ იქნება მართებული. აიათოლებს საკმაოდ მყარი სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის ძალოვანი სტრუქტურები და სპეცსამსახურები გააჩნიათ, რომელთაც ლოიალურობის შესანარჩუნებლად ალი ჰამენეი ფინანსურად საკმაოდ კარგად უზრუნველყოფს, ისინი აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა ბიზნესში, მათ შორის საერთაშორისო პროექტებში. მოსახლეობას კი ხელისუფლების შეიარაღებულ სტრუქტურებთან ბრძოლის არც გამოცდილება აქვს, არც შეიარაღება და არც გაერთიანების უნარი. ირანში ხელისუფლების შეცვლა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენადაა მზად ამის განსახორციელებლად ოპოზიციის აქტიური ნაწილი. ამავე დროს ისიც საფიქრებელია, მსოფლიოს გავლენიანი ქვეყნები რამდენად არიან განწყობილი იმისათვის, რომ ირანში ხელისუფლების შეცვლაზე შეთანხმდნენ და ამ საქმეში ირანულ ოპოზიციას დახმარებაც კი გაუწიონ.